საქართველოდან ექსპორტის მსურველებისთვის სავაჭრო ვებპორტალი TradeWithGeorgia ამოქმედდება
“მიმაჩნია, რომ ყველა ბიზნესს, რაც საქართველოში ხორციელდება და წარმოებასთანაა დაკავშირებული, პირველი დღიდანვე უნდა ჰქონდეს გეგმა, როგორ გავიდეს ექსპორტზე, შიდა ბაზარი დიდი არ არის...”
2 კვირაში ექსპორტიორებისთვის სავაჭრო პორტალი TradeWithGeorgia ამოქმედდება, რომლის მეშვეობითაც ქართველი მეწარმეები უცხოურ კომპანიებს პირდაპირ დაუკავშირდებიან და საკუთარ პროდუქციას გააცნობენ. საექსპორტო სტრუქტურის დივერსიფიცირების მიზნით, სავაჭრო ვებპორტალის განვითარება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების 2015 წლის სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. ვებპორტალის შექმნაზე საქართველოს მეწარმეობის სააგენტო მუშაობდა. რა სახის ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე, როგორ მოხდება უცხოური ბაზრების კვლევა და ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდა - ამ საკითხებზე eugeorgia.info მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს გიორგი ციკოლიას ესაუბრა.
“ეს პორტალი ექსპორტიორებისთვის მთავარი პლატფორმა უნდა გახდეს, რომ საკუთარი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ყველა დაინტერესებულ პირს. ამავდროულად, პორტალი იქნება საქართველოს სახე - ყველა ადამიანი თუ კომპანია, ვისაც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება უნდა, პირველ რიგში, მოძებნის გვერდს-tradewithgeorgia, მას საშუალება ექნება უშუალოდ კომპანიებს, მეწარმეებს დაუკავშირდეს. შემდგომ, გაკეთდება პროდუქციის ჩამონათვალი და ცალ-ცალკე გაიწერება რა ტიპის პროდუქციაა, ვინ არის მწარმოებელი და ა.შ. ეს იქნება კარგად შემუშავებული სავაჭრო პორტალი, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით გავუწევთ პოპულარიზაციას. ვებგვერდის შესახებ ინფორმაციას გავავრცელებთ მსხვილი პლატფორმების მეშვეობით, როგორიცაა-“ამაზონი” და “ალიბაბა”, სადაც ბევრი ტრეიდერი იყრის თავს.
უფრო კონკრეტულად, რა სახის ინფორმაციის მიღებას შეძლებენ მეწარმეები ამ ვებგვერდიდან?
ვთქვათ, მეწარმე აწარმოებს წვენს, მას შეუძლია თავისი პროდუქტის შესახებ ინფორმაცია ამ გვერდზე განათავსოს. გვეყოლება ადამიანი, რომელიც გვერდს ყოველდღიურად მართავს, კომპანიებთან ურთიერთობა ექნება, დაეხმარება მათ ინფორმაციის განთავსებაში, სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაში და ამ კომპანიებს ექნებათ საშუალება საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვებპორტალის მეშვეობით ტრეიდერებს მიაწოდონ. ასევე, შეუძლიათ პროდუქტზე, რისი გატანაც სურთ ევროკავშირის თუ სხვა ბაზარზე, ინფორმაცია, სურათები განათავსონ. ვებგვერდზე განთავსდება აგრეთვე ყველა პროცედურა, აქტივობა, რაც საჭიროა ტრეიდერისთვის, რომ ქართველ მეწარმეს დაუკავშირდეს და თავის მხრივ, ქართველი მეწარმისთვის, რომ ექსპორტზე გაიტანოს პროდუქცია.
თუ იქნება ვებგვერდზე ინფორმაცია უცხოური ბაზრების კვლევის შესახებ - სად, რომელ პროდუქტზეა მოთხოვნა/ რა შეიძლება გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე, სად არის საუკეთესო ნიშა?
რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი მსხვილი კვლევითი კომპანიისგან “ევრომონიტორი” შევიძინეთ ლიცენზია. “ევრომონიტორი” ახორციელებს დეტალურ კვლევას თითოეულ ბაზარზე, პროდუქციასა და ტენდენციებზე- აკეთებს ცალკეული ქვეყნის სავაჭრო სივრცის ანალიზს, რა ტიპის პროდუქციაზეა მოთხოვნა, მომდევნო წლებში, რაზე შეიძლება გაიზარდოს მოთხოვნა და ა.შ. დღეს საშუალება გვაქვს ყოველი თვის ბოლოს მივიღოთ ინფორმაცია ყველა ჩვენი მსხვილი სავაჭრო პარტნიორისა და ჩვენთვის საინტერესო ბაზრებზე არსებული ტენდენციების შესახებ. ვირჩევთ პროდუქტს: ღვინოს, წვენს ან ჯემს და ამ ქვეყნებში ვხედავთ რა ტენდენციაა ამ პროდუქციაზე, მომხმარებელს რა მოთხოვნები აქვს, რა შეიცვალა, რა შეიძლება შეიცვალოს- კარგად ჩამოყალიბებული კვლევაა, რომელსაც მერე ექსპორტიორებს ვაწვდით. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი ტიპის ინფორმაცია.
