ევროპის ლტოლვილთა კრიზისი და საქართველო
გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას: მისთვის გაუგებარია, თუ რატომ აღმოაჩინა მხოლოდ ახლა გერმანულმა პოლიტიკურმა ისთაბლიშმენტმა ეს თემა, მაშინ, როცა, ბუნდესკრიმინალამტის სტატისტიკა მანამდეც საიდუმლო არ უნდა ყოფილიყო მმართველი კოალიციის პოლიტიკოსებისათვის. ქართული საზოგადოება შეშფოთებულია და სამართლიანადაც.
ჩემი აზრით და ამ აზრს საფუძვლად უდევს მრავალთვიანი დაკვირვება გერმანიის პოლიტიკურ პროცესებზე, ცალკეული პოლიტიკოსების, განსაკუთრებით კი, მმართველი კოალიციის, საკუთრივ კი, ზემოთ ხსენებული ორი პარტიის ცალკეული პოლიტიკოსების პოზიცია სრულიად ლოგიკურად ზის გერმანიის აქტუალურ სოციო-პოლიტიკურ კონტექსტში, რაც საყოველთაოდ ცნობილმა „ლტოლვილთა კრიზისმა“ გამოიწვია მთელ ევროპაში. ეს გახლავთ საზოგადოებისა და მთლიანად, პოლიტიკური ლანდშაფტისათვის შემძვრელი კრიზისი, რომელმაც ბევრი არსებითი პრობლემა ამოიტანა ზედაპირზე. მათ შორის, საზოგადოებრივ-მენტალურ, თუ პოლიტიკურ სფეროში. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ საქართველოს პოლიტიკური ინტერესების შეფერხების მიზეზები და არა სრულიად არარელევანტურ, „მზარდი კრიმინალური საშიშროებების“ ხელოვნურად წამოწეულ თემაში.
სირიის ომთან დაკავშირებულმა ლტოლვილების დიდმა ტალღამ მთელ ევროპაში მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. გერმანიამ, საკუთრივ კი ანგელა მერკელმა და უშუალოდ მისი მხარდამჭერების ჯგუფმა მისსავე პარტიაში ამ კრიზისში დაინახა არა მხოლოდ ამოცანა და პრობლემა ევროპისათვის, არამედ შანსიც. შანსი გერმანული ინდუსტრისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მუშახელის პრობლემის მოსაგვარებლად, რაც უმწვავესად დგას დღეს: დაახლოებით, მილიონი სამუშაო ადგილია დასაკავებელი. გერმანული ინდუსტრიისა და სოციალური სისტემისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია გარედან მატება, თანაც, დიდი რაოდენობით, პრობლემა გადაწყდება ქვეყანაში წელიწადში მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანის შემოსვლით. თუ ეს არ მოხდა, 2030 წლისათვის გერმანული შრომის ბაზრისთვის 6 მილიონი დაუკავებელი ადგილი რეალობა იქნება, რაც გამოიწვევს მთლიანად ეკონომიკის, ინდუსტრიისა და სოციალური სისტემის სრულ კოლაფსს. ამ რეალობაზე ღიად ლაპარაკობენ ეკონომისტები, ფინანსისტები, დემოგრაფები, თავად პოლიტიკოსებიც. ამაზე ლაპარაკობენ ბუნდესთაგში, სამეცნიერო კონფერენციებზე, ეკონომიკის თემატიკის სერიოზულ პერიოდიკაში, სერიოზული რეპუტაციის მქონე პოლიტიკურ თოქ-შოუებსა თუ დისკუსიებში.
