ქართული სოკო შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე გავიდეს
სოკოსთვის ევროპის მიმართულება ჯერჯერობით დახურულია
ნიყვი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გემრიელ სოკოდ ითვლება, თუმცა სოკოს ყველა მწარმოებელი და მოყვარული ერთხმად ამბობს, რომ მისი საწარმოო წესით მოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია. უფრო მეტიც, ვერც აშშ-ის მეცნიერებმა შეძლეს, ამ სოკოს სპორების გამრავლება.
ნიყვი ქართული ენდემური სახეობა არ არის, ევროპაში ის Caesar's mushroom სახელითაა ცნობილი. მსოფლიოში უმსხვილესი სოკოს მწარმოებელი და დისტრიბუტორი ორგანიზაცია sylvan (http://www.sylvaninc.com) უკვე მრავალი წელია ცდილობს ნიყვის ინდუსტრიულად წარმოებას, თუმცა ჯერჯერობით ამის მიღწევა ვერც ამ ორგანიზაციამ შეძლო. სოკოს მწარმოებლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში ბუნებრივ გარემოში შეგროვებული ნიყვი იმდენად მცირე რაოდენობით არის სეზონურად, რომ ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ სწარაფად და მაღალ ფასში იყიდება, ამიტომ მისი ექსპორტი რეალურად წარმოუდგენელია.
შპს „თეთრი ქუდი“ საქართველოს მასშტაბით ქამა და ხის სოკოს წარმოების ლიდერია. კომპანიას ყოველწლიურად ორი ათასი ტონა პროდუქტის მოყვანა შეუძლია. „თეთრი ქუდი“ 2011 წელს უცხოური ინვესტიციით შეიქმნა და მოკლე დროში იმპორტი თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა. კომპანია ამჟამად ადგილობრივი ბაზრის ოთხმოც პროცენტს აკონტროლებს და პროდუქტის ექსპორტირების სურვილიც აქვს. eugeorgia.ifo-მ მოიკვლია თუ რა სურათია ევროპის ბაზრებზე სოკოს წარმოების და რეალიზაციის თვალსაზრისით.
ევროკავშირი სოკოს უმსხვილესი მწარმოებელია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. 2007 წელს დაკონსერვებული სოკოს ყველაზე მსხვილი მწარმოებლები ნიდერლანდები, ესპანეთი, პოლონეთი საფრანგეთი და იტალია იყვნენ, აქედან, ნიდერლანდების წილი მთლიანი წარმოების თითქმის ერთ-მეოთხედს შეადგენდა. წარმოებული სოკოს უმეტესობა თავად წევრ ქვეყნებში მოიხმარება და მხოლოდ მცირე ნაწილი გადის ექსპორტზე.
2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ პოლონეთი გაერთიანების შიგნით ნედლი სოკოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელი გახდა და ყოველწლიურად 250 მილიონ კილოგრამზე (250 000 ტონა) მეტი სოკო მოჰყავდა. მაღალტექნოლოგიური დანადგარების გამო სოკოს ხარისხი მაღალია. ამას გარდა, მუშახელისა და სხვა რესურსების საფასური ბევრად ნაკლებია მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით. მაღალი ხარისხისა და წარმოების დაბალი ფასების კომბინაციამ სოკოს პოლონელ მწარმოებლებს 2006 წლიდან თავიანთი პროდუქტის ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში გატანის საშუალებაც მისცა.
ჩვენ დავინტერესდით, რამდენად აქვს შანსი ქართულ სოკოს შეაღწიოს ევროპის ბაზრებზე. აღმოჩნდა, რომ ამჟამად სამინისტროს პრიორიტეტებში სოკოს წარმოება არ არის და ჯერ არც სამეცნიერო კველევები მიმდინარეობს.
