3 მილიონი ევრო სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის

რა სტადიაშია ევროკავშირის მორიგი საგრანტო კონკურსი
გასული წლის ივლისში eugeorgia.info-მ გამოაქვეყნა მასალა, რომელიც ევროკავშირის მიერ სოფლად არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის მხარდაჭერას ეხებოდა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა სტადიაშია პროექტი დღეს და როგორ მიიღება გადაწყვეტილებები თანხის გამოყენების თაობაზე. ჩვენი რესპონდენტი ამჯერად ევროკავშირის წარომადგენლობის ექსპერტი გარემოს დაცვის, სოფლის განვითარების და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიოა.
- რა პროექტებია დაგეგმილი ევროკავშირის მიერ სოფლად როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად?
- ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირმა 52 მილიონი ევრო გამოყო (40 მილიონი ევრო + 12 მილიონი ევრო, როემელიც გასულ წელს დამატებით დამტკიცდა). ეს თანხები ძირითადად განკუთვნილია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, რათა მან 2015 -2020 წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია განახორციელოს.
12 მილიონი ევროდან 6 მილიონი საბიუჯეტი დახმარებაზეა გამიზნული, 3 მილიონი ევრო სპეციფიურ სასოსფლო-სამეურნეო მიმართულების მხარდაჭერაზე დაიხარჯება, ხოლო კიდევ 3 მილიონი ევრო - სოფლის განვითარების პროექტებისთვის არის განკუთვნილი.
სოფლის განვითარების მიმართულების კომპონენტი (3 მილიონი ევრო), რომლის განხორციელებაზე მე ვარ პასუხისმგებელი, ნიშნავს იმას, რომ სოფლებში სასოფლო-სამეურნეო აქტივობის გარდა უნდა იყოს მხარდაჭერილი სხვა საქმიანობა, რადგან სოფლად სიღარიბის აღმოფხვრისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა. ადამიანებმა უნდა მოძებნონ შემოსავლის მიღების ალტერნატიული გზები და საშუალებები, მაგალითად აქტივობები, რომლებიც ტურიზმთან, ვაჭრობასთან, ან გარემოს დაცვასთანაა დაკავშირებული. ანუ, ყველა ასეთი და მსგავსი ტიპის საქმიანობა იქნება დაფინანსებული 3 მილიონი ევროთი. უკვე გამოვაცხადეთ კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და სხვა მონაწილეებისთვის, ვინც განახორციელებს ამ პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ამჟამად მიღებული გვაქვს 20 განაცხადი, რომლის განსახილველად დრო გვჭირდება, რის შემდეგაც საპილოტო პროექტი დაიწყება.
- როგორ განხორციელდება ეს საპილოტო პროექტები?
- ჩვენ გვექნება 2-3 პროექტი, თითო 1 მილიონი, 1,5 მილიონი ევროს ოდენობით. ეს პროექტები განხორციელდება საქართველოს შორეულ რეგიონებში, იქ, სადაც სოფლის მეურნეობისთვის განსაკუთრებული პოტენცილი არ არსებობს. ასეთია, მაგალითად, ახალციხის, ყაზბეგის, მესტიის რაიონი, ანუ მაღალმთიანი და არა მხოლოდ მაღალმთიანი რეგიონები. ჩვენ გვინდა, რომ არასამთავრობო სექტორმა სხვა პარტნიორებთან ერთად ( ევროპული და ქართული ორგანიზაციები, რომლებსაც აგრო და ეკოლოგიის სფეროებში ადამიანების დასაქმების გამოცდილება გააჩნიათ ), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად შეიმუშავონ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია. ეს სტრატეგია დაეფუძნება ადგილობრივ ინტერესთა ჯგუფებთან, მოსახლეობასთან, კერძო სექტორთან აქტიურ კონსულტაციებს, რათა გამოჩნდეს, რა ტიპის პროექტები შეიძლება განხორციელდეს ამა თუ იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე. მაგალითად, თუ თემს, სოფელს, მუნიციპალიტეტს უნდა, რომ ადგილზე შეიქმნას დასაქმების ცენტრი, იმისთვის, რომ გარკვეული მიმართულების სტიმულირება მოხდეს, ან მაგალითად, გადაწყდება, რომ თემს სოფელს, მუნიციპალიტეტს, ერთიანი შეთანხმების საფუძველზე აგროტურსიზმის, ან ტურიზმის განვითარება უნდა, პროექტი სწორედ ასეთ და მსგავს აქტივობებს დააფინანსებს.
- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, როგორ მიაღწევს ევროკავშირის კონკრეტული ფინანსური დახმარება კონკრეტულ თემამდე, ოჯახამდე, საზოგადოებამდე? აი, მაგალითად, რამდენიმე ოჯახს უნდა, რომ ააშენოს მცირე სასტუმრო მცირე ოჯახური მეურნეობით ....