ამ ფონზე ანგელა მერკელის გუნდის გადაწყვეტილება, ლტოლვლთა აქტუალური კრიზისი გამოეყენებინათ ასევე როგორც შანსი გერმანული ეკონომიკისათვის, სრულიად გასაგები იყო. მაგრამ კრიზისის დაძლევა დიდ პოლიტიკურ, თუ დიპლომატიურ ძალისხმევას, ფინანსურ რესურსებსა და ამასთან, საზოგადოების კონსენსუსს მოითხოვდა. პირველი სამი რთული არ აღმოჩნდა ეკონომიკურად და სტრუქტურულად ძლიერი გერმანული სახელმწიფოსათვის. მარტივად გამოინახა ფინანსური და ორგანიზაციული რესურსები 1,1 მილიონი ლტოლვილის მისაღებად 2015 წელს.
თვიდან თვემდე გერმანიის ბუნდესკანცლერი თანმიმდევრულად ცდილობდა კრიზისის მოგვარებას ევროპის მასშტაბით. დღევანდელი მონაცემებით ლტოლვილთა პრობლემის ტექნიკური მხარე გადაწყვეტილად შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ ამ კონტექსტში, გერმანულ საზოგადოებაში გაჩნდა ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემა საკუთრივ ანგელა მერკელისა და მისი კოალიციიისათვის: საზოგადოებამ არ მიიღო უცხოელების დიდი მასის შემოდინება გერმანულ მიწაზე და გაჩნდა აქტიური პროტესტი. ამ საკითხმა გერმანიაში ულტრაკონსერვატორული და ნეოფაშისტური ჯგუფების ბოლო ათწლეულებისათვის უცნობი და არნახულად კონცენტრირებული გააქტიურება გამოიწვია, ძალადობის ფაქტებით. უკმაყოფილება საზოგადოების უფრო ფართო მასებსაც მოედო. სახელდახელოდ შექმნილმა ულტრაკონსერვატორულმა პარტიამ AfD-მ , რომლის უმთავრესი სლოგანია: „ ისლამი არ მიეკუთვნება გერმანიას“ გერმანიის რამდენიმე მიწაზე ხმების სენსაციური, თითქმის, 20 პროცენტი აიღო, რითაც ამომორჩეველი წაართვა SPD-სა და კოალიციის სხვა პარტიებს. „ძველ“ პარტიებს დღევანდელი მონაცემებით სერიოზული პრობლემები აქვთ.
მიუხედვადავ იმისა, რომ ლტოლვილების ტალღა თურქეთთან შეჩერებულია, ჩემი აზრით, ევროპისათვის სრულიად არასახარბიელო შეთანხმების საფუძველზე, უკმაყოფილების, შიშისა და მიუღებლობის განწყობები გერმანულ საზოგადოებაში ისევ სახეზეა: ლტოლვილების თემაზე ისევ გაცხარებული მსჯელობებია გერმანულ ოჯახებში, ყველგან, სადაც ორი გერმანელი ხვდება ერთმანეთს, თავად პოლიტიკურ წრეებში. CDU -ს ბევრი წევრი და კოალიციის სხვა პარტიებიც მწვავედ აკრიტიკებენ პირადად ანგელა მერკელს მისი პოლიტიკის გამო, რამაც უახლოეს ათწლეულში გაუგონარი რყევები გამოიწვია გერმანულ პოლიტიკურ ლანდშაფტში.
ზემოთ აღწერილი რეალობის ფონზე, ანგელა მერკელის პარტიისა და მთლიანად მმართველი კოალიციის ცალკეული პოლიტიკოსების გამონათქვამები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიმართ სკეპტიციზმის თაობაზე სწორედ ამ კონტექსტში უნდა გავიგოთ: წინ 2017 წლის არჩევნებია და უცხოელების კიდევ ერთი ტალღის შემოსვლა ამომრჩევლების უკმაყოფილების სავარაუდოდ კიდევ ერთ ტალღას გამოიწვევს გერმანელ ამომრჩეველში. თუმცა, მერკელი აქამდეც არ შეპუებია უმწვავეს კრიტიკასაც კი ყველა მხრიდან, ის მუდმივად მყარად იდგა საკუთარ აზრზე. ვიმედოვნებ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თემაზეც შეინარჩუნებს ჩვენთვის უკვე ცნობილ პოზიციას.