პრობლემების მიუხედავად ქართულ ცხვარს საექსპორტო პოტენციალი არ დაუკარგავს
რა უნდა იცოდნენ ევროკავშირში მატყლის გატანის მსურველებმა
საქართველოში ცხვრის და მატყლის რეალიზაცია შემცირდა. მეცხვარეები ქართული ცხვრის ახალ ნიშას ახლა უკვე ევროკავშირის ბაზარზე ეძებენ. რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ ფერმერებმა იმისთვის, რომ ქართული ცხვარი და ცხვრის მატყლი ევროპის ბაზარზე შეიტანონ?
ემზარ ბეჟიტაშვილი მეცხვარეა. ამბობს, რომ ეს პროფესია წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღო და "ცხვარში ყოფნის" 20-წლიანი სტაჟიც დააგროვა. ახლა ფარაში 1000 სულამდე ცხვარი და თხა ჰყავს. თუმცა, დიდი გამოცდილების მიუხედავად რეალიზაციის პრობლემას მაინც ვერ ასცდა: "მეცხვარეობის და მეცხვარეების საქმე უკან წავიდა. მე-4 წელია მყიდველი აღარ გვყავს. აღარც ცხვარი იყიდება და აღარც ცხვრის ხორცი. 4 წლის წინ ბევრი მუშტარი მოდიოდა ირანიდან, არაბეთიდან, ლიბანიდან... გასულ წელს ამ ქვეყნებიდან არავინ მოგვაკითხა".
ქართული ცხვრის საექსპორტო არეალი 2009 წელს გაიზარდა. საექსპორტო ქვეყნებში მოხვდნენ: ირანი, აზერბაიჯანი, ომანი, იორდანია, ლიბანი, ეგვიპტე, კატარი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები... როგორც ამბობენ, ეს ის შემთხვევა იყო, როცა ბაზარმა პროდუქტი თვითონ მოძებნა და ქართულმა ცხვარმაც არაბული ქვეყნების ბაზარზე ავსტრალიური, უკრაინული და ბრაზილიური ცხვრის ექსპორტი წარმატებით ჩაანაცვლა. ქართული ცხვრის მთავარი უპირატესობაგემოსთან ერთად,სიიაფე და საქართველოდან არაბულ ქვეყნებში ტრანსპორტირების დაბალი ღირებულება იყო. გაზრდილი მოთხოვნის გამო 5 წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე ცხვრის ფასი 60 ლარიდან 120 დოლარამდე გაიზარდა. ფასის გაზრდას რეალიზაციის პრობლემა მოჰყვა და ქართულმა ცხვარმაც თანდათან ბაზარზე პოზიციები სხვა ქვეყნებს დაუთმო.
მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბექა გონაშვილის განცხადებით, ქართულ ცხვარზე მოთხოვნის შემცირება რამდენიმე მიზეზმა განაპირობა: „ბაზრების დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სურსათის უვნებლობის სამსახური მოწოდების სიმაღლეზე არ აღმოჩნდა და რამდენიმე ქვეყანაში საქართველოდან დაავადებული ცხვარი შევიდა. ამის გამო დავკარგეთ 2010 წელს ირანის და საუდის არაბეთის ბაზარი, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა კი მოთხოვნები გაგვიმკაცრა. გასულ წელს ირანმა ისევ მოგვცა მათ ქვეყანაში ცხვრის შეყვანის უფლება, მაგრამ ბაზარზე დაკარგული ადგილის დაბრუნება ახლა არც ისე ადვილია. ცხვრის გასაყიდი ბაზრების დაკარგვის მთავარი მიზეზი მაინც ფასია. ქართული ცხვარი ძვირია: 40-კილოგრამიანი სომხური ცხვარი 80 $ ღირს. საქართველოში ამ ფასად 30-კილოგრამიან ცხვარსაც ვერ იყიდით“. გამოდის, რომ თუ სომხური ცხვრის შემთხვევაში 1კგ-ის ( ცოცხალი წონა ) ფასი 2 ამერიკული დოლარია, 1 კგ ქართული ცხვარი - 3,5-4 დოლარი ღირს და შესაბამისად, არაკონკურენტულია.
