დაჯარიმებული მეწარმეები იანვარში Haccp-ის სტანდარტის არ ქონის გამო დამატებით 1200 ლარით დაჯარიმდებიან
2015 წლის 1 იანვრიდან 90-მდე სასაკლაო და რძის გადამამუშავებელი 30-მდე საწარმო ჰიგიენური ნორმების დაუცველობისა და Haccp-ის (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სისტემის არ ქონის გამო დაჯარიმდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მეწარმეებს “ჰასპის” დანერგვის რეკომენდაცია ჯერ კიდევ გაზაფხულზე მისცა და ვადა შემოდგომამდე დაუწესა. მეწარმეები ვალდებულების ვადამდე შეუსრულებლობის მთავარ მიზეზად ფინანსების არქონას ასახელებენ და ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული გადაიარაღება ძვირი უჯდებათ. სურსათის უვნებლობის ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ მეწარმეებს არა აქვთ გაცნობიერებული სურსათის უსაფრთხოების მნიშვნელობა. ამასობაში, ახლოვდება დაჯარიმებული და გაფრთხილებული მეწარმეებისთვის “ჰასპის” დასანერგად დადგენილი მორიგი ვადა- 2016 წლის იანვარი.
“30 იანვარამდე თუ ვერ მოვასწარით, 15 ადამიანია დასაქმებული ჩვენთან და ალბათ, მოგვიწვს ყველას უმუშევრად დარჩენა,”- ამბობს შ.პ.ს “ხორცპროდუქტსერვისის” დირექტორი პავლე კასრაშვილი, რომელსაც გლდანის ხევში სასაკლაო აქვს. კასრაშვილმა “ჰასპის” არქონის გამო სურსათის ეროვნული სააგენტოსგან ჯერ გაფრთხილება მიიღო, შემდეგ კი 400-ლარიანი ჯარიმა. მეწარმე დამატებით 1000-ლარითაც დააჯარიმეს სასაკლაოზე აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობისთვის- სურსათის სააგენტოდან რომ მოდიან ყოველთვის ვეკითხებით თუ აქვთ ვეტექიმისთვის ხალათი, საწერი კალამი ან ხელთათმანი თუ შეუძლიათ რომ მოგვცენ. გასაგებია, რომ ნორმალური ხორცი უნდა გავიდეს, მაგრამ პირველადი დახმარებაც რომ იყოს მთავრობის მხრიდან, ცუდი არ იქნებოდა,”-ამბობს კასრაშვილი.
დაჯარიმებულ მეწარმეებს შორის აღმოჩნდა გივი გელხაურიც, რომელმაც ვადაში ვერ შეძლო სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის შესრულება. გელხაური კასპის რაიონში უკვე 5 წელია საქონლის სასაკლაოს ამუშავებს.
“ჰასპის” პროგრამის დასანერგად ვადა სექტემბრამდე მქონდა, თუმცა დროში ვერ ჩავეტიე, ახლა 30 იანვრამდე უნდა მოვასწრო. ფინანსების უქონლობის გამო გაიწელა პროცესი. სპონსორი ვიშოვეთ და ის გვაძლევს თანხას, დავიქირავეთ კონსულტანტიც. “ჰასპის” კონსულტაცია დაახლოებით 2000-3000 ლარი გვიჯდება და ასეთ თანხებზე სამთავრობო დახმარების პროგრამებში საუბარი არ არის,”- ამბობს გელხაური.
მარნეულში მდებარე რძის პროდუქტების გადამამამუშავებელი საწარმო შ.პ.ს “ორკე” თითქმის აღარ ფუნქციონირებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა და 1000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ შენობაში არ აღმოჩნდა სველი წერტილები. საწარმოს მფლობელები აცხადებენ, რომ დღეს არსებულ ტერიტორიაზე “ჰასპის” სტანდარტის დანერგვა შეუძლებელია.
“არსებული კანონის შესაბამისად მეკუთვნოდა დაჯარიმება, მაგრამ მეორე მხრიდანაც შევხედოთ, შენობაში სველი წერტილი რომ გავაკეთო, ამისთვის კანალიზაცია უნდა არსებობდეს, ჯერ კანალიზაცია გაიყვანე სოფელში და მერე დამაჯარიმე. გადაკეთება ბევრად მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული, ვიდრე ახლის გაკეთება, ამიტომ რამდენიმე კვირაში წარმოებას გადავიტანთ ახალ ადგილას, სურსათის უვნებლობას ვთხოვთ გაგვიწიოს კონსულტაციები რა და როგორ უნდა განვათავსო. გაფართოებას ვგეგმავდით, რაც ახლა არ გამოგვივა, მაგრამ წარმოება რომ არ მოგვიკვდეს, რაღაც საშუალებებით გადავარჩენთ. არ ვაპირებ ბანკს მივმართო სესხისთვის, გრანტებზე ხომ აღარც ვოცნებობ,“- ამბობს წარმოების უფროსი მიშა თევზაძე.
