ავეჯის ადგილობრივი წარმოება ნატურალური ხის დეფიციტს განიცდის
ბესიკ ვერძეული: „მავნე ნივთიერებების შემცველი მასალების იმპორტი უნდა შეიზღუდოს”
ბესიკ ვერძეული ქართული ავეჯის კლასტერის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რომელიც GIZ-ის დახმარებით 2017 წელს ჩამოყალიბდა.კლასტერში 40-მდე კომპანია გაერთიანდა, მათ შორის რამდენიმე ნატურალურ ხეზე მომუშავე საწარმოც კოვიდ-19-ის გავრცელების გამო ავეჯის კლასტერს მუშაობა ამჟამად შეჩერებული აქვს. საწარმოები დახურულია. საქართველოს ავეჯის ბაზარი, რომელსაც საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდა, პანდემიის გამო კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ნატურალური ხის მასალის დეფიციტი, არაკონკურენტული გარემო, იმპორტირებული უხარისხო მასალით გაჯერებული ბაზარი, ეს ამ სექტორში არსებული პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილია. ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარე ბესიკ ვერძეული eugeorgia.info- საუბრისას ამბობს, რომ არსებული პრობლემების გამო ავეჯის კლასტერის მუშაობა ჯერჯერობით ეფექტიანი არ არის. ის მთავრობის მხრიდან ავეჯის სექტორის ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობს:
„მასალები, რომელსაც ავეჯის მწარმოებლები იყენებენ, თითქმის 100%-ით იმპორტირებულია. კლასტერის რამდენიმე წევრი კომპანია დიდი ხანია ადგილობრივი ხის ნედლეულის გამოყენებას ვითხოვთ, ერთობლივი პროექტიც მოვამზადეთ, როგორ უნდა შეგვეწყო ხელი ნატურალური ხის გამოყენებისთვის, თუმცა, ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულის გამოტანა გვიანდება. დიდი ხანია არსებობს „საქმიანი ეზოების” შექმნის სახელმწიფო პროექტი, რომელიც ევროკავშირის დახმარებით დაიწერა. პროექტისთვის თანხებიც იყო გამოყოფილი და ის დიდი ხნის წინ უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ პროექტი დღემდე გაჩერებულია.
-„საქმიანი ეზოს” პროექტი რას გულისხმობს?
- სქემა გულისხმობს, რომ კერძო კომპანიები ხის მოსაჭრელად ტყეში აღარ უნდა შევიდნენ. სახელმწიფო თვითონ მოჭრის ხის მორებს, ანუ პირველად ნედლეულს, გამოიტანს ე.წ. „საქმიან ეზოში” და აუქციონის მეშვეობით კერძო კომპანიებზე გაყიდის. ვინც მეტს გადაიხდის, ნედლეულს ის იყიდის, შემდეგ გადაამუშავებს, გამოაშრობს, შემდეგ ავეჯის წარმოებისთვის გამოიყენებს ან ხის მასალის სახით გაყიდის. შედეგად ბაზარზე ხარისხიანი ნედლეული გაჩნდება. ავეჯის კომპანიებისთვის გაჩნდება ნატურალური ნედლეულისგან ხარისხიანი ავეჯის წარმოების საშუალება. „საქმიანი ეზო” ძველი მეთოდია და ის გარდამავალი პერიოდისთვის გამოიყენება. როცა ტყის მასივების პრივატიზება მოხდება და ტყეები კერძო საკუთრებაში გადავა, ამ საქმიანობასაც კერძო სექტორი გადაიბარებს.
საქართველოს ავეჯის სექტორი იმპორტირებული ნედლეულით ვერ განვითარდება. ამჟამად ბაზარი მომხმარებელს თითქმის მთლიანად იმპორტირებულ მზა ავეჯს სთავაზობს. შიდა წარმოებას ავეჯის ბაზრის მხოლოდ 25% უკავია. ქვეყანაში არსებული ავეჯის საწარმოების 95%-ზე მეტი ასევე იმპორტირებულ ნედლეულს იყენებს. საქართველოში მუხის მოჭრა აკრძალულია, კაკლის მასალა ცოტაა. ერთადერთი წიფლის ნედლეული გაგვაჩნია, მაგრამ მასაც ვერ ვიყენებთ.
ადგილობრივ ხის ნედლეულზე სულ რამოდენიმე კომპანია მუშაობს. ეს მცირე საოჯახო საწარმოები არიან, ჩრდილოვანი ბიზნესით, ხშირ შემთხვევაში დამალული გადასახადებით და საკმაოდ მოძველებული ტექნოლოგიით. ისინი მცირე რესურსს ფლობენ, დანადგარებში არ აქვთ ინვესტიცია ჩადებული და ექსპორტი მათთვის ხელმიუწვდომელია. ავეჯის დანარჩენი ინდუსტრია მთლიანად იმპორტირებულ ნედლეულს იყენებს.