ემზარ ბეჟიტაშვილის განცხადებით, ქართული ცხვრის ფასს საძოვრებზე არსებული მაღალი გადასახადები და საკვების ფასი აძვირებს: "მე საკუთარი არც ფერმა მაქვს და არც საძოვარი - ორივეს ვქირაობ. 1 ჰა საძოვარს, რომელშიც 2010 წლამდე 3 ლარს ვიხდიდი, ახლა 16 ლარად ვქირაობ. 1000-სულიანი ფარისთვის მინიმუმ 400 ჰა საძოვარი ხომ მაინც უნდა ვიქირავო? ამას დაამატეთ ფერმის ქირა და სხვა ხარჯები და ნახავთ, რომ 1 ცხვრის თვითღირებულება სულ მცირე 140 ლარი გამოვა".
ამჟამად ქართული ცხვრის სტაბილური საექსპორტო ბაზრის სტატუსს მხოლოდ აზერბაიჯანი ინარჩუნებს: "12 ბაზრიდან მხოლოდ 1 ბაზარი დაგვრჩა და ამ ფაქტმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდო. აზერბაიჯანში ჩვენი ცხვარი რომ გავიდეს, ამისთვის მათ საბაჟოზე არაოფიციალური გადასახადი უნდა გადავიხადოთ. აზერბაიჯანელებს ცხვარი ძირითადად "პოსლეზე" მიჰყავთ. შარშან გაყიდული საქონლის ფული ძალიან ბევრ მეცხვარეს დღემდე არ მიუღია. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. აზერბაიჯანელებმა კარგად იციან, რომ სხვა მყიდველი არა გვყავს და იძულებულები ვართ, მათ მიერ წამოყენებულ კაბალურ პირობებს დავეთანხმოთ. საექსპორტო ბაზრების მოძიებაში ხელისუფლება უნდა დაგვეხმაროს. თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს, მაგრამ ამ ქვეყანაში ვერც ცხვარი გაგვყავს და ვერც ცხვრის ხორცი გაგვაქვს. ამ პრობლემას მეცხვარეები ვერ მოაგვარებენ, ის მთავრობების დონეზე უნდა გადაწყდეს", - ამბობს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე.
მეცხვარეები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც ითხოვენ. ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა ცხვრის გადასარეკი ტრასების მშენებლობაა. ტექნიკურ დასაბუთებაზე კონკურსი ჯერ კიდევ 2010 წელს გამოცხადდა. თუმცა, საკითხი დღემდე ვერ მოგვარდა. საქართველოში ცხვრის სეზონურ მიგრაციას ზამთრისა და ზაფხულის საძოვრებს შორის საუკუნეების ისტორია აქვს და ის ერთადერთი ქვეყანაა მთელს მსოფლიოში, სადაც პირუტყვი წელიწადში ორჯერ 200-დან 400 კილომეტრამდე გზას გადის. პირუტყვის გადასარეკი ტრასა საქართველოს ოთხ რეგიონზე და ოც მუნიციპალიტეტზე გადის. არსებობს ამ გზის რუკა, მაგრამ იმის გამო, რომ რუკა ხარვეზებით არის შედგენილი, ცხვრის გადასარეკი ტრასა ზოგიერთ ადგილებში კერძო მესაკუთრეების მიწის ნაკვეთებზე გადის. ამის გამო ხშირია კონფლიქტი ადგილობრივებსა და მეცხვარეებს შორის. გარდა ამისა, დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, გარკვეული დასასვენებელი პუნქტებისა და იქ გასაბანებლებისა და დეზობარიერების მოწყობა.
