საქართველო ევროკავშირში დაფნის ექსპორტიორი განვითარებადი ქვეყნების სამეულშია
“კარგი იქნებოდა ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და აღჭურვისთვის გვქონდეს შეღავათიანი კრედიტები, სესხის აღება რომ შეგვეძლოს 3-4 წლით, ისე რომ ბანკში არ იყო დაგირავებული ცოლ-შვილიანად. ასევე, საჭიროა ტექნოლოგიური ცოდნის, მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ვგულისხმობ, ექსპერტების ჩამოყვანას”
ევროსტატის (ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური) მონაცემებით, თურქეთისა და ინდოეთის შემდეგ, ევროკავშირის ბაზარზე განვითარებადი ქვეყნებიდან მე-3 ადგილს ქართული დაფნის ფოთოლი იკავებს. ექსპორტირებული 76%-დან 70% მხოლოდ თურქეთიდან შეტანილი დაფნის ფოთოლზე მოდის, თუმცა, ხშირად ევროპის ბაზარზე თურქული პროდუქტის სახელით ქართული დაფნაც ხვდება. თავად თურქეთი კი საქართველოსთვის რუსეთის შემდეგ ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარია.
“L&G Company” 5 წელია ხობის რაიონში დაფნის ფოთოლს აწარმოებს. ძირითადი საექსპორტო ბაზარი უკრაინაა. ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ პოლონეთში, ისიც, რამდენჯერმე გაგზავნა. კომპანიის დირექტორი ელგუჯა ფიფია eugeorgia.info-სთან საუბრისას ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართულ კომპანიებს კონკურენციის გაწევა უჭირთ, ხარისხია, რასაც ევროპა ითხოვს, საქართველოში კი საშრობი დანადგარები და თანამედროვე ტექნიკა მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს.
“ხარისხიანი დაფნის ფოთლის წარმოება ჩვენთვის რთულია, რადგან ცოცხალი მუშახელი გვყავს, თურქულ კომპანიებს კი დანადგარები აქვთ და ავტომატურ რეჟიმში ახარისხებენ ფოთოლს.თურქებს საქართველოდან დიდი ოდენობით გააქვთ, განურჩევლად ხარისხისა, იქ ახარისხებენ, კარგ ხარისხს ყიდიან ევროპის ქვეყნებში, დაბალი ხარისხის რაც რჩება, მცენარეული საღებავებით ამუშავებენ და ჩვენივე დაფნით კონკურენციას დსთ-ს ქვეყნებშიც გვიწევენ - აცხადებს ელგუჯა ფიფია.
ქართულ ბაზარზე, ექსპორტზე ორიენტირებული ერთ-ერთი მსხვილი კომპანია “აგროლენდია”, რომელიც წელიწადში, საშუალოდ, 400-500 ტონას უკეთებს რეალიზაციას, აქედან, ევროპის ქვეყნებზე მხოლოდ 10% (უნგრეთი,პოლონეთი, ესპანეთი, ბულგარეთი), დანარჩენი კი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების (უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი) ბაზარზე მოდის. ახლახან, კომპანიამ კონტრაქტი ესპანეთთან გააფორმა. “აგროლენდის” დამფუძნებლის გიორგი ნადარაიას განცხადებით, საშრობი აპარატი იყიდეს, რომელიც დაფნის ფოთოლს ფერსა და ხარისხს უნარჩუნებს, რის გამოც მისი პროდუქტი ევროპული ქვეყნისთვის მიმზიდველი გახდა. ნადარიამ თანამედროვე ტექნოლოგიის შესაძენად სამთავრობო პროგრამებით სარგებლობაც სცადა, თუმცა მხარდაჭერის პროგრამების პირობები მის კომპანიას ვერ მოერგო.