სად არის დღეს ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი და თუ გაქვთ უკვე დასრულებული კვლევა რომელიმე პროდუქტზე?
პირველი კვლევა გავაკეთეთ ღვინოსა და პოლონეთზე და შედეგი ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. აღმოჩნდა, რომ პოლონეთში ნახევრადტკბილ ღვინოზე ბოლო წლებია მოთხოვნა იზრდება, რაც ნიშავს იმას, რომ ჩვენი ბაზრის სეგმენტს, რომელიც აწარმოებს ასეთი ტიპის ღვინოს, შეუძლია პოლონეთი განიხილოს, როგორც ერთ-ერთი ბაზარი. ასევე, ვახორციელებთ წვენებისა და არაალკოჰოლური სასმელის კვლევას ყაზახეთის ბაზარზე. ლიცენზია გვაქვს ნაყიდი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაზეც, რომელიც სავაჭრო თვალსაზრისით ჩვენთვის საინტერესოა, ესენია: ბალტიისპირეთის ქვეყნები, გერმანია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ასევე, სპარსეთის ყურის ქვეყნები. გვაქვს პროდუქტების ჩამონათვალი, რომელზეც ვიძიებთ ინფორმაციას, დაწყებული კაკლიდან, დამთავრებული ყველა იმ პროდუქტით, რომელიც ექსპორტზე გაგვაქვს ან არსებობს ექსპორტზე გატანის პერსპექტივა. როდესაც მეწარმეებს საინფორმაციო ბიულეტენს ვუგზავნით, იქ ერთ-ერთი ნაწილი ეთმობა “ევრომონიტორის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს/ანალიტიკას. როგორც კი ამუშავდება ვებგვერდი-TradewithGeorgia, ანალიტიკურ ნაწილში, ასეთი ტიპის ინფორმაციას აუცილებლად განვათავსებთ.
როდესაც მეწარმეობის სააგენტომ დაიწყო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, წინასწარ თუ ჩატარდა მსგავსი მარკეტინგული კვლევები? რის საფუძველზე შედგა დასაფინანსებელი დარგების სია?
პროგრამის “აწარმოე საქართველოში” განხორციელება ერთი წლის წინ დავიწყეთ და მანამდე, რამდენიმე თვე ანალიზს დავუთმეთ. 400-მდე მეწარმეს შევხვდით, რომ გაგვეგო მათი საჭიროებები, შემდეგ უნდა გადაგვეწყვიტა რა ტიპის პროდუქტი შეგვეთავაზებინა - ეს უნდა ყოფილიყო კომპანიების მოთხოვნასა და საჭიროებაზე აგებული პროდუქტი. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გადავხედეთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ადგილობრივ კვლევებს და ჩამოვაყალიბეთ ის პროდუქტი, რაც დღეს გვაქვს “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში. ნაწილი, რომელიც მრეწველობის დარგზეა აგებული და მოიცავს ფინანსურ კომპონენტს, რომლის ფარგლებში, კერძო ბიზნესთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად ერთობლივ რისკზე მივდივართ, რათა დაფინანსება მიიღოს მეწარმემ და შეძლოს საკუთარი საქმის განვითარება. მეორე კომპონენტი ცოდნაზეა აგებული ანუ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, რაც ჩვენს კომპანიებს კონკურნეტუნარიანი ბიზნესის შექმნის საშუალებას მისცემს.
პროგრამაში წერია, რომ საკონსულტაციო მომსახურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ თუ მეწარმე პროგრამის ფინანსური ან ინფრასტრუქტურული კომპონენტით უკვე სარგებლობს
ყველა მეწარმეს შეუძლია საინფორმაციო ცენტრში მობრძანდეს და მიიღოს ის ინფორმაცია, რაც გვაქვს. ვატარებთ ტრენინგებსაც, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა კარგად უნდა განვსაზღვროთ ის ფინანსური და ადამიანური რესურსი, რაც გვაქვს და იმისათვის, რომ სწორ და კარგ შედეგამდე მივიდეთ, მიზანმიმართულად, რაღაც სეგმენტზე უნდა ვიმუშაოთ, სადაც კომპანიებთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ გავდივართ განვითარების ეტაპს და შემდეგ, ვნახავთ სახელმწიფოს გამოყოფილმა რესურსმა რა ტიპის შედეგი მოიტანა. 10 ათას კომპანიას ყოველდღიურ რეჟიმში კონსულტაციას ვერ გავუწევთ. დღეს 150-მდე კომპანიასთან ვმუშაობთ.
ანალიზის, კვლევის შედეგად თუ გამოიკვეთა ახალი დარგები, რაც საექსპორტო თვალსაზრისით საინტერესოა ქვეყნისთვის?
