ქართული თაფლისა და თევზის ევროკავშირში ექსპორტის პერსპექტივები
„თაფლი არ გადის ევროკავშირში, თურქეთსა და რუსეთში მხოლოდ მცირე რაოდენობით გააქვთ, ისიც არაოფიციალურად. წინა სინჯებში რომ ანტიბიოტიკები არ აღმოჩენილიყო, ვვარაუდობდით, რომ თაფლი წელს ევროკავშირში შევიდოდა. ახალი 103 ნიმუშის აღებამდე, ჩვენ ბევრი სამუშაო ჩავატარეთ ფერმერებთან, იმედი გვაქვს, რომ თაფლის სინჯებში აღარ აღმოჩნდება მავნე ნარჩენები და ექსპორტისთვის მზად ვიქნებით“.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, მაღალი რისკის შემცველი პროდუქტებიდან ქართული თაფლი და თევზი ევროკავშირისა და რუსეთის ბაზარზე ყველაზე ადრე გაიყიდება. www.eugeorgia.info-მ გადაამოწმა, რამდენად შეესაბამება ასეთი განცხადება რეალობას და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს, მიხეილ სოხაძეს ესაუბრა.
- რა პარამეტრებით შემოწმებულ თევზს და თაფლს ითხოვს რუსეთი და ევროკავშირი ?
- მოთხოვნა არის ის, რომ თაფლში არ იყოს ვეტერინარული ნარჩენები, ის გამოყენებული წამლები, რომელიც სხვადასხვა დაავადებებისთვის იხმარება. ასევე არ იყოს სხვადასხვა შხამები , პრინციპში დიდი სხვაობა რუსულ და ევროკავშირის მოთხოვნებში არ არის.
- მაინც რა განსხვავებაა ევროკავშირის და რუსულ მოთხოვნებს შორის? რომელი ბაზრის რეგულაციებია უფრო მკაცრი?
- რა თქმა უნდა ზოგადად ევროკავშირის უფრო მკაცრია, მაგრამ არის პარამეტრები, რომელზეც რუსეთს გაცილებით რთული მოთხოვნები აქვს. საერთოდ აკრძალულია თაფლში ანტიბიოტიკების გამოყენება ორივე ბაზარზე. იგივე მოთხოვნები გვაქვს საქართველოშიც. თაფლში ძირითადად დამაბინძურებლების არსებობის მიზეზი წამლების აროსწორი მოხმარებაა, ზოგჯერ კი - არასწორი პრეპარატების გამოყენება.
რაც შეეხება თევზში ჰისტამინის კვლევას, ამას რუსეთიც და ევროკავშირიც ითხოვს, მაგრამ განსხვავება ნორმებშია. ჰისტამინის კვლევას რაც შეეხება, ევროკავშირის რეგულაციით, 1 კგ თევზში 100 მილიგრამი არის დაშვებული, რუსული კანონმდებლობით კი 1 კგ თევზში 70 მილიგრამი არის ნორმა. რუსეთში თაფლზე დამატებით ზრდის ჰორმონებზე კვლევაა საჭირო, რასაც ევროპაში არ ითხოვენ. როგორც ხედავთ, ზოგჯერ რუსული მოთხოვნები უფრო მკაცრია, ამიტომ რადგან ევროპული რეგულაციები შედარებით რბილია, ამ ორი პროდუქტით: თაფლით და თევზით, დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ბაზარზე მალე შევალთ.
კიდევ დიოქსინზე უნდა გითხრათ. დიოქსინი ბალტიის ზღვაში არის ძალიან დიდი რაოდენობით , შავ ზღვაში დიოქსინი ცოტაა. მიმაჩნია, რომ ამის გათვალისწინებით, ჩვენი თევზის პროდუქტები უფრო მარტივად დაძლევენ იმ ბარიერებს, რასაც ევროკავშირი აწესებს.
- თევზი და თაფლი განსაკუთრებული რისკის შემცველი პროდუქტებია, ამასთანავე ვიცით, რომ ევროკავშირში ექსპორტი მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როდესაც წარმოების ქართული სისტემა და კანონმდებლობა ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება. როდის მოხდება ამ ორი კონკრეტული პროდუქტის წარმოების სისტემების შესაბამისობის აღიარება?
- არსებობს ირლანდიური ვეტერინარული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს „დიჯეი სანკო“-სთან ერთად, რომელიც არის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია ევროკავშირში. იქ ჩვენ გადავაგზავნეთ მთელი პროცედურა, თუ როგორ ხდება მეფუტკრეობის განვითარება და ველოდებით მათი ექსპერტების ჩამოსვლას და წარმოების სისტემების შესაბამისობის აღიარებას.
- საწარმოო ხაზის ევროსტანდარტების მიხედვით აწყობისა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტურობის აღიარების შემდეგ, საჭირო იქნება ლაბორატორიული კვლევები საბოლოო პროდუქტზე, თუ არის იმ პარამეტრების კვლევების შესაძლებლობა საქართველოში, რომელსაც ევროკავშირის და რუსულ ბაზარზე ითხოვენ?