“ჰასპის” სტანდარტის დანერგვა ჯერ სავალდებულო არ არის ვლადიმერ ქამუშაძისთვის, რომელსაც სოფელ გლდანში ქათმის ფერმა აქვს და პირველად მწარმოებლადაა აღრიცხული. წელიწადში 60 ათას ფრთა ქათამს ზრდის, პროდუქციას ბაზარში აბარებს. სურსათის უსაფრთხოების კოდექსის მიხედვით, პირველადი წარმოება 2020 წლამდე გათავისუფლებულია “ჰასპის” მოთხოვნისგან.
“ჯერ არავის დავუჯარიმებივარ, ცოცხლად ვყიდი ქათამს, როგორც კი დავიწყებ დაკვლას, დამაჯარიმებენ, თან გეუბნებიან უნდა გადააკეთოო, გავაკეთებ, მაგრამ ფული საიდან მოვიტანო, ბანკი სესხს არ მიმატებს. აქ “ჰასპის” სტანდარტის დანერგვაზე არ არის საუბარი, 2500 ლარი ღირს კონსულტაცია, ინფრასტრუქტურა ჯდება ძალიან ძვირი, რემონტი, მასალები, დაახლოებით, ნახევრი მილიონი. საჭირო ტექნიკის წარმოება საქართველოში არ არის და ყველაფერი უცხოეთიდან უნდა ჩამოიტანო. ნახევარი მილიონი, რომ დაგიჯდება სასაკლაოს მოწყობა და თვეში აწარმოებ 5 ტონა ხორცს, რამდენ წელიწადში უნდა ამოიღო ეს ნახევარი მილიონი? ესენი, ბოლოს, მიიღებენ რამდენიმე “ჰასპირებულ” სასაკლაოს, დარჩება მსხვილი წარმოებები და მცირე მეწარმე აღარ იქნება,” -ამბობს ქამუშაძე.
ეკა ბურკაძე მეწარმეებს "ჰასპის" სტანდარტის დანერგვაში ეხმარება და კონსულტაციებს უწევს. სურსათის უვნებლობის საკითხში ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა ამ პროცესში არის ის, რომ მეწარმეებს არა აქვთ გაცნობიერებული სურსათის უვნებლობის კუთხით არსებული მწვავე ვითარება და მისი გამოსწორების მნიშვნელობა კარგად არ ესმით.
“პირველი შემოწმების შემდეგ, თითქმის, არავინ გამოგვხმაურებია. როცა ვადა მოახლოვდა, მაშინ დაგვირეკეს.ცნობიერების პრობლემაა, მუმდივად იმის იმედი აქვთ, რომ თუ არავინ გააკეთებს გადადებენ. ყველას ხომ არ დაგვხურავენ?!-ასეთი მიდგომა იყო. ინფორმაციის მიუღებლობა ჰქონდათ. საშემოდგომო სესიაზე გადაამოწმეს და სასაკლაოებისა და საწარმოების უმეტესობას 400-ლარიანი ჯარიმა დაუწერეს, ვადა მისცეს იანვრამდე. პირველივე ჯარიმაზე ყველა დაფაცურდა, თითო კონსულტატს 20-30-მა ერთად დაურეკა,”- ამბობს ბუკრაძე.
ცნობიერება რომ პრობლემაა ამას თავად ჩვენი მეწარმე-რესპოდენტების ნაწილიც აღიარებს.
“მიმაჩნია, რომ ყველაფერი პრაქტიკაა, დრო ასწორებს, როდესაც მოთხოვნა არსებობს, ადამიანები თვითონ იმუშავებენ სამუშაო კულტურას, თუმცა რაღაც პერიოდის მანძილზე მაინც იქნება ეს პრობლემები”- ამბობსრძის პროდუქტების გადამამამუშავებელი საწარმოს შ.პ.ს “ორკე” -ს წარმოების უფროსი მიშა თევზაძე.
