ქართული თხილისა და კაკლის ექსპორტი იტალიასა და გერმანიაში გაიზარდა
"2015 წლის პირველ-მეორე კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტის 14% მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 7% იყო"
საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის პირველ ნახევარში ექსპორტი 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით შემცირებულია. შემცირებულია ევროკავშირში ექსპორტის მოცულობაც. თუ გასული წლის პირველ-მეორე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებში $298,639.2 ათასი ღირებულების პროდუქტი გავიდა, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ეს მონაცემი $5,975.2 ათასით ნაკლებია ($292,664.0 ათასი). თუმცა ექსპორტის შემცირება კავშირის 28-ვე წევრ ქვეყანას არ შეხებია. იტალია, გერმანია და დიდი ბრიტანეთი იმ სიაშია, სადაც საქართველოდან გატანილი პროდუქტის რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით გაიზარდა. ძირითადად, უცვლელია მაჩვენებლები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ექსპორტის მთლიანი მოცულობა შემცირებულია პოლონეთში, საფრანგეთში, ესპანეთსა და საბერძნეთში.
იტალია, ბულგარეთთან ერთად, ექსპორტის მიხედვით, საქართველოს ძირითადი პარტნიორების სიაშია. 2015 წლის პირველ-მეორე კვარტალში ექსპორტის მოცულობა, ძირითადად, თხილისა და კაკლის ხარჯზეა გაზრდილი. 2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან იტალიაში 1,842.4 ტონა “თხილი და სხვა კაკალი” გაიტანეს, გასული წლის ამავე პერიოდში ეს რიცხვი 437.4 ტონას შეადგენდა. იტალიაში ექსპორტირებულ პროდუქტებს შორისაა: ხე-ტყის მასალა, სასუქები, მცირე რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის წვენი, რომელთა ექსპორტი 2015 წელს მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. იტალიაში ექსპორტზე გადის ტექსტილის ნაწარმიც. მიმდინარე წელს, კომპანიამ “აჭარა ტექსტილი” იტალიის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფორმების შეკვეთა მიიღო. კომპანია ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის “პუმას” შეკვეთით, საფეხბურთო გუნდებისთვის ფორმებს უკვე 5 წელია კერავს.
“პუმა” რომელი ქვეყნის გუნდისთვისაც ისურვებს შეკერვას, იმის მიხედვით იგზავნება პროდუქციაც. გერმანიაში გავაგზავნეთ “დორტმუნდის ბორუსიას” ფეხბურთელებისთვის. ასევე, დიდ ბრიტანეთში- “ნიუქასლის”,“არსენალის” ,“მანჩესტერ იუნაიტედისა" და “გლაზგო რეინჯერსის” ფეხბურთელებისთვის. წელს გვქონდა იტალიის ეროვნული ნაკრების სპორტული ფორმების შეკვეთა. ყოველწლიურად, სხვადასხვა კლუბისთვის ვამზადებთ შორტებსა და მაისურებს. წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 50%ით გაზრდილია მოცულობა”- ამბობს “აჭარა ტექსტილის” ფინანსური მენეჯერი გია ლომინაძე.
2015 წლის იანვარ-ივნისში ევროკავშირში ექსპორტის მთლიანი მოცულობის თითქმის ნახევარი ($101,718.5 ათასი) ბულგარეთზე მოდის. გასული წლის 1-2 კვარტალთან შედარებით ექსპორტი $2,861.3 ათასით გაზრდილია. ბულგარეთში საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით გადის სპილენძის მადნები და კონცენტრანტები. წელს ახალი პროდუქტია სპილენძის ნარჩენები და ნავთობპროდუქტები,რომელთა ექსპორტი გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. 2015 წლის პირველ ნახევარში ბულგარეთში არ გასულა თხილი და კაკალი. ბულგარეთისგან განსხვავებით, თხილისა და კაკლის ექსპორტი გაიზარდა გერმანიაში. 2015 წელს, დაახლოებით, 2.5-ჯერ მეტი (1,116.6 ტონა) გავიდა, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში. თითქმის უცვლელია ხილისა და ბოსტნეულის წვენების მოცულობა და მცირედი მატებაა ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტში.
დაახლოებით 2-ჯერაა გაზრდილი თხილისა და კაკლის ექსპორტის მოცულობა დიდ ბრიტანეთშიც. 2015 წელს ბრიტანეთში ასევე გავიდა ლითონის ძვირფასი ნაკეთობები, რომლის ექსპორტი 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში არ მომხდარა. ამასთან, გაორმაგებულია სასუქების რაოდენობა და გაზრდილია ფეროშენადნობების ექსპორტი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 33%-იანი მატებაა ღვინის ექსპორტში. ღვინის ექსპორტი მცირედით გაზრდილია საფრანგეთშიც (2015 წელი- $50.4ათასი, 2014წ- $ 32.4 ათასი).
სტაბილურია ექსპორტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ლატვიასა და ესტონეთში, სადაც, ძირითადად, ქართული ღვინო და სპირტიანი სასმელები იყიდება. საქართველოდან ლატვიაში 2015 წელს საერთოდ არ გასულა თხილი და კაკალი. ლიტვაში კი გასულ წელთან შედარებით ექსპორტის მთლიანი მოცულობა $1,799.8 ათასით შემცირდა. შემცირებულ პროდუქტებს შორის მოხვდა ღვინო და თხილიც. საქართველოს თხილის გადამამშუავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თხილის ექსპორტის შემცირებას გაზრდილ ფასს უკავშირებს. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე თხილის ფასის მატება გასული წლის მეორე ნახევარში დაიწყო და 9 დოლარიდან დაახლოებით 14 დოლარამდე გაიზარდა.
“თხილზე მაღალი ფასი 2015 წლის დასაწყისიდან ივლისის თვემდე შენარჩუნდა. მოსავალი იყო მწირი, როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში, და ამან გამოიწვია ფასების მატება, აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ექსპორტიც შემცირდებოდა. აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში მოიკლო, უფრო დასავლეთ ევროპა აქტიურობდა, ისტორიულ მაქსიმუმზე იყო თხილის ფასი და აღმოსავლეთ ევროპას მაინც ფინანსური საშუალება იმდენი არა აქვს, რამდენიც დასავლეთს. წელს გაცილებით უკეთესი მოსავალია და ფასიც გასული წლის აგვისტოს ნიშნულს, დაახლოებით 9 დოლარს დაუბრუნდა, შესაბამისად, ველოდებით ექსპორტის მატებას”- ამბობს საქართველოს თხილის გადამამშუავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე-ალექსანდრე მოწერელია.
ყველაზე დიდი კლება ექსპორტში საბერძნეთში დაფიქსირდა. გასულ წელთან შედარებით თითქმის ორჯერაა შემცირებული, ძირითადად, სასუქებისა და ფეროშენადნობების ხარჯზე, შემცირებულია მინერალური და გაზიანი წყლების მოცულობაც. ესპანეთში კი ექსპორტმა, ძირითადად, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ხარჯზე დაიკლო, თუმცა მცირედით გაზრდილია თხილისა და კაკლის ექსპორტი, ასევე, საქართველოდან წელს პირველად გავიდა ღვინო. ესპანეთთან ერთად წელს ქართული ღვინისთვის ახალი ბაზარი გაიხსნა სლოვენიაში, სადაც მარტში ღვინის ექსპორტის მოცულობამ $4.0 ათასი შეადგინა.
