ევროკავშირში ქართული კენკრის გასაყიდად ხელსაყრელი პერიოდი მაისიდან ივლისის შუა რიცხვებამდეა
ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირში ნედლი კენკრის იმპორტი გაორმაგდა.მხოლოდ 2014 წელს არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტმა დაახლოებით 400 მილიონ ევროს მიაღწია, აქედან 72% განვითარებადი ქვეყნების პროდუქციამ დაიკავა. მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რასაც ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს. მაისის ბოლო-ივლისის შუა რიცხვები ის პერიოდია, როდესაც ქართველ მეწარმეებს შეუძლიათ საკუთარი პროდუქტი ევროპელ მომხმარებლებს შესთავაზონ- ამ დროს ევროპაში კენკროვანი კულტურების კრეფის სეზონი ჯერ არ დაწყებულა და ფასიც შესაბამისად მაღალია.
“ჩვენ რომ ვამთავრებთ მოსავლის აღებას, ევროპაში მაშინ იწყებენ, ჩვენი პროდუქციის კრეფის პერიოდი, დაახლოებით, თვენახევრით ასწრებს. ამასთან, ეს ის დროა, როცა ლათინურ ამერიკაშიც დამთავრებულია მოსავალი.მაისის ბოლოდან ივლისის შუა რიცხვებამდე კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომ შევთავაზოთ ჩვენი პროდუქტი”,-ამბობს შპს-ის “ვარციხის პლანტაციები” დირექტორი გიორგი ღვინიაშვილი. ღვინიაშვილს ბაღდადის რაიონში 12 ჰა-ზე მოცვისა და ჟოლოს პლანტაციები აქვს. გაზაფხულზე გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობსაც დაასრულებს, მანამდე კი ევროპაში პარტნიორებს ეძებს. 14 თებერვლიდან 10 მარტამდე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გერმანიაში, 1-თვიან ტრენინგს დაესწრება, სადაც სექტორების მიხედვით ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართება და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციის საშუალებაც ექნება,-"ამ დრომდე კონკრეტული მოლაპარაკებები არ ყოფილა ევროპელ პარტნიორებთან, რადგან საწარმოც არ გვქონდა. ევროპაში რომ გავიტანოთ, პროდუქტი უნდა იყოს დახარისხებული, დაფასოებული და სწორ ტემპერატურაზე შენახული. წელს პირველად გვაქვს ამის მცდლეობა, რადგან ვიცით, რომ ქარხანა გვექნება მაისის შუა რიცხვებში. დაგვჭირდება სერტიფიკატებიც, იმის დასამტკიცებლად, რომ სტანდარტების შესაბამისად იწარმოება”,- ამბობს ღვიანიაშვილი.
მსოფლიოში მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი ამერიკის შეერთებული შტატებია. ზაფხულში საფრანგეთს, ნიდერლანდებს, პოლონეთსა და გერმანიასაც აქვთ საკუთარი წარმოება, დამატებით მარაგს, ძირითადად, მაროკოდან იღებენ. ასევე, ევროპაში ყველაზე შორი მანძილიდან-ჩილედან ხდება იმპორტი. საექსპორტო შესაძლებლობებს ზრდის სამხრეთ აფრიკა და პერუც. რაც შეეხება ჟოლოს, იანვარსა და დეკემბერში ევროპას ჟოლოთი მაროკო ამარაგებს, წლის დანარჩენ პერიოდს კი ესპანეთი, ნიდერლანდები და ბელგია ავსებენ. დღეს, საქართველოდან ევროპაში კენკროვანი კულტურების ექსპორტს მხოლოდ რამდენიმე კომპანია ახორციელებს, მათ შორისაა ხილ-კენკროვნების საშრობი საწარმო შპს ILJ. 2006 წელს რუსული ემბარგოს შემდეგ, შპს ILJ -ის დირექტორ ჯემალ ბიგვავასთვის ჩრდილოელი მეზობლის ბაზარი დაიკეტა, მეწარმემ ახალი, სტაბილური ბაზრის ძიება დასავლეთში დაიწყო. ინტერნეტში შემთხვევით ნახა განცხადება, რომ პოლონურ კომპანიას მოცვის ყიდვა უნდოდა, რამდენიმე მიმოწერის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში ჩამოვიდა, ხილ-კენკროვნების საშრობი საწარმო დაათვალიერა და პირველი შეკვეთაც მისცა. შპს ILJ მოცვს, ასკილსა და სხვადასხვა კენკროვან ხილს სოფლებში მოსახლეობისგან იღებს, აშრობს, ახარისხებს და 25 კგ ქაღალდის ტომრებით ევროპაში გზავნის,-“2006 წლამდე რუსეთის ბაზარზე ვმუშაობდით, მაგრამ ემბარგო რომ დაგვიწესა და ჩაგვიკეტა ბაზარი, დავაფუძნე შპს ILJ. პოლონური კომპანიას წელიწადში 3-5 ტონამდე გამომშრალ მოცვს, 20 ტონამდე ასკილს ვაწვდით, ის პატარ-პატარა კომპანიებზე ყიდის, სხვადასხვა დანიშნულებით, ზოგს ლიქიორის დასამზადებლად სჭირდება, ზოგს ფარმაცევტული მიზნისთვის. რამდენჯერმე დაფნაც შეგვიკვეთა,- ამბობს ბიგვავა.
