“ანტონოვკა” და “ცარსკი” VS “გრანი სმიტი”

“სუპერმარკეტებში, ძირითადად, ახალ და ხარისხიან ჯიშებს ითხოვენ. თუ კარგად არ შეწამლე, ხარისხიანი ვაშლიც ვერ მოგყავს. წამლის ფასი კი მაღალია, სასუქი ხელმიუწვდომელი გახდა.”
“ძველი ბაღებიდან მოწეული მოსავლის მაქსიმუმ 5 %-ს შეიძლება ჰქონდეს საექსპორტო პოტენციალი. დღეს სხვა მოთხოვნებია, ყველა ყუთში თანაბარი ზომის ვაშლი უნდა იყოს, დაავადებული არ უნდა იყოს, ასეთ ვაშლს დღეს 1000 ტონაზე მეტს ვერსად მოაგროვებ.“
2014 წლის წინასწარი მონაცემებით, ვაშლის იმპორტი წინა წელთან შედარებით დაახლოებით მილიონ 800 ათასი დოლარითაა შემცირებული. ამის მიუხედავად, ადგილობრივი წარმოების ვაშლის რეალიზაცია ფერმერებს ისევ უჭირთ. ვაშლის შიდა წარმოება, ძირითადად, შიდა ქართლის რეგიონზე მოდის, სადაც მებაღეები მოსავალს ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან, რაც რჩებათ წვენის გადამამუშავებელ ქარხანაში 8 თეთრად აბარებენ. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ მსხვილი სავაჭრო ობიექტები და სუპერმარკეტები მათთვის მიუწვდომელია.
გელა ელიკაშვილს გორის რაიონის სოფელ ქერეში ვაშლის ბაღი 2.5 ჰა-ზე აქვს გაშენებული და 100 ტონამდე მოსავალს იღებს. ვაშლი გორიდან ქუთაისში მიაქვს და ბაზარში ყიდის. “სუპერმაკრეტებსა და სავაჭრო ობიექტებში თავიანთი დისტრიბუცია აქვთ. გლეხებთან პირდაპირი ურთიერთობა არა აქვთ, ბაზარზე გადამყიდველებს უკვეთავენ რომელი ვაშლი და რა რაოდენობით უნდათ, ამიტომ აქვს მერე მაღალი ფასი”
“ძირითადად, გორის ბაზარზე ვყიდით. ჭირს რეალიზაცია. სავაჭრო ობიექტები კი ძალიან ცოტას იღებენ, ფულს წინასწარ არ გვაძლევენ. ფასიც ძალიან დაბალია. ძირითადად, ერგნეთი იყო ჩვენთვის ბაზარი და ისიც ჩაიკეტა.”- ამბობს სოფელ კარდის მცხოვრები მალხაზ ანიაშვილი.
“თბილისში მქონდა წაღებული, ნავთლუღის ბაზარში გასაყიდად, მაგრამ იქ უფრო მეტად ჭირს გაყიდვა. მგონია, რომ ჩემი ვაშლი არ ჩამოუვარდებოდა სუპერმარკეტებში იმპორტულს, რასაც 5-6 ლარად აფასებენ, ჩემში კი ლარსაც არ იხდიან“-ამბობს მებაღე კობა ბზიშვილი.
eugeorgia.info შეეცადა გაერკვია რა მარშრუტს გადის ქართული ვაშლი ბაღიდან დახლამდე. ჩვენ რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელს დავუკავშირდით და ვკითხეთ - როგორ ხდება დისტრიბუცია და ვინ ამარაგებს დღეს ქართული ვაშლით სავაჭრო ობიექტებს.
სუპერმარკეტების ქსელი “გუდვილი” ყოველდღიურად ატარებს ტენდერს და ვინც საუკეთესო ხარისხსა და ფასს შესთავაზებს, მომდევნო დღისთვის კომპანია მისგან ყიდულობს ხილ-ბოსტნეულს, მათ შორის ადგილობრივ და იმპორტირებულ ვაშლსაც. კომპანიის შესყიდვების სამსახურის განცხადებით, დღეს ქსელში უფრო მეტი იმპორტული ვაშლი იყიდება, იქიდან გამომდინარე, რომ ასორტიმენტი მეტია.
“გვაქვს 4-5 დასახელების ქართული და ამდენივე იმპორტული ვაშლი, უმაღლესი ხარისხის. ამ ეტაპზე, ქართული ვაშლი თითქმის არ არის, მაცივრებში აქვთ და აღარ არის ხარისხიანი, მაგრამ ბევრი მაინც ისევ ქართულს ირჩევს. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 40/60-ზე იქნება თანაფარდობა, იმპორტული უფრო მეტია, მაგრამ არის პერიოდი, როდესაც სეზონია, ქართული ჭარბობს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მომწოდებლებს”- ამბობს “გუდვილის” შესყიდვების თანამშრომელი გიორგი თანიაშვილი.