დახმარების პროგრამები
ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება რომ განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვისაა მტკივნეული, კარგად იცის ევროკავშირმაც და მიმდინარე წლის მაისში აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტზე დახმარების ახალი პროგრამის DCFTA Facility შესახებ გამოაცხადა. პროგრამა წარმოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მანქანა-დანადგარების შესაძენად საჭირო თანხების ბანკებიდან გამარტივებული პირობებით მიღებასა და გრანტებს ითვალისწინებს. პროგრამას ევროკავშირი საინვესტიციო ბანკსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად განახორციელებს. პროგრამის დეტალებზე მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა.
“პროგრამის კომპონენტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შეიძლება წლის ბოლომდე დაასრულონ. გარდა იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთვება, კიდევ არის კომპონენტი, სადაც EBRD იქნება პასუხისმგებელი. პირველ რიგში, დასრულდება ის კომპონენტი, რომელიც უშუალოდ კერძო სექტორზე უნდა გავიდეს და EBRD-ის მეშვეობით მოხდება გარკვეული თანხების გაცემა, როგორც საკონსულტაციო, ასევე სესხების,”- ამბობსევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში,ევროკავშირისდახმარებისკოორდინაციისდეპარტამენტისუფროსი რომან კაკულია.
eugeorgia.info-ს შეკითხვაზე თუ რატომ არ არის თანხვედრაში ვალდებულებების ძალაში შესვლა და დახმარების პროგრამების ამოქმედება, რომ მეწარმეებს სტანდარტების დაცვა გაუადვილდეთ, ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა გვიპასუხა:
“აქ ვიღაცის მიერ მცდელობის დაკლებაზე არ არის საუბარი, როდესაც გამოიყოფა ევროკავშირის 2015 წლის დახმარების ბიუჯეტის პროექტი, განხორციელება, შეიძლება, 2017 წელს დაიწყოს, რადგან პროექტების მოსამზადებელი პერიოდი შეიძლება 6-8-9 თვე გაგრძელდეს. ევროკავშირის პროექტები დროში გაწელილია, რომელსაც თავის შედეგი მოაქვს, მაგრამ მოვლენებს რომ ერთი-ერთში დაამთხვიო ცოტა რთულია. მართალია, ადრე დაანონსდა ეს პროგრამა, მაგრამ პროცედურულად არ ყოფილა გათავლისწინებული, რომ 2016 წლამდე კონკრეტული მეწარმე მიიღებდა ამ დახმარებას. 2015 წლის ბოლოს დიზაინის დასრულება იგულისხმებოდა, რაში და როგორ დაიხაჯრება ფული,”- ამბობს კაკულია.
HACCP სტანდარტების დანერგვის თანადაფინანსებას ითვალისწინებს “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროგრამა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოებისთვის. სააგენტო აფინანსებს საკონსულტაციო მომსახურების საერთო ღირებულების 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. საერთო ღირებულების არანაკლებ 20%-ს აფინანსებს თავად ბენეფიციარი. ამასთან, სააგენტოს თანადაფინანსების გამოყოფის წინაპირობაა ბენეფიციარის მიერ HACCP სტანდარტების დანერგვის საერთო ღირებულების არანაკლებ 70%-ის მოძიების დადასტურება.
ასევე, პროგრამის “აწარმოე საქართველოში” სოფლის მეურნეობის მიმართულებაში გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება ხორცისა და რძის გადამუშავებასა და სასაკლაოების მოწყობასაც ეხება, თუმცა, ამ შემთხვევაში, ერთი სესხის მოცულობა არ უნდა იყოს $600 000-ზენაკლები. ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის შემთხვევაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, თუმცა ამისთვის მეწარმემ თბილისში, შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ ექვსმაგი, ხოლო საქართველო სსხვა ტერიტორიაზე-არანაკლებ ოთხმაგი ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
2016 წლის თებერვლიდან განახლდება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამა, რომელიც გულისხმობს მხოლოდ რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. გრანტების ოდენობა 5 ათასი ლარიდან იწყება, მაქსიმალურია 15 ათასი ლარი, მეწარმის თანამონაწილეობა უნდა იყოს 20%. გრანტები გაიცემა ძირითადი საშუალებების შესაძენად, რაშიც არ შედის სარემონტო სამუშაოები.
რა არის HACCP და რატომ არის ის აუცილებელი?
