ვაშლის ექსპორტისას გადამწყვეტი მისი რაოდენობა იქნება
ვაშლის პლანტატორები ფიქრობენ, რომ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას 2-3 წელიწადში შეძლებენ.
ხილის მწარმოებელ ქართველ ფერემერებს ევროპის ბაზრებზე გასასვლელად პროდუქციის დიდი რაოდენობა დასჭირდებათ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებიც ექსპორტის წარმატებისთვის გადამწყვეტი იქნება.
გორელი ფერმერი პაატა მოგელაშვილი თავის ძმებთან ერთად სოფელ საკაშეთში 170 ჰექტარ მიწას ფლობს. მათ ვაშლის წარმოება აქვთ. მოგალაშვილები საკუთარ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ჰყიდიან. „ევროპულ ბაზარზე გატანის ამბიცია გვაქვს, მაგრამ რამდენად შევძლებთ, ეგ მეორე საკითხია. მაგას მთელი წარმოების გადაწყობა უნდა. ახალი ჯიშების გაშენება, ახალი სარწყავი სისტემის გაკეთება, თანამედროვე შხამ-ქიმიკატების შემოტანა, ახალი ტრაქტორები, ყველაფერი ახალი უნდა იყოს, ევროპა ძველს არაფერს მიიღებს“, - ამბობს პაატა მოგელაშვილი.
სოფლის მეუნეობის მინისტრის მოადგილის, ილია კვიტაიშვილის თქმით, ევროპის ბაზარზე ხილი უფრო ადვილი გასატანია, რადგან ის ნაკლები რისკის შემცველი პროდუქტია. თუმცა, სხვა პრობლემებია გადასალახი. მთავარი დაბრკოლება ქართველი ფერმერებისთვის პროდუქტის რაოდენობაა. „როცა კერძო ბიზნესში ვმუშაობდი, ევროპაში მანდარინის გატანა გადავწყვიტეთ. 50 ტონის გაყიდვა გვინდოდა, მაგრამ ვერავინ ვნახეთ, ვინც ჩვენს მანდარინს ხელს მოკიდებდა. რატომ? ეგონათ 50 ათას ტონაზე ვესაუბრებოდით და არა 50 ტონაზე. ამიტომაა აუცილებელი პროდუქციის დიდი რაოდენობა და უწყვეტი, გარანტირებული მიწოდება,“- ამბობს ჩვენთან საუბარში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ილია კვიტაიშვილი.
ამავე დროს არსებობს სხვა საკითხებიც, რომლებიც ქართველ ფერმერებს მოგვარებული უნდა ჰქონდეთ: საქართველოდან ევროპაში ხილის ექსპორტიორმა უნდა გადაწყვიტოს, ვისთან არის მისთვის უფრო ხელსაყრელი ურთიერთობა – ფერმერული ბაზრობების თუ სუპერმარკეტების დისტრიბუტორებთან. თუ ექსპორტიორი ფერმერი საქმიან ურთიერთობას სუპერმარკეტების ქსელთან ააწყობს, მაშინ მას მოუწევს საერთაშორისო სერტიფიკატის, „გლობალ გეფის“ წარმოდგენა. ასეთი მოთხოვნა თავად ევროპის სუპერმარკეტებმა დააწესეს. „გლობალ გეფი“ საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის სტანდარტის სერტიფიკატია, რომელიც ადასტურებს, რომ ფერმერმა პროდუქტის მოყვანის სავალდებულო წესები დაიცვა.
„გლობალ გეფი“ ხილის და ბოსტნეულის ფერმერულ ბაზრობებზე გასაყიდად სავალდებულო არ არის. „იქ გჭირდება შესაბამისობა ევრომოთხოვნებთან. ანუ პროდუქტი უნდა იყოს ისეთი ზომის, ფორმის და შემცველობის, რასაც ევროკავშირი ითხოვს,“ - ამბობს ჩვენთან საუბარში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ილია კვიტაიშვილი.
„ვაშლი ნაკლებ კონტროლს ექვემდებარება, თუმცა მისმა მყიდველმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რა პირობებში იქნა მოყვანილი ხილი, რა შხამ-ქიმიკატები გამოიყენეს მისი მოყვანის დროს, სად მოიყვანეს ეს ვაშლი“ (პროდუქტის მიკვლევადობა)", - ამბობს სურსათის უვნებლობის სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე, – „გლობალ გეფი“ ფორმის და ზომის გარდა ითხოვს სოფლის მეურნეობის პროცესის მართვას. კერძოდ, სასუქების, აგრო ქიმიკატების, პესტიციდების და ა.შ .გამოყენება აღწერილი და დოკუმენტურად დადასტურებული უნდა იყოს.
დაცული უნდა იყოს აგროვადები და პერსონალის პირადი ჰიგიენა. სანიტარული კვანძების და გასახდელების მოწყობაც კი სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. როგორ უნდა მოხდეს ნაკვეთის დამუშავება, როგორ უნდა იყოს მოწყობილი თვითონ ის მეურნეობა, სადაც პროდუქტი მოჰყავთ, რამდენად უსაფრთხოა მიწა (გარემოს მავნე ზემოქმედება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი) – ეს არის იმ საკითხების არასრული ჩამონათვალი, რასაც ევროკავშირი დიდ ყურადღებას აქცევს.
„ყველაფერი უნდა მიმდინარეობდეს სტანდარტის მოთხოვნით",– ამბობს სოხაძე - „ნაკვეთების ტექნიკით დამუშავება უნდა ხდებოდეს ისე, რომ ნაკვეთი ტექნიკური ზეთით, საწვავი და საპოხი მასალებით არ დაბინძურდედ. ყველაფერი, რაც შესაძლოა აისახოს სურსათის უვნებლობაზე არის „გლობალ გეფი“, - ამბობს კახა სოხაძე.
გორელი ფერმერი პაატა მოგელაშვილი ფიქრობს, რომ ყველა ეს პრობლემა მოგვარებადია და დამაბრკოლებელი ფაქტორების მიუხედავად, ყველასგან გამორჩეული გემოვნური თვისებების გამო მათი პროდუქცია მაინც კონკურენტუნარიანი იქნება.
მოგელაშვილები კოოპერატიული გაერთიანებების იდეასაც მიესალმებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობის დახმარების პირობებში ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებას 2-3 წელიწადში შეძლებენ. მთავრობის პასიურობის შემთხვევაში კი ეს პროცესი რამდენიმე ათეული წლით გაიწელება.