მაისში ევროკავშირი მცირე მეწარმეებს ევროპული სტანდარტების დასანერგად პირველ დახმარებას გამოუყოფს

„ეს იქნება 3 ნაწილისგან შემდგარი კომბინაცია: საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება, გრანტი და მესამე კომპონენტი - რისკების დაფინანსება“
წელს, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან მორიგ ფინანსურ დახმარებას მიიღებს. საუბარია 5- წლიან პროგრამაზე, რომლის განმავლობაში საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარებიან, რომ საკუთარი წარმოება ევროკავშირის სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანონ. ერთ-ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც ამ ფულს ქართველი მცირე და საშუალო მეწარმეები მიიღებენ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს EBRD - ის რეგიონალურ დირექტორთან, ბრუნო ბალვანერასთან.
- რას გულისხმობს კონკრეტულად პროგრამა DCFTA Facility ?
- საქართველომ მიიღო ძალიან ძლიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, მოაწერა რა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ნიშნავს ევროპულ ყაიდაზე ცხოვრების გარდაქმნას, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური მოწყობის თვალსაზრისით. ამავე დროს, ამ ხელშეკრულებით ქართველ მეწარმეებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ ქართველმა მწარმოებლებმა უნდა დააკმაყოფილონ ევროპული სტანდარტებით განსაზღვრული მოთხოვნები. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის გუნდმა მოამზადა მოცულობითი დოკუმენტი, სადაც აღწერილია გამოწვევები, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სექტორებში არსებობს და რომლებიც ქართველმა მეწარმეებმა უნდა დაძლიონ.
- 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ბევრი რეგულაცია, რომელიც მძიმე ტვირთად აწვება ქართველ მეწარმეებს. მათ ხშირ შემთხვევაში არ აქვთ წვდომა ფინანსურ რესურსებთან, არადა, თუნდაც იმავე სურსათის უვნებლობის ევროპული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ინვესტიციები სჭირდებათ.
- საკითხი, რომელსაც თქვენ შეეხეთ, ძირითადად, სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ წარმოებას ეხება და ბევრ ადამიანს აწუხებს, რადგან პირდაპირაა დაკავშირებული სურსათის უვნებლობასთან. 1 იანვრიდან მთელი რიგი რეგულაციები ამ მიმართულებით ძალაში შევიდა, განურჩევლად იმისა, ახდენენ მეწარმეები პროდუქტის ექსპორტს თუ არა, რადგან ამ ახალმა კანონებმა უნდა უზრუნველყონ ადგილზე მომხმარებლისთვის უსაფრთხო პროდუქტის მიწოდება. ცხადია, ეს საქართველოსთვის მომგებიანია. როდესაც მანქანით მივდივარ რომელიმე რეგიონში და ვხედავ, როგორ კიდია გზის განაპირას გასაყიდად გამოტანილი ხორცი, პირდაპირ გეტყვით, შოკში ვვარდები - ეს ხომ ჰიგიენის არც ერთ ნორმას არ შეესაბამება! ასეთ რამეს ევროპაში ვერ ნახავთ. ვერ იფიქრებთ და ვერ იტყვით, რომ ეს არის ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებული წესი, რადგან ასეთი წესი, ხორცის სპეციალურ შეფუთვას, ცივ გარემოში მოთავსებასა და სერტიფიცირებას ექვემდებარება.
DCFTA Facility, რომლის თაობაზე ამჟამად ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს (მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ არის) გულისხმობს შემდეგს: ევროკავშირის ფონდიდან მთელი რიგი სააგენტოები და ბანკები, ისეთები, როგორებიცაა EBRD და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ადგილობრივ მეწარმეებს ევროპული სტანდარტების დანერგვაში დაეხმარებიან. ამ შეთანხმებას ხელი, სავარაუდოდ, მაისში, რიგის სამიტზე მოეწერება.
