კერამიკის საწარმოებს გაკოტრება ემუქრებათ
პერევის თიხის საბადოს მფლობელმა მათ ნედლეულის მიწოდება შეუწყვიტა
კერამიკის ათობით საწარმომ რამდენიმე თვეა მუშაობა შეწყვიტა და თანამშრომლები დაითხოვა. მათი გაჩერების მიზეზი ძირითადი ნედლეულის- თიხის უქონლობა გახდა. კერამიკის საწარმოებს, შპს „დავითის” მფლობელმა დავით შუკაკიძემ, რომელიც მათთვის ნედლეულის ერთადერთი მომწოდებელი იყო, თიხის მიყიდვაზე უარი უთხრა. კერამიკოსები ამბობენ, რომ შუკაკიძე ბაზარზე ყველაზე დიდ კერამიკულ საწარმოს გაურიგდა და თიხას მხოლოდ მას აძლევს.
„შეკვეთას პერევის თიხის საბადოს მფლობელს დავით შუკაკიძეს ვაძლევდით და ნედლეული პირდაპირ საწარმოში მოჰქონდათ. ერთ დღესაც დავურეკეთ და უარი გვითხრა. როგორც გავიგეთ, ვიღაცამ ამ თიხაზე მონოპოლია აიღო. შემდეგ რამდენიმე საამქრო გაერთიანდა და თიხა უკრაინიდან შემოიტანეს, რაც ძვირი დაჯდა. პატარა წარმოება ნედლეულის იმპორტს ვერ შეძლებს, რადგან ძნელია ამხელა თანხის ერთბაშად გადახდა. ადრე არაფრის შემოტანა არ გვჭირდებოდა, საჭირო ნედლეული - ქვიშა, თიხა, წყალი ყველაფერი ადგილობრივი იყო. ეს სრულიად ქართული წარმოება იყო. ახლა ვიღაცის გულისთვის უნდა გავჩერდე, ამდენი შრომის შემდეგ. არადა, ამ ბიზნესზე ბევრი ადამიანია დამოკიდებული”,- ამბობს კერამიკის მწარმოებელი პაატა მამაგეიშვილი.
გიორგი მაღლაკელიძეს კერამიკის 2 საწარმო ჰქონდა, რუსთავსა და თბილისში, სადაც თიხის დოქებს ღვინის კომპანიების დაკვეთით ამზადებდა. ამჟამად ორივე წარმოება გაჩერებულია. ამის მიზეზი შექმნილ ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, თიხის მოწოდების შეწყვეტა გახდა. გიორგის მსგავსად გაჩერება ათობით მცირე წარმოებას მოუწია.
შედარებით დიდი ზომის საწარმოებმა, ვისაც მეტი ფინანსური რესურსი ჰქონდათ, პერევის თიხა უკრაინული ნედლეულით ჩაანაცვლეს. მათ იმპორტირებულ ნედლეულში მეტის გადახდა უხდებათ, რამაც ბუნებრივია, დანახარჯები გაზარდა.
რატომ შეუწყვიტეს კერამიკის საწარმოებს პერევის საბადოდან თიხის მიწოდება
საქართველოში თიხას ბევრი საბადოდან მოიპოვებენ. ამ ნედლეულის გამოყენებით სხვადასხვა თიხის ნაკეთობა მზადდება. თუმცა, პერევის საბადოდან(საჩხერის მუნიციპალიტეტი) მოპოვებული თიხა განსაკუთრებით კარგია ღვინის კერამიკული ჭურჭლის დასამზადებლად. პერევის თიხისა და მდინარე დურუჯის კალაპოტში დალექილი ლამის სინთეზით მჟავაგამძლე ნაკეთობა მიიღება, რომელშიც ღვინის შენახვა და ტრანსპორტირება შესაძლებელია.
პერევის საბადოდან(საჩხერის მუნიციპალიტეტი) თიხის მოპოვების ლიცენზია წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის თებერვალში დავით შუკაკიძის შპს „დავითს” 10 წლით მისცა. იმ პირობით, რომ მან პერევში 2021 წლის თებერვლამდე თიხის გადამამუშავებელი ქარხანა უნდა ააშენოს, სადაც 30 ადგილობრივს დაასაქმებს და ამისთვის 250 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
რამდენიმე თვის წინ დავით შუკაკიძემ კერამიკის ყველა საწარმოს თიხის მიწოდება შეუწყვიტა, ერთი გამონაკლისის გარდა. საბადოს მფლობელი თიხას მხოლოდ ავჭალის დასახლებაში არსებული კერამიკის საწარმო შპს „სხივი-1”-ს აწვდის.
