სადაა გადასაყრელი მატყლი…
გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.
საქმე იმაშია, რომ ამ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვეთითა და, რა თქმა უნდა, საკუთარივე ინიციატივით მეგობრებთან ერთად (რატი კოჭლამაზაშვილი, ნინო ჭანტურია, ფატი მამარდაშვილი და შვეიცარიელი ლორედანა სორგი) შევისწავლეთ ცხვრის ღირებულებათა ჯაჭვი (Sheep Value Chain Study). მართლა დიდი შრომა ჩაიდო, რომ კარგი და სწორი დოკუმენტი დაგვედო, გაგვიჭირდა კი, მაგრამ კაი საქმე დავდეთ მაგიდაზე, თანაც ინგლისურად, რათა უფრო ფართო წრე გასცნობოდა ორგანიზაციებისა, რომლებიც პოტენციურად ამ სფეროს დონორებად მოიაზრებოდნენ.
ამ კვლევას საფუძვლად ჩემი უწინდელი პატარა “კვლევაც” დაედო, რომელიც Mercy Corps-ის ინიციატივით შევადგინე. ამ ყველაფერმა გამოაჩინა უფრო მწვავედ ის პრობლემა, რაც მეცხვარეებს უდგათ მატყლის რეალიზაციის საქმეში…
მოდი ცოტა უფრო ახლო (შორეულ) წარსულში გადავიდეთ, როცა “მატყლი ცხვარზე ძვირი ღირდა” ან “მატყლის ქურდობაზე ციხე იყო” და ასე შემდეგ.
თუშური ჯიშის ცხვარი იძლევა “უხეშ მატყლს”. სამწუხაროდ, ეს სტანდარტიც ძალიან მოძველებულია და თანამედროვე მსოფლიოში მატყლის მიკრონებით გაზომვაა მიღებული. მარტივად რომ ვთქვათ, უხეში მატყლით იქსოვებოდა წინდები, ნოხები, ფარდაგები და სხვა. უხეში მატყლის გარდა, ძველი სტანდარტებით არსებობდა ნახევრად უხეში მატყლი. ნაზმატყლიანი ცხვარია მირინოსი. მიკრონები არის ამჟამინდელი საზომი მატყლისა, რომელიც ბოჭკოს სიმკვრივეზეა დამოკიდებული. მეხორცული მიმართულების ცხვარში გავრცელებულია უხეში მატყლი, ანუ ბოჭკოების სიმკვრივე 45-60 მიკრონი ან მეტიც კია, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპის უმეტეს ქვეყანაში ამჟამად მეხორცული მიმართულებაა გავრცელებული, ესე იგი ჩვენნაირი მატყლი საკმაოდ ჭარბია ევროპის ბაზარზე. დედა ცხვარი ორჯერ იპარსება წელიწადში, საერთო ნაპარსით დაახლოებით 2.5 კილოგრამი წელიწადში, ბატკანი - ერთხელ, ივლის-აგვისტოსაკენ და დაახლოებით 1 კილოგრამ მატყლს იძლევა. ამიტომ იყო, პაპაჩემისგან გამიგია მაგალითად: ჩვენმა იორამა პაპამ, თავის ბრიგადაში 1.8 კგ გაპარსა ბატკანს მატყლიო და ეს ძალიან სერიოზულ სახელს მატებდა იორამა პაპას, უსერიოზულესი შედეგი იყო.
მატყლი იმ დროში 15-18 მანეთი ღირდა კილოგრამი, სად მიდიოდა ამ ფასად? ექსპორტზე? მსოფლიოში? არა, ცივ რუსეთში, მზადდებოდა თბილი და საჭირო სამხედრო შინელები, ანუ სახელმწიფო თავისსავე მატყლში (მაშინ ხო კოლექტივიც სახელმწიფოსი იყო ფაქტიურად) იხდიდა X თანხას, რომელიც ფაქტიურად “ერთი ჯიბიდან ამაიღე, მეორეში ჩაიდე” პრინციპით მოქმედებდა…
საკმაოდ ფართოდ ქონდა ფრთები გაშლილი ე.წ. “ჟულიკობასაც”, ხარისხის კონტროლიც არც ისე დიდი იყო ბოლო წლებშიო, იტყოდნენ ხოლმე ძველები, მიდიოდა “გუგუნი” ანუ...