საქართველოს მთავრობა მეცხვარეობის საექსპორტო პოტენციალის შესწავლასა და განვითარებაზე მუშაობს: "მეცხვარეობის დარგი ძალიან საინტერესო მიმართულებაა, ძალიან კარგი ექსპორტის პოტენციალი აქვს, რომელსაც დამუშავება სჭირდება, საძოვრების მოწყობა სჭირდება, გადასარეკი ტრასები უნდა მოეწყოს. ეს პროექტიც დაწყებული გვაქვს უკვე", - განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ www.eugeorgia.info-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ტურისტების ნაკადის შემცირება შალის ძაფის წარმოებაზეც აისახა
როგორც მეცხვარეები ამბობენ, მოთხოვნა ცხვრის მატყლზეც შემცირდა. ემზარ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ სახლში 3 ტონამდე მატყლი დაუგროვდა, 1კგ-ს 60-65 თეთრად ყიდის, მაგრამ მყიდველი არ ჩანს.
მატყლის გადამამუშვებელი საწარმო "თუშეთის" ხელმძღვანელი დიმიტრი არიდნაული აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მატყლის და მისგან დართული შალის ძაფის რეალიზაცია ძალიან გაჭირდა: "1 კგ მატყლი თუ რამდენიმე წლის წინ 1,30 ლარი ღირდა, ახლა 40-50 თეთრი ღირს. თუშური ცხვრის მატყლი საუკეთესო მასალაა ხალიჩების, ფარდაგების და თექის მოსაქსოვად. ჩვენი საწარმო შალის ძაფს აწარმოებს. მისგან თექის სხვადასხვა ნაწარმს და წინდებს ქსოვენ. წელს ძაფის რეალიზაცია ძალიან შეგვიმცირდა: მაღაზიებში ამბობენ, რომ შარშან სხვა წლებთან შედარებით ნაკლები ტურისტი ჩამოვიდა და ჩამოსულთაგანაც თექის და შალის ნაწარმს ძალიან ცოტა თუ ყიდულობდა. რამდენიმე წლის წინ მატყლი და შალის ძაფი ექსპორტზე ირანში, თურქეთსა და აზერბაიჯანში გადიოდა. ახლა ექსპორტზეც აღარ გადის, რადგან განბაჟება გართულდა".
ქართული ცხვრის ევროპული პერსპექტივა
მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქართულ ცხვარს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას აძლევს: "ევროპაში პოპულარულია ორგანული, ბიომეურნეობის პროდუქცია. ქართული ცხვარი, ფაქტობრივად ბიოპროდუქტია. ის ეკოლოგიურად სუფთა საძოვრებზე იკვებება: საქართველოში საძოვრებს არ ანაყოფიერებენ სასუქებით და არც პესტიციდებით ამუშავეებენ. ასეთი პროდუქციით ევროკავშირის ქვეყნებში აუცილებლად დაინტერესდებიან. საქართველოში ჩამოსულები იყვნენ ბიოსერტიფიცირების ექსპერტები - შვეიცარული ორგანიზაცია FIBL-ის უკრაინის ოფისის წარმომადგენლები. ისინი ადგილზე გაეცნენ მდგომარეობას და აღნიშნეს, რომ სურვილისა და მონდომების შემთხვევაში ქართული ცხვრისთვის ბიოსერტიფიკატის მიღება რთული არ იქნება".
