მთავრობას ეძლევა ექვსი თვე მიახლოების პროგრამის წარსადგენად
სურსათის უვნებლობის ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან მიახლოების პროგრამას საქართველოს მთავრობა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 6 თვეში წარადგენს. გარდამავალი პერიოდი 8 წელს გაგრძელდება.
მთავრობა აცხადებს, რომ კანონმდებლობის მოდერნიზაციას „დიდი სიფრთხილით“ მიუდგება. ევროკავშირის დირექტივები სავალდებულო იქნება არა მხოლოდ მათთვის, ვისაც პროდუქტის ექსპორტზე გატანის სურვილი ექნება, არამედ მათთვისაც, ვინც პროდუქციის გაყიდვას მხოლოდ საქართველოში დააპირებს.
საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს საერთაშორისო აღიარება არ აქვს. ეს პრობლემაა მეწარმეებისთვის, ვინც პროდუქციის ევროპაში გატანას გეგმავს. თუმცა, ექსპორტიორებისთვის ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელი ძვირადღირებული გზებიც არსებობს. ეროვნული აკრედიტაციის ცენტრის აღიარებამდე ისინი ხარისხის შესაბამისობის დოკუმენტების მოსაპოვებლად საერთაშორისოდ აღიარებულ ლაბორატორიებთან თანამშრომლობენ. ეს კი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მარიამ გაბუნიას თქმით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოში შესაძლოა, წარმოების სრულიად ახალი დარგები განვითარდეს. მისი თქმით, სლოვაკეთის ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგ ან ქვეყანაში მანქანათმშენებლობა განვითარდა.
„ყველანაირი წარმოება შეიძლება განვავითაროთ, მათ შორის ინდუსტრიულიც. ამისათვის შესაბამისი მომზადებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ადგილობრივი მაღალკვალიფიციური კადრებიც გვჭირდება, სწორედ ისინი დასაქმდებიან ამ ინდუსტრიაში. ამას დრო უნდა,“- ამბობს გაბუნია.
იმის გამო, რომ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს არ აქვს საერთაშორისო აღიარება, საერთაშორისო აღიარება არ აქვს არც მის მიერ აკრედიტირებულ ლაბორატორიას და არც იმ პროდუქტს, რომელზეც ის ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატს გასცემს. „იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქტი მარტივად შევიდეს ევროპის ბაზარზე, მას უნდა ჰქონდეს საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი", - ამბობს გაბუნია - "არის ორი გზა. პირველი: შენ ადგილობრივად გაქვს ასეთი ლაბორატორია და ორგანო, რომელიც ევროკავშირის მიერ აღიარებულ სერტიფიკატს გასცემს. მეორე: საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანო ასეთი ლაბორატორიის წარმომადგენლები, რაც ძალიან ძვირი ჯდება. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენს აკრედიტაციის ცენტრს ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება. ეს იქნება დიდი ხელშეწყობა ჩვენი მეწარმეებისთვის – მათ აღარ მოუწევთ გერმანიაში, ან სხვა ქვეყანაში წასვლა და იქედან სპეციალისტების ჩამოყვანა. შესაბამისობის შეფასების პროცედურას თუ ადგილობრივი კომპანია გააკეთებს, ეს მეწარმეებისთვის სამჯერ უფრო იაფი იქნება“.
თუმცა, მხოლოდ აკრედიტირების პროცესი არ არის პრობლემა. მთავარია კრიტერიუმები, როემელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. განსაკუთრებით მკაცრია მოთხოვნები მაღალი რისკის პროდუქტებზე, ხორცის და რძის პროდუქტებზე. „იმისთვის, რომ შეძლო ხორცის პროდუქტის ევროკავშირში გატანა, ევროკავშირმა უნდა აღიაროს ქვეყანაში არსებული ხორცპროდუქტების წარმოების სისტემა მთლიანად, მისი ყველა საფეხური და სისტემის ინსპექტირება", - ამბობს მარიამ გაბუნია - „ეს საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესი იქნება. რა თქმა უნდა, ზოგიერთი პროდუქტი ამას მარტივად გადის. მაგალითად, თხილი უკვე უპრობლემოდ გადის ევროპაში. გვაქვს საერთაშორისოდ აღიარებული ღვინის ლაბორატორია, რომლის გაცემულ სერტიფიკატსაც ევროკავშირი აღიარებს და ამიტომ ღვინო ახლა უკვე თავისუფლად გადის ევროკავშირში“.
გაბუნიას თქმით, ქართული კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოების გარდამავალი პერიოდი 8 წელი გაგრძელდება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას არ აქვს სურსათის უვნებლობის მიმართულებით არსებული კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეთანხმების ხელმოწერიდან 6 თვის განმავლობაში საქართველომ ევროკავშირს სურსათის უვნებლობის სფეროს სამოქმედო პროგრამა უნდა წარუდგინოს.
გარადამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ ევროპული ხარისხის მოთხოვნები სავალდებულო გახდება როგორც ექსპორტიორებისთვის, ისე ადგილობრივი ბაზრის რეალიზატორებისთვის.
„შეთანხმება ამბობს, რომ მოთხოვნები სავალდებულო იქნება ყველასთვის. მარტო იმათთვის არა, ვისაც ექსპორტზე უნდა გატანა. იმისთვის, რომ მეწარმემ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაყიდოს, ევროკავშირის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. მაგრამ ეს იქნება დროში გაწერილი პროცესი და ამას სიფრთხილით მოვეკიდებით. რამდენიმე ყვეყანას ამ მხრივ ცუდი გამოცდილება აქვს. ბალტიისპირეთის ქვეყნებში უცებ გადავიდნენ ევროკავშირის სტანდარტებზე, რის გამოც წვრილი ფერმერების 70% გაკოტრდა. ისინი სწრაფად ვერ მოერგნენ ევროკავშირის სტანდარტებს. ამიტომ, ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს“, - ამბობს გაბუნია.
მიუხედავად იმისა, რომ „ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე“ ქართველ მეწარმეებს დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს, შეთანხმების ხელმოწერისთანავე ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი ვერ დაფიქსირდება, რადგან პროდუქციის ხარისხთან ერთად სახელმწიფო კონტროლის ეფექტური სისტემაც გარანტირებული უნდა იყოს. მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის სისტემის ამოქმედების შემდეგ არის შესაძლებელი, რომ ევროკავშირმა მაღალი რისკის შემცველ პროდუტებზე ( ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები) საქართველოდან ექსპორტი დაუშვას.
„მეწარმემ უნდა უზრუნველყოს, რომ პროდუქციის ხარისხი ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. სპეციალური მომზადება სჭირდებათ სახელმწიფო ორგანოებსაც. იყვნენ ამისთვის მომზადებულნი. მაგალითად, სურსათის უვნებლობის სააგენტო უნდა იყოს იმ დონეზე, რომ მან შესაბამისი ინსპექტირების ჩატარება შეძლოს.
როდესაც ქვეყანა მზად იქნება და იტყვის, რომ მაგ. ხორცპროდუქტების წარმოების სისტემა ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება, მაშინ ჩამოვა მისია და ამ სისტემას შეამოწმებს“, - აცხადებს ჩვენთან საუბარში გაბუნია.