მცირე ფერმერების პრობლემების სრული ჯაჭვი- ნიადაგის ანალიზიდან მოსავლის რეალიზაციამდე
„მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანის ტექნოლოგია მამა-პაპისგან ვიცით. სიახლე ჩვენ არ გვისწავლია”
წყალტუბოში ადგილობრივი ფერმერების ძირითადი საქმიანობა სასათბურე მეურნეობებში მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანაა. საბჭოთა დროიდან ისინი ტრადიციულად თესავდნენ ოხრახუშს, ქინძს და კამას, ხოლო ბოსტნეულის სახეობებიდან - კიტრს და პომიდორს, შედარებით მცირე რაოდენობით ბულგარულ წიწაკას. მოყვანილი მოსავალი უმეტესად რუსეთში იყიდებოდა. ბოლო წლებში რუსეთში მწვანილის ბაზარი ირანიდან, აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან განხორციელებულმა იმპორტმა დაიკავა, ამიტომ იმერეთში მოყვანილ მწვანილზე მოთხოვნამ იკლო და ფასიც დაეცა. შექმნილმა სიტუაციამ პროდუქტის რეალიზაციისთვის ახალი ბაზრის ძიების და განსაკუთრებით, ევროკავშირში ექსპორტის აუცილებლობა გააჩინა. მაგრამ ევროპა მაღალი სტანდარტის საექსპორტო პროდუქციის წარმოებას მოითხოვს, რაც ხარისხიან და მზარდ წარმოებას გულისხმობს. ამ სტანდარტის მიღწევა წყალტუბოში მცხოვრები ფერმერებისთვის ჯერჯერობით შეუძლებელია. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას მცირე ფერმერები შეადგენენ, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ცოდნის დეფიციტს განიცდიან. მწირი ფინანსების გამო, მათ არც საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიცირების გავლის შესაძლებლობა აქვთ.
იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს ბაზარზე ბოსტნეულის ახალ სახეობებზე გაჩნდა მოთხოვნა, ფერმერები კვლავაც მათთვის ტრადიციულ სახეობებს თესავენ, რაც შემდეგ მოსავლის გაყიდვის პრობლემას ქმნის. მცირე ფერმერებს პრობლემები აქვთ პროდუქციის მოყვანის ყველა ეტაპზე- ნიადაგის ანალიზიდან მოსავლის რეალიზაციამდე. მათი პრობლემების შესახებ დეტალურად ქვემოთ მოგიყვებით:
ერთფეროვანი მოსავალი და რეალიზაციის პრობლემა
თორნიკე შარვაშიძე(მცირე ფერმერი სოფელი ოფშკვითიდან): „უცხო და ახალი სახეობის ბოსტნეულს იშვიათად შემთხვევაში ვთესავთ. რასაც ჩვენი წინაპრები ტრადიციულად, წლების განმავლობაში თესავდნენ. ისევ ის მოგვყავს. გაზაფხულიდან შემოდგომამდე სათბურში ფერმერების 99%-ს მოჰყავს კიტრი, პომიდორი და ბულგარული. ასევე, ცოტა ნესვიც. ზამთარში ვთესავთ ქინძს, ოხრახუშს, კამას და ნიახურს. წელს ზამთარში სალათის ფურცელი დავთესე, რადგან მწვანილს შარშანდელ სეზონზე დაბალი ფასი ჰქონდა. წაგებაზე არ მიმუშავია, მაგრამ, მწვანილის გაყიდვიდან სარგებელიც ბევრიც არაფერი იყო. ამიტომ მწვანილი წელს ნაწილობრივ სალათის ფურცლით ჩავანაცვლე. სათბურში სალათის ფურცლის მოყვანას ნაკლები დანახარჯები აქვს, რადგან მისი სარეველისგან გასუფთავებისთვის მუშახელის დაქირავება არ მჭირდება. ამ სამუშაოს ჩვენი ოჯახის წევრები ასრულებენ. სარწყავი სისტემაც მოწესრიგებული მაქვს, ამიტომ სათბურში სინესტეს ვინარჩუნებ, რაც სალათის ფურცელს აუცილებლად სჭირდება. სარწყავი სისტემის უქონლობის გამო, ეს ბოსტნეული ჩვენ რეგიონში ბევრს ვერ მოჰყავს, ამიტომ ზამთარში მას მაღალი ფასი აქვს, მოთხოვნა არის და გაყიდვა არ ჭირს. მწვანილის მოსაკრეფად კი 20-25 მუშის დაქირავება მაინც მჭირდება, რაც დანახარჯს 30-40%-ით ზრდის. სულ 6 ჰექტარზე მაქვს სათბური. სალათის ფურცელი ერთ სათბურში რომ მოილევა, მეორეში ვთესავ. მთლიან ფართობზე ერთდროულად არ ვრგავ, შემდეგ რეალიზაცია, რომ არ გამიჭირდეს.