ბექა გონაშვილი ამბობს, რომ ევროპაში მყიდველი შესაძლოა, მატყლსაც გამოუჩნდეს, მაგრამ ჯერ მისი გაპარსვის, რეცხვის და დახარისხების პრობლემა უნდა მოგვარდეს. გასულ წელს მეცხვარეთა ასოციაციამ ავსტრალიიდან მატყლის კლასიფიკატორიჩამოიყვანა. ის პარსვის პროცესს თუშეთსა და ჯავახეთში დაესწრო და მეცხვარეთა ასოციაციას რეკომენდაციებიც მისცა. ავსტრალიელმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ქართული ცხვრის მატყლის ხარისხი კარგია, მაგრამ სიგრძეში მოკლეა. იმისთვის, რომ მატყლის სიგრძე საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს, მეცხვარეებმა ცხვარი წელიწადში 2-ჯერ კი არა, მხოლოდ ერთხელ უნდა გაპარსონ. გაპარსვის შემდეგ მატყლი უნდა დახარისხდეს: ერთი ცხვრისგან შესაძლებელია ოთხი სხვადასხვა ტიპის მატყლის მიღება. მატყლის ყველა ტიპს კი თავისი ფასი აქვს და თავისი მომხმარებელი ჰყავს. "მატყლის გაყიდვა საქართველოს ფარგლებს გარეთ ახლაც შეგვიძლია. მაგრამ, ვერ ვყიდით იმიტომ, რომ გარეცხილი არ არის. 1 კგ გასარეცხი მატყლი 60 თეთრი ღირს. ეს ფასი მატყლის მთიდან ბარში ჩამოტანის ხარჯსაც ვერ ფარავს. მდინარეში გარეცხილი მატყლი 4-5 ლარი ღირს. ქარხნულად თუ გაირეცხება, მაშინ ფასიც უფრო მეტი ექნება.
თუშური ცხვრის მატყლის ნიმუშები დიდ ბრიტანეთში წაიღეს, მოეწონათ და ყიდვის სურვილიც გამოთქვეს, 1 კგ-ს 1,5 დოლარად ვიყიდით-ო, მაგრამ რამდენად მისცემს მათ დიდი ბრიტანეთის უვნებლობის სამსახური საქართველოდან ასეთი გაუგებარი წარმოშობის ცხვრის მატყლის შეტანის უფლებას, ძნელი სათქმელია. საქართველოში არც ცხვრის და არც მატყლის სტანდარტი არ არსებობს. არ არის განსაზღვრული ის ნიშნები და მახასიათებლები, რაც თუშურ და იმერულ ცხვარს და მათგან მიღებულ მატყლს უნდა ჰქონდეს”, - ამბობს გონაშვილი.
რა უნდა გააკეთონ ფერმერებმა იმისთვის, რომ მატყლი ევროპაში გაყიდონ
ევროკავშირის ქვეყნებში მატყლის, როგორც ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შეტანას, ევროკავშირის დირექტივა N142/2011 და დირექტივა N97/78 არეგულირებს.
"ქართული ცხვრისთვის ბიოსერტიფიკატის მიღება რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. სამაგიეროდ, ბოლო წლების განმავლობაში გამარტივდა ევროპის ქვეყნებში მატყლის იმპორტის პროცესი და ეს კარგად ჩანს ევროკავშირის მოთხოვნებში, " - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაკა შუბლაძე, - "მესამე ქვეყნიდან, მაგალითად საქართველოდან ევროკავშირში დაუმუშავებელი მატყლი რომ შეიტანოთ, ამისთვის სტანდარტის არსებობა საჭირო არ არის. იმოპრტისთვის საჭიროა, რომ მატყლის მწარმოებელი/ექსპორტიორი საწარმო, ან ქარხანა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეესტრში იყოს დარეგისტრირებული. ეს არის იმის გარანტია, რომ ცხოველებს (ამ შემთხვევაში ცხვარს), არ აქვს ნიშნები ისეთი დაავადებებისა, რომლებიც გადამდებია ამ პროდუქტიდან ადამიანზე, ან ცხოველზე. არის კიდევ ორი სხვა მოთხოვნა, რომელიც სავალდებულოა მატყლის მწარმოებელი/ექსპორტიორი საწარმოსთვის: 1. მატყლი უნდა იყოს შეფუთული უსაფრთხოდ და მშრალად და 2. გაიგზავნოს პირდაპირ იმ საწარმოში, რომელიც მისგან პროდუქციას ამზადებს, რათა არ მოხდეს პათოგენური აგენტების გავრცელება.