- ასეთი პროექტის განხორციელება შესაძლებელია, თუმცა, თავდაპირველად ამ აქტივობის, ამ პროექტის განხორციელება უნდა დამტკიცდეს ადგილობრივი სტრატეგიის შემუშავების შემდეგ. მაგალითად, თუ ადგილობრივი მოსახლეობა მუნიციპალიტეტთან ერთად გადაწყვეტს, რომ ფული ჭირდებათ მცირე ბიზნესის წამოსაწყებად, ეს გრანტი ხელმისაწვდომი გახდება მათთვის. უნდა წარადგინონ მოთხოვნა და ადგილობრივი საბჭო გადაწყვეტს, რომელ კონკრეტულ პროექტს მიეცემა უპირატესობა.
- რამდენად არის აქ გათვალისწინებული საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა, აქ ხომ გარკვეულ რისკებზეც არის საუბარი?
- ასეთი პროექტები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უნდა იქნას განხორციელებული ყველა დაინტერესებული მხარის - მუნიციპალიტეტის, ბიზნეს ასოციაციების, ადგილობრივი საზოგადოების, მოსახლეობის წარმომადგენლების ჩართულობით. მათ ერთად უნდა გადაწყვიტონ, რა არის ამ კონკრეტულ რეგიონში პრიორიტეტი.
- იქნებიან თუ არა ამ პროექტებში ჩართული მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ საუბარია ერთის მხრივ ფულზე, ხოლო მეორე მხრივ, ამ ფულის ხარჯვაზე კონკრეტულ პროექტებში .
- ამ შემთხვევაში მთავარია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დარწმუნდნენ, რომ სტრატეგია მიღებული და დამტკიცებულია ადგილობრივ დონეზე, რომ ის პასუხობს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს. თუ პრიორიტეტები არ იქნება გამოვლენილი, არ იქნება დაფინანსებაც. ბანკებს რაც შეეხება: ბანკებისთვის თანხა ამ ფონდიდან გამიზნული არის. ჩვენ თავს არ ვახვევთ მექანიზმებს, მექანიზმები უნდა გადაწყდეს ადგილებზე, ადგილობრივი დაინტერესებული ჯგუფებს მიერ. არც ევროკავშირი და არც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროექტების განხორციელებას ხელს შეუწყობენ, თავს საკუთარ „მექანიზმებს“ არავის მოახვევენ.
- რაც შეეხება 6 მილიონ ევროს კომპონენტს, ის მხოლოდ მთავრობის დახმარებისთვისაა განკუთვნილი?
- ეს თანხა პირდაპირ ხაზინაში გადაირიცხება პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელების მხარდასაჭერად. რასაკვირველია, ეს დახმარება არ არის უპირობო და გაიცემა მაშინ, როდესაც იქნება დაკმაყოფილებული ჩვენი პირობები და მოთხოვნები. ევროკავშირი აძლევს ფულს პირდაპირ ფინანსთა სამინისტროს გარკვეული აქტივობების განსახორციელებლად. მაგალითად, პირველი წლის პროგრამით სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირს შორის არსებობს შეთანხმება, რომ 1 წლის განმავლობაში სამინისტრო მხარს დაუჭერს 300 კოოპერატივს. ვალდებულებები წლების მიხედვითაა გაწერილი.
- რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერას, როგორ აკვირდებით მათ მიერ ვალდებულებების შესრულებას?
- ახლა სურსათის უვნებლობის სააგენტომ რეგიონებში საკუთარი წარმომადგენლობები გახსნა და საქმიანობა გააფართოვა. მოგეხსენებათ, ისინი არიან ვალდებულნი, გააკონტროლონ სურსათის წარმოების უსაფრთხოება და კანონთან შესაბამისობა. ამ მიზნით ამჟამად სურსათის ოპერატორების ინსპექტირებას ახორციელებენ. ამას გარდა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წარმოგვიდგინა ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოების გეგმა, როგორც DCFTA-ს ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის შესვლა ევროპის ბაზრებზე პირდაპირ დაკავშირებულია საკანონმდებლო რეფორმებთან სურსათის უვნებლობის სფეროში. სია ძალიან გრძელია და მის განხორციელებას საკმაო დრო დასჭირდება, რაც ზომების ეტაპობრივად მიღებას გულისხმობს იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანომდებლობას დაუახლოვდეს. სრულად ამ პროცესს დაახლოებით 15 წელი დასჭირდება. ამჟამად მიახლოებისთვის განკუთხვნილი სიის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. პროცესი თვის ბოლომდე გასტანს, საბოლოოდ კი მას ევროკავშირის და საქართველოს მხარე დაამტკიცებს. სწორედ ამ სიის საფუძველზე სააგენტო საკანონმდებლო რეფორმებს წამოიწყებს. ასე მაგალითად, კონტროლის და ინსპექტირების სტანდარტი არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობის მიერ, თუმცა, ის არ აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში სააგენტომ უნდა შეიტანოს ცვლილებები ამ კანონში იმისთვის, რომ ის სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის შესაბამის კანონთან. ბიზნესოპერატორებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, მომხმარებელთა დაცვა გევალებათ, ხოლო მეორე მხრივ, უნდა ისარგებლოთ ევროპასთან ვაჭრობის შესაძლებლობით. ამიტომ, სურსათის მწარმოებელმა ბიზნესოპერატორებმა უნდა დააკმაყოფილონ ასეთი სტანდარტები. ზოგიერთი პროდუქტის შემთხვევაში პროცესი ძალზე წინაა წასული და მიზანი ფაქტობრივად მიღწეულია, მაგალიათად, ღვინის შემთხვევაში, თუმცა, ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოების ნაწილში პროცესი იქნება გაცილებით უფრო გრძელვადიანი, რადგან ასეთი პროდუქტების წარმოება და კომერციალიზაცია არ აკმაყოფილებს დღეს ევროკავშირის სტანდარტებს.
- რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში?
- მიახლოების სიის ნაწილში არის რეგულაციები და დირექტივები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ პროდუქტი ევროპის ბაზრებზე გაიყიდოს. საკითხი ეხება ლაბორატორიებს, ინსპექტირებას, საზღვრის საკონტროლო პუნქტებს და ა.შ.
- სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ამჟამად ევროკავშირისგან თაფლთან და თევზთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესის შეფასებას ელიან, ასეა თუ არა?
- სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირს სთხოვა გამოეგზავნა საქართველოში “ტექნიკური მისია“, რათა შეემოწმებინათ, რამდენად აკმაყოფილებს ამ ეტაპზე ევროკავშირის მოთხოვნებს თაფლის და თევზის ინდუსტრია და დადგენილიყო, რამდენად მზადაა ეს პროდუქტები ევროპის ქვეყნებში ექსპორტისთვის. მისია გასული წლის ბოლოს ჩამოვიდა. არ ვიცი რამდენად მზადაა უკვე ანგარიში, მაგრამ ვიცი, რომ ჯერ არც თაფლი და არც თევზი არ არის მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდოს. თუმცა, ამ ორ პროდუქტს ნამდვილად აქვს უპირატესობა ექსპორტის კუთხით.
- რატომ?
- ამ მომენტში ცხოველური წარმოშობის სურსათის მიმართ გაცილებით მეტი შეზღუდვებია ევროპის ბაზრებზე, ვიდრე მცენარეული წარმოშობის სურსათზე. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველო თავისუფლად ყიდის ევროპაში ქართულ ღვინოს და თხილს. ცხოველური წარმოშობის სურსათის შემთხვევაში სხვა მოთხოვნებია, რადგან ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით რისკი გაცილებით მაღალია. ასე მაგალითად ქართული რძის, ან ხორცის პროდუქტების კუთხით ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. რაც შეეხება თაფლს და თევზს, საქმე ისაა, რომ ამ სექტორში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ევროკავშირის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მხრივ. თევზის შემთხვევაში პროცესი მოწმდება თევზჭერიდან დაწყებული მის გაყიდვამდე დამთავრებული, ანუ სრული ჯაჭვი. შემფასებლები ჩამოვიდნენ და შეისწავლეს ამ ჯაჭვის თითოეული კომპონენტი. თითოეულ ნაწილში ისეთი რეგულაციების დაკმაყოფილებაა საჭირო, როგორიცაა თავად თევზის დაჭერის პროცესი, მისი შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, ტრანსპორტირების პირობები და ა. შ. სწორედ ამ პროცესის შესწავლის და შეფასების სტადიაზე იმყოფება ევროკავშირის მისია ამ ეტაპზე. რაც შეეხება თაფლს, ერთადერთი პრობლემა, რამდენადაც ვიცი, არის სინჯების შედეგები, რომელმაც გამოავლინა თაფლში ანტიბიოტიკების ნარჩენები, რაც ევროპაში დაუშვებელია.
- ვიცით, რომ რიგის ლაბორატორიაში 2014 წელს სქართველოდან 103 სინჯიდან 32 ნიმუშში, ანუ მესამედში, ანტიბიოტიკების ნარჩენები ისევ აღმოჩნდა, ნიშნავს თუ არა ეს რომ მწარმოებელთა 70%, რომელმაც გაიარა ლაბორატორიული გამოცდა, შეძლებს ევროპის ბაზარზე პროდუქტის გატანას?
- რასაკვირველია, თუ კონკრეტული მწარმოებელი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, ანუ მისი თაფლის სინჯში არ აღმოჩნდა ანტიბიოტიკები და სხვა აკრძალული ნივთიერებები, მან უნდა წარმოადგინოს სერტიფიცირებული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული თაფლის ანალიზის დასკვნა, რაც დაადასტურებს, რომ მისი პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს. ასეთი მწარმოებელი შეძლებს თაფლის ევროპაში გატანას. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ცალკეული მწარმოებლის, და არა მთლიანი დარგის მდგომარეობაზე. ცალკეულ მწარმოებელს, ცხადია, აქვს ასეთი შესაძლებლობა.
ესაუბრა ლიკა ბასილაია-შავგულიძე