სპეციალისტები სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას ეწინააღმდეგებიან
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) საქართველოს მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას პროდუქცია ევროკავშირის ბაზრებზე იაფად შეიტანონ. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის სავალუტო შემოსავლებს. რამდენად არის გამიზნული სოფლის მეურნეობის სფეროში დღევანდელი პოლიტიკა ევროპის ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი, სტაბილური ხარისხის და მოცულობის პროდუქციის მისაწოდებლად? ამის გარკვევას www.eugeorgia.info შეეცადა.
გასულ წელს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, ამის მუხედავად 2014 წელს სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) შემცირდა და 9.2 პროცენტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2014 წელს სოფლის მეურნეობაში 3,4 მილიარდი (3 378 100 000) ლარის პროდუქტი და მოსახურება შეიქმნა, რაც 2013 წლის ანალოგურ მაჩვენებელს 168 მილიონი (168 100 000) ლარით აღემატება. სოფლის მეურნეობის გარდა მშპ მრეწველობის, მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობისა და სხვა დარგებში გამომუშავებული თანხით ფორმირდება. გასულ წელს 0.6 %-ით მშენებლობის(7.3%) და 0.1%-ით ვაჭრობის(17.4%) დარგები გაიზარდა. არაფერი შეცვლილა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაში(10.5%) . ამის პარალელურად 0.2%-ით მრეწველობისა(17.1%) და 0.3%-ით სხვა დანარჩენი(38.5%) სექტორების გამომუშავება გაუარესდა. მარტივი დათვლებით ჩანს, რომ სხვა დარგების სოფლის მეურნეობაზე მეტად განვითარებამ, ლოგიკურად სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში გაზრდის ნაცვლად შეამცირა.
„მთავარი ინდიკატორი ჩემთვის წარმოების ზრდის დინამიკაა. გამოშვების გარდა საინტერესოა დამატებითი ღირებულებაც. წინა წელთან შედარებით დამატებითი ღირებულება დაახლოებით 9.6 პროცენტით გაიზარდა. ასევე დიამიკაში ჩანს თუ როგორ იზრდება გამოშვება, ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ტურიზმი ან საამშენებლო ბიზნესი შესაძლოა ისე განვითარდეს, რომ მისი ზრდის ტემპი და ღირებულება უფრო მეტი იყოს. ამიტომ ეკონომიკა სიღრმისეულად უნდა გავაანალიზოთ და არა ისე, რომ რაღაც ციფრი შემცირდა მთლიან შიდა პროდუქტში“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე www.eugeorgia.info-სთან ინტერვიუში.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების საგენტო, ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, შპს მექანიზატორი, სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს მელიორაცია - ეს ის უწყებებია, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტორს დაქვემდებარებაშია და რომელთა დახმარებითაც სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა ხორციელდება.
აგროსექტორის მხარდაჭერის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო რამდენიმე პროექტს ახორციელებს: ესენია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა; ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების განვითარების პროექტი; სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა; ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოკვლევა ბრუცელოზზე; ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო კონტროლი; კვების პროდუქტების, ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკა; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება და რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები; სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია; ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია; მევენახეობის უწყებრივი კადასტრის აგება; სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევების წარმოება; მრავალწლიანი ხეხილის ბაღების გაშენების პროგრამა- „დანერგე მომავალი“; „აწარმოე საქართველოში“; აგროდაზღვევა; გადამამაუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი; მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი; სამრეწველო მანდარინის და ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობს პროგრამა
ქართველი მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სამინისტრო მესამე წელია „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ ახორციელებს, რომლის ფარგლებში 27 ათასზე მეტი კრედიტი გაიცა. ჯამში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტებით დაფინანსებულია 136 ახალი საწარმო. მათ შორის 121 ახალი საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის და 4 ახალი საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა, გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში კი 11 საწარმო შეიქმნა.
