ევროკავშირი საქართველოს 30 მლნ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოსა და მოლდოვას 60 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.
განცხადების თანახმად, საქართველოსა და მოლდოვას ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი მიზნად ისახავს საჯარო ინსტიტუტების, მოქალაქეებისა და ბიზნეს-სექტორის დახმარებას, რათა მათ მაქსიმალურად გამოიყენონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაძლებლობები, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრის შანსი.
ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულე აცხადებს, რომ ეს დახმარება საქართველოსა და მოლდოვას სასიკეთო ცვლილებების განხორციელებაში დაეხმარება: „საქართველო და მოლდოვა ერთგულად მიჰყვებიან ცვლილებების გზას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების გაზიარებას ეფუძნება. ასოცირების ხელშეკრულება შესაძლებელს გახდის რეალურ ცვლილებებს, გახსნის ახალ შესაძლებლობებს ევროპის ბაზართან ძლიერი სავაჭრო კავშირების დასამყარებლად და ამ პროცესში ჩვენ მათ მუდმივად დავეხმარებით".
საქართველოსა და მოლდოვასთვის გამოყოფილი 60 მლნ–იანი დახმარების პაკეტიდან საქართველო 30 მილიონ ევროს მიიღებს. ევროკომისიის განმარტებით, ეს თანხა იმ საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციას მოხმარდება, რომლებმაც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უნდა იზრუნონ. გარდა ამისა, დახმარების ფარგლებში გამოყოფილი თანხა ორიენტირებული იქნება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებასა და უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვაზე.