გაზაფხულიდან ქართული მოწნული ავეჯი ესპანეთში გაიყიდება
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ დამტკიცებული პროექტების ფარგლებში რამდენიმე კომპანია ევროპის ბაზარზე გასასვლელად ემზადება.
Outdoor Furniture ავეჯს ესპანეთში იანვარში გაგზავნის. კოლექცია უკვე შერჩეულია, ქართული მოწნული ავეჯი ესპანეთის მაღაზიებში გაზაფხულიდან გამოჩნდება.
„რამდენიმე თვეში ვიწყებთ პროდუქციის გატანას. ესპანეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გვაქვს მოლაპარაკებები. ესპანეთში ჩვენ ვიპოვეთ ერთ-ერთი მაღაზიის წარმომადგენელი, ის მიიღებს ჩვენს ავეჯს საწყობში და გაიტანს თავის ქსელში. მხოლოდ მოწნული ავეჯი მიგვაქვს, რომელიც სეზონურია, გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომისთვის. ამ დრომდე იმდენს ვერ ვაწარმოებდით, რომ გვეფიქრა ექსპორტზე, ახლა უკვე აქტიურად ვმუშაოთ ამ მიმართულებით. გავიტანთ სკამებს, შეზლონგებს, სამეულებს, მაგიდებს, საქანელას. უკვე ვაკეთებთ კოლექციას და იანვრის ბოლოს გავგზავნით“, - აცხადებს Outdoor Furniture-ის დირექტორი შოთა ბუხაიძე.
იმისთვის, რომ ქართული ავეჯი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ბაზარზე მოხვდეს, Outdoor Furniture-ს საბაჟო გადასახადის გადახდა არ უწევს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) 2014 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა. შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობებს ითვალისწინებს, კერძოდ, საქონლის ვაჭრობაზე საიმპორტო და საექსპორტო გადასახდების გაუქმებას. DCFTA ასევე უზრუნველყოფს მომსახურების სფეროში საგადასახადო ბარიერების მოხსნასა და შესაბამის ბაზრებზე კომპანიებისთვის შეღწევის შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
„როდესაც ექსპორტზე გაგვაქვს პროდუქცია, არანაირი გადასახადი საბაჟოზე არ არის, მათ შორის არც დღგ-ს არ ვიხდით. რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც იღებენ ჩვენს ავეჯს ესპანეთში, ისინი უკვე ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით მოქმედებენ. საქართველოში საექსპორტო ოპერაციები გათავისუფლებულია გადასახადებისგან“, - ამბობს შოთა ბუხაიძე.
DCFTA-ის ფარგლებში უქმდება ის საბაჟო გადასახადი, რაც მესამე ქვეყნებისთის სავალდებულოა. ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფი მსგავსი ტიპის ავეჯზე ღირებულების 5.6%-ს შეადგენს. შეღავათებს ითვალისწინებდა GSP+, რომლითაც საქართველო DCFTA-ის ამოქმედებამდე სარგებლობდა, თუმცა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისგან განსხვავებით GSP+ მხოლოდ დროებითი ზომა იყო, ასევე DCFTA გაცილებით ფართო ჩამონათვალს მოიცავს.
„სანამ DCFTA-ს მივიღებდით, გვქონდა GSP+, რომლის თანახმადაც ასეთი სახის საქონელი ასევე გათავისუფლებული იყო გადასახადისგან, მაგრამ ეს არ მოქმედებდა სამუდამოდ, მხოლოდ დროებითი ასიმეტრიული ხელშემწყობი ზომა იყო საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ქვეყნისთვის. ადრე თუ გვიან ამას მოგვიხსნიდნენ, DCFTA კი სამუდამოდ გვაქვს.“ - აცხადებს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი.
საყოფაცხოვრებო ავეჯის საწარმოს Outdoor Furniture-ს გაფართოება-გადაიარაღება პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მოხდა. კომპანიაზე 150 000 აშშ დოლარის სესხის გაცემა "ვითიბი" ბანკმა უზრუნველყო. საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო 2 წლის განმავლობაში სესხის მთლიანი 13%-იანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის თანადაფინანსებას მოახდენს. Outdoor Furniture-მ სესხით ახალი დანადგარი შეიძინა, საწარმოო პროცესი გააუმჯობესა, წარმოება კი გააფართოვა.
„გაფართოვდა ხაზი, თანხა ჩაიდო საბრუნავ საშუალებებში, დანადგარებში. ადრე იყო რკინა მოწნულთან ერთად, ახლა კი ახალი დანადგარით ვამზადებთ ხესთან ერთად მოწნულ ავეჯს. უკვე რამდენიმე თვეა გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობაც. ადრე იყო 20, ახლა უკვე 40 ადამიანია დასაქმებული“,- აცხადებს კომპანიის დირექტორი.
ევროკავშირის ბაზარზე გავა „საქკაბელი“, რომელიც კაბელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა. კომპანია ტექნიკური ბარიერების გამო ვერ ახერხებდა ევროკავშირის ბაზარზე შესვლას, სადაც მხოლოდ სერტიფიცირებული პროდუქტის ექსპორტია შესაძლებელი, ამიტომ „საქკაბელს“ პროდუქტის სერტიფიცირებისთვის უცხოელი ექსპერტები უნდა დაექირავებინა, რაც დროსთან ერთად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ედიშერ მამალაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მათი პროექტი რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა, უახლოეს მომავალში კი ქართული კაბელები ევროკავშირის ბაზარზე გავა.