“ევროკავშირი შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: ბაზრები, სადაც ქართულ ღვინოს იცნობენ, ბალტიისპირეთი და პოლონეთი ანუ პოსტსაბჭოთა-სოციალისტური ბანაკის ქვეყნები და დასავლეთ ევროპა, სადაც ქართულ ღვინოს გაცნობას ახლა იწყებენ. იმ ბაზრებზე, სადაც იცნობენ, განსხვავებული მარკეტინგულ მუშაობას ვატარებთ- ვცდილობთ, მხარდაჭერა ჰქონდეს, რომ უფრო მეტად მოიხმარონ ქართული ღვინოები, რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, იქ უფრო ცნობადობის გაზრდაზე ვმუშაობთ.”- ამბობს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი. სამანიშვილის განცხადებით, 2015 წლის პირველ-მეორე კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტის 14% მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 7% იყო.“წლების მიხედვით თუ შევხედავთ, 2005 წელს იყო ძალიან დაბალი, მაშინ რუსეთზე მოდიოდა ჩვენი ექსპორტის თითქმის 87%, 2% იყო ევროკავშირში, შემდეგ, 2007 -2012 წლებში 15-20%-ის ფარგლებში მერყეობდა, 2013 წელს მოიხსნა ემბარგო რუსეთის მხრიდან და ევროკავშირში პროცენტმაც იკლო (8-7%). დღეს კი მომატებულია და ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ტრადიციულ ბაზრებზე- რუსეთი-უკრაინა, ექსპორტი შენელდა”- ამბობს სამანიშვილი.
ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში 2015 წელს ტრადიციულ ბაზრებთან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი) ერთად მოხვდა პოლონეთიც. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პოლონეთი სტაბილური ბაზარია, სადაც წელს ღვინის ექსპორტში 2%-იანი ზრდაა, თუმცა მთლიანობაში ამ ქვეყანაში ექსპორტის მოცულობა გასული წლის 1-2 კვარტალთან შედარებით $1,989.1 ათასით შემცირებულია. შემცირებულია თხილის ექსპორტი. ასევე, წელს პოლონეთში საერთოდ არ გასულა მცენარის ნაყოფი და დაფქული ფქვილი. მცირედი კლებაა ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტშიც, თუმცა წელს გასული წლისგან განსხვავებით $300.3 ათასი ღირებულების ბოსტნეული გავიდა.
eugeorgia.info-ს შეკითხვაზე, უნდა გაზრდილიყო თუ არა გასული წლის 1-2 კვარტალთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მთლიანი მოცულობა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედების ფონზე-ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველომ გარკვეული ვალდებულებები უნდა შეასრულოს და გაატაროს მთელი რიგი რეფორმები, იმისათვის, რომ ევროკავშირის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის სრულად გაიხსნას.
“ზოგადად, არასახარბიელო ტენდენცია გვაქვს, განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ პერიოდში, მაგრამ ეს შეთანხმება (DCFTA) გათვლილია გრძელვადიან სარგებელზე. იმისათვის, რომ სრულად ისარგებლოს საქართველომ ამ შეთანხმებით გამოწვეული ბენეფიტებით, მან უნდა შეასრულოს გარკვეულო ვალდებულებები, იმისათვის, რომ ევროკავშირის ბაზარი სრულად გაიხსნას ქართული პროდუქციისთვის, მაგ. სურსათის უვნებლობის სფეროში გარკვეული რეფორმები უნდა გავატაროთ, რომ მაღალი რისკის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციამ შეძლოს ევროკავშირის ბაზარზე შესვლა. შესაბამისად, ეს შეთანხმება გათვლილია იმაზე, რომ სრული სარგებელი და ეფექტი რამდენიმე წლის შემდეგ დადგება, ამიტომ ძალიან რთულია მოკლევადიან პერიოდში იმაზე მსჯელობა ეფექტიანი არის თუ არა ეს შეთანხმება,”- განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გაბუნიამ.
თუ შევადარებთ ევროკავშირის ბაზარზე 2012-2015 წლების პირველი-მეორე კვარტლის ექსპორტის მონაცემებს, წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით ექსპორტი შემცირებულია.
სტატისტიკა: ექსპორტი ევროკავშირში 1-2 კვარტალში წლების მიხედვით:
2012 წელი- (27 ქვეყანა) $198,914.1 ათასი
2013 წელი- (27 ქვეყანა)- $209,726.2 ათასი
2014 წელი- (28 ქვეყანა) $298,639.2 ათასი
2015 წელი- (28 ქვეყანა) $292,664.0 ათასი
წყარო:საქსტატი
მაიკო გაბულდანი