ევროკავშირი DCFTA Facility-ს პროგრამით მეწარმეებს 37.5 მილიონი ევროთი დაეხმარება

DCFTA Facility მეწარმეებს ვალუტის ცვალებადი კურსის რისკებს ააცილებს.
ევროპულ სტანდარტებზე გადასავლელად DCFTA Facility-ს ფარგლებში მეწარმეები კრედიტებს გაუმჯობესებული პირობებით აიღებენ.
ევროკავშირი ქართველი მეწარმეები დასახმარებლად ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ამ თემაზე eugeorgia.info-ს შეკითხვებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა რომან კაკულიამ უპასუხა:
- ევროკავშირის მიერ ქართველი მეწარმეების მხარდასაჭერად რა დახმარება არის გამოყოფილი?. როგორი სქემით მიიღებს მცირე და საშუალო ბიზნესი თანხებს, რომლებიც ევროკავშირის საგრანტო დახმარებით არის გათვალისწინებული? დახმარება იქნება კონკრეტული თანხით თუ ტრენინგებით და კონსულტაციებით?
- ევროკავშირის დახმარებას ჰქვია განვითარებისთვის დახმარება, ეს იმას ნიშნავს, რომ განვითრებასთან დაკავშირებით რა ხედვაც აქვს ევროკავშირს ზუსტად იმ ხედვის შესაბამისად გვეხმარება. მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების განვითარება არის ევროკავშირის ძირითადი მიზანი. ამ დახმარებაში იგულისხმება ბანკებთან ურთიერთობების წნეხის შემსუბუქება, ბიზნესგეგმის მომზადებასა და მარკეტინგულ კვლევებში დახმარება, ყველაფერი გარდა უშუალოდ თანხის მიცემისა. ეს სულ იყო ხოლმე უკმაყოფილების საგანი. მეწარმეებს მიაჩნდათ, რომ ამ ყველაფერში ადგილობრივი ექსპერტებიც დაეხმარებოდნენ და რეალურად ბიზნესის საკეთებლად ფული სჭირდებოდათ. მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა იყო და რჩება პრობლემად. ამიტომ ევროპელებს ყოველთვის ვაწვდით მესიჯს, რომ კონსულტაციებით დახმარებისა და შესაძლებლობების განვითარების გარდა, იქნებ სხვა სახის დახმარებაზეც იფიქრონ.
- ევროკავშირს საგრანტო პროგრამების განხორციელების როგორი პროცედურები აქვს?
- ევროკავშირის ბიუჯეტი 7 წლიანი დაგეგმვის ციკლისგან შედგება, ამიტომ არის 4 და 3 წლიანი სამოქმედო გეგმები. ჯერ ამ 4 წლიან პრიორიტეტებს შეგითანხმებს, მთავრობაზე მსჯელობს, სამინისტროებს დაუგზავნის, მერე ისინი თავის კომენტარს იტყვიან და მერე შენგან სანამ ოფიციალურ თანხმობას არ მიიღებს,მანამდე არ ჩართავს დახმარების მექანიზმს. ამის შემდეგ ამ 4 წლიან პრიორიტეტს ყოველწლიურადაც გითანხმებს და იწყება ის პროგრამები, რაც შემდგომში ხორციელდება. ჩვენ პრიორიტეტები ევროკავშირთან 2014 წლიდან 2017 წლამდე შევათანხმეთ და ეს არის 1. სოფლისა და რეგიონალური განვითარება, 2. სამართლის სფერო და 3. საჯარო მმართველობის რეფორმა.
- ამჟამად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად რა პროგრამა მიმდინარეობს?
- ამ ეტაპზე არის DCFTA-სა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 44,5 მილიონი ევროა. მიმღები არის ეკონომიკის სამინისტრო. ეს თანხა საკმაოდ ხმამაღლა ჟღერს. ადამანებს თუ არ აუხსენი რისგან შედგება ეს მრავალმილიონიანი პროგრამა, რა თქმა უნდა ეჭვი უჩნდება მის მიზნობრივად დახარჯვასთან დაკავშირებით.
ეს არის სექტორული პოლიტიკის მხარდამჭერის პროგრამა, რომელსაც არაოფიციალურად საბიუჯეტო დახმარებასაც კი უწოდებენ, რომლის 50%-ი მიდის ბიუჯეტში გარკვეული რეფორმების განხორციელების სანაცვლოდ. ასევე აქ არის ჩადებული ინსტიტუციონალური განვითარებისთვის საექსპერტო დახმარების კომპონენტი თითოეული უწყებისათვის. ასევე არის სხვა კომპონენტებიც, რაც მიზნობრივი ჯგუფების (იძულებით გადაადგილებული პირები, მიგრანტები, ქალები ბიზნესში, ახალგაზრდა მეწარმეები) ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ეს პროგრამა ვაჭრობისა და კერძო სექტორის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული და ასევე საჯარო უწყებების ზოგადი ფუნქციების გაუმჯობესებას ემსახურება. ამ მიზნის მისაღწევად დელეგირებული მენეჯმენტის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გარკვეულ თანხებს ხარჯავენ.
