დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი მიწის კანონის გამკაცრებას ითხოვს
“ქართულ კივზე დიდი მოთხოვნაა გერმანიაში. გერმანელ და ინგლისელ ინვესტორებთან გვქონდა მოლაპარაკებები, მაგრამ მორატორიუმის გამო გადავდეთ. ისინი ჩვენი კომპანიის წილის შეძენით არაპირდაპირ ქართული მიწის მფლობელები ხდებოდნენ, რის გამოც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებაზე უარი გვითხრეს”
“როდესაც საქართველოს ხელისუფლება სხვა აქტივების პრივატიზაციას 1 ლარად ახდენს, ხშირად 10-15 მილიონი ლარის ან დოლარის ინვესტიციას ითხოვს. სახელმწიფოს შეუძლია მსგავსი მიდგომა სასოფლო-სამეურნეო სფეროშიც გამოიყენოს.”
უცხოელებისათვის მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი გაუქმებულია, თუმცა ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ვერ თანხმდება. მთავრობას კანონპროექტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დაუწუნა და ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობს. ალტერნატიული კანონპროექტი კი უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიწის საკუთრებაში გადაცემისას დამატებით შეზღუდვებსა და კრიტერიუმებს აწესებს.
2013 წელს გამოცხადებული მორატორიუმის დროს კომერციულ ბანკებისთვის გამონაკლისი დაწესდა და 2014 წლის თებერვლიდან შეზღუდვისგან განთავისუფლდა, თუმცა ეს არ გავრცელებულა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. დღეს ზურაბ ტყემალაძეს მიაჩნია, რომ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს საერთოდ არ უნდა ფლობდნენ. შესაბამისად, თუ მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება ფინანსურ ინსტიტუტებზეც ვრცელდება, ეს ჩანაწერი უკვე აღარ გვხვდება ალტერნატიულ ვერსიაში. ამასთან, ალტერნატიულ კანონპროექტში მიწაზე საკუთრების მოსაპოვებლად დამატებითი პირობებია ჩადებული. ბინადრობის ნებართვას დაემატა აგრარულ სფეროში არანაკლებ 5- წლიანი გამოცდილება, ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლება არანაკლებ 5 წლისა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტი ეკა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ ეს ნორმა მესამედაც გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში."საკუთრების უფლება ფუნდამენტური საკითხია. რა მიმართულებით მივდივართ?- ვზღუდავთ საკუთრებასა და ვეწინააღმდეგებით კონსტიტუციას თუ ვირჩევთ ფორმას, რომელიც არ შეზღუდავს საკუთრების უფლებასა და ინვესტორს ინვესტიციის თავისუფლად განხორციელების საშუალებას მისცემს. ორივე პროექტის შემთხვევაში ეს არჩევანი გვაქვს. ეს თუ არ შეიცვალა, მივიღებთ ისევ არაკონსტიტუციურ ნორმას, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი.”-აცხადებს ეკა ბოკუჩავა.
მსგავს შემთხვევას იხენებს იურისტი დავით კლდიაშვილიც.
„კანონში ცვლილებების შეტანამდე, ერთი წლით ადრე დაიწყო მოლაპარაკებები გურიაში ინვესტიციის განხორციელების შესახებ. იყო საუბარი შპს-ის წილის ყიდვაზე. ინვესტორი შპს-ის წილის ნაცვლად იღებდა ვალდებულებას, 1 200 000 ლარამდე ინვესტიცია განეხორციელებინა ჩაის პლანტაციებში. საბოლოოდ, მხარეები რომ შეთანხმდნენ და ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დაიგეგმა, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება უცხოელებზე მიწების გასხვისების შეზღუდვის შესახებ. შედეგად ეს ინვესტიცია არ განხორციელდა”.
“2013 წლიდან დღემდე ასეთ მდგომარეობაში ვართ, კომპანიის გაფართოებისათვის ხვალ რომ დაგვჭირდეს და ინვესტორმა უფრო მეტი მიწის ნაკვეთის ყიდვის სურვილი გამოთქვას, სადაც გააშენებს ვენახსა და შედეგად გავზრდით პროდუქციას, ამის შესაძლებლობა არა გვაქვს. დღეს შემუშავებული კანონპროექტი ბარიერებს თითქოს ამცირებს, მაგრამ ღვინის კომპანიებში პატარა ნაკვეთების შესყიდვა არ ხდება, ძირითადად, დიდ ნაკვეთებს ყიდულობენ, რომელიც რამდენიმე ასეულ ჰექტარს მოიცავს”-ამბობს ელენე თოთიბაძე.
ორივე პროექტში განსაზღვრულია მიწის ფართობზე მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი. მთავრობის ვერსიაში ფიზიკური პირებისათვის ეს არის მინიმუმ 5 ჰა, ჯამში კი 20 ჰა-ს არ უნდა აღემატებოდეს. იურიდიული პირებისათვის კი 20 ჰა-დან 200 ჰა-მდეა. ტყემალაძის კომიტეტს ამ შემთხვევაშიც ცვლილება შეაქვს და ფიზკური და იურიდიული პირებისათვის ქვედა ზღვარს 5 ჰა-ს, ზედა ზღვარს კი 100 ჰა-ს ადგენს.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში 2013 წლის 28 ივნისის ცვლილებით, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა, თუმცა მორატორიუმი, ვადის გასვლამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად 2014 წლის ივნისში გამოაცხადა, ავსტრიის მოქალაქის სარჩელის საფუძველზე. მოსარჩელის არგუმენტით, აღნიშნული ნორმა საკუთრების უფლებას არღვევდა და დისკრიმინაციული იყო. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით 2012 წელს გაუქმებული ნორმისა და პარლამენტის მიერ მიღებული ახალი ნორმის შინაარსი იდენტური იყო და არსებითი განხილვის გარეშე, სადავო მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.
ამის მიუხედავად,სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ტრანზაქციების რეგისტრაცია დღემდე შეფერხებით ხორციელდება. მიზანი კი რისთვისაც ხელისუფლება მორატორიუმის გამოცხადებას ამართლებდა, დღემდე არ არის მიღწეული - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და რეგისტრაციისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემა კვლავ არ შემუშავებულა. მთავრობის კანონპროექტი პარლამენტშია გადაგზავნილი, საკანონმდებლო ორგანოში კი მის ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობენ.
მაიკო გაბულდანი