გამოხდა ხანი და დრო აირია, მატყლის ცენტრალიზებული მყიდველი აღარ გამოჩნდა და დარგიც მოკვდა.
რა მდგომარეობაა ამჟამად: ჩვენი მატყლი წარმოადგენს ე.წ. სახალიჩე მატყლს, რომლის ფასიც ძალიან მინიმალურია, მაგალითად თუ მერინოსის ჯიშის ცხვრის მატყლი ღირს კგ 7-12 $, ჩვენი გრადაციის მატყლი მაქსიმუმ 1$ ღირს, ისიც გააჩნია ქვეყნებს. შესასყიდი ფასი კი გაცილებით დაბალი აქვთ შემსყიდველებს… მაგალითად წინა კვირას მამაჩემმა ორი ტრაილერი მატყლი გაატანა ერთ-ერთ შემსყიდველს 30 თეთრად კილოგრამი, ისიც პოსლეზე… ან ავიღებთ იმ ფულს ან არა, კაცმა არ იცის… და ასეა მეცხვარეების 100%, ვიმეორებ 100%!!! ეს თანხა 30 თეთრი პარსვის ხარჯებსაც არ ფარავს, რანაირად? მოდი ეგეც დავთვალოთ:
ერთი მპარსავი პარსავს დღეში 35-40 ცხვარს, თუ ელექტრო საპარსებით ხდება 100-120 სულს (ელექტრო აპარატები 99%-ს არ აქვს). მისი ანაზღაურება დღეში არის 30 ლარი, პლიუს საჭმელი შენ უნდა აჭამო, ნუ ეგეც დაახლოებით 10 ლარი მაინც უნდა აიღო. ერთი ცხვრიდან გაიპარსება საშუალოდ 1.2 კგ. მატყლი, ანუ 40 სულისგან 42-48 კგ მატყლი. მხოლოდ ეს ხარჯი გამოვიდა 1 კგ: 40 ლარი / 45 კგ = 0.88 ლარი (სხვა ხარჯები, ბარდნებში დატენვა, თავად ბარდნები, ადგილამდე ჩამოტანა და სხვა, არ შემიტანია).
რა ხდება მსოფლიოში:
მაგალითად უელსში, სადაც გახლდით ამ 3-4 კვირიოდე წინ გამოცდილება ასეთია: რამდენიმე ათეული წლის წინ მათ ედგათ ანალოგიური პრობლემა, ანუ როცა სინთეტიკური ბოჭკო მოძლიერდა და ბუნებრივს ზურგი აქციეს, მატყლზე ფასები კატასტროფულად დავარდა. სახელმწიფომ დაიწყო ჩარევა, შექმნეს მატყლის საბჭო (Wool Board), რომელიც ახორციელებდა მატყლის ფერმერებისგან მოგროვებას, ჩაბარებას, მის გადახარისხებას, ლაბოლატორიულ შემოწმებას, შეფუთვას და რეალიზაციას ცენტრალიზებულად, ამასთან ფერმერებს უხდიდნენ დოტაციას!!! დაახლოებით 15-იოდე წლის წინ მიხვდნენ, რომ ასე არ გამოვიდოდა საქმე და ფერმერებს თავად უნდა ემართათ თავისი საქმე. მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება: სახელმწიფომ დატოვა დოტაცია და მთლიანად ორგანიზაცია, რომელიც გადასცა ფერმერებს (ამჟამად დაახლოებით 7000-ზე მეტი ფერმერია წევრი), მუშაობს შემდეგნაირად:
⁃ წევრი ფერმერისგან ხდება მიღება გაპარსული და ადგილზე დახარისხებული მატყლის;
⁃ ფერმერი იღებს მატყლის სავარაუდო ღირებულების 50%-ს