- ზამთარში სათბურში უმეტესად მწვანილი მოგყავთ?
-დიახ, იმის გამო, რომ ზამთარში გადამყიდველები მწვანილს რუსეთის და უკრაინის ბაზარზე გასატანად გარანტირებულად ყიდულობენ. ფასი შეიძლება დაბალი იყოს, მაგრამ გასაყიდი მაინც არ დამრჩება. წელს რუკოლას მოყვანა უნდა ვცადო. ბოლო დროს მასზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა, ფასიც კარგი აქვს, ამიტომ წელს სათბურში პირველად დავთესავ".
შალვა კეპულაძე(მცირე ფერმერი, სოფელი ოფშკვითი): „შემოდგომიდან მაისის ჩათვლით სათბურში ქინძი, კამა და ოხრახუში მომყავს. გადამყიდველების მხრიდან მოთხოვნა უფრო მეტად ამ სამი სახის მწვანილზე. ისინი იმ დროს ელოდებიან, როცა ჩვენთან ფასი დაეცემა, ექსპორტზე გასატანი მწვანილი რაც შეიძლება იაფად რომ იყიდონ. შარშან კილოგრამი მწვანილის ფასი 2 ლარამდე ჩამოვიდა, მაგრამ არის პერიოდი, როცა ფასი 7-8 ლარამდეც იმატებს, ეს იმ დროს ხდება, როცა მოსავალი მცირეა.
ზაფხულის სეზონზე სათბურში კიტრი და პომიდორი მომყავს. ხოლო ღია გრუნტზე ბულგარულ წიწაკას ვთესავ. ზაფხულში სათბურში ძალიან ცხელა. ჩვენთან ამ დროს ცხელი ქარი იცის, ამიტომ სათბურში ბულგარული წიწაკის მოყვანა მიძნელდება. თავისუფალი ფართი მაქვს და თუ შემსყიდველი იქნება, მეტის მოყვანაც შემიძლია. თანაც, ღია გრუნტზე ბოსტნეულს უკეთესი გემოვნური თვისებები აქვს. სასტუმროები და რესტორნები უმეტესად წითელ ბულგარულ წიწაკას ყიდულობენ. როგორც ამბობენ, ტურისტები უფრო ამ სახეობას ითხოვენ.
შარშან რუკოლას დათესვას ვაპირებდი, მაგრამ ოჯახის წევრებმა გადამაფიქრებინეს. არ ვიცოდით, როგორ გაიყიდებოდა, ამიტომ ვერ გავრისკეთ. წელს მისი მოყვანა უკვე გადაწყვეტილი მაქვს. ბოლო 2-3 წელია რუსეთიდან რუკოლაზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. მჟაუნა, რასაც ადრე წვნიანში გამოსაყენებლად ყიდულობდნენ, ახლა რულკოლათი ჩაანაცვლეს. ჩვენთან ის რამდენიმე ფერმერს ჰქონდა დათესილი და ზამთარში კილოგრამი 25 ლარად გაყიდეს. წელს აუცილებლად დავთესავ მწვანილსაც, ერთ სათბურში კამას, მეორეში- ოხრახუშს. ტექნოლოგია კარგად მაქვს შემუშავებული, კარგი მოსავალი მომყავს და იმედი მაქვს, გავყიდი”.
ბოსტნეულის რეალიზაცია წყალტუბოელ ფერმერებს განსაკუთრებით ზაფხულში უჭირთ, როცა მოსავალი ქვეყნის ყველა რეგიონში შემოსულია და ბაზარზე მისი რაოდენობა პიკს აღწევს.
