ევროკავშირის გრანტი მეწარმეებს ახალი სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება
სურსათის / ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი ცხოველთასასაკლაოებსა და და რძის გადამამუშავებლ საწარმოებს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP- Hazard Analysis and Critical Control Point) სისტემის დანერგვას ავალდებულებს. 2020 წლამდე რძის და ხორცპროდუქტების პირველადი და მცირე ოჯახური ტიპის წარმოება HACCP-ის დანერგვის ვალდებულებისგან გათავისუფლებულია. იგივე შეღავათით სარგებლობენ რძისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ის ბიზნესოპერატორები, რომელთა წლიური ბრუნვა 200 ათას ლარს არ აღემატება.
HACCP-ის სტანდარტი სურსათის უვნებლობის მიღწევის კუთხით უნიკალურ მეთოდად ითვლება და სწორედ ამიტომ რამდენიმე ათეული წელია, რაც ეს სტანდარტი საერთაშორისოდ აღიარებულია. HACCP-ის სისტემა სასურსათო პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის პროცესში მომხმარებელთა ჯანმრთელობის ეფექტიან დაცვას უზრუნველყოფს.
საქართველოში HACCP-ის საკონსულაციო მომსახურებას რამდენიმე ფირმა ეწევა. სერვისის ღირებულება არაერთგვაროვანია და მეწარმეებისგან რიგ შემთხვევებში მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს. როგორ მოხდება მეწარმეების ახალ სტანდარტებზე გადასვლის ხელშეწყობა? ამის გასარკვევად eugeorgia.info „მეწარმეობის განვითარების საგენტო“- ს თავმჯდომარეს გიორგი ციკოლიას დაუკავშირდა:
- რა სქემით გადაეცემათ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარება მეწარმეებს?
- აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს ხელი მოეწერა ევროკავშირის დახმარების პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაში და საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციაში. შეთანხმების მიხედვით, ასევე ყურადღება დაეთმობა კერძო სექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების გაძლიერებას ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში. პროგრამა გათვლილია 4 წლიან პერიოდზე და მისი ღირებულებაა 44.5 მლნ. ევრო, საიდანაც 25 მილიონი ევრო არის საბიუჯეტო დახმარება.
პროგრამის კონკრეტული მიზნებია:
• მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პოლიტიკური ჩარჩოს შემდგომი განვითარება;
• ვაჭრობასა და კერძო სექტორთან დაკავშირებული ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესება;
• ეკონომიკური აგენტებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში;
• ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა დაბრუნებული მიგრანტების, ბიზნესმენი ქალებისა და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის.
ამ პროგრამის განხორციელების პროცესში სხვა ორგანიზაციებთან ერთად (EBRD, GIZ) ჩართული იქნება მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომელიც მეწარმეებს გაუწევს საკონსულტაციო მომსახურებას DCFTA-ს მოთხოვნებთან ადაპტაციის პროცესში. გარდა ამისა, ამ ეტაპზე მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს გარკვეული პროდუქტების შემუშავება, რომლებსაც სამომავლოდ მეწარმეებს შევთავაზებთ.
- როდის დაიწყება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაწევა?
- მეწარმეობის განვითარების სააგენტო ამ პროგრამისაგან დამოუკიდებლად უკვე ახორციელებს გარკვეულ პროექტებს ამ მიმართულებით. კერძოდ, მეწარმეობის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას, ამასთანავე ქართულ მეწარმეებს დახმარებას გაუწევს ახალ რეგულაციებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.
პირველ ეტაპზე ზემოხსენებული ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში. ჩვენი სააგენტოს მეშვეობით ხდება ფინანსებსა და ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გამარტივება ქართველი მეწარმეებისათვის, რომელთა ნაწილსაც ასევე შეადგენენ ის მეწარმე სუბიექტები, ვინც ექსპორტს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა ევროკავშირის ბაზარზეა ორიენტირებული.
- ზოგიერთ ბიზნეოპერატორს რომელიც სურსათის მწარმოებელია აქვს HACCP-ის დანერგვის ვალდებულება, რომელიც გარკვეულ ინვესტიციებს მოითხოვს. ევროკავშირის გრანტის ფარგლებში გათვალისწინებულია თუ არა იმ მეწარმეების დახმარება, რომლებსაც ახალი სატანდარტების დანერგვა ან საწარმოს გადაიარაღება მოუწევთ?
- რაც შეეხება ტექნიკური დახმარების კომპონენტს, ამჟამად იგი ხორციელდება საკონსულტაციო მომსახურების გაწევის საშუალებით ისეთ საკითხებში როგორიცაა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ზოგადად ტექნოლოგიური ტრანსფერი, კომპანიების გაყიდვების და მარკეტინგული გეგმის შემუშავება და სხვა.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს 2015 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს საქართველოში დამზადებული პროდუქციის ქართული სტენდის ფარგლებში გაცნობა ევროკავშირის ქვეყნებში გამართულ საკვები და სასმელი პროდუქტების პრესტიჟულ გამოფენებზე მათ შორის: 2-5 სექტემბერი-Riga Food 2015, რიგა, ლატვია; 10-14 ოქტომბერი-Anuga 2015, კიოლნი, გერმანია; 13-15 ოქტომბერი- CPhI Worldwide 2015, მადრიდი, ესპანეთი. იგეგმება ქართული პროდუქციის ნიმუშების გადაგზავნა სხვადასხვა საკვები და სასმელი პროდუქტების პრესტიჟულ კონკურსებზე, ქართული პროდუქციის ხარისხის საერთაშორისო აღიარების მიზნით. განხორციელედება სხვადასხვა სავაჭრო მისიები.
ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით 2015 წლის 2-27 მარტს, მეწარმეობის განვითარების სააგენტო კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად განახორციელებს ექსპორტის მენეჯერთა გადამზადების სასერთიფიკატო ერთ თვიან კურსს. კურსის ფარგლებში სალექციო საათების ნაწილი დაეთმობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების სათანადო გაცნობას, მოთხოვნების და რეგულაციების შესწავლას და კომპანიების წახალისებას, ისარგებლონ ამ ახალი შესაძლებლობით.
- გეგმავთ თუ არა საინფორმაციო კამპანიას მეწარმეებისთვის, რომლებსაც ახალ საწარმოო სტანდარტებზე გადასასვლელად მხარდაჭერა სჭირდებათ?
- 2015 წლის მარტიდან ამოქმედდება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც სხვადასხვა მომსახურებებს შესთავაზებს მეწარმეებს. ცენტრში განთავსდება ბიბლიოთეკა, რომელიც ონლაინ რეჟიმშიც იქნება ხელმისაწვდომი, ასევე იფუნქციონირებს შეხვედრების ოთახი, აქვე მოეწყობა კომპიუტერული და საინფორმაციო კუთხე ექსპორტთან დაკავშირებული მასალებით. ცენტრში იგეგმება ტრენინგების ჩატარება.
ზურაბ მოდებაძე