ევროკავშირი საქართველოსთან თაფლის საექსპორტო კვოტის გაზრდაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აცხადებს, რომ 2016 წლის თებერვლიდან ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით გავა და იქღირსეულ ადგილსაც დაიკავებს. კომპანია „ბრეტის“ ხელმძღვანელი და მეფუტკრეთა გილდიის გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპაშვილი მინისტრის პროგნოზს არარეალურად მიიჩნევს. კეპაშვილი ამბობს, რომ ვერც მეწარმეები და ვერც სახელმწიფო სტრუქტურები თებერვალშითაფლის ევროკავშირში ექსპორტისთვის მზად ვერ იქნებიან.
DCFTA და თაფლის წლიური კვოტა
"ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში ჩვენ გამოგვიყვეს კვოტა და შეგვიძლია 1 500 ტონის შეტანა. ახლა საუბარია ამ კვოტის გაზრდაზე", - აცხადებს www.eugeorgia.info-სთან საუბარში სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, ომარ კაჭარავა.
საქართველო წელიწადში დაახლოებით 4000 ტონა თაფლს აწარმოებს. დარგის ექსპერტთა მოსაზრებით, საქართველოს ბევრად მეტი თაფლის წარმოება შეუძლია. მეფუტკრეთა გილდიის ინფორმაციით, მეფუტკრეობას საქართველოში 50 000-ზე მეტი ადამიანი მისდევს. მათი 99,6% მოყვარულია, არ აქვს პროფესიული განათლება და საფუტკრეში მხოლოდ 20-30 ოჯახი ჰყავს.
ადგილობრივი თაფლის დიდი წილი ქვეყნის შიდა ბაზარზე იყიდება. ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - 17 ტონა თაფლი ( 116 700 აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტზე 2013 წელს გავიდა. გასულ წელს მეფუტკრეებმა საქართველოს ფარგლებს გარეთ 5,4 ტონა ( 54 200 აშშ დოლარის ღირებულების) თაფლი გაიტანეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად თაფლზე მოთხოვნა 6%-ით იზრდება. ევროპელი მომხმარებელი თაფლს შაქრის მაგივრად, ბუნებრივ დამატკბობელად ხმარობს. თუ ადრე თაფლი დელიკატესად მიიჩნეოდა, ამჟამად ის უკვე ჩვეულებრივი საკვების კატეგორიაში გადის.ევროკავშირს თაფლის ადგილობრივი მოხმარების 55%, დაახლოებით 150 000 ტონა თაფლი, სხვა ქვეყნებიდან შეაქვს.
ევროკავშირის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ღვინისა და თხილის შემდეგ ევროპის ბაზარზე შესვლის ყველაზე დიდი შანსი ქართულ თაფლს და თევზს აქვს. ამ ეტაპზე ევროკავშირი თაფლის სექტორში არსებულ მდგომარეობას სწავლობს. მოწმდება, რამდენად შეესაბამება ამ სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობას, სხვადასხვა სავაჭრო ქსელიდან აღებული თაფლის სინჯები კი ლაბორატორიულ შემოწმებაზე რიგაში იგზავნება.
ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორები
ქართული თაფლი ბოლო წლების განმვლობაში ექსპორტზე ძირითადად ლიბიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, ერაყსა და ლიბანში გადის. გასულ წელს ამ ქვეყნებს ჩინეთისა და კორეის რესპუბლიკის სახით ახალი საექსპორტო მიმართულებები დაემატა. შარშან ჩინეთში 0,3 ტონა, ხოლო კორეის რესპუბლიკაში 0,1 ტონა თაფლი გავიდა. ექსპორტზე თაფლი ძირითადად შპს "ფუტკარას" გააქვს.
როგორც მეფუტკრეები ამბობენ, საქართველოს მთავარი უპირატესობა წაბლის თაფლია. მასზე დიდი მოთხოვნაა აზერბაიჯანში, თურქეთსა და საბერძნეთში. ამ ქვეყნებში წაბლის თაფლი ძირითადად, სამგზავრო ავტობუსებით, მცირე ზომის ჭურჭელით, პრაქტიკულად,კონტრაბანდულად გადააქვთ. ამ ქვეყნებში 1 კგ წაბლის თაფლი დაახლოებით 30 დოლარი ღირს. არანაკლები საექსპორტო პოტენციალი აქვს ფუტკრის რძეს, შხამს, ცვილს, ჭეოსდა დინდგელს.