ჩემი კომპანია ავეჯის მასალის იმპორტსაც ახორციელებს. 350 მუდმივი კლიენტი მყავს, დიდი და საშუალო კომპანიები და ხელოსნები. ამ კომპანიებს განვითარების პერსპექტივა აქვთ, მაგრამ ისინი ლამინირებულ ავეჯს, ე.წ. მდფ-ის და დსპ-ს მასალით აკეთებენ. ეს არ არის ის ნედლეული, რომლითაც ავეჯს დავამზადებთ და ექსპორტზე გავიტანთ. ამ მასალით კონკურენტულ პროდუქციას ვერც შიდა ბაზრისთვის შევქმნით. თურქული, ჩინური ან უკრაინული ავეჯის მწარმოებლები, რომელთა პროდუქცია საქართველოში იყიდება, გაცილებით მძლავრი კომპანიები არიან, მათ ქვეყნაში საკუთარი ნედლეული და დიდი ქარხნები აქვთ. წარმოუდგენელია, ჩვენ ნედლეული ამ ქვეყნებიდან შემოვიტანოთ, ავეჯი დავამზადოთ და მათ პროდუქციას კონკურენცია გავუწიოთ.
ავეჯის წარმოებისთვის წიფლის გამოყენება თუ მოხდება, მაშინ ამ დარგის განვითარება უკვე შესაძლებელი გახდება. ავეჯის სექტორი ეკონომიკის ხერხემალი ვერ იქნება, მაგრამ ბევრ ადამიანს დაასაქმებს.
-ავეჯის წარმოებისთვის ადგილობრივი ხის ნედლეული არ იქნება საკმარისი…
-წიფელი საკმაოდ ბევრი გვაქვს, წიწვოვანი ხის ნედლეულიც გვაქვს განსაზღვრული ოდენობით. საქართველოში იმდენი წიფელი შეიძლება მოიჭრას, რომ ადგილობრივი მოთხოვნაც დააკმაყოფილოს და მის ექსპორტზეც ვიფიქროთ. ავეჯის იმპორტს მთლიანად რა თქმა უნდა, ვერ ჩავანაცვლებთ, მაგრამ ბაზრის 15-20% რომ დავიკავოთ, ესეც კარგი იქნება. სრულიად შესაძლებელია ბავშვთა ავეჯი ამ ნატურალური ნედლეულით რომ დამზადდეს. ვგეგმავ საბავშო ავეჯის წარმოებას, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან. ქართული საბავშვო ავეჯის წარმოების პრეცედენტი მინდა შევქმნა, ამიტომ კომპანია მინიმალურ მოგებაზე იმუშავებს.
-გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება პროდუქციის ფასს. ნატურალური ხისგან დამზადებული ავეჯი ძვირია. ის იაფი ნედლეულით დამზადებულ ავეჯს კონკურენციას გაუწევს?
-რა თქმა უნდა ფასი მნიშვნელოვანია, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომ ამ ინდუსტრიას, რომელიც დღეს თითქმის მკვდარია, ხელი შეუწყოს. ჩვენი გათვლებით, ამ დარგს შეუძლია შექმნას 10 მილიარდი ლარის პროდუქცია და 80 ათასი ადამიანი დაასაქმოს. ეს რეალური რიცხვებია. სპეციალისტებმა ინვენტარიზაციის შედეგად იანგარიშეს, რომ საქართველოში შესაძლებელია 2 მილიონი კუბ. მეტრი ხის მასალა დამზადდეს. კერძო კომპანიები ხეების მოჭრის შემდეგ დიდი რაოდენობით ტოტებს რომ არ ტოვებდნენ ტყეში, მოხარშული წიფელი ირანში რომ არ გადიოდეს, მათ შორის კონტრაბანდული გზით, ეს ნედლეული ადგილობრივ ავეჯის ინდუსტრიას მოხმარდებოდა. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ღირებულება სრული ჯაჭვი: მოხდეს წიფლის ხის მეორადი გადამუშავება, ერთი საწარმო დახერხავს, მეორე მოხარშავს, მესამე ავეჯს დაამზადებს, მეხუთე ივაჭრებს და ა.შ..
-თქვენი აზრით, „საქმიანი ეზოს” მოწყობის გარდა, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ადგილობრივი წარმოების დასახმარებლად?
-უნდა მოხდეს საბავშვო ბაღებისთვის გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში იმ ადგილობრივი კომპანიების ჩართვა, რომლებიც ნატურალურ ხის ნედლეულზე მუშაობენ. საბავშვო ბაღებში მავნე მასალისგან დამზადებული ავეჯი შედის. ეს მომავალი თაობების წინაშე ჩადენილი დანაშაულია. სახელმწიფოს შეუძლია სატენდერო პირობაში ჩადოს, რომ მხოლოდ ქართულ ნედლეულზე დამზადებულ ნატურალური ხის ავეჯს შეისყიდის. მას ასეთი ავეჯი ცოტა ძვირი დაუჯდება, სამაგიეროდ, სექტორის სტიმულირება მოხდება და ბავშვების ჯანმრთელობას დაიცავს. დღეს სახელმწიფო ტენდერებში ფასია გადამწყვეტი, საბავშვო ავეჯის ხარისხს კი ყურადღებას არ აქცევენ, რაც არასწორია.