„თუ მოთხოვნა და ინტერესი გაჩნდება, მერე პრიორიტეტებს გადავანაცვლებთ. მოგეხსენებათ ჩვენ ვართ საბიუჯეტო ორგანიზაცია და კონკრეტული მიმართულებით მეცნიერულ მუშობას თანხები და წინასწარ დაგეგმარება სჭირდება. სოკოს შესახებ ჩვენი ზემდგომი უწყებიდან სამინისტროდან თუ იქნება დაკვეთა და ასევე ფერმერების ინტერესი, შესაძლოა ჩვენ ამ პროცესში უფრო მალეც ჩავერთოთ“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი დავით ბირკაძე.
საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა არაფერი იციან ევროპის ბაზრებზე შესაძლო თავისუფალი ნიშის თაობაზე, არც ქართველ მწარმობლებს აქვთ დიდად წარმოდგენა ამავე საკითხზე. არადა ასოცირების შეთანხმება თავისუფალი ნიშის არსებობის შემთხვევაში ევროკავშირში ყოველწლიურად 220 ტონა სოკოს გატანის საშუალებას გვაძლევს.
მკაფიო ინფორმაციის არარსებობის გარდა, კიდევ ერთი მიზეზი ქართული სოკოს მაღალი თვითღირებულებაა, რის გამოც DCFTA-ის სატარიფო ლიბერალიზაციის პირობებშიც კი რთულად წარმოსადგენია ქართული სოკოს ევროკავშირის ბაზარზე გატანა: „ქართულ სოკოს ევროკავშირის ბაზარზე არანაირი პერსპექტივა არ აქვს, იქ ადგილზე არიან მძლავრი, უზარმაზარი, გიგანტი მწარმოებლები, ბაზარი აქვთ გაჯერებული და ძალიან დაბალ მარჟებზე მუშაობენ. იქ ქამა და ხის სოკოს საბითუმო ფასი 1,5 ევროა, აქ კი 1 კილოგრამის სოკოს თვითღირებულება ევროპულ საბითუმო ფასზე გაცილებით მეტია“, - აცხადებს „თეთრი ქუდი“-ს დირექტორი ვანო იოსელიანი.
„ქართული სოკო“ კიდევ ერთი კომაპანიაა, რომელიც სოკოს წარმოების სექტორში ოპერირებს. კომპანიას ევროპიდან სოკოს საწარმოებლად საჭირო ნედლეული შემოაქვს და უშუალოდ თვითონ სოკოს არ აწარმოებს. ნედლეულის მიწოდების გარდა ფერმერებს სოკოს კულტივაციის უფასო ტრენინგებსაც სთავაზობს: „ჩევენ არაგენმოდიფიცირებულ სოკოს კომპოსტის ბრიკეტებს ვყიდით. გარდა იმისა, რომ ჩვენ სოკოს წარმოებისთვის უკვე გამზადებულ ბრიკეტებს ვყიდით, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ფერმერებს უფასო ერთკვირიან სასწავლო კურსს ვთავაზობთ, რადგან ჩვენი მიზანია, რომ მათ მაღალხარისხიანი სოკოს მოსავლის მიღება შეძლონ მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის ოჯახურ პირობებშიც. ტრეინინგი სრული საწარმოო ჯაჭვის შესწავლას გულისხმობს“, - აცხადებს „ქართული სოკო“-ს წარმომადგენელი გიორგი გვეტაძე.
„თეთრი ქუდი“-ს გარდა მომხმარებლებზე სოკოს წვრილი და ოჯახური მწარმოებლებიც ჰყიდიან, რომლებიც მთლიანი ბაზრის ოც პროცენტს შეადგენენ. დღესდღეობით სურსათის ეროვნულ სააგენტოს ასეთი მცირე მეწარმეებზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. არც მათი პროდუქციის კონტროლი ხდება, რადგან საქართველოს კანონმდებლობა 2020 წლამდე მათ მიმართ ლიბერალურია. ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების გარდამავალ პერიოდში ოჯახური მწარმოებლები საკანონმდებლო შეზღუდვებისგან თავისუფლდებიან: „სოკოს მოყვანა და ცოცხალი სახით გაყიდვა არის პირველადი წარმოება და სახელმწიფო კონტროლის კუთხით განსაკუთრებული და მკაცრი მოთხოვნები არ არსებობს. საქართველოში და ევროკავშირშიც სოკოს რეგულაციები ბოსტნეულზე არსებულ რეგულაციებს შეესაბამება. სოკოს ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიის „თეთრი ქუდის“ პროდუქტი უვნებლობაზე პერიოდულად მოწმდება, თუმცა სხვა წვრილი ოჯახური მწარმოებლების შემოწმება ჯერჯერობით არ ხდება, მათი წარმოების შესახებ დაზუსტებული ინფორმაციებიც არ გვაქვს, რადაგან საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო კონტროლისგან ისინი 2020 წლამდე თავისუფლები არიან“, - აცხადებს სეს-ს სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე.