საბადოს ლიცენზიის მფლობელი მიწოდების შეწყვეტის ორ მიზეზს ასახელებს: ერთი ის, რომ მისი მომხმარებლები პერევის თიხას დურუჯის ლამს ურევენ, რომელიც მომწამვლელ ნივთიერებებს შეიცავს, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ თიხის მოსაპოვებლად საჭირო ფული მას ავჭალის კერამიკის საწარმოს მფლობელმა ასესხა, ამიტომ ნედლეულიც მას გაატანა.
საბადოს მფლობელთან გარიგების შედეგად „სხივი-1”-მა, რომელიც კერამიკული ბაზრის ისედაც მნიშვნელოვან წილს ფლობდა, გზიდან ბევრი კონკურენტი ჩამოიცილა და მონოპოლისტის პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ავჭალის ქარხანა დღემდე დურუჯის ლამს იყენებს, რომელიც, როგორც საბადოს მფლობელის მტკიცებით,მომწამვლელია.
„საბადო რომ გამეხსნა, ფული მჭირდებოდა, რაც არ მქონდა. ავჭალის საწარმომ მასესხა და სამაგიეროდ, ათასი ტონა თიხა წამოიღო. ჩათვალეთ, რომ ეს საბადო მისია, როცა მოუნდება, წავა და კიდევ წამოიღებს”,- ამბობს დავით შუკაკიძე.
შპს „დავითთან” გარიგებას არც „სხივი -1”-ის მფლობელი გელა(ბაჭია) კალმახელიძე უარყოფს.
„დიახ, შუკაკიძეს ფული ვასესხე, იმიტომ, რომ 25 წელია მაგ ადამიანს ვიცნობ. წავედი პერევში და თიხა ვიყიდე,- ამბობს გელა კალმახელიძე.
-ანუ თქვენ ადასტურებთ, რომ შუკაკიძეს გაურიგდით?
-არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ. ვიყიდე და ნედლეულის მარაგი გავაკეთე. შეიძლება მერე მეც აღარ მომცეს, იმიტომ, რომ თვითონ უნდა საწარმოს გაკეთება”,--ამბობს გელა კალმახელიძე
საწარმოს გაკეთებას დავით შუკაკიძე მართლაც გეგმავს. თუმცა, არა გადამამუშავებელი ქარხნის, როგორც ეს სალიცენზიო ვალდებულებაში უწერია. ის კრამიტის გამოშვებას აპირებს.
„სალიცენზიო ვალდებულებაში სისულელე ჩადეს. რა უნდა მივიღო თიხის გადამუშავებით? ჯემი? ვუთხარი, სასამართლოში გიჩივლებთ და საქმეს მოგიგებთ-მეთქი. პერევის თიხას არ სჭირდება გადამუშავება. საწარმოები მას თვითონ ამუშავებენ”- ამბობს დავით შუკაკიძე.
რისგან მზადდება კერამიკული ჭურჭელი ღვინისთვის?
რეცეპტი, რომელსაც ღვინის ჩასასხმელი ჭურჭლის მწარმოებლები იყენებენ, 90-იან წლებში მეცნიერმა კოტე ტოგონიძემ შექმნა. მისი გამოგონება საქპატენტმა 90-იან წლებში დაარეგისტრირა. კოტე ტოგონიძის რეცეპტის მიხედვით, მჟავაგამძლე კერამიკული ნაწარმი პერევის თიხისა და დურუჯის ლამის შერევით მიიღება. 1100 გრადუსზე გამოწვის შემდეგ ნაკეთობა მინისებური კონსისტენციის ხდება და ღვინის მჟავასთან რეაქციაში აღარ შედის და შესაბამისად, მასში ღვინის ჩასხმა შესაძლებელი ხდება. ამ გამოგონებამდე ღვინის კერამიკული დოქების და სხვა სახეობის ჭურჭლის დასამზადებლად საქართველოში რუსეთიდან და უკრაინიდან შემოტანილი თიხა გამოიყენებოდა. კოტე ტოგონიძის რეცეპტის შექმნის შემდეგ კი იმპორტირებული ნედლეულის პერევის თიხით მთლიანად ჩანაცვლება გახდა შესაძლებელი.