DCFTA Facility -ს ფარგლებში EBRD მიიღებს ფონდს ევროკავშირისგან. პირველ წელს ეს იქნება 18 მილიონი ევროს ოდენობის თანხა. ამავე მოცულობის თანხის გამოყოფაა გათვალისწინებული შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ეს თანხები განკუთვნილია 3 ქვეყნისთვის, რომლებმაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს - საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის. საით მივმართავთ ამ თანხებს? ეს იქნება მრავალი სხვადასხვა ფინანსური პროდუქტის კომბინაცია და განკუთვნილი იქნება იმ მეწარმეების დასახმარებლად, რომლებსაც ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება მოეთხოვებათ, რაც ამავე დროს მათ საექსპორტო პოტენციალის გაზრდაში დაეხმარება. ამ ფინანსური რესურსის უდიდეს ნაწილს მეწარმეებამდე საბანკო სექტორის გავლით „მივიტანთ“.
ხედავთ ჩვენს ოფისს: ძალიან პატარა სივრცეა, გვყავს მხოლოდ 20 თანამშრომელი, არ გვაქვს ფილიალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ამიტომ გვჭირდება ადგილობრივი ბანკების ქსელი. ეს იქნება საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირება, საბანკო რისკების დაფინანსება და გრანტები. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ კომპანიას სჭირდება 200 ათასი ევროს ინვესტირება ლაბორატორიის შესაძენად, იმისთვის, რომ პომიდორში სიმჟავე შეამოწმოს, მას შეუძლია ამ ხარჯის უზრუნველყოფის მიზნით საგრანტო დაფინანსების სახით მთლიანი თანხის 10-20% მოითხოვოს. როდესაც დანადგარს შეიძენს, თანხას 5 წლის განმავლობაში გადაიხდის, სესხის საპროცენტო განაკვეთი კი პირველი წლების განმავლობაში სუბსიდირებული იქნება. ამგვარად, ეს იქნება 3 ნაწილისგან შემდგარი კომბინაცია: საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება, გრანტი და მესამე კომპონენტი - რისკების დაფინანსება: ვაპირებთ ვუზრუნველყოთ გარანტიები, რაც იმას ნიშნავს, რომ რადგან ბანკები ბევრს ითხოვენ იმაში, რომ პირობითად, კახეთში მცხოვრები ბატონი გიორგის რისკები საკუთარ თავზე აიღონ, ამ რისკების დაზღვევის გარეშე კი ბატონი გიორგი ბანკს ვერ მიმართავს, შესაბამისად, ამ რისკებს ჩვენ დავაფინანსებთ.
DCFTA Facility არ ვრცელდება მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე, ის ასევე ეხება ეკონომიკის სხვადასხვა დარგს, მაგალითად, ტექსტილის, სამშენებლო მასალების, კაბელების, თუ სხვა რაიმე პროდუქციის ან მომსახურების წარმოებას. კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ შემდეგ სფეროებში არსებული სირთულეების იდენტიფიცირება მოახდინა. ესენია: სურსათის უვნებლობა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, სტანდარტების დანერგვა, მიკვლევადობა და ა.შ. თუმცა, ხალხი სხვა სექტორებზე იმდენად არ ამახვილებს ყურადღებას, შესაძლოა იმიტომ, რომ სხვა სირთულეები ნაკლებად ხილულია.
- თქვენ რომელ სექტორებს გამოყოფდით?
- მაგალითად, სამშენებლო მასალებთან მიმართებაში არსებობს შეფუთვის პრობლემა, ან თუნდაც მავნე ემისიები, რომელიც სხვადასხვა დეტალების წარმოებისას გამოიყოფა, ხის სიმშრალე ავეჯის წარმოებისას და ა.შ. არსებობს ბევრი სპეციფიური დეტალი, რომელიც უნდა გამოსწორდეს იმისთვის, რომ წარმოების სტანდარტი ევროპულს გაუთანაბრდეს. ამ სფეროების ექსპერტი არ გახლავართ, მაგრამ თუ გექნებათ შესაძლებლობა ბატონ მიხეილ ჯანელიძეს ჰკითხეთ, კონკრეტულად რა საკითხებზეა საუბარი. მან მოამზადა დაახლოებით 70- გვერდიანი დოკუმენტი, სადაც მოცემულია ყველა ნაკლოვანება, რომელის აღმოფხვრაში ვაპირებთ დახმარებას.