როგორც "ფუტკარაში" ამბობენ, ქართული თაფლით ევროპელი დისტრიბუტორები და იმპორტიორებიც დაინტერესდნენ, მაგრამ მათ შემოთავაზებას თან ერთი მოთხოვნა ახლდა: თაფლი აუცილებლად მონოფლორული, ანუ ერთი სახეობის მცენარისგან უნდა იყოსმიღებული.საქართველოში კი ძირითადად პოლიფლორული - რამდენიმე სახეობის მცენარის ყვავილისგან მიღებული თაფლი იყიდება. გარდა ამისა, ევროპელი დისტრიბუტორები თაფლის დიდი პარტიის - მინიმუმ 20 ტონის მიწოდებას ითხოვენ. ასეთი ოდენობის მონოფლორული თაფლის წარმოება კი ამ ეტაპზე არცერთ მეფუტკრეს არ შეუძლია.
დემურ დარსანია მეფუტკრეობას ბავშვობიდან მისდევს. მისი თაფლი რიგაში, "ბიორის" ლაბორატორიაში შემოწმებაზე 2013 წელსაც გაიგზავნა და 2014 წელსაც. პესტიციდების და ანტიბიოტიკების ნარჩენები თაფლში არც ერთ ჯერზე არ აღმოჩნდა. დარსანია ამბობს, რომ 10 წელზე მეტია საფუტკრეში ანტიბიოტიკებს და ქიმიურ პრეპარატებს აღარ იყენებს, ფუტკარი კი სამთაბაროდ ტრასიდან შორს, ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში მიჰყავს. მეფუტკრე წელიწადში სამ ტონამდე სამი სხვადასხვა სახის თაფლს იღებს - წაბლის, გაზაფხულის და შემოდგომის თაფლს. 1 კგ თაფლს ადგილზე 20 ლარად ყიდის. იმისთვის, რომ თაფლის წარმოება გაზარდოს, ახლა მეფუტკრეობის კოოპერატივს - "კოდორი 2015-ს" აყალიბებს. კოოპერატივში ამჟამად ფუტკრის 230 ოჯახი ჰყავთ.
"მეფუტკრეობაში ყველაზე დიდი პრობლემა პროდუქციის რეალიზაციაა. ერთბაშად, დიდი რაოდენობის თაფლი ადგილობრივ ბაზარზე არასოდეს იყიდება. მოსახლეობას უჭირს და თაფლს ვერ ყიდულობს. თვეში მაქსიმუმ 100 კგ თაფლი გავყიდოთ. შესაბამისად, ვერც შემოსავლების შეგროვებას ვახერხებთ - მეურნეობის გადაიარაღებისთვის საჭირო თანხა არასოდეს გვქვს. გასულ წელს ჩვენგან 1,5 ტონა წაბლის თაფლი საუდის არაბეთში გაიტანეს. წელსაც აპირებდენ გატანას, მაგრამ ჯერ არ გამოჩენილან. კოოპერატივი მოგვცემს განვითარების და პროდუქციის გაზრდის საშუალებას. ჩვენი მიზანია ბიო თაფლის წარმოება და მისი ევროპაში გატანა."
მეფუტკრეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული თაფლის ევროპაში შეტანას ხელი, შესაძლოა, მისმა სიძვირემაც შეუშალოს. ამჟამად საქართველოში წარმოებული კილოგრამი თაფლი ადგილობრივ ბაზარზე 10-25 ლარად იყიდება. ევროკავშირში 1 კგ არგენტინული თაფლი დაახლოებით 3 ევრო ღირს და ის ქართულ თაფლზე გაცილებით იაფი გამოდის. იგივე ფასი აქვს მექსიკურ და ავსტრალიურ თაფლსაც. კიდევ უფრო იაფი, დაახლოებით 2 ევრო ღირს ჩინური თაფლი.
