ინოვაციური წარმოების მხარდასაჭერად სამრეწველო ლაბორატორიების გარდა წელს ტექნო პარკიც შეიქმნება

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების Fab Lab-ის (fabrication laboratory) დაფუძნებას მოითხოვს. ინივაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით თბილისში უახლესი დანადგარებით აღჭურვილი სამრეწველო ინოვაციების ორი ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც გამოგონებების საბოლოო პროდუქტად ჩამოყალიბებას მოემსახურება. წლის ბოლომდე კიდევ 3 ლაბორატორიის გახსნა იგეგმება, აქედან 2 რეგიონებში განთავსდება. სააგენტოს გეგმებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ eugeorgia.info-ს შეკითხვებს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების პროექტების კოორდინატორმა ლევან გაბისონიამ უპასუხა.
- აცოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გეგმაში გაწერილია, რომ 2015 წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციური ეკო-სისტემის ფორმირებისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადედგა. ამ ეტაპზე სააგენტო რა პროექტებს ახორციელებს?
- საერთო ჯამში განვახორციელეთ 3 საგრანტო პროგრამა: პირველი - ინოვაციების ლაბორატორიების საგრანტო პროგრამა, მეორე - სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების Fab Lab-ის საგრანტო პროგრამა და მესამე - მინი გრანტების პროგრამა.
ინოვაციების ლაბორატორიების საგრანტო კონკურსში უნივერსიტეტებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება, რამდენიმე უნივერსიტეტმა გაიმარჯვა და მათ ბაზაზე მობილური აპლიკაციების, გრაფიკული დიზაინის და ვებ აპლიკაციის ლაბორატორია მოეწყო.
მეორე საგრანტო პროგრამა ეს არის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების - Fab Lab-ის პროგრამა. ზოგადად ასეთი გარემოს იდეა მოდის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ბიტების და ატომების დეპარტამენტიდან . ამ დეპარტამენტს ბიტები და ატომები ჰქვია იმიტომ, რომ როდესაც კრეატიული ადამიანი რაიმე მოდელს აკეთებს, ეს კომპიუტერში ინახება ბიტებში და შემდგომ უკვე ამ აღჭურვილობის გამოყენებით ამ იდეის განხორციელება ანუ ატომებად გარდაქმნა ხდება. ასეთ გარემოს სამრეწველო ლაბორატორია ეწოდა. ამის შემდეგ შეიქმნა მსოფლიო ქსელი, სადაც 50 ქვეყანაზე მეტია გაერთიანებული. ეს საერთაშორისო პროექტი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის საგრანტო პროგრამა საინჟინრო ლაბორატოორიის და კრეატიულ დიზაინზე ორიენტირებული ლაბორატოორის მოწყობის მიმართულებით გამოცხადდა. საინჟინრო მიმართულებაში ილიას უნივერსიტეტმა, დიზაინის კუთხით კი სამხატვრო აკადემიამ გაიმარჯვა.
ილიას უნივერსიტეტში ლაბორატორია 2014 წლის 26 დეკემბერს გავხსენით, შემდგომ პერსონალი დატრენინგდა და ლაბორატორია ახლა სრული სიმძლავრითაა გაშვებული. ამ ლაბორატორიაში 3D პრინტერი და სკანერი, ლაზერული მჭრელი, ვაკუმ-ფორმირების მანქანა და ელექტრონიკის კუთხეა ხელმისაწვდომი.
ეს ლაბორატორია მთელი კვირა ღიაა, აქედან ორი დღე საზოგადოებისთვის უფასოა. საქართველოში არიან კომპანიები, რომელებისთვის ამ დანადგარების გამოყენება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ასეთი სიმძლავრის დაზგების შეძენის თანხა არ ჰქონდათ. მათ ახლა სიმბოლური თანხის სანაცვლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და აპარატურაზე წვდომა აქვთ.
მალე სამხატვრო აკადემიის ბაზაზე კრეატივ Fab Lab-ი გაიხსნება. ამ ლაბორატორიის აპარატურა ცოტა თავისებურია, უფრო მიმართულია სამრეწველო დიზაინზე. თუ ვიღაცამ პირობითად ვამბობ, ილიას უნივერსიტეტში რაღაც პროდუქტი შექმნა, პროტოტიპი დაამზადა და ის უკვე წარმოებაში უნდა ჩაეშვას, იმისათვის რომ ინვესტორმა ნახოს, ამ პროდუქტს სამრეწველო დიზაინი ანუ შეფუთვა სჭირდება. ეს არის პირდაპირ სამრეწველო დიზაინის მიმართულება, რომლის განხორციელება კრეატივ Fab Lab-ში შესაძლებელი იქნება.
წელს ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში კიდევ სამი სამრეწველო ლაბორატორია გაკეთდება.
- Fab Lab-ები ევროპაშიც პოპულარულია?