ევროკავშირი გვაძლევს ფულს. ჩვენს შემთხვევაში ეს იქნება 18 მილიონი ევრო. ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის სხვა თანხა იქნება გამოყოფილი, (სავარაუდოდ, იქაც იგივე რაოდენობის თანხა იქნება). პირველ წელს ამ თანხას 3 ქვეყანაში დავხარჯავთ.
- როგორ დაიყოფა ეს ფული?
- მგონია, რომ ფული განაწილდება იმის მიხედვით, თუ ვინ რამდენადაა მზად მის მისაღებად და ვის უფრო მეტი საჭიროება აქვს თანხის მიღების. მგონია, რომ საქართველოს ძალიან კარგი პოზიცია აქვს ამ მხრივ, რადაგან აქ არის სტაბილური სიტუაცია - არ არის ომი. მართალია, არ არის მარტივი ეკონომიკური ვითარება, მაგრამ ეს მდგომარეობა სხვა ქვეყნებში, მაგალითად, მოლდოვაში არსებულ ვითარებასთან შედარებით უფრო მარტივია.
- რა არის საქართველოს უპირატესობა?
- თქვენი უპირატესობა არის გამჭვირვალე გარემო, კანონის უზენაესობა, კორუფციის ძალიან დაბალი დონე, განვითარებული საბანკო სფერო, ტრანსპარენტული სასამართლო სისტემა და ელექტრონული მთავრობა. ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით მსოფლიო ბანკის რეიტინგში მე-15 ადგილზე ხართ, კომპანიისა და საკუთრების დარეგისტრირების პროცედურების სიმარტივის მხრივ კი მე-2 ადგილზე. მოლდოვას არა აქვს ყველა ის პოზიტიური ელემენტი, რაც აუცილებელია ბიზნესგარემოსთვის. კერძოდ, მათ არა აქვთ საბანკო სისტემა, ბანკებს თავს ესხმიან კრიმინალები, არა აქვთ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო, კანონის უზენაესობა, არა აქვთ ელექტრონული მთავრობა და რაც მთავარია, არა აქვთ მზაობა ჰქონდეთ ისეთი გამჭვირვალობა და წესრიგი, როგორიც საქართველოშია. მოლდოვაზე ბევრად წინ ხართ და გაცილებით უფრო განვითარებული ხართ რეფორმების ნაწილში.
- რამდენად განსხვავებული იქნება ეს კონკრეტული საფინანსო პროდუქტი იმ პროდუქტისგან, რომლითაც მთავრობა ნაწილობრივ სუბსიდირებული სესხებით წარმოების სტიმულირებას ცდილობს ?
- აი, მაგალითად, თუ მინდა პომიდვრის მოყვანა, უნდა გადავიხადო 12 – 14 % სესხში, იმისთვის, რომ ვიყიდო სასუქი, აღჭურვულობა და განვახორციელო ინვესტირება ISO -ს სერტიფიცირებისთვის. მოგება, რომელიც მე პომიდვრიდან დამრჩება, შესაძლოა, ძალიან დიდი არ იყოს და ასეთ დროს, სადაც სტანდარტულ ვითარებაში საბანკო კრედიტი წლიურად 12-დან 14%-მდე იქნებოდა, ვიღაც გვაძლევს სუბსიდიას და ეს ვიღაც არის ევროკავშირი. ამდენად, ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ევროკავშირის, რადგან იმ პაკეტიდან, რომლის თაობაზეც ზემოთ მოგახსენეთ, ის გვაძლევს ფულს ისეთ საქმეში, საიდანაც ამ ფულს ვერასოდეს დაიბრუნებს, ანუ იძლევა ფულს საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისთვის, ინვესტიციებში კაპიტალური გრანტების განსახორციელებლად და დანაკარგების დასაზღვევად: ისინი გვაძლევენ ფულს ბანკებისთვის გარანტიის მისაცემად. თუ ბანკები ფულს დაკარგავენ, ევროკავშირი მათ ამ დანაკარგს აუნაზღაურებს და არავინ დაუბრუნებს ფულს ევროკავშირს.