თორნიკე შარვაშიძე: „ჩვენთან მოსავალი იმ დროს შემოდის, როცა მარნეულში მოყვანილი ბოსტნეული უკვე ჭარბად არის ბაზარზე. ქვემო ქართლში მოყვანილ შედარებით იაფ პროდუქტს კონკურენციას ვერ ვუწევთ. იქაურ ფერმერებს ბოსტნეული ღია გრუნტზე და დიდი რაოდენობით მოჰყავთ. ჩვენ შედარებით მცირე ფართობზე ვთესავთ, მიტომ იძულებული ვართ მოგების მინიმალურ მარჟაზე ვიმუშაოთ. ახლა ქუთაისი ბაზარზე დიდი რაოდენობით ბულგარული წიწაკა მარნეულიდან შემოვიდა, ამიტომ კილოგრამს 70 თეთრადაც ვერ ვყიდი. დიდ კონკურენციას გვიწევს „პლანტას” სათბური, რომელიც ბოსტნეულს ძალიან დაბალ ფასში, ხშირად თვითღირებულებაზე იაფად ყიდის. რატომ აკეთებენ ამას, არ ვიცი. ალბათ, რაღაც გათვლა აქვთ.
გადამყიდველები მოდიან სოფელში და 15-20%-ით დაბალ ფასს გთავაზობენ. ბოსტნეული ზოგჯერ საბითუმო ბაზარში ჩვენ თვითონ მიგვაქვს, მაგრამ, როცა ბაზარში მარნეულიდან შემოტანილი პროდუქტის სიჭარბეა, შეიძლება მთელი დღე იდგე და ვერაფერი გაყიდო. ამ დროს უკან გვიხდება პროდუქტის წამოღება და მთელი დღეც იკარგება. თანაც ფერმერებს შორს ერთიანობა არ არსებობს. შეიძლება ერთ სარეალიზაციო ფასზე ვიყოთ შეთანხმებული, მაგრამ ჩემ მეზობელს უცბად კლიენტი გამოუჩნდეს და პროდუქტი 20 თეთრით იაფად გაატანოს”.
შალვა კეპულაძე: „წელს კიტრის დიდი მოსავალი მოვიდა. რესტორნები და სასტუმროები რადგან დაკეტილი იყო, მოთხოვნა დაეცა. ჩემგან კიტრი გადამყიდველებს ბათუმში მიჰქონდათ, კილოგრამში 10 თეთრს მიხდიდნენ. ქუთაისის ბაზარში მე თვითონ რომ წამეღო, შეიძლება ვერ გამეყიდა, ამიტომ სახლიდან იაფად გაყიდვა ვამჯობინე. შარშან ივნისსა და ივლისში არ იყო დიდი რეალიზაცია, მაგრამ მერე აგვისტო ტურისტულად დატვირთული იყო და ბოსტნეული კარგად გაიყიდა. სვანეთში და რაჭაში მიჰქონდათ აქედან კიტრი და პომიდორი. დიდი მოთხოვნა იყო ბულგარულ წიწაკასა და ბადრიჯანზეც”.
თორნიკე შარვაშიძე: „წელს პომიდორმა გაამართლა. კარგი ფასი ჰქონდა, იმიტომ, რომ იმპორტი შედარებით მცირე იყო. ჩვენ რეგიონშიც პომიდვრის ნარგავები ბევრ ფერმერს გაუფუჭდა. ისე გამოვიდა, რომ წელს იმას გაუმართლა, ვისაც პომიდვრის მოსავალი გადაურჩა.
- რომელი სახეობის ბოსტნეული მოიყვანოთ, ამას როგორ ირჩევთ?
-წინა წლებში რომელიმე ბოსტნეულს თუ დაბალი ფასი ჰქონდა, ფერმერი მეორე წელს ცდილობს, ის აღარ მოიყვანოს. სხვაც შესაბამისად ასე ფიქრობს, ყველას ისევ ერთი და იგივე სახეობების მოყვანა უწევს და რეალიზაციის პრობლემაც ყოველწლიურად მეორდება. ვერ ვახერხებთ, რომ რომელიმე პროდუქტზე სტაბილურად ვიმუშაოთ. თუ ბუნება გაგვიმართლებს და მარტსა და აპრილში თბილი ამინდები იქნება, შეიძლება ბოსტნეულის პირველი მოსავალი ადრე გაზაფხულზე გქონდეს. მაგრამ თუ ამ პერიოდში დაბალი ტემპერატურაა, ბოსტნეული შეიძლება მოიყინოს და შრომა წყალში ჩაიყაროს, ამიტომ ვერ გავრისკავთ. ადრიან გაზაფხულზე ისევ მწვანილი მირჩევნია მოვიყვანო, აღდგომის დღესასწაულის დღეებში ის გარანტირებულად მაინც გაიყიდება. თუმცა, ისეც მომხდარა, რომ მაგ დროს მწვანილი იაფი ყოფილა და ზარალი მინახავს, რადგან მოსაკრეფად მუშახელს ვქირაობდი.
