რა აწუხებს სერგო ღონღაძეს
ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან. ეს თელაველი მეწარმე მართლაც რომ ყველაზე ტიპური მაგალითია.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) საჯარო მოხელეებისთვის, ფერმერებისა და ჟურნალისტებისთვის ორმოცამდე ტრენინგი ჩავატარე. ამას გარდა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ათზე მეტ ადვოკატირების შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. ეს ყველაფერი კი ბოლო 9 თვის განმავლობაში მოხდა.
გასული წლის ნოემბერში სერგო ღონღაძე თელავში „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო, რომლის მიზანი ევროინტეგრაციის პროცესებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იყო. ტრენინგზე ევროკავშირთან ურთიერთობის პოლიტიკური საკითხები, ვიზის ლიბერალიზაცია, ევროპული ბაზრის მიმოხილვა, ქართული ექსპორტის პოტენციალი და ევროპასთან დაკავშირებული მითები განიხილებოდა. თელავში მრავალრიცხოვანი აუდიტორია შეგროვდა. ქალაქის მერმაც კი გამონახა დრო და როგორც მახსოვს დისკუსიაში ბევრჯერ ჩაერთო. ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ სანამ ევროკავშირის და რუსეთის სამომხმარებლო ბაზრის შედარება დავიწყეთ. აი, სწორედ აქ „ამოხეთქა“ სერგო ღონღაძემ. გადაჭრით გამოგვიცხადა, რომ ჩვენს მიერ ევროკავშირის ბაზრის სასარგებლოდ მოყვანილი სტატისტიკა მანიპულაცია იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა. შეეცადა, ჩვენთვის საწინააღმდეგო დაემტკიცებინა და საკმაოდ ღიად პრორუსული პოზიციიდან რუსეთის ბაზარი დაიცვა.
მომხსენებლებს ევროკავშირის სასარგებლოდ საკმაოდ ძლიერი ფაქტობრივი მასალა და არგუმენტები გვქონდა, ამიტომ დანებებას არავინ აპირებდა და ღონღაძე მეთოდურად „გავანეიტრალეთ“, ყოველ შემთხვევაში ისე დავაშოშმინეთ, რომ აუდიტორია არ დაუტოვებია და ბოლომდე გვისმინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბატონმა სერგომ თავად მოინდომა ჩემთან საუბარი. რა თქმა უნდა, მეც ვაპირებდი გამერკვია, რატომ იყო ერთი შეხედვით ასე თავგადადებული „რუსეთუმე“.
აღმოჩნდა რომ ღონღაძეს ყურძნის და საზამთროს კონცენტრატის საწარმო აქვს და პროდუქტი ექსპორტზეც გააქვს. თქვა, რომ რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და საკმაოდ კარგად იცის რუსეთის ბაზრის თავისებურებები. ნამდვილი მოულოდნელობა კი ის იყო, რაც ამის შემდეგ მითხრა. აღმოჩნდა, რომ ღონღაძის შვილები 20 წელზე მეტია, რაც ევროპაში, კერძოდ გერმანიაში ცხოვრობენ. ეს ინფორმაცია ღიმილით და ამასთანავე სიამაყით გააჟღერა. ასეთი მოცემულობა ბუნებრივია, გარკვეულწილად დამაბნეველია. ლოგიკურად ჩნდებოდა კითხვა: თუ რუსეთი უკეთესია, მაშინ რატომ ცხოვრობდნენ მისი შვილები დიდი ხნის განმავლობაში ევროკავშირში? ეს კითხვა არც კი დამისვამს, ბატონმა სერგომ სწრაფადვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის რუსეთთან უპირატესობა ძალიან კარგად ესმის, თუმცა ევროპისადმი მის სკეპტიციზმს მარტივი ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლება მეწარმეებს ისეთ პირობებს ვერ უქმნის, რომ მათ ევროპის ბაზრისთვის კონკურენტული პროდუქტი აწარმოონ, ამიტომაც რუსეთი ამ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავალია.
ღონღაძე ხელისუფლებას არათანმიმდევრულ მოქმედებაშიც ადანაშაულებდა. მისი თქმით, ერთის მხრივ, საექსპორტო პოტენციალის პროდუქტების წარმოება პრიორტეტულია, თუმცა პრაქტიკაში ხელშეწყობა არ ხორციელდება. ამის მაგალითად მოჰყავდა თავის საწარმო. მან თქვა, რომ მოთხოვნად საექსპორტო პროდუქტს აწარმოებს, თუმცა რამდენიმე თვეა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების პრობლების მოგვარებაში დახმარებოდა. ასეთი იყო ღონღაძის ლოგიკა, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ხსნიდა მის კეთილგანწყობას რუსეთის მიმართ.