ამდენად ევროკავშირი ძალზედ ხელგაშლილია, რადგან ცდილობს დაეხმაროს სიტყვაზე, პირობითად რომ ვთქვათ, კახეთში მცხოვრებ გიორგის იმაში, რომ ის გახდეს ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი, რადგან ბაზარი დღეს არ არის კონკურენტუნარიანი, რადგან საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია, არ გაქვთ ტექნოლოგიები და არ გაქვთ ნოუ ჰაუ. ამდენად, გვინდა საქართველოს დავეხმაროთ. თუ ეს დახმარების 5-წლიანი პროგრამა წარმატებული იქნება, ვფიქრობთ, შესაძლოა, დაფინანსება კიდევ უფრო გაიზარდოს. ყველაფერი დამოკიდებულია თანხების ათვისების სისწრაფესა და ეფექტიანობაზე. ჩვენ კვლავ შეგვეძლება მივმართოთ ევროკავშირს დახმარებისთვის.
- საინტერესოა, იმის მიუხედავად, რომ ამ 2 წლის განმავლობაში მილიონობით ლარი გაიცა შეღავათიანი აგროსესხის პროექტის ფარგლებში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ თუნდაც ზამთარში, ან ადრეულ გაზაფხულზე ჩვენი, ადგილობრივი წარმოების კიტრს და პომიდორს. თუ არის, არის ძალიან მცირე რაოდენობით ...
- გეთანხმებით, მეც თქვენსავით გულდაწყვეტილი ვარ: როდესაც სუპერმარკეტში მივდივარ, ვერ ვყიდულობ ადგილობრივი ფერმერის მიერ მოყვანილ პომიდორს. ვყიდულობთ თურქეთიდან ჩამოტანილს, რატომ უნდა ვყიდულობდეთ თურქულ პომიდორს სუპერმარკეტში? ახლა როგორც მომხმარებელი ისე გელაპარაკებით. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობისთვისაა განკუთვნილი. მთავრობას აქვს ასევე სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი პროგრამა. მართალი ხართ, ამ პროგრამებს ჯერ რეზულტატი არ მოუტანია, რა არ კეთდება მართებულად, არ ვიცი. ვფიქრობ, უნდა გავაანალიზოთ, რა იყო არასწორად გაკეთებული. რასაკვირველია, რაღაც კონკრეტული წარმატების მაგალითები არსებობს, მაგრამ, მგონია, რომ მთავრობამ უნდა გაანალიზოს ის შემთხვევები, რომლებსაც შედეგი არ მოუტანია.
არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ოფიციალურად საქართველოში 800 000 ადამიანი, შრომისუნარიანი მოსახლეობის 50%, ჩაბმულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს, რადგან ეს ადამიანები რეალურად კი არ არიან ჩაბმული სასოსფლო-სამეურნეო საქმიანობაში, არამედ საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნავენ. საქართველოში თითქმის 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მაგალითად, საფრანგეთში, სადაც მოსახლეობა 60 მილიონია, იმდენივე ფერმერია, რამდენიც საქართველოში, ანუ 800 ათასი. საქართველო საკვების იმპორტს ახორციელებს, ხოლო საფრანგეთს კი პირიქით, საკვები ექსპორტზე გააქვს. რაშია პრობლემა? მგონი, ყველა აცნობიერებს, რომ უამრავი თავსატეხია, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი პატარ-პატარა ნაწილებად დაქუცმაცებული მიწებია. თუ მიწის საკუთრების საკითხებს ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ აქაც ხშირ შემთხევაში ბუნდოვანი სურათია. რეესტრში არ ჩანს, ვინ ფლობს ამ მიწებს. უნდა დაიწყოთ მიწების კადასტრით. სოფლის მოსახლეობას უნდა აუხსნათ, რომ დაიწყონ მიწების გაერთიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსავლის მოყვანას აზრი არა აქვს.