“პირობითად, დანადგარის შესაძენად მჭირდება 25 ათასი, რომელსაც დავფარავ 3-4 წელიწადში, ამისთვის რა სესხი შეიძლება მოგვარგოს სახელმწიფომ? 600 ათასში არ ჯდება, შპს ვარ და ვერც ინდმეწარმის სესხებში ვერ ვხვდები, სადღაც შუალედში ვარ და არაფერია ჩვენთვის- ამბობს ნადარაია და სურვილს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო 3 მნიშვნელოვანი პრობლემის დაძლევაში დაეხმარება მეწარმეებს- კარგი იქნებოდა ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და აღჭურვისთვის გვქონდეს შეღავათიანი კრედიტები, სესხის აღება რომ შეგვეძლოს 3-4 წლით, ისე რომ ბანკში არ იყო დაგირავებული ცოლ-შვილიანად. ასევე, საჭიროა ტექნოლოგიური ცოდნის, მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ვგულისხმობ, ექსპერტების ჩამოყვანას, დაფნა ჰერბალ ბიზნესში შედის და ამიტომ, ზოგადი მიმართულებით რომ ჩატარდეს ტრენინგი- როგორ უნდა შეინახო, დაამუშავო და მესამე, ხშირად დაფნის ფოთოლზე ციტრუსის ხიდან სოკოები ვრცელდება, რის შემდეგაც ფოთოლი დაწინწკლულია და ეს არ მოსწონთ ევროპაში. კვებისათვის უვნებელია, მაგრამ ხარისხის გაუმჯობესებისთვის შეწამვლა სჭირდება, ამას მხოლოდ 1-2 გლეხი ვერ მოერევა. მასიურად უნდა შეიწამლოს, იაფი პრეპარატია, მაგრამ ორგანიზება სახელმწიფოს მხრიდანაა საჭირო. ამის გაკეთება მარტო გლეხს არ შეუძლია, არც უღირს და ამიტომ ხარისხში მოვიკოჭლებთ.”
კიდევ ერთი პრობლემა ქართველი მეწარმისთვის ევროპის ბაზარზე პარტნიორის მოძებნა და ევროპის დარწმუნებაა, რომ ქართული პროდუქტი ხარისხიანია. კომპანიის “გეოპრიპრავა” დამფუძნებელი გელა წულეისკირი ამბობს, რომ ქართველებს “პიარი” უჭირთ.
“დაფნის ეთერზეთის ნიმუში წავიღე ავსტრიაში, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიე. ალბათ, ნდობა არა აქვთ ქართულის, “პიარი” გვჭირდება, მარტო ერთი კაცისთვის ძალიან რთულია. გამოფენები უნდა მოეწყოს, რეკლამა უნდა გაკეთდეს, ეს იქნება დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. თურქეთი (სექტემბრიდან-აპრილის ბოლომდე) ერთ სეზონზე დაახლოებით, 8-10 ათას ტონა დაფნას აწარმოებს, ჩვენ 4-4.5 ათას ტონას. მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, მნიშვნელოვნად არ ჩამოუვარდებით. პროდუქციის რაოდენობით კიდევაც ვუსწრებთ, მაგრამ ხარისხია მნიშვნელოვანი, თურქეთში, ქარხანაში რომ ვიყავით, სასწაული დანადგარები აქვთ. პერსპექტივის კუთხით თხილის პლანტაციის გაკეთებაზე მომგებიანი დაფნის პლანტაციაა. უფრო პროდუქტიულია, წელს თხილის სეზონზე ქარი იყო და ბევრი თხილი გაფუჭდა. შესაბამისად, თხილი მოდის დაახლოებით 2 ტონა ერთ ჰა-ზე, დაფნა კი ჰა-ზე 5 ტონა.”
ხშირად ქართველებს სავაჭრო პარტნიორების მოძიებაში ისევ გამოცდილი უცხოელი პარტნიორები ეხმარებიან. კომპანია AM Trading ბაზარზე სულ 2 წელია მოქმედებს. კომპანია ეგვიპტურ-ქართული ინვესტიციით გაიხსნა. ბულგარეთში წელს მეორედ გაიტანა დაფნის ფოთოლი, რომელიც ხობის რეგიონში შეიძინა, ამჟამად, მოლაპარაკებები აქვს უკრაინასთან, არგენტინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან.
“პარტნიორების მოძიებას, ძირითადად, ეგვიპტელი პარტნიორი ახერხებს, გამოცდილია ამ სფეროში, იმპორტ-ექსპორტში, ნაცნობებიც ჰყავს. თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენას ვაპირებთ. ვგეგმავთ ეთერზეთების წარმოებასაც. ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდება და ამისთვის გვიწევს სხვა პროდუქტის ექსპორტ-იმპორტი, რომ ფული გვქონდეს-ამბობს ერთ-ერთი დამფუძნებელი მალხაზსიმონიშვილი.
ეკონომიკის სამინისტროში შექმნილი ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ბიზნესპროექტი სწორედ ბაღდადის რაიონში დაფნის ფოთლებისა და ეთერზეთის საწარმოს გახსნას ისახავს მიზნად. მისი საინვესტიციო ღირებულება 850 000 დოლარია. როგორც eugeorgia.info-სთან საუბრისას ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან კვერნაძემ განაცხადა, პროექტით დაინტერესება რამდენიმე ინვესტორმა უკვე გამოთქვა.