დარგის ექსპერტების შეფასებით, ხშირად ფერმერებმა არ იციან სამაცივრე საწყობებში შენახვის ზუსტი წესები, რის გამოც, პროდუქცია სათანადოდ ვერ ინახება.
ხარისხისა და ფასის მიხედვით არჩევს მომწოდებელს სუპერმარკეტების ქსელი “სპარიც”: “ვინც უკეთეს ხარისხსა და ფასს გვთავაზობს, იმისგან ვიღებთ. როდესაც ქართული პროდუქციაა ბაზარზე, უპირატესობას ვანიჭებთ ქართულ პროდუქტს, მაგრამ, როდესაც არ არის ქართული პროდუქტი, მაშინ ვიყენებთ უცხოურს. ზაფხულში უკეთესად ქართული იყიდება, როცა ახალია, როცა ქართული არ არის ახალი და ძველია, მაშინ უკეთესად იყიდება იმპორტული. დღეს, ძირითადად, საბერძნეთსა და საფრანგეთიდან შემოტანილი ვაშლი გვაქვს- აცხადებს “სპარის” კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გოცირიძე.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სავაჭრო ობიექტები და მომხმარებლები ქართულ ტრადიციულ ვაშლს იწუნებენ, დაბალი ხარისხია, ამას თავად ფერმერების ნაწილიც აღიარებს და eugeorgia.info-სთან საუბარში მიზეზებსაც ასახელებს თუ რატომ უჭირთ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება. “სუპერმარკეტებში ძირითადად ხარისხიან ჯიშებს ითხოვენ. თუ კარგად არ შეწამლე, ხარისხიანი ვაშლიც ვერ მოგყავს. წამლის ფასი კი მაღალია, სასუქი ხელმიუწვდომელი გახდა. ყველაზე იაფი 46 ლარი ღირს ერთი ტომარა. ჩვენ კი დაახლოებით 12-14 ტომარა გვინდა. ხარისხიანი ვაშლი ვეღარ მოყავს ხალხს და ამიტომ სოფლებში ბაღების ნახევარი გაიჩეხა “- ამბობს ლია გელაშვილი.
“ახლა ევროპული შხამქიმიკატები შემოდის, ისინი გათვლილია ჯუჯა ხეებზე, ახალ ჯიშებზე. ჩვენს ტრადიციულ დიდ ხეებს კი დიდი დოზები უნდა. თუ ჯუჯაზე უნდა 100 გრამი, ტრადიციულზე ორმაგი დოზა სჭირდება. ამიტომაა ტრადიცული ჯიშები დაბალი ხარისხის. დოლარი რომ ავარდა, ფასებმა ყველაფერზე აიწია. დაახლოებით 3.5 ტონა წამალი მინდა, რაც 700-800 ლარი ჯდება.”-ამბობს გელა ელიკაშვილი.
სანერგე მეურნეობის შ.პ.ს. კომპლექსაგროს გენერალური დირექტორი eugeorgia.info-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ადგილობრივი წარმოების ვაშლის პუპულარობის გასაზრდელად ახალი სახეობებით უნდა ჩანაცვლდეს კომუნისტურ ტექნოლოგიაზე აწყობილი ბაღები. გიორგი ჭონაშვილი ამბობს, რომ დღეს ბაზრის მოთხოვნები განსხვავებულია და ძველ ჯიშებს საექსპორტო პოტენციალი მხოლოდ რუსეთის ბაზარზე, ისიც მხოლოდ მცირე რაოდენობით აქვს.