⁃ ორგანიზაცია ახდენს მატყლის დამუშავებას და სხვადასხვა მსოფლიო მასშტაბის კლიენტებისთვის შეთავაზებას
⁃ ეს ორგანიზაცია არ არის მოგებაზე ორიენტირებული
⁃ რეალიზებული მატყლის თანხით ხდება მიმდინარე ხარჯების დაფინანსება
⁃ ხოლო დარჩენილი თანხის განაწილება ხდება მომავალ წელს ფერმერის მიერ მატყლის ჩაბარებისას ისე, რომ იმ სავარაუდო 50%-ის თანხა შეიძლება გაიზარდოს და შეადგინოს 51-60% და ასე შემდეგ, ან პირიქით თუ ფასები მაღალი არ იყო, უფრო ნაკლები გაიცეს ფერმერებზე, პლიუს მეორე წელს ჩაბარებული მატყლის ანალოგიური სავარაუდო ღირებულების 50%
⁃ ორგანიზაციის თანამშრომლები არიან დაქირავებულნი
⁃ ორგანიზაციის მუშაობა ფინანსურად კონტროლდება აუდიტორული კომპანიების მიერ და ფერმერებს წარედგინება ანგარიში ამ შემოწმების შესახებ
⁃ ყველა არის შედარებით ბედნიერი, ვიდრე ჩვენ! :)
უფრო მეტი სიცხადისთვის ვიტყვი, რომ გადამუშავებას (გარეცხვას, დართვას და ასე შემდეგ) აკეთებენ სხვა ორგანიზაციები, რომლებიც არის კერძო კომპანიების სახით და ისინი, როგორც უელსურ მატყლს, ისე მატყლს მთელი მსოფლიოდან ყიდულობენ, ვინაიდან მათი ქარხნის სიმძლავრე ძალიან დიდია (2-3 ათასი ტონა კვირაში, ანუ ის რასაც საქართველოში ვაწარმოებთ 3-4 დღის საქმეა ამ ქარხნისთვის).
რა უნდა ვქნათ ჩვენ:
მეცხვარეების დიდი გაერთიანება, კოოპერატივი, სადაც შევალთ ყველა და გავაკეთებთ ანალოგიურ მოდელს, უფრო უკეთესად და დეტალურად ამ მოდელს განვიხილავთ მეცხვარეთა მეორე კონფერენციაზე, რომელსაც 2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გავმართავთ და იქ გადაწყდება, წავალთ თუ არა ამ გზით. უნდა ხაზგასხმით აღინიშნოს, რომ ეს მიდგომა უნდა გავრცელდეს შეკრება-დამზადების დონეზე და არავითარ შემთხვევაში გარეცხვა, გადამუშავება, დართვა და ასე შემდეგ, ის უნდა დავუტოვოთ კერძო კომპანიებს, მაგრამ მათ აღჭურვაშიც, რომ მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფომ ან დონორებმა ძალიან კარგი იქნება.
ჩემი აზრით ესაა გამოსავალი, და საუკეთესო ვარიანტი ჩვენთვის… არავითარი სამრეცხაო და ეგეთი უაზრო ფულის ხარჯვა, ეს თუ არ მოწესრიგდება და არ მოხდება გაურეცხავი მატყლის ბაზრების ამგვარად, ცენტრალიზებულად მოძიება, არაფერი გვეშვლება… თუ არადა აგერ ვიქნები მეც, ჩემი ცხვარიც და ლეპტოპიც :)
მადლობა ყურადღებისთვის და ინტერესისთვის ქართული ცხვრის მატყლის მიმართ.