თუ ამ ორი მოთხოვნიდან რომელიმე არ სრულდება - მაგალითად, მატყლი არის შეფუთული ღიად, ან მატყლი არ მიდის პირდაპირ იმ საწარმოში, რომელიც მას გადაამუშავებს, მატყლი ჩაითვლება ჩვეულებრივი ცხოველური წარმოშობის პროდუქტად, რომელმაც შეიძლება მიმღებ ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ამასთანავე, მატყლი უნდა დამუშავდეს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. გარდა ამისა, მიმღები ქვეყნის საბაჟომ, შესაძლოა, აიღოს ნიმუში და მატყლი სიმშრალეზე შეამოწმოს. თუ ეს მოთხოვნები დაცულია, მაშინ მას არ სჭირდება ვეტერინალური ჯანმრთელობის სერტიფიკატის აღება, ან იმპორტიორი ქვეყნების სიაში მოხვედრის ხანგრძლივი პროცედურა".
როგორც შუბლაძე ამბობს, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, მაგ. დიდ ბრიტანეთს შესაძლოა განსხვავებული მოთხოვნა ჰქონდეს, მაგრამ ეს განსხვავებები ძალიან მნიშვნელოვანი არ არის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისას უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს.
ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები
საქსტატის ინფორმაციით, 2013 წელსცხვრისა და თხის რაოდენობამ საქართველოში 856ათას სულს მიაღწია.
საქართველოში არსებული ცხვრის 80-85 პროცენტი თუშურ ცხვარზე მოდის. თუშური ცხვარი უძველესი ქართული ჯიშია. ის ხალხური სელექციით მე-13, მე-14 საუკუნეებშია ჩამოყალიბებული. თუშური ცხვარი უხეშმატყლიანია და საუკეთესო გემოს ხორცით გამოირჩევა. მისი მატყლი კარგინედლეულია ხალიჩებისა და მოთელილი ნაწარმის (ნაბადი, ქუდები და სხვა) დასამზადებლად. მოზრდილი ცხვრის წონა 70-75, ნერბების კი 40-45 კგ-ია. მატყლის ნაპარსი, შესაბამისად, 3,5-4 და 2,5-3 კგ-ს შეადგენს.
იმერული ცხვარი დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული და მისი წილი მთელი პოპულაციის 10-15%-ს შეადგენს. ის უხეშმატყლიანია. მეცნიერთა ვარაუდით, წარმოიშვა კოლხური, ნაზმატყლიანი ცხვრის შეჯვარებით სხვა ჯიშის უხეშმატყლიან ცხვართან. მრავლდება წლის ნებისმიერ დროს. 11-14 თვის უკვე ბატკანს იგებს. იმერული ცხვარი სწრაფდ მრავლდება - ერთ მოგებაზე საშუალოდ 2-3 ბატკანს იგებს, ხანდახან - 4-5-საც, თანაც - წელიწადში ორჯერ. წონით პატარაა - ყველაზე დიდი 50 კგ-ს იწონის. იმერულ ცხვრის ხორცი ნაკლებად ცხიმიანია.
საქსტატის მონაცემებით, 2013 წელს 51 600 სული ცხვარი და თხა დაეცა.
მეცხვარეთა ასოციაციის ინფორმაციით, 2009 წელს ექსპორტზე 266 000 ცხვარი გავიდა
2010 წელს - 178 000
2011 წელს 155 000
2012 წელს- 170 000
2013 წელს - 160 000
მეცხვარეთა ასოციაციის ინფორმაციით, 2014 წელს ექსპორტზე გასული ცხვრის რაოდენობა 220 000-ს მიაღწევს. მათივე ინფორმაციით, აქედან 70 000 სული ცხვარი სომხურია.
მანანა ვარდიაშვილი