ევროკავშირი ექსპორტიორებისგან თხილის მზა პროდუქტებს ითხოვს
თხილის ექსპორტიორ ქართულ კომპანიებს პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო სერტიფიკატი არ აქვთ
საქართველო თხილის ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების ხუთეულში შედის და ევროკავშირის ბაზარზე თურქეთის
შემდეგ ყველაზე მსხვილ მიმწოდებლადაც ითვლება. თუმცა, ქვეყანამ შესაძლოა, მსხვილი მიმწოდებლის სტატუსიც დათმოს: ევროკავშირში მოთხოვნა თხილის პროდუქტებზე იზრდება, ქართული თხილის ექსპორტიორი კომპანიების დიდ ნაწილს კი პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო სერტიფიკატი არ აქვთ.
საქართველოში წელს გასულ წელთან შედარებით ნაკლებ მოსავალს ელოდებიან. "წელს წვიმები თითქმის არ იყო. ამიტომ, შარშანდელთან შედარებით უკეთესი ხარისხის მოსავალია, თუმცა გაცილებით ნაკლები რაოდენობის. მაღალმთიან რაიონებში ადრე გაზაფხულზე თხილის ნარგავები ძლიერმა ქარმა დააზიანა. წელს სავარაუდოდ, 40 000-დან 50 000 ტონამდე თხილის მოსავალს მივიღებთ, " - ამბობს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია.
ქართულ ბაზარზე ამჟამად 1 კგ თხილი 5 - 5, 40 ლარი ღირს, მსოფლიო ბაზარზე კი 9 აშშ დოლარი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თხილის ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების ხუთეულში შედის და ევროკავშირის ბაზარზე ერთ–ერთ მსხვილ მიმწოდებლად ითვლება, ის ბაზარზე თხილის ფასის განსაზღვრაში არ მონაწილეობს.დაბალი ხარისხის, არასტაბილური მიწოდების და ნაკლები ცნობადობის გამო ქართული გაუტეხავი თხილიც და თხილის გულიც ევროკავშირში ყველაზე ნაკლებად ფასობს - თუ გასულ წელს 1 კგ თურქული თხილი ევროპაში 7,2 აშშ დოლარი ღირდა, ქართული თხილის ფასი მხოლოდ 6,5 აშშ დოლარი იყო.
ქართული თხილის ექსპორტიორებს წინ კიდევ ახალი გამოწვევა ელოდებათ -ევროპის ქვეყნებში ჩატარებული კვლევის თანახმად, გასული სამი წლის განმავლობაში ევროკავშირში თხილის გულზე მოთხოვნა შემცირდა: იმის გამო, რომ ევროპაში წარმოების ხარჯები სულ უფრო იზრდება,ევროპულ კომპანიებს ურჩევიათ, რომ თხილის გულის ყიდვის და შემდეგ მისი გადამუშავების სანაცვლოდ პირდაპირ თხილის მზა პროდუქტები (მოხალული, კანგაცლილი თხილი, დაქუცმაცებული თხილი, ნედლი და მოხალული თხილის ფქვილი და თხილის პასტა) შეიძინონ.
"თხილი და თხილის გული ნედლეულია, თხილის ფქვილი და პასტა კი პროდუქტი. იმისთვის, რომ ქართველმა ექსპორტიორებმა ევროპაში თხილის პროდუქტი გაიტანონ, მათ ბევრად უფრო მკაცრი სერტიფიცირების და ლაბორატორული შემოწმების სისტემა უნდა გაიარონ. ეს სისტემა კარგად არის აწყობილი თურქეთში, მაგრამ არა საქართველოში. საქართველოში თხილის ექსპორტიორ ბევრ კომპანიას თხილის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე შეტანისთვის საჭირო სერტიფიკატი არ აქვს. სათანადო სერტიფიკატის მისაღებად სოლიდური ინვესტიციია საჭირო. სამწუხაროდ, თხილის ბაზარი არ არის კარგად განვითარებული. ჩვენს კომპანიებს წლის ბოლოს არ რჩებათ იმხელა მოგება, რომ საწარმოს გადაიარაღებასა და სერტიფიცირებაში დიდი თანხა ჩადონ," - აცხადებს მოწერელია.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოდან თხილის ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით თხილის წარმოება 2013 წელს 2000 წელთან შედარებით თითქმის 3,6-ჯერ - 14.6 ათასი ტონიდან 51.8 ათას ტონამდე გაიზარდა. თხილს და კაკალს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში წამყვანი ადგილი უჭირავს. 2013 წელს საქართველოდან ექსპორტზე 166 მლნ 632 ათასი აშშ დოლარის თხილი გავიდა, რაც მთელი ქართული ექსპორტის 5,7 პროცენტია. საქართველოდან თხილი ექსპორტზე ძირითადად ყაზახეთში, გერმანიაში, ერაყში, ჩეხეთში, უკრაინაში, სლოვაკეთსა და ჩინეთში გადის.
ქართული თხილის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი (ბაზრის 60%) ევროპის ქვეყნებზე მოდის. ევროკავშირში გაუტეხავი თხილი და თხილის გული საქართველოს გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანას გააქვს, მათ შორის: თურქეთს, ჩილეს, საფრანგეთს, აშშ–ს, აზერბაიჯანს, იტალიასა და ჰოლანდიას. ევროპის ბაზარზე საქართველო თურქეთთან ერთად თხილის ერთ–ერთ ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად ითვლება. 2009-2012 წლებში ევროკავშირში გაუტეხავი თხილის ექსპორტის მოცულობით საქართველო ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე იყო, თხილის გულის ექსპორტიორ ქვეყნებში კი მესამეზე. გამონაკლისი იყო 2011 წელი, როცა საქართველომ ევროკავშირში თხილის გულის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ექსპორტის მოცულობით მეორე ადგილი დაიკავა.