ნოდარ კერესელიძის განცხადებით მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობაში გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი ფული ჩაიდება: „სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი დაახლოებით 300 მილიონი ლარია. ბიუჯეტის გარდა მთლიანი აგრო-სასურსათო პორთველი 2014 წელს 850 მილინი ლარი იყო. ეს არის თანხა, რომელიც აგრო კრედიტების სახით გაიცა, მათ შორის რა თქმა უნდა კერძო საბანკო სექტორიდან და ასევე იმ დახმარების პროექტების ფარგლებში, რასაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. რომ შევადაროთ 2012 წელს, იმ დროისთვის აგრო-სასურსათო საკრედიტო პორთველი თუ არ ვცდები დაახლოებით 50 მილიონ ლარს არ ცდებოდა. მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობაში კიდევ უფრო მეტი დაიხარჯება“.
ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტის, ეკონომისტ გია ჯანდიერის აზრით, სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიდგომა მთავრობის მხრიდან უშედეგო სოციალური პროექტია და ეკონომიკური თავლსაზრისით ეფექტს ვერ მოიტანს: „ზოგადად სუბსიდირება და სახელმწიფოს მხრიდან ასეთ პროექტებში მონაწილეობა არასწორია რამდენიმე თვალსაზრისით: პირველ რიგში ქვეყანა ძალიან ღარიბია და მას არ შეუძლია ამდენი თავისუფალი რესურსი გააჩინოს. მეორე - სოფლის მეურნეობის დასახმარებლად სახელმწიფო სხვა სექტორში შეგროვებულ გადასახადებს იყენებს. ერთი მეწარმის წელში გაწყვეტის ხარჯზე კი მეორეს დახმარება სწორი არ არის. წარმატებულ მეწარმეს, რომელსაც ფული გამოვართვით გადასახადების სახით, მას ხომ სახელმწიფომ შეუზღუდა საშუალება რომ გაიზარდოს და მეტი ადამიანი დაასაქმოს და მესამე- ასეთი მოქმედება გამრყვნელია და მსგავსი პროგრამების შეჩერება შეუძლებელია. სინამდვილეში მთავრობამ, რომელიც სოფლის მეურნების სუბსიდირებას ახორციელბს, კარგად იცის, რომ ეს არის რეალურად დროებითი სოციალური პროექტი და არავითარ შემთხვევაში აგრარული სფეროს გაუმჯობესებაზე ზრუნვა“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლა ISET-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ მთავრობის დახმარების მოლოდინში ფერმერები დამოუკიდებლად განვითარებაზე აღარ იზრუნებენ: „უნდა გავითვალისწინოთ, რომ სუბსიდიებს ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს. მიჩვევა იცის და მოტივაციას უკარგავს ფერმერს, რომ უფრო მეტად იფიქროს განვითარებაზე. ჩვენ რომ შვეიცარია ან ავსტრია ვიყოთ, მუდმივი სუბსიდირება შესაძლოა მისაღები ყოფილიყო. თუმცა საქართველოს ბიუჯეტისათვის ზოგიერთი დარგის ასე მუდმივად სუბსიდირება შეუძლებელია“.
ეკონომისტ აკაკი ცომაიას განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების შანსი წარმოებაში თანამედრო ტექნოლოგიების დანერგა და ინვესტორების მოზიდვაა. თუმცა, ცომაიას აზრით, მთავრობა არათანმიმდევრული პოლიტიკით ინვესტორებს ბარიერს უქმნის: „სოფლის მეურნეობას, რომ რამე ეშველოს, საჭიროა ინვესტიციები და მძლავრი ფერმერული მეურნეობების განვითარება. თუმცა ინვესტიციების თვალსაზრისითაც არამიმზიდველია სოფლის მეურნეობა საქართველოში, რადგან უცხოური ინვესტორებისთვის არ არის გახსნილი სოფლის მეურნეობა. ამის მაგალითად შეგვიძია გავიხსენოთ უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ფლობასთან დაკავშირებული შეზღუდვები. თუ მაინცდამაინც საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ იდეაფიქსი აწუხებს, მაშინ ჯობია, რომ მაქსიმალურად გზა გაუხსნას ინვესტორებს. ამას გარდა მთავრობამ ფერმერული მეურნეობის განვითარების და წარმოების პროცესში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების პოპულარიზაცია უნდა უზრუნველყოს. დღესდღეობით რასაც აკეთებს საქართველოს მთავრობა, ეს წყალში ფული გადაყრაა. სუბსიდირება თავისუფალ ბაზარზე ძალადობა და რესურსების არასწორი ხარჯვაა“.