მსგავსი ლოგიკით და ნარატივით ამ შეხვედრების მიმდინარეობისას არაერთი „სერგო ღონღაზე“ შეგვხვდა, მათ შორის საჯარო მოხელე და მათ შორის მართველი გუნდის წარმოადგენელი სკეპტიკოსი საჯარო მოხელეც (მაღალი და დაბალი რანგის). ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირისადმი უნდობლობას მეტწილად ეკონომიკური ფაქტორები კვებავს. შეხვედრებმა ასევე აჩვენა, რომ პრაქტიკული სარგებლის მიღების გარეშე შეუძლებელია ევროკავშირის უპირატესობებზე საუბარი. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის DCFTA-ს (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) შესაძლებლობებზე კომპლექსური ინფორმაციის გავრცელება მთელი ქყვეყნის მასტაბით.
საბაჟო და სატარიფო ბარიერების გარეშე საქართველო ევროკავშირთან თითქმის ორი წელია ვაჭრობს. საქართველოს ხეირი ამ შეღავათიანი რეჟიმით კი ის არის, რომ 2014 წელთან შედარებით ევროკავშირში ექსპორტი 2015 წელს თითქმის 4 %-ით გაიზარდა.
ამ ეტაპისთვის ხელისუფლება საექსპორტო პოტენტიალის გაზრდისთვის აგროსექტორის გაძლიერებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ DCFTA სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტირებას მწვანე შუქს უნთებს, თანამედროვე საწარმოების და კონკურენტუნარიანი პროდუქტების შექმნა გარკვეული პრობლემების გადალახვას საჭიროებს.
სხვადასხვა რეგიონში ოჯახურ მეწარმეებთან, ფერმერებთან, წვრილ და საშუალო მწარმოებლებთან შეხვედრების დროს ძირითადან ერთნაირი პრობლემური საკითხები იკვეთება:
- ფინანსებზე ხელმისაწვდომობა (გრძელვადიანი, იაფი კრედიტები)
- თანამედროვე ტექნოლოგიები
- თანამედროვე ცოდნა- უახლესი მეცნიერული მიდგომების გამოყენება
- ცოდნის/გამოცდილების დეცენტრალიზაცია - გავრცელება თბილისიდან რეგიონებისკენ
- საერთაშორისო სტანდარტები (HACCP, GLOBAL GAP)
- სურსათის უვნებლობა, სურსათის ჰიგიენის დაცვა
- სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის შესაძლებლობების ნაწილობრივი აღიარება ევროკავშირის მიერ (ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან, მხოლოდ თაფლის და მატყლის წარმოების სექტორია აღიარებული)
- კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი
- ლოგისტიკა
- შემნახველი სამაცივრე მეურნეობები
- ევროკავშირის ბაზრის ნიშების და მოთხოვნადი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა
- ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრების არაეფექტურობა
- სახელმწიფო დახმარების პროგრამების მოუქნელობა
- მიწის კანონმდებლობის ხარვეზები (არაფორმალური მორატორიუმი უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვაზე)
DCFTA-ს ვალდებულებებიდან გამომდინარე საქართველო ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოებას ახორციელებს. ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სფეროში არსებობს დილემა. სურსათის მწარმოებელი ოჯახური მეურნეობები და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები (წლიური ბრუნვა არ აღემატება 200 ათას ლარს) სახელმწიფო კონტროლისგან თავისუფლდებიან 2020 წლამდე. მსხვილი ბიზნესის მწარმოებლები ამბობენ, რომ სახელმწიფო კონტროლს მიღმა არსებული საწარმოები მათთან არათანაბარ კონკურენციაში არიან. მსხვილ მწარმოებლებს სტანდარტების დასანერგად დამატებითი ინვესტიციების ჩადება უწევთ, რაც მათ პროდუქტს აძვირებს, ისინი კი ვისაც სტანდარტები არ მოეთხოვებათ, პროდუქტს გაცილებით იაფად ჰყიდიან, რის გამოც მსხვილი მწარმოებლები თავს დაზარალებულად მიიჩნევენ.
„საქართველოს მთავრობის სტრატეგია ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ 2014-2017 წლებისთვის“ ნაკლებად ახდენს გავლენას სკეპტიკოსი ადამიანების განწყობების შეცვლაზე. კომუნიკაციის სტარატეგია სამი ძირითადი ასპექტისგან შედგება. ესენია: განათლება, ინფორმირება, მხარდაჭერა/ადვოკატირება.
კომუნიკაცია ეფუძნება ღია, გამჭვირვალე, დროული, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდების პრინციპს, თუმცა სამიზნე ჯგუფებს (ახალგაზრდები, მოწყვლადი ჯგუფები, გამავრცელებლები) ინფორმაციის სერიოზული დეფიციტი აქვთ. შეაძლოა, რომ ინფორნაცია არასწორი არხებით ან არასაკმარისი ინტენსივობით გაედინება, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ბოლო ვერსია უფრო მეტად სარწმუნოა.
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის “აღმოსავლეთის სამეზობლო” პროგრამის ხელმძღვანელი ლორენს მერიდითი ამბობს, რომ „ყველაზე კარგი გზა ხალხის დასარწმუნებლად არის რეალური გავლენა/ეფექტი მათ ცხოვრებაზე“.
იმისა გასარკვევად კი რას ექნება ეფექტი და გავლენა რიგითი მოქალაქის ცხოვრებაზე უნდა გავაანალიზოთ რა აწუხებს პირობითად სერგო ღონღაძეს.