-გვიან შემოდგომაზე რომ მოიყვანო კიტრი და პომიდორი, როცა მაღალი ფასი აქვს?
-შარშან სექტემბრიდან ნოემბრამდე მქონდა კიტრი, იმიტომ რომ თბილი შემოდგომა იყო. ამინდმა შემიწყო ხელი. მაგრამ თუ სიცივე იქნება, ნაყოფი გაფუჭდება. მოსავალს რომ აიღებ, შემდეგ, გამოთავისუფლებულ ნაკვეთზე მწვანილი უნდა დათესო. გვიანობამდე ბოსტნეული რომ დატოვო, მერე მწვანილი ვერ მოასწრებს შემოსვლას, ზამთარში შეიძლება კარგი ფასი ჰქონდეს და ამ დროს მოსავალი არ გქონდეს. ბოსტნეული ახალი ტექნოლოგიით რომ მოიყვანოს ვინმემ, ასეთი რამ აქ არ ხდება. ყველას ერთნაირი პროცედურებით მოჰყავს. ვინც დაიცავს წესებს, დროულად ჩაატარებს პროცედურებს, კარგი მოსავალი ექნება, თუ დააგვიანებს, ნაკლებს მოიყვანს. ტექნოლოგია მამა-პაპისგან ვიცით. სიახლე ჩვენ არ გვისწავლია”.
სათბურების გათბობის და გაგრილების პრობლემა
თორნიკე შარვაშიძე: „ზამთარში სათბურში ბოსტნეულის დათესვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ გათბობა სჭირდება. გათბობის გარეშე მხოლოდ მწვანილი მოდის. საბჭოთა პერიოდში სათბურის გასათბობად ნავთს ვიყენებდით. შემდეგ მამაჩემმა სათბობად თხილის ნაჭუჭის გამოყენება დაიწყო. მერე ნაჭუჭიც იმდენად გააძვირეს, მისი ყიდვა დაგვჭირდა და შეშით გათბობაზე გადავედით. იმ წელს კიტრის და პომიდვრის მოყვანა იმდენად ძვირი დაგვიჯდა, რომ მოვხვდით, სათბურის გათბობა არ გვიღირდა. ჩვენი ბაზარი ისეთი არასტაბილურია, რომ გათბობის სისტემაში ინვესტიციის ჩადებას ვერ ვბედავთ. ეს დიდი რისკია და შეიძლება ვალებში აღმოვჩნდეთ.
ზაფხულში ძალიან რთულია მწვანილის მოყვანა. თესლი შეიძლება ვერ აღმოცენდეს. აგვისტოში მწვანილს ყოველთვის მაღალი ფასი აქვს, ამიტომ როცა ზაფხულში მინდა მოყვანა, იმ სათბურში ვთესავ, რომელსაც გვერდები ეხსნება, ამ დროს ვენტილაცია ხდება და შიგნით შედარებით დაბალი ტემპერატურაა.
მცირე ფერმერისთვის გაგრილების სისტემის მოწყობაც პრობლემას წარმოადგენს. ზაფხულში მინის სათბურს, სადაც მწვანილი მოჰყავთ, ფერმერები სახურავზე კირქვისა და ცემენტის ნაზავს ასხურებენ, რის შედეგად, სათბურში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 10 გრადუსით მცირდება.
სათესლე მასალის ხარისხი
ფერმერები უხარისხო სათესლე მასალის პრობლემასაც აწყდებიან. მათ, ამ თვალსაზრისითაც, ყოველ სეზონზე ექსპერიმენტების ჩატარება უწევთ.
თორნიკე შარვაშიძე: „ხშირია შემთხვევა, როცა ქვეყანაში შემოტანილი სათესლე მასალა უხარისხოა. გასულ წელს კიტრის თესლი შემოიტანეს, რომელმაც ნაყოფი არ გამოიღო და ფერმერებს მისი მთლიანად მოთხრა მოუხდათ. ამ შემთხვევას დაპირისპირებაც მოყვა. ზოგიერთმა ფერმერმა ბულგარული წიწაკის და კიტრის ახალი სახეობები დათესა, რომელიც უფრო კარგად იყიდება. ვიცი, რომ ერთ მათგანს კიტრის თესლი თურქეთიდან შემოაქვს, მაგრამ სახელს არ ამბობს. კონკურენციას ერიდებიან, ამიტომ სად შეიძინეს და რა ჰქვია, არ ამხელენ”.