„რამდენიმე დღეა, რაც დაგვიმტკიცდა თანხა. ვაპირებთ ახალი ტიპის საკაბელო პროდუქციის გამოშვებას, ის, რაც არ გვქონდა ასორტიმენტში და რაც მოხმარებადია, ვემზადებით ევროპული ბაზრისთვის, უნდა ვაწარმოოთ ის, რაც ევროპის ბაზარს სჭირდება. ეს არის ჰალოგენის არშემცველი კაბელები. უკვე შევისწავლეთ ევროპული ბაზარი და რაც მოთხოვნადია, იმის გამოშვებას ვგეგმავთ. ოპტიმისუტრი იქნება, თუ ევროპის ქვეყნებში შესვლას 2016 წლისთვის მოვახერხებთ. სახელმწიფომ, შესაძლოა, დაგვიფინანსოს სერთიფიცირება“,- აცხადებს „საქკაბელის“ ხელმძღვანელი ედიშერ მამალაძე.
„საქკაბელი“ ევროპულ ქვეყნებში გასასვლელად ემზადება, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე დაბრკოლებებს აწყდება. ედიშერ მამალაძე eugeorgia.info-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში თანაბარი კონკურენციის პირობები დარღვეულია.
„რომელია ხარისხიანი და რომელი უხარისხო - ამის რეგულირება დღეს ნაკლებად ხდება. ხშირია, სადენი, რომელიც არის 1მმ-იანი, აწერია 2,5 მმ. ასეთ შემთხვევებში ხშირია ხანძრები, მსხვერპლი. ამის შესახებ მივმართეთ ეკონომიკისა და ენერგიტიკის სამინისტროებს, გვიპასუხეს, რომ საქმეს სწავლობენ. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მარკირება მომხდარიყო კაბელებზე, რომ ვიცოდეთ, უხარისხო პროდუქცია ვისი გამოშვებულია“, - ამბობს ედიშერ მამალაძე.
ევროკავშირის ბაზარზე გასვლას გეგმავს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი საწარმო „ენერჯი ჯორჯია“. მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან 2 წლის განმავლობაში ლაპარაკია დაახლოებით 300 000-400 000 ლარამდე სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებაზე.
„ნაწილობრივ ამუშავებული ვართ. პროდუქციას უკვე ვაწარმოებთ. მაისში გავხსენით და დაახლოებით 2 მილიონი ლარის ღირებულების კაბელი გავყიდეთ. საწარმო ნულიდან შევქმენით. ჩვენი მიზანია, რომ დავამზადოთ ხარისხიანი კაბელები და მოვახდინოთ იმპორტის ჩანაცვლება. ყოველ წელს ათეულობით მილიონის ღირებულების კაბელი შემოდის საქართველოში. ჯერ ადგილობრივ ბაზარზე დავიმკვიდრებთ თავს და შემდეგ ვიფიქრებთ ექსპორტზე. აუცილებლად გავიტანთ პროდუქციას სხვა ქვეყნებში. დღეს ვაწარმოებთ მხოლოდ 10%-ს იმისა, რაც უნდა დავამზადოთ საბოლოო ჯამში. მარტის დასაწყისიდან უკვე სრული დატვირთით ვიმუშავებთ და 150-მდე სახეობის კაბელს ვაწარმოებთ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი მამია მოცრაძე.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ფარგლებში მუშაობას კიდევ ერთი კომპანია ერთ თვეში დაიწყებს.“Starco Footwear" სასჯელაღსრულების რუსთავის მე-16 დაწესებულების ტერიტორიაზე ახალ საწარმოს გახსნის, სადაც ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებული 120 პატიმარი დასაქმდება. “Starco Footwear" ფეხსაცმლის წარმოების ახალი ტექნოლოგიების შემოტანასა და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სპეცტანსაცმლის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული. აღნიშნული ტექნოლოგია ფეხსაცმლის ძირის დამზადებასა და ფეხსაცმლის ზედა ნაწილზე დამაგრებას უზრუნველყოფს. “Starco Footwear" -ის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია, ძირითადად, უცხოურ ბაზარზე იქნება ორიენტირებული.
„ჩვენი მთავარი ბაზარი, სავარაუდოდ, უცხოეთი იქნება. გაყიდვის ოფისი გვექნება ამერიკაში. ევროპის ბაზარი ძალიან გადაჭედილია, მაგრამ შევეცდებით ტენდერებში მივიღოთ მონაწილეობა, თუმცა ჩვენი სამიზნე ახლო აღმოსავლეთი, აფრიკული ქვეყნები და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებია“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი არჩილ მხეიძე.
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 132 პროექტია დამტკიცებული. 54 მათგანი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის კომპონენტით სარგებლობს, დანარჩენი კი ფინანსებზე ხელმისაწვდომობაზეა ორიენტირებული. მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, პროგრამას „აწარმოე საქართელოში“ ახალი კომპონენტები - სასტუმრო ინდუსტრიისა და საქართველოში კინო-ინდუსტრიის ხელშეწყობის მიმართულებები დაემატა.
ავტორი: ხატია შამანაური