ევროპაში, სადაც სურათის უვნებლობას განსაკუთრებულ მნიშნელობას ანიჭებენ, HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სავალდებულოა ყველა ტიპისა და ზომის საწარმოსთვის. HACCP-ის დანერგვის შემთხვევაში შესაძლებელია პოტენციური საფრთხეების წინასწარ გამოვლენა და მათი შემცირება ან პრევენცია წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. ყოველი კონკრეტული საწარმოო ხაზის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე ხდება მასში ისეთი სტადიების („წერტილების“) გამოვლენა, რომელზეც რაიმე შეცდომამ, მოუფრთხილებლობამ, შემთხვევითობამ ან სხვა გარემოებამ შეიძლება საბოლოო პროდუქტის დეფექტი – დაბინძურება ან გაფუჭება გამოიწვიოს. ყველა ასეთი ეტაპი საბოლოო პროდუქტის უვნებლობისთვის „კრიტიკულ წერტილს“ წარმოადგენს. ამიტომ მასზე მუდმივი კონტროლი უნდა განხორციელდეს. ამასთან, როდესაც საქართველოდან ევროკავშირში ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი დაიწყება, ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება “ჰასპის” სერტიფიკატის ქონა. მსხვილ მწარმოებლებს “ჰასპის” მნიშვნელობა კარგად აქვთ გაცნობიერებული და ამ საკითხზე მუშაობა დიდი ხნით ადრე დაიწყეს.
“რომ გამოუშვებ პროდუქციას და შემოწმდება, შეიძლება, რაღაც არ იყოს სტანდარტთან შესაბამისობაში, “ჰასპი” საჭიროა იმისთვის, რომ არ განადგურდეს დიდი რაოდენობით პროდუქცია და ადვილი იყოს მიკვლევადობა-რომელ პარტიაში იყო შეუსაბამობა. ჩვენთან ეს სხვანაირად ესმით, რაღაც რომ გამოვლინდეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდია. სალმონელა და ჩხირები ყველგანაა, უბრალოდ, არ უნდა გაძლიერდეს და ნორმის ზემოთ არ უნდა ავიდეს, ამიტომ აუცილებელია “ჰასპის” დანერგვა. ცუდია ის, რომ ხარჯებს მოითხოვს და დიდი კონკურნეციაა, მაგრამ ჯანმრთელობა და შენი პროდუქციის ღირსება მთვარია,”- ამბობს ფრინველთა სასაკლაოს შ.პ.ს “პოულტრი ჯორჯია” ხელმძღვანელი კახაბერ მეგრელიშვილი. შ.პ.ს “პოულტრი ჯორჯიას” წარმოება წელიწადში 25 მილიონია და “ჰასპის “და ისო 9000 სტანდარტებიც დანერგილი აქვს.
სურსათის უვნებლობის შესახებ ახალი კოდექსი ძალაში 2013 წლიდან შევიდა. კოდექსში Haccp-ის დანერგვის ვალდებულება ჩაიწერა მხოლოდ სასაკლაოებისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოებისთის, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ აღსრულება 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყებოდა. სახელმწიფო კონტროლზე პასუხისმგებელმა ორგანომ-სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 იანვრიდან სულ 200-მდე სასაკლაო და რძის გადამამუშავებელი 90-მდე საწარმო შემოწმდა.
“სამომავლოდ, სხვა ტიპის საწარმოებზეც გავრცელდება “ჰასპის” სტანდარტის მოთხოვნა, ლოგიკურად, პირველი იქნება ხორცის გადამამუშავებელი ობიექტები, მართალია, ეკონომიკის სამინისტრო გვიბლოკავს და გვეუბნება, რომ მეწარმეებს ჩაგრავთო, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე,”-ამბობს ეკა ბურკაძე.
“სხვა ტიპის საწარმოებთან დაკავშირებით სურსათის უვნებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მხოლოდ პროექტის დონეზე არსებობს. რაც შეეხება, სასაკლაოებსა და რძის გადამამუშავებელ საწარმოებს 2017 წლის 1 იანვრისთვის ვისაც არ ექნება ჰასპის სტდანარტები დანერგილი და არ იქნება აღიარებული, არ ექნებათ საქმიანობის გაგრძელების უფლება,”- ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათისუვნებლობისდეპარტამენტისუფროსი კახა სოხაძე.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, 400-ლარიანი ჯარიმის შემდეგ მიცემულ გონივრულ ვადაში რეკომენდაციის შეუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობა სამმაგდება. შესაბამისად, თუ დაჯარიმებული სასაკლაოები და რძის გადამამუშავებელი საწარმოები ისევ ვერ შეძლებენ საწარმოო პროცესში “ჰასპის” სტანდარტების დანერგვას, ბიზნესოპერატორებს 1200 ლარის გადახდა მოუწევთ და, შესაძლოა, შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედებაც შეუჩერდეთ.
მაიკო გაბულდანი