პერევის თიხისა და დურუჯის ლამის შერევა რომ დაუშვებელია, ამის დასამტკიცებლად დავით შუკაკიძეს მოჰყავს ინჟინერ-ტექნოლოგის, ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის გამგის გურამ გაფრინდაშვილის ნაშრომი, რომელიც ამტკიცებს, რომ დურუჯის ლამი ტყვიას, დარიშხანს და სხვა მანვე ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც გამოწვის მიუხედავად ნაკეთობაში მაინც რჩება.
„დურუჯის ლამის გამოყენება არ შეიძლება, იმიტომ რომ მის შემადგენლობაში არის მძიმე მეტალები. ტყვია, დარიშხანი 1500 გრადუსზეც რომ გამოწვან, არ ქრება და ნაკეთობაში რჩება, ამიტომ საკვებისთვის მისი გამოყენება, არ შეიძლება, -ამბობს გურამ გაფრინდაშვილი, - მდინარე დურუჯის ჩამოტანილი ლამის შემადგენლობა წელიწადის დროების მიხედვით იცვლება. გაზაფხულიდან გვიან შემოდგომაზე მდინარის წყალი სხვადასხვა ძალით მოძრაობს, რა მასას ჩამოიტანს, კალაპოტში რა დაილექება, არავინ იცის. გამოკვლეული უნდა იყოს, როგორია მისი შემადგენლობა წელიწადის სხვადასხვა დროს. ვინც მას იყენებს, ეს არასდროს გამოუკვლევია. დურუჯის ლამი საუკეთესოა იატაკის ფილების საწარმოებლად, მაგრამ ღვინისა და კვების პროდუქტებისთვის არ შეიძლება. დურუჯის ლამის ჩანაცვლება შესაძლებელია ფარავნის ტბასთან არსებული წიდით და პერლიტით, რომელიც უვნებელია. ამ რეცეპტით ჩვენ ვამზადებთ დოქებს, რომელშიც საფერავი ისხმება და 10 წელია აშშ-ში ექსპორტზე გადის.
-დურუჯის ლამის შემადგენლობა თქვენ შეამოწმეთ ლაბორატორიაში?
-რად უნდა შემოწმება. იქ არის მძიმე მეტალები, რომლებიც მომწამვლელია”.
ია ტოგონიძე, კოტე ტოგონიძის შვილი, რომელიც მისი გამოგონების თანაავტორია, გურამ გაფრინდაშვილის დასკვნას სიცრუეს უწოდებს.
„საქპატენტმა დურუჯის ლამის შემადგენლობა, რომელიც ფიქალის ქვის ჩამონაშალს წარმოადგენს, ლაბორატორიულად შეამოწმა. მასში ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებები რომ ყოფილიყო, გამოგონებას არ დაარეგისტრირებდა. თიხისა და ლამის ნაზავი, გამოწვის შემდეგ ე.წ. ქვა-კერამიკის ფორმას იღებს. მას თუ გავტეხთ, ვნახავთ, რომ მინის ვიზუალი აქვს. ამის გამო, მას 12 გრადუსიანი სპირტი და ღვინო ვერ შლის. გურამ გაფრინდაშვილი ცდილობდა, ანალოგიური ან უკეთესი ნაკეთობა მიეღო, მაგრამ არ გამოუვიდა. შეშურდა და ასეთ სიცრუეს მაგიტომ ამბობს”, - ამბობს ია ტოგონიძე.
„კერამიკული დოქის დასამზადებლად ძირითადი კომპონენტი არის დურუჯის ლამი. თიხისთვის მისი დამატება აუცილებელია, რომ ნაკეთობა ელასტიური გახდეს. სხვაგვარად მისი ჩამოსხმა თაბაშირის ფორმებში გაჭირდება, რადგან ნაკეთობა გასკდება. თიხისა და ლამის თანაფარდობა არის 50/50-ზე, როცა მეტად ელასტიური ნაკეთობის დამზადება გვჭირდება. ეს თანაფარდობა დასამზადებელი ნაკეთობის ზომისა და სიმტკიცის შესაბამისად შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, თიხის წილის 25%-ზე მეტად შემცირება არ შიძლება, რადგან ამ შემთხვევაში, ნაკეთობა უკვე სხვა თვისებებს იძენს.