“როგორ გგონიათ, 100 წლის წინანდელი ვაშლი დღესაც აქტუალური იქნება ბაზარზე? “ბანანი” რეალურად კანადური ჯიშია, გამოყვანილი 1862 წელს და საქართველოში შემოიტანეს 100 წლის წინ. იგივეა “ანტონოვკა”, “ცარსკი”-შემოტანილი ჯიშებია. ქართულია “კეხურა”, რომელიც ველური ჯიშია და არაფერი ვაშლი არ არის, ასევე, გამოყვანილი “ივერია”, რომელიც არ ვარგა, რადგან შიდა ლპობა იცის, გარედან კი ლამაზია. ერთადერთი ქართული “სინაპია” მარკეტინგულად კარგი და პერსპექტიული, დანარჩენი უნდა შეიცვალოს. სხვა ქვეყნებში ბაღი 40 წელი ძლებს, მაგრამ 20 წელიწადში ანახლებენ, იმიტომ რომ მორალურად ძველდება ჯიშები, ჩვენთან კი 100 წელია არ განახლებულა. ძველი ტექნოლოგიებით გაშენებულ ბაღებიდან მოწეული მოსავლის მაქსიმუმ 5 %-ს შეიძლება ჰქონდეს საექსპორტო პოტენციალი. დღეს სხვა მოთხოვნებია, ყველა ყუთში თანაბარი ზომის ვაშლი უნდა იყოს, ერთი ზომა, დაავადებული არ უნდა იყოს, ასეთ ვაშლს დღეს 1000 ტონაზე მეტს ვერსად მოაგროვებ. “
სურსათის უვნებლობასთან ერთად ევროკავშირი მკაცრად აკონტროლებს პროდქუციის ვიზუალურ მხარესაც. კონკრეტული სახეობისთვის განსაზღვრულია თითოეული ვაშლის ზომა სანტიმეტრებსა ან კილოგრამებში. მინიმალური მოთხოვნაა, რომ პროდუქტი იყოს ჯანსაღი გარეგნულად, არ ეტყობოდეს დაზიანებები, მათ შორის პესტიციდებისგან მიყენებული. ვაშლმა უნდა გაუძლოს ტრანსპორტირებასა და დანიშნულების ადგილამდე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მიაღწიოს. საგულდაგულოდ მოწმდება სიმწიფის მაჩვენებელიც, რისთვისაც შეიძლება გათვალისწინებული იყოს მორფოლოგიური ასპექტი, გემო და სიმყარე. ფერმერების მხოლოდ ნაწილმა იცის, რომ ევროპულ ბაზარზე გასასვლელად ვაშლი მაღალ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.
“აბსურდია, რომ ახლა ევროპაში გავიტანოთ ვაშლი. გლეხს არა აქვს სამაცივრე საწყობები. ასევე, ამას უნდა შეგნებაც, რომ გლეხმა გაიგოს, რომ სტანდარტების დაცვა აუცილებელია. დღევანდელი ჩვენი ვაშლით საქართველოს იქეთ ვერ გავალთ. გამოსავალი ბაღების განალხებაა, ასევე, უნდა იყოს დაბალპროცენტიანი კრედიტები, რომ გლეხმა რაღაც გააკეთოს, თორემ სხვა პერსპექტივა არა აქვს გლეხს, იცლება სოფლები.- ამბობს ფერმერი გელა ელიკაშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ უკვე დაიწყო ახალი პროექტის იდეაზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს სამაცივრე-შესანახი საწყობების მოწყობაში დაეხმარებიან. დეტალებზე სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა როგორც სააგენტოს ხელმძღნელმა აღნიშნა, პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს. მანამდე კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს თანამედროვე ინტენსიური ბაღების გაშენებაში ეხმარება, ამას ითვალისწინებს პროექტი “დანერგე მომავალი”, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადდა. ამ დროისთვის ყველაზე მეტი განაცხადი სწორედ ვაშლის ბაღების გაშენებაზეა. ფერმერების დიდი მოთხოვნის გამო სამინისტრომ თანადაფინანსების წინაპირობაში 5 ჰა-იანი ლიმიტი დაბლა დაწია და ვისაც 1 ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთი აქვს შეუძლია 30 მაისამდე განაცხადის შეტანა. თუმცა აქ თავი იჩინა სხვა პრობლემამ- რაც მიწის რეგისტრაციასთანაა დაკავშირებული. პროექტში ერთ-ერთ წინაპირობად ჩადებულია, რომ ბენეფიციარს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი უნდა ჰქონდეს.
“ძალიან კარგი პროგრამაა, მაგრამ ყველას არა აქვს მიწა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული, რასაც ითხოვენ, მე 2 ჰა-ზე მეტი მაქვს და არა მაქვს დარეგისტრირებული, ჩემი ნაკვეთები ცალ-ცალკეა 5 ადგილზე და 1200 ლარამდე მიჯდება გაფორმება. ჩემზე რომ იყოს გაფორმებული, სიამოვნებით მივიღებდი ამ პროგრამაში მონაწილეობას. გლეხების 10-15 პროცენტს მიწა არავის აქვს გაფორმებული.”- ამბობს მალხაზ ანიაშვილი.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილმა eugeorgia.info-სთან განაცხადა, პირველ რიგში, ვაშლის ძველი სახოებების განახლებასა და იმპორტის ჩანაცვლებაზე უნდა იზრუნოს ქვეყანამ და ამას ემსახურება აღნიშნული პროექტიც, თუმცა რამდენია დღეს შიდა ბაზარზე ვაშლზე მოთხოვნა და რა პროცენტს იკავებს ადგილობრივ სავაჭრო ქსელებში ქართული და იმპორტირებული ვაშლი -ეს ჯერ არ დაუთვლია სტატისტიკის დეპარტამენტს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ძირითადად სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობიან.
მაიკო გაბულდანი