eugeorgia.info DCFTA-ს ფარგლებში თაფლის კვოტის არსებობის თაობაზე ინფორმაციას ბრიუსელიდან ელოდება
www.eugeorgia.info სტატიაში - "ევროკავშირი საქართველოსთან თაფლის საექსპორტო კვოტის გაზრდაზე მოლაპარაკებას აწარმოებს" მოთხრობილი იყო იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან აწარმოებს მოლაპარაკებას საქართველოდან ევროკავშირში თაფლის გატანის წლიური კვოტის გაზრდის თაობაზე.
www.eugeorgia.info სტატიაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის, ომარ კაჭარავას კომენტარს დაეყრდნო, რომელიც აცხადებდა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე წელიწადში 1 500 ტონა თაფლის გატანის უფლებას აძლევს, ამჟამად კი ევროკავშირის შესაბამის წრეებთან თაფლის წლიური კვოტას გაზრდის თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
"ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში ჩვენ გამოგვიყვეს კვოტა და შეგვიძლია 1500 ტონის შეტანა. ახლა საუბარია ამ კვოტის გაზრდაზე", - განაცხადა კაჭარავამ.
აქვე გთავაზობთ ბ-ნ ომარ კაჭარავას კომენტარის აუდიოჩანაწერს.
www.eugeorgia.info-სა და ომარ კაჭარავას შორის საუბარი 22 სექტემბერს შედგა.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მკითხველები დაგვიკავშირდნენ, რომლებიც თაფლის წლიური კვოტიის საკითხით დაინტერესდნენ. www.eugeorgia.info ინფორმაციის დაზუსტების მიზნით კვლავ დაუკავშირდა ომარ კაჭარავას.
მინისტრის მრჩეველმა ამჯერად უკვე განაცხადა, რომ ევროკავშირს 1500 ტონის ოდენობით თაფლის წლიური კვოტა საქართველოსთვის 2013 წელს ჰქონდა განსაზღვრული, ერთი წლის შემდეგ ეს ოდენობა 2000 ტონამდე გაიზარდა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ კი კვოტა საერთოდ გაუქმდა.
არსებობს თუ არა ევროკავშირში საქართველოდან თაფლის ექსპორტთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვა? ამ კითხვით ჩვენ ევროკომისიის ვაჭრობის დირექტორატს მივმართეთ და დაზუსტებულ ინფორმაციას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.