სააგენტოს ფარგლებში, შექმნილია ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, რომელიც ახალი დარგების კვლევითაა დაკავებული. რაც შეეხება დაფინანსებულ პროექტებს, ინოვაციური პროექტებიც ხორციელდება. მაგ. ფარმაცევტიკა, ამ სფეროში წარმოების პროცესი სიღრმეში არ შედიოდა ანუ უფრო შეფუთვით ვიყავით დაკავებული, ჩვენი პროგრამის ფარგლებში არის კომპანია, რომელიც წარმოების სრულ ციკლს ახორციელებს, ასევე, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების წარმოება, რაც აქამდე საქ-ში არ არსებობდა. არის კომპანია, რომელიც აწარმოებს გარე ავეჯს, აივნებისთვის და ა.შ. მსხვილი სასტუმროები დაინტერესდნენ ამ კომპანიისგან შეიძინონ ავეჯი. ასევე, არის კომპანია, რომელიც დაკავებულია სისხლის გადასხმის პრეპარატების წარმოებით. მიმაჩნია, რომ ყველა ბიზნესს, რაც საქართველოში ხორციელდება და წარმოებასთანაა დაკავშირებული, პირველი დღიდანვე უნდა ჰქონდეს გეგმა, როგორ გავიდეს ექსპორტზე, შიდა ბაზარი დიდი არ არის.
ერთ-ერთი პრობლემა დღეს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაა, გასაგებია, რომ საიტი, გარკვეულწილად, ამას ხელს შეუწყობს, თუმცა სხვა რა ნაბიჯებს დგამს დღეს ხელისუფლება ქართული პროდუქციის ცნობადობის გასაზრდელად?
სამწუხაროდ, ჯერ კარგად არ იცნობენ ჩვენ ქვეყანას და არც ჩვენ წარმოებულ პროდუქციას. აუცილებელია, ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მიწოდების დროს ხარისხის კომპონენტი იყოს დაცული. პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ პირველივე ეტაპზე გავაცნობთ ქვეყანას, რომელშიც ხარისხიანი პროდუქცია იწარმოება და ამას სწორი ფორმით მივაწვდით, კომპანიებს პარტნიორებთან ურთიერთობა გაუმარტივდებათ. CNN-ზე ვასპონსორებთ გადაცემას, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება და ჰქვია “აბრეშუმის გზა-გუშინდელი დღე, რეალობა და მომავალი”, გადაცემაში საუბარია რამდენად მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზა და ერთ-ერთი ნაწილი დაეთმობა საქართველოს. ასევე, სექტემბრიდან 9 თვის განმავლობაში CNN-ზე იტრიალებს კლიპი, რომლის მთავარი გზავნილია ის, რომ საქართველო ევროკავშირის ბაზრის ნაწილია და DCFTA-ის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს საქ-ში წარმოებული პროდუქცია შეუძლია გაიტანოს ევროკავშირის ბაზარზე. ასევე, ჩვენთვის საინტერესო ქვეყანებში თემატურ ღონისძიებებს ვატარებთ. ლონდონში “Discover Georgia” ჩავატარეთ, 15 კომპანია ჩავიყვანეთ და ქართული კუთხე მოვაწყეთ, პირდაპირ მომხმარებელთან მივედით. მსგავსი ღონისძიების მოწყობას ვაპირებთ სექტემბრის ბოლოს ნიუ-იორკში. ასევე, ვაწყობთ “სავაჭრო მისიებს”- რომელიმე ქვეყნის ბიზნესმენები, დისტრიბურტორები ჩამოგვყავს საქ-ში და შეხვედრებს ვაწყობთ ან აქედან მიგვყავს, სექტემბერში ემირატებიდან ვაპირებთ ჩამოყვანას, ნოემბრის ბოლოს კი - ჩინეთიდან. ბალტიისპირეთიდან გვყავდა კომპანია, რომელიც ბევრ დისტრიბუტორს აერთიანებს, მათ ქართულ კომპანიებთან კონტრაქტებიც კი გააფორმეს.
ერთ კვირაში დატოვებთ მეწარმეობის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს, რა მიმართულებით ურჩევდით მუშაობის გაძლიერებას თქვენს შემცვლელს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?
კერძო სექტორთან ურთიერთობის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ჩვენ ვართ სახელმწიფო უწყება, სახელმწიფოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი კი კერძო სექტორია. ვცდილობთ, ხელი შეუწყოთ კერძო სექტორს იმ კუთხით რა კუთხითაც ამის საჭიროება არსებობს. საჭიროება რომ გავიგოთ და ნდობა ჰქონდეს, ჩვენთან უნდა დაჯდეს, განიხილოს, მოგვიაზროს, როგორც პარტნიორი, აუცილებელია, რომ ნდობის ხარისხი იყოს მაღალი. ვიმედოვნებ, ადამიანი, ვინც მე შემცვლის, გააგრძელებს ამ გზას და გააზრებული ექნება, რომ მისი მთავარი პარტნიორი კერძო სექტორია.
ესაუბრა მაიკო გაბულდანი