DCFTA-სა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის გარდა კიდევ არის ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლისა განვითარებისთვის) პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 52 მილიონი ევროა.
ENPARD-ის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში საკვები პროდუქტების წარმოების ზრდას და შეამციროს სიღარიბის დონე რეგიონებში. მცირე ფერმერთა კოოპერატივების მხარდასაჭერად გრანტების სახით მთლიანობაში 18.7 მილიონი ევროს ოდენობით დახმარება გაიცემა. ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერთა ჯგუფების შექმნის ხელშეწყობას ამ პროგრამის ფარგლებში 4 არასამთავრო ორგანიზაცია (ოქსფამი - OXFAM, ქეა საერთაშორისო - CARE International, მერსი ქორპსი - Mercy Corps, ადამიანი გაჭირვებაში - People in Need Czech) ახორციელებს.
- ევროკავშირის მხრიდან კიდევ სხვა საგრანტო დახმარების პროგრამა თუ იგეგმება ?
- წინა და ახლანდელი მინისტრების მიერ სულ იყო ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება იმაზე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გაზრდილიყო და სწორედ ამან შედეგი გამოიღო და დაიგეგმა პროგრამა DCFTA Facility.
2015 წლიდან ევროკავშირი გეგმავს გაზარდოს მხარდაჭერა კერძო სექტორის მხარდასაჭერად და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა დახმარების ახალი მექანიზმი DCFTA Facility, რომელიც 37.5 მილიონ ევრომდე დახმარებას ითვალისწინებს. პროგრამა განხორციელდება ევროკომისიის, ევროპული საინვესტიციო ბანკის (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი თანამშრომლობით. პროგრამით გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ აუცილებელი ინვესტიციების მოძიება DCFTA-ით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად წარმოების აწყობაში. მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალება ეძლევა მაქსიმალურად გამოიყენონ DCFTA-ს ფარგლებში გათვალისწინებული სავაჭრო შესაძლებლობები ევროკავშირთან.
DCFTA Facility მეწარმეებს სანიტარული და ფიტოსანიტარული მოთხოვნების ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის შესასძლებლობას მისცემს. ასევე ახალ სტანდარტებზე გადასვლაში დაეხმარება. ეს სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მომხმარებელს, ასევე მეწარმეებს საექსპოტრო პოტენციალს გაზრდის.
ეს საინვესტიციო პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობრივ საბანკო სექტორს, სავაჭრო ინფრასტრუქტურის და ბიზნეს კლიმატის განვითარებას, რაც სამუშაო ადგილების შექმნასა და ზოგად ეკონომიკურ ზრდაზე დადებით გავლენას იქონიებს.
DCFTA Facility 4 ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ესენია: 1. ტექნიკური დახმარება, რომელიც მეწარმეებს ბანკებისთვის მისაღები საპროექტო წინადადებების მომზადებასა და საბაზრო შესაძლებლობების გამოყენებაში დაეხმარება. 2. რისკების გაზიარების მექანიზმი , რომელიც ბანკებს მეწარმეებზე სესხების გაცემის რისკებს შეუმცირებს. 3. ვალუტის დაცვა ცვალებადი გაცვლითი კურსისგან - ეს კომპონენტი ადგილობრივ ბანკებს სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემის შესაძლებლობებს მისცემს. 4. წახალისებები - ამ კომპონენტის ფარგლებში გაუმჯობესებული პირობებით კრედიტის აღება იმ მეწარმეებს შეეძლებათ, რომლებიც საწარმოებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობაში მოიყვანენ.
- საქართველოში ბევრი დონორი ორგანიზაცია მუშაობს და ხომ არ ხდება დუბლირება, ანუ დონორები ერთი და იმავე აქტივობაში ხომ არ ხარჯავან ფულს, რის გამოც მთელი საქართველოს დაფარვა ვერ ხდება და ზოგიერთი რეგიონი დახმარების გარეშე რჩება?
- როგორც იქნა გვეღირსა ინსტიტუციური გადაწყვეტა. რამდენიმე თვის წინ პრემიერის აპარატთან დონორთა კოორდინაციის სამმართველო დაარსდა. ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმები ჩატარდება და ამ ფორუმებს შორის იქნება სექტორული საკოორდინაციო შეხვედრები, რაც პრინციპში მოხსნის დუბლირების პრობლემას. უკვე ინსტიტუციურად განისაზღვრა ის ერთეული, რომელსაც აქვს მანდატი, რომ დონორები მოიწვიოს და სახელმწიფოს პრიორიტეტები გააცნოს, ასევე დონორების საქმიანობის შესახებ მოისმინოს. ეს არაკორდინირებული მუშაობის პრობლემის გადაჭრის გზაა, მაგრამ არავინ იცის, ეს მოდელი რამდენად გაამართლებს.
ესაუბრა ზურაბ მოდებაძე