გერმანულ სუპერმარკეტებში ქართული კივი იყიდება
გერმანიაში, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ქსელის - Lidl-ის სუპერმარკეტებში ქართული კომპანია "ნერგეტას" მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში მოყვანილი კივი იყიდება. Lidl-ი ქართველი მწარმოებლისგან 1კგ კივის 1.20 ევროდ ყიდულობს, საკუთარ ქსელში კი მას ცალობით, ერთ ცალს 0.29 ევროდ ჰყიდის.
„ნერგეტას მიერ გერმანიაში გაგზავნილი კივი მოყვანილია ჩვენივე კომპანიის საკუთარ პლანტაციაში, ზუგდიდის რაიონის სოფ. ინგირში. რამდენადაც ვიცი, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ხილი, მითუმეტეს საკუთარი ლოგოიანი ეტიკეტით. ევროპული სუპერმარკეტის თაროებზე იყიდება. ეს განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა ჩვენი კომპანიისთვის. ჩვენმა წარმატებამ მოტივაცია უნდა მისცეს ქართულ კომპანიებს, რომ შექმნან ხარისხიანი პროდუქცია და თუ ამას შეძლებენ, მაშინ ევროპული სუპერმარკეტები მათთანაც ითანამშრომლებენ. ყველა ევროპულ ქსელს აინტერესებს მაღალი ხარისხის პროდუქციის ახალი მომწოდებლების პოვნა. წამყვანი ევროპული სუპერმარკეტების ინტერესი გვიჩვენებს, თუ რა დიდი პოტენციალი გააჩნია საქართველოს სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით კი იმ კომპანიებს, რომლებიც ხარისხის მაღალ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ", - ამბობს კონსტანტინე ვეკუა, შპს "ნერგეტას" თანადამფუძნებელი და განვითარების დირექტორი.
"ნერგეტას" კივი კომპანიის ლოგოიანი ეტიკეტით იყიდება. კივი გარჩეულია, დაკალიბრებულია და ჩაწყობილია მუყაოს ყუთში, რომლის გარე მხარეც კომპანიამ მაქსიმალურად გამოიყენა იმისთვის, რომ გერმანელი მომხმარებლისთვის საქართველო, მისი ბუნება და კლიმატი გაეცნო. "ეს გაკეთდა იმისათვის რომ გერმანელ მომხმარებელს მეტი წარმოდგენა შეექმნას ხილის წარმოშობის ადგილზე", - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია "ნერგეტამ" ჰაივარდის ჯიშის მწვანე კივის პლანტაცია სამეგრელოში 24 ჰექტარზე 2011 წელს გააშენა. "დარწმუნებული ვარ, ქართული კივი უახლოეს რამდენიმე წელიწადში წარმატებული საექსპორტო პროდუქტი. ასეთი რწმენის საფუძველს ჩვენს ოჯახში მოყვანილი კივის გერმანიაში ჩატარებული ლაბორატორიული შემოწმების შედეგი გვაძლევს: კვლევამ აჩვენა, რომ ქართულ კივის ევროპულთან შედარებით აქვს გაცილებით მაღალი შაქრიანობა. ხარისხით ის ახალ ზელანდიურ კივის არაფრით ჩამოუვარდება. რაც მთავარია, სიტკბო და გამორჩეული გემო მიიღწევა ბუნებრივი კლიმატური პირობებით, და არა გადაჭარბებული ხელოვნური ჩარევით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ქართული კივი ევროპის სამომხმარებლო ბაზარზე ყველა სხვა კივისგან განსხვავებულად წარმოვაჩინოთ. როცა პროდუქტი ამის საშუალებას გაძლევს, ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა", - განაცხადა კონსტანტინე ვეკუამ www.eugeorgia.info-სთვის რამდენიმე თვის წინ მიცემულ კომენტარში.
"ნერგეტას" განვითარების მენეჯერი აცხადებს, რომ ხელსაყრელი ბუნებრივი კლიმატური პირობები წარმატების მხოლოდ ნაწილია, მთავარი კი კივის მოვლის საუკეთესო მეთოდების ცოდნაა. ამ მხრივ ყველაზე დიდი გამოცდილება ახალ ზელანდიას აქვს. ამიტომ, კომპანიის თანამშრომლები ამ ქვეყანაში გაემგზავრნენ და წარმატებული პლანტატორების საუკეთესო გამოცდილებას კივის სამშობლოში გაეცნენ.
"ნერგეტას" მიზანი შექმნისთანავე ევროკავშირის ბაზარზე გასვლა იყო. ამისთვის კომპანიამ GLOBAL GAP-ის სტანდარტიც აიღო. GLOBAL GAP სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტია. ეს სტანდარტი აუცილებლად უნდა დაიცვან იმ ფერმერებმა, რომლებიც ხილს, ბოსტნეულს და აკვაკულტურებს აწარმოებენ და ეს პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე გააქვთ. სტანდარტი მოიცავს სასოფლო-სამეურნეო და აკვაპროდუქტის წარმოების სრულ ციკლს - ადგილის შერჩევიდან და ნიადაგის დამუშავებიდან დაწყებული, პროდუქტის დამზადებით, დაფასოებითა და შეფუთვით დამთავრებული.
ქართული კივი ამჟამად შტუტგარტში და მის ახლომდებარე ქალაქებში ნეკარსულმში, ჰეილბრონსა და ზინდელფინგენში იყიდება.
სუპერმარკეტების ქსელი Lidl-ი დაარსებულია 1930 წელს. მას ევროკავშირის მასშტაბით 10 000-მდე სუპერმარკეტი აქვს. Lidl-ი ცნობილია როგორც სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მიმართ მკაცრი მოთხოვნების მქონე სუპერმარკეტების ქსელი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომავალი წლიდან "ნერგეტა" მნიშვნელოვნად გაზრდის გერმანული ქსელისთვის კივის მიწოდებას. "ნერგეტას" საოპერაციო დირექტორის, გიგა ჯაპავას თქმით, სამეგრელოს ნესტიანი სუბტროპიკული კლიმატი განსაკუთრებით ხელსაყრელია კივის კულტურის გაშენებისთვის. მისი აზრით, მსოფლიოში კივიზე მოთხოვნა და ფასები სტაბილურია და საექსპორტო არხის გახსნის შემდეგ, ბევრ მცირე და საშუალო ფერმერს კივის გაშენების მეტი მოტივაცია ექნება.