ქვეყანაში შემოდის ლამინირებული მდფ-ის მასალა, რომელიც ფორმადეჰიდით არის დაფარული. მისი დაწვის შედეგად საშიში ნივთიერებები გამოიყოფა. მის ნარჩენებს ხშირად დასახლებების სიახლოვეს, პირდაპირ ღია სივრცეში წვავენ, სათბურებს და სახლების გასათბობად იყენებენ. მისი ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შესახებ საგანგაშო ფაქტები გვაქვს. იაფ და უხარისხო ჩინურ მასალას წარმოშობის ყალბ ნიშნებს აწებებენ, გერმანულ, ავსტრიულ ან ესპანურ პროდუქციად ასაღებენ. ასე ხდება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, პროდუქციის წარმომავლობის გაყალბება სახელმწიფო ტენდერებშიც ხშირად ხდება ეს პროდუქცია მავნეა, ამიტომ მისი იმპორტი აქციზით უნდა დაიბეგროს. ნედლეულის ბაზარი მთლიანად უკონტროლოა. დაბალი ხარისხის, მავნე ნივთიერებების შემცველი მასალის ქვეყანაში შემოტანა უნდა შეიზღუდოს, ხარისხის სტანდარტი უნდა დაწესდეს. ამან შეიძლება ბიუროკრატიულ პრობლემებს შექმნას, მაგრამ განსაზღვრული სახის სტანდარტი მაინც უნდა არსებობდეს. მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენება პროდუქციას გააძვირებს და მოსახლეობას მისი შეძენა შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ ევროკავშირისკენ თუ მივდივართ, ამ პრობლემას უნდა მივხედოთ.
მასალის იმპორტზე აქციზის შემოღება მის ფასს გაზრდის, რის შემდეგ ნატურალური ხის ავეჯი უკვე შეძლებს მას კონკურენცია გაუწიოს. თუ შიდა ბაზარი არ განვითარდა, პროდუქციას ვერც ექსპორტზე გავიტანთ. იშვიათი გამონაკლისები ქვეყანას ვერ გადაარჩენს. მთლიანად დარგის განვითარებაა აუცილებელი. პატარა კომპანიებს არ აქვს დიდი ინვესტიციის საშუალება, რომ დიდი ქარხნები ააშენონ და ექსპორტზე იმუშაონ. ნატურალური ხის ავეჯის მწარმოებლების წარმადობა მწირია, რომ ის უცხოელ პარტნიორს ვერ იშოვის, არც ფინანსური რესურსი აქვს და არც ნედლეული, სტაბილურ მიწოდება რომ შეძლოს. ამ საწარმოებს თანამედროვე ტექნოლოგიები არ გააჩნიათ, ფართი ნაქირავები აქვთ, კვალიფიციური კადრი სჭირდებათ და სხვა უამრავი პრობლემა აქვთ.
ებრაელმა ბიზნესმენებმა აშშ-დან თანამშრომლობა შემომთავაზეს, ერთობლივი წარმოება უნდა გაგვეკეთებინა, ავეჯი რკინისა და ხის კომბინაციით. თვეში 1-2 კონტეინერის გაგზავნას ითხოვდნენ, მაგრამ ვერ შევძელით, რადგან სტაბილურ მიწოდების გარანტია ვერ მივეცით. ფრანგული კომპანიისგან გვქონდა წინადადება- დიდი რაოდენობით ხის ე.წ. პალეტის ყიდვა უნდოდა. ყველა სამხერხაო მოვიარე, მაგრამ ვერავინ მომცა პირობა, რომ დაკვეთის ნახევარს მაინც მომაწვდიდა. ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში სტაბილური ნედლეულის რესურსი არ არის.
სახელმწიფომ საგადასახადო პოლიტიკას უნდა გადახედოს. ის მაინც გააკეთონ, რომ თურქულ კომპანიებთან თანაბარ პირობებში ვიყოთ. ჩვენ არაკონკურენტულ გარემოში ვართ თურქულ კომპანიებთან, რადგან ექსპორტს მათი მთავრობა ასტიმულირებს. ჩვენმა სახელმწიფომ, პირველ რიგში, ადგილობრივ წარმოებაზე.უნდა იზრუნოს. ხარისხზე თუ სტანდარტები დაწესდება, წარმოებაში უხარისხო მასალებს აღარ გამოიყენებენ და მოთხოვნა გაჩნდება ნატურალურ ხეზე. თუ გვინდა ევროპას დავემსგავსოთ, ხარისხიანი ავეჯი უნდა გვქონდეს და ამისთვის ძვირსაც უნდა ვიხდიდეთ.
სახელმწიფომ კომპანიების წახალისების მიზნით ავეჯის კომპანიებისა და დიზაინერების ერთობლივი პროექტები უნდა განახორციელოს, მოაწყოს გამოფენები. მთავრობა შესაბამისი კადრების გადამზადებას სერიოზულად უნდა მოეკიდოს და არა ისე, როგორც ახლა ასწავლიან კოლეჯებში.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.