დარგის სპეციალისტთა განცხადებით, მთავრობის მხრიდან ხელშეწყობისშემთხვევაში ევროპის ბაზარზე ადგილი შესაძლოა, ძვირადღირებული, მაგრამ გამორჩეული საგემოვნო თვისებების მქონე ქართული თაფლისთვისაც მოიძებნოს. მაგრამ, ამისთვის ქართულმა თაფლმა ევროკავშირის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.
ევროკავშირს თაფლის ხარისხთან დაკავშირებით მკაცრი მოთხოვნები აქვს. ამ მოთხოვნებიდან ყველაზე მთავარი თაფლში ანტიობიოტიკების და პესტიციდების ნარჩენების დადგენაა. გარდა ამისა, მკაცრად არის გაწერილი თაფლში ზოგიერთი ნივთიერების დასაშვები რაოდენობები და საერთოდ აკრძალული ნივთიერებები. დღემდე საქართველოში თაფლს ანტიობიოტიკების და პესტიციდების ნარჩენებზე ვერცერთი ლაბორატორია ვერ ამოწმებდა.
მეფუტკრეთა გილდიის გამგეობის თავმჯდომარე ევროკავშირში თაფლის ექსპორტის ხელისშემშლელი ფაქტორებიდან რამდენიმე მთავარ მიზეზს გამოყოფს: "ევროკავშირში სასურსათო თაფლი უნდა გავიდეს. ასეთ თაფლს უნდა ჰქონდეს სასაქონლო სახე, უნდა იყოს ერთგვაროვანი: ჰქონდეს ერთნაირი ფერი, გემო და სუნი. უნდა იყოს დაფასოებული და ჰქონდეს ეტიკეტი. სასურსათო თაფლი ჩვენ თებერვალში არ გვექნება.
2012 წლიდან საქართველოში თაფლის ხარისხობრივი მონიტორინგი ტარდება. ლაბორატორიული კვლევისთვის თაფლის სინჯები ლატვიაში, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში იგზავნება. 2013 წელს ამ ლაბორატორიაში თაფლის 42 ნიმუში გაიგზავნა. აქედან 17 სინჯში ანტიბიოტიკების ნარჩენები აღმოჩნდა. ამავე ლაბორატორიაში 2014 წელს გაგზავნილი 103 სინჯიდან 32 ნიმუში ისევ ანტიბიოტიკების ნარჩენებით იყო დაბინძურებული. ასეთი შედეგებით ევროკავშირში თაფლს არავინ შეგვატანინებს. 103 სინჯიდან შეიძლება დაბინძურებული იყოს 2-3 ნიმუში, მაგრამ არა 50 და 30.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ ანტიბიოტიკების და პესტიციდების ნარჩენებზე თაფლის კვლევა ყველა ნორმის და წესის დაცვით რომ ჩაატაროს და ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი ევროკავშირმა აღიაროს, კიდევ მინიმუმ 9 თვეა საჭირო.
გარდა ამისა, საჭიროა კიდევ ერთი პროცედურა. ევროკავშირმა საქართველო უნდა შეიყვანოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც ევროკავშირში თაფლის ექსპორტის უფლება აქვთ", - ამბობს კეპაშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია
ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისთვის ერვოკავშირმა 1 მლნ ევრო გამოყო. ეს თანხა ძირითადად აპარატურის შეძენას მოხმარდა. მათ შორის არის ის აპარატურაც, რომელიც თაფლის შესამოწმებლადაა საჭირო. "აპარატურა უკვე დამონტაჟებულია, ანტიბიოტიკების ნარჩენებზე კვლევა კი დანერგილი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მეფუტკრეობის კოოპერატივებს თაფლის ერთ სინჯზე ამ კვლევას 2015 წლის 31 დეკემბრამდე უფასოდ ჩავუტარებთ. კვლევის ფასი ლარის კურსზეა დამოკიდებული, რადგან ამ გამოცდისთვის საჭირო არცერთი რეაქტივი საქართველოში არ იწარმოება. კვლევის თვითღირებულება რამდენიმე თვის წინ შეძენილი მასალებით 250 ლარია. ხაზი მინდა გავუსვა, ეს თვითღირებულებაა და არა ფასი. იმ სირთულის კვლევისთვის, როგორიც თაფლის ანტიბიოტიკების ნარჩენებზე შემოწმებაა, წარმოუდგენელი ფასი ნამდვილად არ არის. პესტიციდების ნარჩენებზე კვლევებს ახალ წლამდე დავნერგავთ. ახლა ვალიდაციის ( სიზუსტის შემოწების) პროცესი მიმდინარეობს. ვალიდაციის დასრუელების შემდეგ მივიღებთ აკრედიტაციას. გამოცდის საფუძველზე ჩვენი ლაბორატორია გასცემს ლაბორატორიული გამოცდის ოქმს, ჩვენს მიერ გაცემული საგამოცდო ოქმის საფუძველზე კი სერტიფიკატს გასცემს სხვა ორგანო", - ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი, ლალი მაძღარაშვილი.
ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე მიიღო "ტექნიკური რეგლამენტი თაფლის შესახებ" - დოკუმენტი, რომელიც ადგენს მოთხოვნებს ნატურალური თაფლის მიმართ და ბიზნესოპერატორებს, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსა და მომხმარებელთა შორის არსებულ ურთიერთობებს აწესრიგებს
"არსებობს კიდევ რამდენიმე რეგულაცია, რომელიც თაფლთან მიმართებაში ევროკავშირს აქვს. ეს რეგულაციები გათვალისწინებული გვქონდა როგორც 2015, ისე 2016 წლის გეგმაში. იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ თაფლის ექსპორტის დაჩქარებას, 2016 წლის გეგმით გათვალისწინებული საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მიღება 2015 წელს გადავწყვიტეთ. მომზადდა რამდენიმე პროექტი. შემუშავდა სერტიფიკატის ფორმა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ევროკავშირმა საექსპორტო თაფლი მიიღოს. სერტიფიკატის გაცემის უფლება კი სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აქვს. გარდა ამისა, მომზადებულია პროექტი მიკრობიოლოგიურ პარამეტრებთან და ნარჩენ ნივთიერებებთან დაკავშირებით. რჩება ცხოველური წარმოშობის სურსათთან დაკავშირებული რამდენიმე ნორმატიული აქტი, რომლებსაც წლის ბოლომდე მივიღებთ. 2015 წლის ბოლომდე საკანონმდებლო კუთხით ყველა ვალდებულება შესრულდება", - ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა შუბლაძე, - "რაც შეეხება ჟურნალში, ანუ მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალში საქართველოს შეყვანას, საიდანაც დაშვებულია ევროკავშირში გარკვეული ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტი, ამას გარკვეული პროცედურა სჭირდება. ევროკავშირი ამოწმებს ცხოველური სურსათის ექსპორტის სურვილის მქონე ქვეყნის საკანონმდებლო ბაზას და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისთვის სახელმწიფო სისტემის მზაობას. ამის შემდეგ წყვეტს, შეიყვანოს თუ არა ნუსხაში ეს ქვეყანა. საქართველოში უკვე იყო ჩამოსული რამდენიმე მისია, რომელიც თაფლის და თევზის სექტორში არსებულ მდგომარეობას სწავლობდა. გამოგვიგზავნეს ანგარიში და მივიღეთ რეკომენდაციებიც, რომელთა შესრულებაც აუციელებელი იყო. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მოვამზადეთ ყველა პროექტი".
მეფუტკრეობის განვითარების სამთავრობო პროგრამა
მეფუტკრეობის განვითარების მიზნით მთავრობამ 2015 წლის სექტემბრიდან მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 700 000 ლარია გამოყოფილი. პროგრამას სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო კოოპერატივებს მათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობის ( არაუმეტეს 100 ცალისა) სკების ღირებულების 70%-ს დაუფინანსებს. ბენეფიციარები მიიღებენ უფასო კონსულტაციას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" თაობაზე. გარდა ამისა, ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში მონაწილეს უფლება აქვს, მის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში 2015 წლის 31 დეკებრამდე უსასყიდლოდ შეამოწმოს.