ევროკომისარ იოჰანეს ჰანის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს
ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს
ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით
18 დეკემბერი 2014
ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო,
მინდა მოგმართოთ და კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს ევროპარლამენტში მოხდა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაში ჩართულ ქვეყნებს შორის საქართველო ერთ–ერთი მოწინავეა. საქარველოსთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება ამ ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვის შედეგია. ეს თქვენი ევროპული არჩევანია, თუმცა სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში დემოკრატიული, სტაბილური და კარგად განვითარებული ქვეყნის არსებობა ევროკავშირის ინტერესებშიც შედის.
ზუსტად ერთი თვის წინ, ბრიუსელში ჩატარდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა. ჩვენ იმავე დღეს განვაცხადეთ, რომ საქარველომ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა იმ გზაზე, რომელიც ამ ქვეყანას და მის მოქალაქეებს თავიანთი მიზნის – ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის – მიღწევაში დაეხმარება. ასოცირების შეთანხმების განხორციელება დაეხმარება საქართველოს, განახორციელოს გადაქმნები. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს პროცესი პირველ რიგში თქვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება სარგებლის მომტანი. შეთანხმება საქართველოს ევროკავშირთან მეტად დააახლოებს; გაღრმავდება ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები ევროპასთან. ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს რეფორმებს, რომელსაც ევროპული ღირებულებები უდევს საფუძვლად, კერძოდ: პლურალისტული დემოკრატიის ჩამოყალიბება, ფუნდამენტური უფლებების დაცვის გარანტიების შექმნა და კანონის უზენაესობა. ამ სფეროებში წინსვლა არის წინაპირობა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და საქართველოს ყველა მოქალაქის თავისუფლებისა და უსაფრთხოების პირობებში ცხოვრებისა. წინასწარ ამოქმედდა ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ნაწილი, ასე რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო უკვე სარგებლობს შეთანხმებით. 2014 წლის სექტემბრის მონაცემები ადასტურებს, რომ საქარველოდან ევროკავშირში იმპორტი 50%–ით გაიზარდა, ეს ძირითადად თხილისა და მინერალების წილია. ევროკავშირთან გაზრდილ ვაჭრობას, რასაკვირველია, თითოეული მოქალაქისთვის მოაქვს სარგებელი. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოსთვის დახმარების გაწევას ვაჭრობასთან დაკავშირებულ რეფორმებში; კონკრეტული დახმარება იქნება გაწეული საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, რომ მათ ბიზნესის წარმოების ახალ პირობებთან ადაპტირება შეძლონ და ამისთვის 51 მილიონი ევრო გამოიყოფა. ეს არის კონკრეტული დახმარება თქვენთვის.
საქართველომ უკვე მიაღწია წინსვლას დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამის დასტურია 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები. ახლა საქართველომ უნდა გააგრძელოს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებაზე მიმართული ძალისხმევა და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა – ეს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებია.
ნება მომეცით დასასრულს შევეხო ბოლოდროინდელ შემაშფოთებელ მოვლენებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების დაცულობას. მე ვგულისხმობ ეგრეთ წოდებულ ,,სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულებას“ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის. ისევე როგორც რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ადრინდელი შეთანხმებები, ეს ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებაც ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ის ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და რუსეთის ფედერაციის მიერ აღებულ ვალდებულებებს. ნება მომეცით კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს და ვეხმარებით საქართველოს სტაბილურობის დამკვიდრებასა და კონფლიქტების მოგვარებაში, ჟენევის საერთაშორისო ფორმატის თანათავმჯდომარეობისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საშუალებით. ამ კონტექსტში მინდა მივესალმო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, გაგრძელდეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ვადა კიდევ 2 წლით.
საქართველოს ძალისხმევისა და იმ სირთულეების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, მისი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოსთან უფრო მჭიდრო პოლიტიკური კავშირი და ეკონომიკური ინტეგრაცია. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არის ჯანსაღი და ეფუძნება ნდობას. დღევანდელი რატიფიკაციის შედეგად ეს კავშირები კიდევ უფრო გამყარდება და ორივე მხარეს მოუტანს სარგებელს.