შალვა კეპულაძე: „ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენა პრობლემაა. მაგალითად, რუკოლას თესლი არ იშოვება. აქ არსებულ მაღაზიებში მეუბნებიან, გამოვიწერთო, მაგრამ არ ვიცი როგორი იქნება. კამის და ოხრახუშის თესლი რომ კარგი იქნება, ამის გარანტიას ვერ მაძლევენ. თითქმის ყველა სახეობაზე ასეა. წინა წელს კამის თესლი ვიყიდე, მითხრეს, რომ სიცივეს გაუძლებდა. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. შეიძლება თესლი ისეთი გამოდგეს, რომ მწვანილი არ გაიზარდოს. კამის და ოხრახუშის თესლი, რომელიც რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდის, დაბალფასიანია, მაგრამ ზამთრის სიცივეს უკეთ უძლებს, ვიდრე ევროპიდან იმპორტირებული”.
ხარისხიანი პესტიციდების და კონსულტანტების დეფიციტი
კარგი მოსავლის მიღებას ხელს უხარისხო პესტიციდების გამოყენებაც უშლის. რეგიონებში მცირე ფერმერები კვალიფიციური კონსულტანტების დეფიციტზე ჩივიან.
თორნიკე შარვაშიძე: „რადგან დიდი ხნის განმავლობაში ბოსტნეულს ერთი და იგივე სახეობას ვთესავთ, შესაწამლი პრეპარატების მიმართ რეზისტენტული გახდნენ. მცენარეებს ისეთი დაავადებები გაუჩნდა, რაც ადრე არ იყო. ამ უცნობი დაავადებების რაოდენობა ათმაგად არის გაზრდილი. შხამქიმიკატებს ერთ კონკრეტულ ადგილას არ ვყიდულობთ. ერთ წელს თუ კარგი არ გამოდგა, მეორე წელს სხვა მაღაზიაში მივდივარ, რომ სხვა სახეობის შხამქიმიკატი ვცადო. ასე, სულ ძიებაში ვართ. შხამქიმიკატი შეიძლება ერთ წელს გამომადგეს, მეორე წელს აღარ ივარგოს. ასე მუდმივად ექსპერიმენტებს ვატარებთ.
-ის თუ იცით, პესტიციდები რა დოზით უნდა გამოიყენოთ?
-ადრე მეგონა, შხამქიმიკატებს რაც უფრო დიდი დოზით გამოვიყენებდი, უფრო კარგ პროდუქტს მივიღებდი. მაგრამ კარგი მოსავალი ვერ მივიღე და გავიგე, რომ დოზა ზუსტად უნდა იცოდე.
ძალიან ჭირს კვალიფიციური აგრონომი, რომელიც ჩემნაირ ფერმერს დაეხმარება. არ არსებობს სპეციალისტი, ვინც გვეტყვის, რა სჭირს მცენარეს და როგორ ვუშველოთ. საკონსულტაციო ცენტრში დაზიანებული ბულგარული წიწაკაც მივიტანე, მცენარის ფოთოლი და ფესვი ვაჩვენე, მათი რეკომენდაციით, უამრავი პრეპარატი შევიძინე, მაგრამ უშედეგოდ. იყო შემთხვევა, რომ ჩემ გვერდით ფერმერს სამკურნალო პრეპარატი მისცეს, მე სხვა პრობლემით მივედი, მაგრამ იგივე პრეპარატი გამომატანეს. ზუსტ დიაგნოზს ვერ სვამენ, შესაბამისად, ეფექტიც ნაკლებია”.
შალვა კეპულაძე: „მაღაზიაში პროფესიონალი კონსულტანტი არ ჰყავთ. როგორც წესი, ერთი ჩვეულებრივი ფულიანი ადამიანი აკეთებს მაღაზიას, გამყიდველად მოჰყავს თავისი ნათესავი ან ოჯახის ახლობელი, რომელსაც საჭირო გამოცდილება და ცოდნა არ აქვს. ევროპული მაღალი ხარისხის შხამქიმიკატები ჩვენთან არ არის, ამიტომ იძულებულები ვართ, ნათესები ნაცადი პრეპარატებით შევწამლოთ, რაც ხშირად უხარისხოა. გვირჩევნია ძვირი გადავიხადოთ და მაღალი ხარისხის შხამქიმიკატი შევიძინოთ, რომ გადახდილი ფული წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს.