- რაც შეეხება თევზის ჰისტამინზე კვლევას, ამას საქართველოში ორი ლაბორატორია აკეთებს. ერთ-ერთია „მულტი ტესტი“. თაფლში ანტიბიოტიკების კვლევა სამწუხაროდ ჯერ ჩვენთან არ კეთდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში წლის ბოლომდე შესაძლოა, თაფლის კვლევის საშუალებაც გაჩნდეს. ლაბორატორია მარტო დანადგარი ხომ არ არის, რომელსაც იყიდი, დადგამ და მორჩა! თანამშრომლების დატრენინგება გჭირდება და შემდეგ საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება. სანამ ეს მოხდება, ჩვენ რიგაში ლაბორატორია „ბიორ“-თან ვთანამშრომლობთ. შარშან გავაგზავნეთ თაფლის 42 ნიმუში, 17 სინჯში აღმოჩნდა ანტიბიოტიკები. შესაბამისად, ყველა მეფუტკრეს ჩაუტარდა რამდენიმე ტრენინგი პრეპარატების გამოყენების წესებზე. ცოტა ხნის წინ ვეტაფთიაქების კონტროლი დავიწყეთ, აქამდე ეს არ ხდებოდა. წელს უკვე თაფლის 103 ნიმუში ავიღეთ, რომელსაც უახლოეს ხანში გავაგზავნით საკვლევად და წლის ბოლოს ველოდებით შედეგებს.
- გააქვს თუ არა დღეს საქართველოდან რომელიმე კომპანიას ან ინდმეწარმეს საქართველოში ნაწარმოები თევზი და თაფლი ექსპორტზე რუსეთში ან ევროკავშირში?
- თაფლი არ გადის ევროკავშირში, თურქეთსა და რუსეთში მხოლოდ მცირე რაოდენობით გააქვთ, ისიც არაოფიციალურად. წინა სინჯებში რომ ანტიბიოტიკები არ აღმოჩენილიყო, ვვარაუდობდით, რომ თაფლი წელს ევროკავშირში შევიდოდა. ახალი 103 ნიმუშის აღებამდე, ჩვენ ბევრი სამუშაო ჩავატარეთ ფერმერებთან და იმედი გვაქვს, რომ თაფლის სინჯებში აღარ აღმოჩნდება მავნე ნარჩენები და ექსპორტისთვის მზად ვიქნებით.
თევზის პროდუქტებთან დაკავშირებით ბევრად უკეთესად გვაქვს საქმე. ამჟამად თევზი გადის თურქეთში, სადაც ევროკავშირის მსგავსი მოთხოვნები აქვთ. ევროპიდანაც საკმაოდ დიდი დაინტერესება არის ქართულ თევზზე. მაგალითად, ჩვენი ანჩოუსი, იგივე ქაფშია საკმაოდ მაღალი პროტეინის შემცველია. უკრაინაშიც ხომ იგივე შავი ზღვაა, მაგრამ იქ დაჭერილ ქაფშიას გაცილებით დაბალი პროტეინის შემცველობა აქვს, ვიდრე ჩვენს სანაპიროზე. ბალტიის ზღვისგან განსხვავებით კი ჩვენი ზღვის სანაპირო დიოქსინებით დაბინძურებული არ არის. თევზის წამოებისთვის ესეც გარკვეული უპირატესობაა.
- თუ არის იდენტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც განახორციელებენ ექსპორტს?
- ამ ეტაპზე თევზის ექსპორტის მსურველი 4 კომპანიაა. ესენია: „აისბერგი“, „ჯეოფიში“, „ბი ემ ბი“ და „ზღვის პროდუქტი“. თაფლის პოტენციური ექსპორტიორი ბევრად მეტია.
- თუ არის აღნიშნული პროდუქტი იმ რაოდენობით, რომ ევროკავშირშიც გავიდეს და რუსეთშიც?
- ყველა ბაზარს ვერ ეყოფა. მაგალითად, თაფლის წარმოება 80-იან წლებთან შედარებით, საშუალოდ 10-ჯერ არის შემცირებული. გარდა ამისა, ეს პროდუქტები ადგილობრივ ბაზარზეც ხომ უნდა დარჩეს. წამოების მოცულობის გაზრდა აუცილებელია.
- საექსპორტო ქართული თევზი და თაფლი კონკურენტუნარი იქნება ?
- ფასის თავალსაზრისით ვერ იქნება კონკურენტუნარიანი, რადგან ის ქვეყნები სადაც პროდუქტს შევიტანთ, ანტიდემპინგური კანონმდებლობით თავს დაიცავენ. ჩვენ გემოვნური თვისებებით უნდა ვაჯობოთ. აქაც არის გარკვეული სიძნელე. თაფლის შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნებში ერთგვაროვანი გემოვნური თვისებების პროდუქტზეა მოთხოვნა, ჩვენი თაფლი ხშირად რამდენიმე მცენარისგან ერთდროულად მზადდება, რაც გემოს ერთგვაროვნების პარამეტრში ვერ ჯდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ქართველმა ფერმერებმა პროდუქციის უწყვეტად მიწოდება შეძლონ. ჩვენი თევზის უპირატესობა კი როგორც უკვე ვთქვით, პროტეინების მაღალი შემცველობა და მავნე ნივთიერებების ნაკლებობაა.
- დაეხმარება თუ არა ხელისუფლება მეწარმეებს თავიანთი პროდუქციის ცნობადობის ამაღლებასა და მარკეტინგში?
- აუცილებლად დავეხმარებით. თაფლის თითოეული ნიმუშის გაგზავნა სახელმწიფოს 2000 ლარამდე დაუჯდა, მთლიანობაში კი საკმაოდ დიდი თანხა გამოდის. ეს, ერთი შეხედვით, სახელმწიფოსთვის არამომგებიანი საქმიანობაა, თუმცა პერსპექტივაში ეკონომიკის გაძლიერებისთვის ძალიან საჭიროა.
ესაუბრა ზურაბ მოდებაძე