- დიახ ევროპაშიც, მაგალითად ბარსელონაში ლაბორატორიების ყოველ უბანში გახსნა დაიწყეს იმიტომ, რომ მათი აზრით, ეს ახალგაზრდებში უმუშევრობას შეამცირებს.
- რომელია მესამე საგრანტო პროგრამა?
- ეს არის მინი გრანტების პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის უფლება ფიზიკურ პირებს ჰქონდა. გრანტის მაქსიმალური მოცულობა 50 ათას ლარს შეადგენდა. მაგრამ აპლიკანტს თანადაფინანსების პრინციპით კერძო კომპანიისგან მისთვის საჭირო დამატებითი თანხების მოზიდვაც შეეძლო.
- გრანტის მოსაპოვებლად რა კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა კანდიდატს?
- ეს კრიტერიუმები იყო: პროდუქტის კომერციალიზაციის დონე, პროდუქტის ინოვაციურობა, ბაზრის კვლევა, ბაზრის პოტენციალი. 150 გამომგონებელმა წარმოადგინა თავისი პროექტი, ასაკი შეზღუდული არ იყო. ყველა წარმოდგენილი პროექტი საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს.
- ვინ იყვნენ ეს ექსპერტები?
- ექსპერტები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები იყვნენ. საექსპერტო შეფასება დარგის სპეციალისტებმა გააკეთეს შემდგომ უკვე მათი დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა საგრანტო საბჭომ მიიღო. 17 პროექტი დაფინანსდა და ახლა სწორედ მათი პროდუქტების განხორციელების პროცესი მიმდინარეობს.
- გამარჯვებული კონკურსანტებიდან რომელიმემ თუ გადაიტანა თავისი გამოგონება წარმოებაში?
- ძირითადი მიზანი ამ გრანტის ის არის, რომ პროდუქტს საბოლოო სახე მისცენ, ტექნიკური დოკუმენტაცია და ბაზრის კვლევა მოამზადონ, რათა პროდუქტის წარმოებაში ჩასაშვებად ასი პროცენტით მზად იყვნენ. ამ ეტაპზე გამომგონებლები თავიანთ პროდუქციაზე მუშაობენ და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, 17 ინოვაციურ პროდუქტს მივიღებთ, რომელსაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ბაზარზე გასვლის პოტენციალი ექნება.
- რას შეეხება ეს გამოგონებები?
- რამდენიმე არის ბიო მიმართულებით, რამდენიმე არის დანადგარი. მაგალითად ერთი არის ბლინების საცხობი აპარატი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ შენც თვალწინ ბლინს აცხობს. მაღალ ინტელექტუალურ პროდუქტებთან ერთად პრაქტიკული და ბაზარზე ორიენტირებული გამოგონებებიც არის.
მინი გრანტების პროგრამა ერთწლიანია და დეკემბერში დაიხურება.
- ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 1 წლის შექმნილია. ვინ გიწევდათ კონსულტაციებს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების მოწყობასა და საგრანტო პროგრამის წარმართვაში?
- დაგვეხმარა მსოფლიო ბანკი, ექსპერტებიც სწორედ მათი რეკომენდაციების საფუძველზე შეირჩა. ლაბორატორიებისთვის ტექნიკაც მაღალი ხარისხის ვიყიდეთ, რომ მრავალწლიან ექსპლოატაციას გაუძლოს. Fab Lab-ის პროგრამა სამწლიანია, მაგრამ ტექნიკამ ამის შემდეგაც ხომ უნდა იმუშაოს.
ჩვენ Fab Lab-ის წესდება შევქმენით, ეს არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ამ ლაბორატორიების მუშოაბის პრინციპს განსაზღვრავს. ლაბორატორია მთელი კვირა ღია უნდა იყოს. უნივერსიტეტს ვალდებულება აქვს, რომ ლაბორატორია მთელი არსებობის განმავლობაში ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენ ამ ლაბორატორიებს საერთაშორისო ქსელში ვსვამთ, რომელიც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად კენიის Fab Lab-ში შექმნილი მოდელის დამზადება ილიას უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება. ეს ინტელექტუალური ინფორმაციის გაცვლის ქსელია. ზოგადად ეს საინტერესო ინოვაციების და ტექნოლოგიების პლატფორმაა.
- ლაბორატორიების მოწყობის გარდა სააგენტოს მიერ დაწყებულია ტექნოლოგიური პარკის მშენებლობა რა ფუნქცია ექნება ტექნო პარკს?
- ტექნო პარკი არის გარემო, სადაც არის ლაბორატორიები, სივრცეები კომპანიებისთვის, რომლებიც სიმბოლურ ფასად გადაეცემათ და თავიანთ იდეებს ამ სივრცის ფარგლებში ავითარებენ. ეს არის შესაძლებლობა, რომ წარმატებული ადამიანების მუშაობამ გარაჟებიდან უგრო კარგ ადგილას გადაინაცვლოს.