“ბიზნესსექტორთან, საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად ჩავატარეთ კვლევა და აღმოჩნდა, რომ საქართველოდან წაღებული დაფნა სხვაგან ფასოვდება და ისე შედის ბაზრებზე. ინდუსტრიალიზაცია ნიშნავს არამარტო სამრეწველო წარმოებასა და ქვეყანაში ინდუსტრიების განვითარებას, არამედ უნდა იყოს მასშტაბირებადი, სკალირებადი, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის პოტენციალი, ამიტომ უნდა იმუშაოს არა 1-2-მა, არამედ 10-20-ზე მეტმა საწარმომ”-ამბობს ლევან კვერნაძე.
eugeorgia.info-ს შეკითხვაზე გათვალისწინებულია თუ არა მხარდაჭერის ახალი პროგრამები მეწარმეებისთვის, ლევან კვერნაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიზნესთან ურთიერთობაში სწავლობს რამდენად ეფექტურია უკვე არსებული კომპონენტები და არსებობს თუ არა ახლის საჭიროება. დღეს არსებული კომპონენტები კი მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერასა და საკონსულტაციო მომსახურებას.
სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა
წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების მიზნით, 2014 წლის 1 ივნისიდან სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” დაიწყო. პროგრამის სოფლის მეურნეობის მიმართულებაში გადამამუშავებელისაწარმოებისდაფინანსება დაფნის ფოთოლსაც შეეხო.
პროგრამის ფარგლებში ფინანსური ხელშეწყობა მოიცავს სესხზე პროცენტის თანადაფინანსებას, გირაოში თანადგომასა და ლიზინგის საგანზე ინტერესის თანადაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში ერთი სესხის / ლიზინგის მოცულობა არ უნდა იყოს $600 000-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს $2 000 000 ან მის ექვივალენტ ლარს, მეტი თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს შეუძლიათ მიიღონ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერაც- სიმბოლურ ფასად, 1 ლარად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, თუმცა ამისთვის მეწარმემ თბილისში, შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ ექვსმაგი, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე-არანაკლებ ოთხმაგი ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი უკვე სარგებლობს პროგრამის ფინანსური ან ინფრასტრუქტურული კომპონენტით, მას ექნება საშუალება ისარგებლოს საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსებითაც. საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში გათვალისწინებულია: დახმარება უცხოური და ქართული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მოძიებაში, ხელშეწყობა ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში, მათ შორის საექსპორტო ბაზრების მოძიებაში. ქართველმა მწარმოებლებმა უცხოურ კომპანიებთან პირდაპირ დაკავშირება და საკუთარი პროდუქციის გაცნობა სავაჭრო პორტალის TradeWithGeorgia მეშვეობითაც უნდა შეძლონ. სავაჭრო ვებპორტალის განვითარება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების 2015 წლის სამოქმედო გეგმაშიცაა გაწერილი. საიტი ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ტექნიკური პრობლემების გამო ჯერ არ გაშვებულა.
სტატისტიკა
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ცნობით, დაფნის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 25%-ით გაიზარდა. 2014 წელს უცხოეთის ბაზრებზე რეალიზებული დაფნის ფოთლის ექსპორტიდან ქვეყანამ 6,612 მლნ დოლარი მიიღო, (2013წ- $5,068 მლნ). დაფნის ექსპორტმა, ძირითადად, რუსეთის ბაზრის ხარჯზე იმატა, საექსპორტო ბაზრებში მეორე ადგილი უკავია თურქეთს, მესამეზე კი უკრაინაა.
დაფნის ფოთლისა და ეთერზეთის დანიშნულება
დაფნის კულტურა ძირითადად თურქეთის ანატოლიის რეგიონსა და ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში ხარობს. საქართველოში კი, ძირითადად, სამეგრელოში, ხობის რაიონში მოდის, ასევე, მცირე რაოდენობითაა იმერეთში (თერჯოლა), გურიასა და აჭარაში.
კულინარიული დანიშნულება: ევროპაში გამოიყენება სუპების შესაკმაზად, მოშუშული ხორცისა და თევზის შესაზავებლად, საწებლებსა და საკონდიტროებში. დაჭრილი დაფლის ფოთლებს ხშირად იყენებენ სანელებლებში.
სამედიცინო დანიშნულება: ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ხშირად გამოიყენება დამწვრობისა და სისხლჩაქცევების სამკურნალოდ. აქვს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
დაფნის ეთერზეთი : გამოიყენება ლიქიორებში, პარფიუმერისა და სავეტერინარო პროდუქტებში.
მაიკო გაბულდანი