ევროპიდან შემოტანილ პროდუქციას ქართულად შევსებული სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება პროდუქციის სერტიფიკატის შევსების წესთან ერთად ადგენს იმ ენასაც, რომელზეც ეს დოკუმენტი უნდა შედგეს.
ევროკავშირიდან საქართველოში შემოტანილი ცხოველების, ცხოველური პროდუქტების, მცენარეების და მცენარეული პროდუქტების სერტიფიკატი აუცილებლად შევსებული უნდა იყოს ქართულ და სერტიფიცირების განმახორციელებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე.
საქართველოდან ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტისას ჯანმრთელობის სერტიფიკატი უნდა შეივსოს ევროკავშირის წევრი დანიშნულების ქვეყნის (სახელმწიფო, რომელმაც პროდუქცია უნდა მიიღოს) მინიმუმ ერთ ოფიციალურ ენაზე და ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე, სადაც იმპორტს შემოწმება ჩაუტარდა. თუმცა, ევროკავშირის წევრი ქვეყანა შეიძლება დათანხმდეს ევროკავშირის ოფიციალური ენის გამოყენებას, რომელიც განსხვავდება მისი საკუთარი ენისაგან.
საქართველოდან მცენარეების და მცენარეული პროდუქტების ევროკავშირში შეტანისას სერტიფიკატი უნდა იკითხებოდეს სერტიფიცირების განმახორციელებელი ორგანოს სამუშაო ენაზე. ამასთან ერთად სერტიფიკატი იმპორტიორი მხარის - ამ შემთხვევაში საქართველოს ოფიციალურ ენაზეც უნდა შეივსოს.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ევროპიდან იმპორტირებულ ზემოთ აღნიშნული სახეობის პროდუქციაზე სერთიფიკატის ქართულად შევსება სავალდებულო არ არის. იმპორტიორმა შესაძლოა ქართული, რუსული და ინგლისური ენებიდან ნებისმიერი აირჩიოს.
„საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 ივლისის №446 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესში, კერძოდ მე-10 მუხლის მესამე პუნქტის ,,თ“ ქვეპუვქტის თანახმად, სერტიფიკატები შევსებული უნდა იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე“, - განუცხადეს www.eugeorgia.info-ს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
ზურაბ მოდებაძე