ფერმერების გაერთიანება და სერთიფიცირება
ფერმერები ფიქრობენ, რომ გასაღების სტაბილური ბაზრის მოძიებას მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში შეძლებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველაზე მომგებიანად მოსავლის რეალიზაცია ევროპის ბაზარზე შეიძლება.
თორნიკე შარვაშიძე: „პირველ რიგში, ხარისხიანი პროდუქტის მოყვანაზე უნდა ვიფიქროთ, რომლის რეალიზაცია არ გაგიჭირდება. ახალი ბაზრის მოძიებისთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტის მოყვანა და ფერმერების გაერთიანება. უნდა ვეცადოთ, რომ გვყავდეს სტაბილური მყიდველი, რომელსაც უწყვეტად მივაწვდით პროდუქტს. სერთიფიცირება აუცილებელია თუ წინსვლა და განვითარება გვინდა, ერთ ადგილზე რომ არ გავჩერდეთ, ისე, როგორც ახლა ვართ. ასევე, გვჭირდება ახალი ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაღრმავება. ბოსტნეულის მოყვანის სწორი წესი უნდა დავნერგოთ, სხვაგვარად ევროპულ ბაზარზე ვერ შევალთ”.
შალვა კეპულაძე: „გამოსავალს ახალი ბაზრების მოძიებაში ვხედავ. მწვანილის რეალიზაციის დიდი პოტენციალი არსებობს ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ჩვენ ბოსტნეულს განსაკუთრებული გემოვნური თვისებები აქვს და ტრანსპორტირებას კარგად უძლებს. ბალტიისპირეთში დამკვეთი გვყავდა, მაგრამ პროდუქცია ვერ მივაწოდეთ. სატრანსპორტო კომპანიამ გვითხრა, რომ თვითმფრინავში თავისუფალი ადგილი არ იყო. რამდენჯერმე ვცადეთ, მაგრამ არ გამოვიდა და თავი დავანებეთ. ევროპამდე ტრანსპორტირება საავტომობილო გზითაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამას შესაბამისი აღჭურვილობა სჭირდება. გერმანიიდან და ჰოლანდიიდან იყვნენ ბიზნესმენები ჩამოსული, მოეწონათ ჩვენი მწვანილი, მაგრამ მათთან თანამშრომლობა იმის გამო არ შედგა, რომ საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიცირება არ გვქონდა გავლილი. პროდუქტს შეფუთვა არ ჰქონდა და შესაბამისი ეტიკეტირება, რასაც ევროპული სტანდარტი ითხოვს.
ევროპაში ექსპორტისთვის საკმარისი მოცულობის პროდუქცია ჯერ არ გვაქვს. თუმცა, ფერმერები თუ დაინახავენ, რომ ევროპაში ექსპორტს სარგებელი მოაქვს, ასოციაციის და კლასტერის სახით გაერთიანდებიან. ვაპირებთ შევქმნათ იმერეთის ბოსტნეულის მწარმოებელთა ასოციაცია. ჩვენ სოფელში 600-მდე ფერმერია. ეს ხალხი რომ გაერთიანდეს, იმდენი პროდუქტი შეგროვდება, რომ უწყვეტ მიწოდებას შევძლებთ.
იმ სტანდარტების შექმნისთვის, რასაც ევროპა ითხოვს, ფინანსებია საჭირო. ჩვენ საკმარისი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი არ გვაქვს. შესაბამისი სტანდარტის პროდუქტი რომ მივიღოთ, ზუსტად ამისთვის გვჭირდება კვალიფიციური აგრონომი, კარგი საკონსულტაციო ცენტრი, ხარისხიანი ევროპული შხამქიმიკატები. გვჭირდება სახელმწიფოს და დონორების მხარდაჭერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით Global Gap-ის დანერგვა მოვახერხოთ. რესტორნებთან და სასტუმროებთან გარანტირებული კონტრაქტები რომ გვქონდეს, ამისთვისაც ხარისხის სერთიფიკატი არის საჭირო. ეს ყველაფერი ერთობლივად შეგვიქმნის რეალიზაციის გარანტირებულ ბაზარს და სტაბილურ შემოსავალს მივიღებთ”.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.