მეწარმეებს ევროპული სტანდარტების დასანერგად თანხები არ ჰყოფნით
„სტიმული თუ არ გვექნება, ყველა წავა აქედან, მერე იტყვიან, რატომ გაედინება სამუშაო ძალა. როდესაც რაღაცას აკეთებ, ხელს უნდა გიწყობდნენ, თუ ხელს არ გიწყობენ, ხელს მაინც არ უნდა გიშლიდნენ“, - აცხადებს მარიამ კოდუა.
კომპანიების - „ქესკიასა“ და „კოდუგრუპის“ დამფუძნებელი მარიამ კოდუა ISO-ს სერთიფიკატის აღებას ვერ ახერხებს. ახალგაზრდა ფერმერის თხილის გადამამუშავებელ ქარხანას წელიწადში 300 ტონაზე მეტი თხილი გააქვს ექსპორტზე. ქართული თხილი ევროკავშირის ქვეყნებში 2001 წლიდან იყიდება. იმისთვის, რომ მარიამ კოდუას თხილი ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს, ISO-ს სერთიფიკატი სავალდებულო არ არის, თუმცა კონკურენცია დიდია, ამიტომ ქართველი ფერმერი ამბობს, რომ საწარმომ თანამედროვე მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. სერთიფიკატის აღება დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. მარიამ კოდუას განცხადებით, EBRD ამ პროცესში ერთ-ერთ ბოლო ეტაპს აფინანსებს, მანამდე კი წარმოების სტანდარტის დასანერგად გასაწევი სამუშაოებისთვის 30 000-50 000 დოლარია საჭირო, ამ კუთხით ფინანსების მოძიება კი ძალიან რთულია.
„თანამედროვეობა გვიბიძგებს, რომ გვქონდეს ეს სერთიფიკატი. სხვა შემთხვევაში დავიკარგებით, ბაზარი ჩაგვყლაპავს. კონკურენცია ძალიან დიდია, რაღაცით სხვებზე მაღლა თუ არ დადექი, ვერ იარსებებ. ISO-ს სერთიფიკატი იქნება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს პროექტი, დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო იაფი კრედიტი. მაგალითად, თუ საწარმოს რომელიმე დანადგარი არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტს, მისი შეცვლის შესაძლებლობა რომ გვქონდეს, რაღაც კომპონენტში რომ იყოს გარკვეული დახმარება,“ - ამბობს მარიამ კოდუა.
მარიამ კოდუას თხილი ესპანეთში 2001 წლიდან იყიდება, იმ დროს შემსყიდველი კომპანიები საქართველოში ჩამოდიოდნენ, მოგვიანებით კი ევროპელებთან კავშირის დამყარებას მარიამ კოდუა ინტერნეტით ახერხებდა, სხვადასხვა გვერდზე ათავსებდა ინფორმაციას საწარმოსა და ქართული პროდუქციის შესახებ. ამასთან, უცხოელ პარტნიორებს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამართულ შეხვედრებსა და ტრენინგებზე ხვდებოდა. მარიამ კოდუას თქმით, მისი პროდუქციისთის ევროპის ბაზარზე გასვლა პრობლემა არასდროს ყოფილა. თხილის პარალელურად ის თაფლსა და საქართველოსთვის ინოვაციურ პროდუქტ სიმინდის სილოსსაც აწარმოებს.