ტექნო პარკის მშენებლობა ოქროყანაში ზაფხულში დასრულდება. მთლიანი ფართი 3600 კვადრატული მეტრია. აქ იქნება საკონფერენციო დარბაზები, მაღალი დონის ლაბორატორიები, ინკუბატორები (იდეის საბოლოო დონემდე მიყვანის ყველა რგოლი) და აქსელატორები (საბოლოო დონემდე მიყვანილი პროდუქტის ბაზარზე გატანის დაჩქარების მექანიზმები ).
რადგან ჯერ ჩვენ არ გვაქვს აქსელერატორი, ამიტომ იყო ერთი შემთხვევა, როცა ჩვენ ინოვატორების ჯგუფი გავუშვით დუბაის აქსელერატორში. ამ ჯგუფმა ხელთათმანი გამოიგონა, რომელიც ვირტუალურ კომპიუტერულ თამაშებში რელური შეგრძნებების მისაღწევად გამოიყენება. ამ ხელთათმანის დასახვეწად მათ სტენფორდის უნივერსიტეტში გამოგონებული გარე გარსი სჭირდებოდათ. როგორც კი ჩვენთანაც გაჩნდება აქსელერატორი, გამომგონებლებს ეს დიდ შესაძლებლობას მისცემს.
- ტექნოლოგიური პარკი ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება?
- არის საუბარი იმაზე, რომ სიმბოლური თანხებიც არ იყოს გადასახდელი ტექნო პარკის შესაძლებლობების გამოყენებისთვის. საჯარო ბიბლიოთეკების პრინციპზე დაფუძვნებული გარემო უნდა იყოს და ტექნო პარკში ადამიანის დაშვება მარტივი აპლიკაციის შევსების ფორმით მოხდება.
შესაძლოა, რომ ტექნო პარკი აშენდეს ქუთაისშიც. ტვინები რომელიც რეგიონებში არის და იკარგება, სწრაფად უნდა ჩაერთონ ამ პროცესებში. ამ კუთხით სერიოზული მუშაობა დაწყებული გვაქვს და წელს Fab Lab-თან ერთად ბიბლიოთეკების ბაზაზე რეგიონებში საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრების ფორმირებას ვაპირებთ.
- რა იგულისხმება საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრების ფორმირებაში?
- ეს არის ტექნო პარკის მსგავსი მინი გარემო მუნიციპალიტეტებში მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად. ეს საჯარო მოხელეებისა და აკადემიური სექტორის კვალიფიკაციის ამაღლებას ხელს შეუწყობს.
- როგორ უნდა გადავიდეს გამოგონებები ბიზნესსა და წარმოებაში?
- ქვეყნის დიდი პრობლებაა ის, რომ დღეს გამომგონებელი მუშაობს თავისთვის და ბიზნეს სექტორთან კავშირი არ აქვს. გამომგონებელს ჰგონია, რომ მისი გამოგონება არავის სჭირდება, ბიზნესმენს კი წარმოუდგენია, რომ მისთვის საჭირო ტექნოლოგიები ადგილობრივ ბაზარზე არ არის. სააგენტო ძალიან მალე გადადგამს მკვეთრ ნაბიჯებს, რომ მოხდეს ასეთი სტერეოტიპების დანგრევა. ერთიანი პლატფორმა გაკეთდება, სადაც ბიზნესის და გამომგონებლების დაკავშირება მოხდება. პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელია, რომ გამომგონებელი დახმარების სათხოვნელად სახელმწიფოსთან მიდის, მაშინ როდესაც მისი ოფისის მახლობლად შესაძლოა არის კომპანია, რომელსაც ეს გამოგონება სჭირდება.
- რა ვადებში შეიძლება, რომ რეალური შედეგები მივიღოთ ცოდნაზე დაფუძნებული წარმოებების განვითარების კუთხით?
- ჩვენ შეგვიძლია გავატაროთ ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესში ნახტომის გაკეთებას და ეს განვითარებადი ქვეყნების მთავარი გამოწვევაა. 2020 წლისთვის გამომგონებლები და ბიზნესი უნდა მუშაობდნენ ერთმანეთისთვის. ამ საქმეში შუამავლის როლი სახელმწიფოს აქვს, მაგარამ მნიშვნელოვანია რომ აგვყვეს კერძო სექტორიც. დიდ კომპანიებს ამ პროცესების დამოუკიდებლად წარმართვის შესაძლებლობა აქვთ. საქართველოს ბანკმა თვის ბიზნეს ინსუბატორი უკვე გააკეთა. სახელმწიფომ ამ მიმართულებით უკვე დაიწყო რბოლა, ახლა კერძო სექტორის და საზოგადოების აქტიურობის ჯერია. როგორც კი სახელმწიფო, კერძო სექტორი და საზოგადოება ამ პროცესებში ერთად ჩაერთვება, შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგები 2 წელიწადშიც მივიღოთ.
ესაუბრა ზურაბ მოდებაძე