ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 2015 წლის კამპანიას „ერთად შევეგებოთ ევროპას“ იწყებს
ევროკავშირის მობილურმა საინფორმაციო ცენტრმა 31 მარტს დაიწყო 2015 წლის საინფორმაციო კამპანია - „ერთად შევეგებოთ ევროპას.“ საინფორმაციო კამპანიის მიზანია მოქალაქეებს გაუმარტივდეთ ინფორმაციის მიღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ.
საინფორმაციო ცენტრის გახსნის ღონისძიება გაიმართა წეროვანის მე-3 საჯარო სკოლაში, სადაც საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვები სწავლობენ.
ევროკავშირის მობილურ საინფორმაციო ცენტრთან ერთად სკოლას ესტუმრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა პროექტების უფროსი, კაიდო სირელი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი.
ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს უახლესი ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ და გადასცეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოცემული წიგნი - „მოდი, გავიცნოთ ევროპა“.
მოსწავლეებმა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა ევროპაში“ ნახეს. სტუმრებმა მოსწავლეებთან ერთად ააწყვეს ევროპის პოლიტიკური „რუკა-პაზლი“ და გააფერადეს ალბომი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული დროშებით. „პაზლი“ და ალბომი „გააფერადე ევროკავშირი“ - საგანგებოდ ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრისთვის დამზადდა.
ევროკავშირის მაგნიტური რუკის საშუალებით პროექტ „ერთად შევეგებოთ ევროპას“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ევროკავშირის გაფართოების ეტაპები აჩვენეს. მოსწავლეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში „რამდენად კარგად ვიცნობთ ევროპას.“
ვიქტორინის გამარჯვებულ მოსწავლეებს სტუმრებმა სამახსოვრო პრიზები გადასცეს.
ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი დაინტერესებულ პირებს, მათ შორის მოსწავლეებს, სტუდენტებს, სოფლად მცხოვრებლებს, ექსპერტებსა და ბიზნესმენებს სთავაზობს ყოვლისმომცველ ინფორმაციას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის შესახებ. მიმდინარე წელს ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის ავტობუსი იმოგზაურებს საქართველოს ყველა რეგიონში და ესტუმრება 140 სკოლას.
წეროვანის დევნილთა დასახლებაში საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 1954 ოჯახი (6433 ადამიანი) ცხოვრობს. ეს ყველაზე დიდი დასახლებაა იმ ოცდათვრამეტი დასახლებიდან, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დევნილები ჩაასახლა. წეროვანის დასახლებაში 2001 კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი სახლია. დასახლება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. კერძოდ, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მეორე ნაწილის კომპონენტით (IDP II Programme), რომლისთვისაც 51 მილიონი ევრო დაიხარჯა.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ:
ჯუზეპე ვასკესი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომუნიკაციის
ოფიცერი: Giuseppe.Vasques@eeas.europa.eu
თენგიზ გოგოტიშვილი, პროექტი „ერთად შევეგებოთ ევროპას“
Tengiz.Gogotishvili@uk.ecorys.com (+995 99 51 13 98)
თამარ ხურცია, პროექტი „ერთად შევეგებოთ ევროპას“
Tamar.Khurtsia@uk.ecorys.com (+995 55 52 33 50)