ზოგიერთმა ქათულმა კომპანიამ სოკოს კლიენტების მოძიება არა ევროკავშირის, არამედ სხვა, კერძოდ კი ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის ბაზრაზე შეძლო. ვანო იოსელიანის თქმით, მის კომპანიას ექსპორტი მცირე რაოდენობით ახლაც აქვს: „ქართული სოკო ევროკავშირში კონკურენტუნარიანი ვერ იქნება, მაგრამ რეგიონში კონკურენტუნარიანია, ჩვენ უკვე აზიის ბაზარზე შესვლას ვიწყებთ. სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთში, დუბაისა და ყატარში კონკურენტუნარიანები ვართ. ცოცხალ სოკოს სომხეთში ჩვენ დღესაც ვაგზავნით და აქტიურად ვმუშაობთ დუბაისა და ყარატის ბაზრის ათვისებაზე. თვეში დაახლოებით 20-30 ტონის გატანა შეგვიძლია“.
სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული სოკო 5 წლის წინ მთლიანად იმპორტირებული იყო. ადგილობრივი წარმოება ფაქტობრივად არ არსებობდა. ცოცხალი სოკო თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ირანიდან შემოდიოდა. ქამა და ხის სოკოს მწარმოებელი „თეთრი ქუდი“- ს გაძლიერების შემდეგ იმპორტი თითქმის მთლიანად გავიდა, თუმცა სეზონურად უმნიშვნელო რაოდენობით იმპორტი მაინც ხორციელდება.
საქართველოდან 2014 წელს ექსპორტზე 53 500 ათასი დოლარის ღირებულების ახალი ან გაცივებული Agaricus –ის გვარის ანუ ქუდიანი სოკო გავიდა.
დანარჩენი სოკოების ექსპორტმა (მელისყურა, ხავსა, ტრიუფელი და სხვა) Agaricus გვარის სოკოების გარდა 11 800 დოლარი შეადგინა.
გასული და მინდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემები რომ შევადაროთ, 2015 წელს 71,5 პროცენტით ნაკლები ქუდიანი სოკო გავიდა, ხოლო სხვა სოკოები კი მიმდინარე წელს საზღვარგარეთ 91,6 პროცენტით მეტი გაიყიდა.
ერთ სულ მოსახლეზე სოკოების წლიური მოხმარებით საქართველო არ გამოირჩევა, საშუალო მოხმარება ერთ ადამიანზე მხოლოდ 0.5 კილოგრამს შეადგენს. იტალიაში წლიურად 2.6 , გერმანიაში კი 1.8 კილოგრამს მოიხმარენ. საკვებ რაციონში სოკოს გამოყენების ლიდერები უფრო მეტად აღმოსავლური ქვეყნები არიან, მაგალითად კორეაში საშუალო წლიური მოხმარება 4 კილოგრამს შეადგენს.
ამ სატისტიკის გათვალისწინებით, ქართველი მეწარმეები გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტის მიმართულებით უნდა გააქტიურდნენ, თუმცა მანამდე მათ მასშტაბის ეკონომიის პრობლების გადაჭრა და ერთეულ პროდუქციაზე თვითღირებულების შემცირება მოუწევთ. სეზონების მიხედვით ქამა და ხის სოკოზე საბითუმო ფასი სამიდან ექვს ლარამდე მერყეობს, ხოლო საცალო ქსელში ამ სოკოების ღირებულება ოთხ-რვა ლარს შეადგენს.
ზურაბ მოდებაძე