ცეცხლგამძლე თიხა საქართველოში ბევრგან მოიპოვება, მაგრამ ღვინის ჭურჭლისთვის რომ გამოგვადგეს, მას საჩამომსხმელო თვისებები უნდა ჰქონდეს. სწორედ ასეთი თვისება აქვს პერევის თიხას და საქართველოში ის ერთადერთია. მას შემდეგ რაც საბადოს მფლობელმა თიხა აღარ მოგვაწოდა, მოვახერხეთ და უკრაინიდან შემოვიტანეთ. მაგრამ პერევის თიხისგან განსხვავებით, დურუჯის ლამი შეუცვლელია. დურუჯის ლამის კონსისტენცია რომ მივიღოთ, ამისთვის ერთმანეთს 3 სხვადასხვა კომპონენტი უნდა შეერიოს. დურუჯის ლამში კი ეს 3 სხვადსხვა მინერალი ბუნებრივად არის თავმოყრილი. ამის გამო, ის უნიკალურია.
დურუჯის ლამის შემადგენლობაში ტყვია, დარიშხანი, კობალტი არის, ისევე, როგორც, ყველა ნიადაგში, მაგრამ ნაკეთობის 1150 გრადუსზე გამოწვის შემდეგ ხდება მისი ე.წ. გამინება და ამ ნივთიერებების ოდენობა მცირდება. ეს ლაბორატორიულად შემოწმებულია. ჭურჭელში ამ ნივთიერებების შემცველობა მეღვინეებმაც გადაამოწმეს, რომლებიც პროდუქციას ჩვენგან ყიდულობენ და დარწმუნდნენ, რომ ეს ნივთიერებები ნორმის ფარგლებშია”,- ამბობს ტექნოლოგი, კერამიკოსი ლელა გაბადაძე.
კერამიკის მწარმოებელმა გიორგი მაღლაკელიძემ მის მიერ წარმოებული კერამიკული დოქი გერმანიაში, ჰამბურგის ლაბორატორიაში შეამოწმა. ლაბორატორიდან მიღებულ დასკვნაში წერია, რომ ნაკეთობა ტყვიას და კადმიუმს დასაშვები ოდენობით შეიცავს და ის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა(იხ. ფოტო).
რას აპირებს საბადოს მფლობელი და რა ბედი ელით გაჩერებულ საწარმოებს?
პერევის კერამიკული საბადოს ლიცენზიის მფლობელი საწარმოებისთვის თიხის მიწოდების განახლებას არ აპირებს. დავით შუკაკიძე არც თიხის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ის ამბობს, რომ სურს კრამიტის წარმოება დაიწყოს და პერევის თიხას თვითონ გამოიყენებს.
საქართველოში წარმოებული კერამიკის კონტროლი არ ხდება. ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც წარმოებული კერამიკის ხარისხს შეამოწმებს.
წიაღის ეროვნული სააგენტო, რომელმაც თიხის მოპოვების ლიცენზია გასცა, საბადოზე არსებული მდგომარეობით ამ დრომდე არ დაინტერესებულა. წიაღის სააგენტო გვპასუხობს, რომ „იმის გათვალისწინებით, რომ საინვესტიციო ვალდებულების, თიხის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა ჯერ არ არის გასული, წიაღის ეროვნულ სააგენტოს არ განუხორციელებია ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესწავლა”.
კონკურენციის სააგენტომ კერამიკის ბაზარზე შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით გვიპასუხა, რომ მოკვლევას, აქვს თუ არა ადგილი მონოპოლიური უპირატესობის გამოყენებას, მას შემდეგ დაიწყებს, რაც დაზარალებული საწარმოების მფლობელები უწყებას განცხადებით მიმართავენ.
რა ბედი ელის გაჩერებულ საწარმოებს და უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, ამ კითხვაზე სახელმწიფოს პასუხი არ აქვს. მცირე მეწარმეებს ორი არჩევანი აქვთ: ნედლეული ან უცხოეთიდან უნდა შემოიტანონ ან წარმოება სამუდამოდ უნდა გააჩერონ. ამ დროს, უნიკალური საბადო მიტოვებულია, ხოლო ძვირფასი ადგილობრივი რესურსი აუთვისებელი რჩება.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.