ეკონომისტი გია ჯანდიერი მშპ-ში სოფლის მეურენეობის წილის 9.2 პროცენტამდე შემცირებაში პრობლემას ვერ ხედავს. მისი აზრით, პრობლემას სოფლად დასაქმებულთა დიდი რაოდენობა წარმოადგენს, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაში მიმნიმალური როლი აქვს: „მშპ-ში გასულ წელს სოფლის მეურნების წილი შემცირდა 9.2 პროცენტამდე, თუმცა ეს ციფრიც ძალიან მაღალია. ყველაზე წარმატებულ აგრარულ ქვეყნებში ეს ციფრი არასოდეს არ აღემატება 3-4 პროცენტს, ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში კი 1 პროცენტს არ აღემატება. ამიტომ სოფლის მეურნეობაში ფულის გადასროლა ნიშნავს იმას, რომ არანაირი წარმატება არ იქნება, სამაგიეროდ იმ წარმატებულ სფეროებს, რომელსაც ეს ფული აგროსექტორის სუბსიდირებისთვის გამოვართვით, იმათ ფაქტობრივად მივუსაჯეთ, რომ მათი წარმატებაც საეჭვო გახდეს. აგრარულ სექტორს უახლოეს ხანებში, ჩემი აზრით, ვერაფერი ვერ გააუმჯობესებს თუ ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა არ შემცირდებ იმ დონემდე, როგორც არის წარმატებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი. მაქსიმუმ 5 პროცენტზე უნდა ჩამოვიდეს. ეს ხალხი უნდა წავიდეს ქალაქში და გამოიძებნოს სხვა სამუშაო ადგილები“.
რატი კოჭლამაზაშვილის აზრით, სოფლიდან მოსახლეობა შესაძლოა შორს არც წავიდეს და რეგიონულ ქალაქებში გადამამუშავებელ მრეწველობაში დასაქმდეს. ეს ეკონომიკისთვის აუცილებელი დამატებითი ღირებულების შექმნის გარანტიაც იქნება და შედარებით დიდი სოფლებს, ქალაქური ტიპის მოწესრიგებულ დასახლებებად გადაქცევის შანს მისცემს: „თუ სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა მოსახლეობის 5%-ზე მეტი არ იქნება, შეიძლება იდეალური იყოს, თუმცა ეს მოკლევადიან პერიოდში რთული წარმოსადგენია. მთავარი კითხვა არის, თუ სად დასაქმდეს სოფლიდან წამოსული ხალხი. რეგიონებში მცირე მრეწველობის განვითარება უნდა მოხდეს, სადაც ხალხი თუნდაც სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში კი არ იქნება ჩართული, არამედ გადამუშავებაში, უფრო მეტი დამატებითი ღირებულების შექმნაში, საბოლოო პროდუქციის დამზადებაში. რეგიონული ქალაქები უნდა განვითარდეს, ხოლო შედარებით დიდი სოფლები გადაკეთდეს ქალაქებად, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარდება, გაიხსნება პოლიციის ოფისები, ბანკის ფილიალები და ა.შ.“.
საქსტატის 2015 წლის მონაცემებით სოფლად საქრთველოს მოსახლეობის 42,6 პროცენტი ცხოვრობს. სოფელში ყველაზე მეტი ადამიანი 2001 წელს ცხოვრობდა, რაც მთელი მოსახლეობის 48,2 პროცენტს შეადგენდა. 14 წლის განმავლობაში სოფლად მაცხოვრებელთა რაოდენობა 5,6 პროცენტით შემცირდა. გამოდის რომ წელიწადში საშუალოდ სოფელს 0,4 პროცენტი ტოვებდა. კლების ამ ტემპით საქართველოს სოფლის მცხოვრებთა რაოდენობა რომ მსოფლიო პრაქტიკას (5%) გაუთანაბრდეს, მიგრაციას საშუალოდ 94 წელი დასჭირდება.
ზურაბ მოდებაძე