"კულამ" ევროპაში პროდუქცია უკვე შეიტანა
კომპანია „კულა“, რომელიც ხილ–ბოსტნეულის წვენებს და კონსერვებს ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე ამზადებს, ევროპის ბაზრებზე უკვე შევიდა. „ჩვენი პროდუქცია შედის ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში, ასევე პოლონეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთსა და ინგლისში", - ამბობს კომპანიის დირექტორი ვანო გოგლიძე.
სერტიფიკატის მიღებაში „კულას“ უცხოელი პარტნიორები დაეხმარნენ. მათ პროდუქცია ევროპაში შეამოწმეს და სერტიფიკატი ამის შედმეგ მიიღეს. "კულას" პროდუქციის 50% დსთ-ს ქვეყნებში, ამერიკასა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში იყიდება.
„ჯი–ეს–პი პლიუსი“-ს შეთანხმების ფარგლებში „კულას“ პროდუქცია ისედაც გათავისუფლებული იყო საბაჟო გადასახადისგან, თუმცა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისგან (DCFTA) მეწარმეები მეტ შესაძლებლობებს ელიან. „ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ევროპის ბაზრებზე ექსპორტი უფრო გაგვიადვილდება. ამჟამად პროდუქცია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში შეგვაქვს. შემდეგში უფრო ადვილი იქნება პროდუქციის დანარჩენ ქვეყნებში შეტანაც,“ - განაცხადა გოგლიძემ.