სხვათაშორის, იგივე რამ მოხდა საფრანგეთსა და გერმანიაში 50 წლის წინ და სწორედ, ამ მიწების გაერთიანებამ მოიტანა რეალური ცვლილებები. იმის მაგივრად, რომ ინდივიდუალურად მოიყვანოთ მოსავალი, უნდა დაიწყოთ გაერთიანება კოოპერატივებში. იმისთვის, რომ კოოპერატივები შექმნათ, უნდა შეცვალოთ მენტალობა, დამოკიდებულება კოოპერატივების მიმართ. მე მგონია, რომ ქართველები არ არიან მზად ერთობლივი შრომისათვის - ხალხს უჭირს რიგში დგომა. როდესაც მანქანით მიდიხარ, ყველა ცდილობს გაგასწროს, რადგან „საზოგადოების“ ცნება, როგორც ასეთი, ჯერ პოპულარული არ არის. გუდაურში როდესაც მიდიხარ, ყველა ცდილობს გაგასწროს, რადგან ყველას მიაჩია, რომ აქვს უფლება სხვაზე წინ იდგეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მენტალობა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში. ეს არის ის ღირებულება, რასაც ევროპა საქართველოში შემოიტანს - სოლიდარობის განცდას, რადგან ევროპული ღირებულებების თანახმად, 1+1 არა 2, არამედ 3 -ია. სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში საქართველოში 1+1 ისევ 1-ია, რადგან არ გაქვთ ერთად მუშობის გამოცდილება და უნარები.
რაც შეეხება საქართველოს მიერ DCFTA შესაძლებლობების გამოყენებას, ეს არ არის საკმარისი. ანალოგიური სახის ხელშეკრულებები სხვა ქვეყნებთანაც უნდა დადოთ. მაგალითად, ავიღოთ ჩინეთის ბაზარი ან აზიის ბაზრები. მე წარმოშობით მექსიკელი ვარ. მექსიკა დიდი ქვეყანაა და განვითარების სხვა ეტაპზე ვართ, მაგრამ 25-30 წლის წინ ერთ-ერთი, რამაც ძირეული გარდატეხა შეიტანა ქვეყნის განვითარებაში, იყო ის, რომ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას 70 ქვეყანასთან. ამან მოგვცა საშუალება, რომ წარმოება მასშტაბურად გაგვეზარდა.
მაგალითად, ისრაელთანაც მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც გეოგრაფიულად ძალიან შორსაა ჩვენგან და ძალიან კონკურენტუნარიანი ბაზარია. ამ ხელშეკრულების წყალობით იქ დღეს ავოკადოს ვყიდით. ამდენად, ამოცანაა გავიხსნათ მაქსიმალურად და არა მხოლოდ ახლომდებარე რეგიონებისთვის. რასაკვირველია, რეგიონში ვაჭრობა უმნიშვნელოვანესია - თქვენ უნდა გახდეთ ე.წ. ჰაბი, ანუ რეგიონის ლოგისტიკური ცენტრი. თუმცა, ჰაბი საკმარისი არ არის. თქვენთვის ასევე გახსნილი უნდა იყოს სხვა, ალტერნატიული ბაზრები, მაგალითად, ჩინეთი. ახლა ჩინელებს ღვინო შეუყვარდათ. ადრე ასე არ იყო. დღეს ჩინელები უკვე ბევრ ღვინოს ყიდულობენ.
- ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკმაოდ ნელა ვმოძრაობთ ყველა იმ მიმართულებით, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, თქვენ ასე არ ფიქრობთ?
- ზოგჯერ მესმის გულდაწყვეტილი ადამიანების კომენატრები სწორედ ამავე საკითხზე. ადრე უფრო სწრაფად მიდიოდით წინ, რადგან ის იყო, ასე ვთქვათ, სწრაფად მოგვარებადი საკითხები. როგორც ინგლისელები იტყვიან - „ადვილად დასაკრეფი მოსავალი“. მას შემდეგ, რაც შედარებით მარტივი საკითხები მოაგვარეთ, ბევრი რამ შესაძლოა, უფრო რთული გასაკეთებელი გახდეს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ გავამართლო მთავრობა. ჩვენ, რასაკვირველია, მათთან ერთად, ასე ვთქვათ, ხელიხელჩაკიდებული ვმუშაობთ. თუმცა, მთავრობის მუშაობის უფრო სწრაფ ტემპს მეც ვისურვებდი.
ესაუბრა ლიკა ბასილაია-შავგულიძე