"თხილის წარმოებაში საქართველო ძალიან მალე თურქეთის კონკურენტი გახდება“
დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საერთაშორისო კონსორციუმ OXFAM-ის და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის ELKANA-ს ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით კერძო სექტორის (გადამამუშავებელი, პროდუქციის შემსყიდველები, ფინანსური ინსტიტუტები, სადაზღვეო კომპანიები) და მცირე ფერმერების თანამშრომლობის თემაზე დისკუსია გაიმართა. დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შპს „აგრიჯორჯია“ შოკოლადების მწარმოებელ მსოფლიო ბაზარზე კარგად ცნობილ ბრენდ ფერეროს (Ferrero S.p.A.) წარმოადგენს საქართველოში. „აგრიჯორჯია“ სამეგროლოში თხილის პლანტაციებს ფლობს. კომპანიის დირექტორის დენიელ გონსალეს დელაჩას განცხადებით, საქართველოს თხილის წარმოებაში დიდი პერსპექტივა აქვს: „ ჩვენ საქართველოში 2007 წელს ჩამოვედით. მაშინ აქ თხილის წარმოების ტექნოლოგია არ არსებობდა, ამიტომ დავიწყეთ ფიქრი როგორ გვემუშავა ადგილობრივ ფერმერებთან. შევქმენით „თხილის მწარმოებელთა ასოციაცია“ და დავიწყეთ ფერმერების გადამზადება. თანდათან ფერმერებმა შეიძინეს ცოდნა, ფერმერებს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და გადავეცით ჩვენი ნოუჰაუ. არავის წარმოედგინა, რომ ქართველი ფერმერები წარმატებას მიაღწევდნენ, მაგრამ მათ ეს შეძლეს. თხილის საშრობი ცენტრების შექმნის შემდეგ, ფერმერები პროდუქციას 20%-ით უფრო ძვირად ყიდიან. თხილის ფასის შესახებ ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმაციას ვაწვდით და კლიენტები ფასების შესახებ ვეღარ ატყუებენ. ამან ფერმერების მოძლიერება გამოიწვია. თხილის წარმოებაში საქართველო ძალიან მალე თურქეთის კონკურენტი გახდება“.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დავით გალეგაშვილის განცხადებით, სოფლის განვითარების შანსის ხელიდან გაშვება ქვეყნისთვის ცუდ შედეგებს მოიტანს: „ ჩვენ სოფლის გაძლიერების შანსი გვაქვს და თუ ასე არ მოხდა, სოფლები საბოლოოდ დაიცლება, ეს პოლიტიკურადაც დაასუსტებს ქვეყანას. აგრარული სექტორის განვითრებას პირველ რიგში აბრკოლებს ის, რომ რეგიონებში ადგილებზე სახელმწიფო სტრუქტურებში არავინ არაფერი არ იცის. არსებობს ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრები და არსებობენ ფერმერებიც, მაგრამ რეალური არც ერთია და არც მეორე“.
დენიელ გონსალეს დელაჩა მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უკეთესი იქნება თუ დონორები კოორდინირებულად იმოქმედებენ და თანხებს უსარგებლოდ არ დახარჯავენ: „ბევრი დონორია ჩართული საქარველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაში, მაგრამ ეს პროცესები არ არის კოორდინირებული. აუცილებლად უნდა გავარკვიოთ ხომ არ ხდება დუბლირება. კარგი იქნება თუ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად თვეში ერთხელ შევიკრიბებით და ათასი გაუგებარი გზავნილის ნაცვლად გექნება ერთი მკაფიო გზავნილი. შეთანხმებულად მოქმედება დაგვეხმარება იმაში, რომ დონორებმა ფული ფუჭად აღარ დახარჯონ“.
ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობისა და თემთა განვითარების ატაშე ხუან ეჩანოვეს განცხადებით, ფერმრების პრობლემების გადაჭრაში სახელმწიფომ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს: „საქარველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავალს სოფლის მეურნეობიდან იღებს. სახელმწიფომ უნდა გააცნობიეროს, რომ მას ფერმერებთან პარტნიორობა სჭირდება. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, მაგრამ წარმატების მისაღწევად საჭიროა გრძელვადიანი მუშაობა და ეს ყველას უნდა გვესმოდეს“.
OXFAM-ის სასურსათო უსაფრთხოების პროექტის რეგიონული მენეჯერის ბენუა ტრუდელის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფერმერებისა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა: „ ჩვენ ხელს ვუწყობთ ფერმერებს, ვეხმარებით სახელმწიფოსაც პოლიტიკის დონეზე სტრატეგიის შემუშავებაში. ქვეყანაში საკვები პროდუქტების იმპორტი ძალიან მაღალია, ამიტომ უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსა და ფერმერების ორმხრივი ურთიერთობა.“
ზურაბ მოდებაძე