თამბაქოდან ლურჯი მოცვის მოშენებაზე გადავიდნენ ზემო აჭარაში. ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “გედი” შუახევში ლურჯი მოცვი 3 ათას მეტრზე გააშენა. სამომავლოდ ზვიად მიქელაძეს საწარმოს გახსნაც უნდა, თუმცა მანამდე წარმოების გაფართოების მიზნით სხვა მეწარმეებთან გაერთიანებას ცდილობს,- “ადრე თამბაქო მოყავდათ ზემო აჭარაში, დღეს უკვე ლურჯ მოცვზე გადავედით, იმიტომ რომ მოცვი ბაზარზე ადვილად გასასაღებელია, ფასი მაღალია, თაფლოვანი მცენარეა და გვინდა ფუტკრის მოშენებაც. გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას მარტო ვერ შევძლებთ, ამ ეტაპზე გაერთიანება და კავშირის დამყარებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. დავაინტერესეთ მეზობლები, მათაც გააშენეს, ჩაქვში უფრო დიდი პლანტაციებია, მათთანაც გვაქვს კონტაქტი და გვინდა ერთად დავიწყოთ მოცვის დაპაკეტება, ჩირის გაკეთება”,- ამბობს მიქელაძე.
ჩირის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს ფერმერი იზოლდა ქიტესაშვილიც. იზოლდა გურჯაანში 3 ჰექტარზე 20 ტონამდე მაყვლის მოსავალს ელოდება. ევროპაში მაყვლის ბაზარი აშშ-სთან შედარებით პატარაა, ზამთარში, როდესაც ბაზარზე ევროპული პროდუქცია არ არის, ძირითადად, ლათნური ამერიკიდან ხდება ხილის იმპორტი. მაყვლის საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ კარგად იცის იზოლდა ქიტესაშვილმაც, თუმცა ამბობს, რომ მისი მეურნეობა ევროპის ბაზრისთვის პატარაა.
“USAID-ის გრანტით ჩირის გადამამუშავებელ ქარხანას თანამედროვე სტანდარტებით ვაშენებთ. უნდა გამოვაშრო მაყვალი, გავაკეთო ტყლაპი, ხურმა, ამბიციური გეგმა მაქვს. მაყვლის სახლის აშენებაც მინდა, უპრეცდენტო იქნება საქართველოში, მაყვლის ღვინოც უნდა დავმზადოთ, ნამცხვრებიც, ბევრს დავასაქმებ, თბილისიდან ჩამოვლენ მაყვლის ტორტის შესაძენად. ფოთოლიც უნდა გამოვაშროთ და ჩაი შევთავაზოთ სტუმრებს. სანამ მინიმუმ 100 ტონას არ მოვკრეფთ, მანამდე ევროპის ბაზარზე არავინ გვესაუბრება. მათ უნდათ სტაბილური, გეგმიური მიწოდება, რაოდენობითაც და გრაფიკის მიხედვითაც. ვერ ვთავაზობთ და ვერ ვიპყრობთ ძვირადღირებულ კარგ ბაზარს, მათ იციან რა ჭამონ და რაში რა გადაიხადონ”,- ამბობს იზოლდა.
იქიდან გამომდინარე,რომ ევროკავშირში პროდუქტის უვნებლობა პრიორიტეტულია, სტაბილურ მიწოდებასთან ერთად მეწარმისგან დამატებითი გარანტიებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატსაც ითხოვენ. ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში ეს ყველაზე ხშირად პირველადი წარმოების სტანდარტი GLOBAL GAP-ია.თუ მეურნეობა GLOBAL GAP-ის სტანდარტს აკმაყოფილებს, ეს ევროპელი მომხმარებლისთვის ნიშნავს იმას, რომ კვების პროდუქტების წარმოება მართლზომიერად ხდება და საზიანო ეკოლოგიური გავლენა და ქიმიკატების გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი.GLOBAL GAP-ის სერტიფიკატი დღეს კენკროვანი კულტურის მწარმოებლებს შორის მხოლოდ ოზურგეთის რაიონში, კომპანიას “ვანრიკ აგრო გრუპი” აქვს. გასულ წელს კომპანიამ 50 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვი გაიტანა დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, სომხეთსა და რუსეთში.
“ჩვენ უშუალოდ სუპერმარკეტებს არ ვაწვდით, მსხვილი რითეილერები ან შუამავალები არიან, რომლებიც საბითუმო ბაზარზე კოოპერირებენ, იმათი მოთხოვნაა, რომ “GLOBAL GAP უნდა ჰქონდეს პროდუქციის მწარმოებელს, სხვა შემთხვევაში ნაკლებია ინტერესი, რომ შეიძინონ ჩვენი ქვეყნიდან პროდუქცია ანუ მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ გახვიდე ევროპის ბაზრზე. მხოლოდ ISO არ არის საკმარისი, რადგან ის, ძირითადად, მენეჯმენტის საქმიანობაში ხარისხის სისტემის დანერგვას გულისხმობს-რამდენად სწორად ფუქციონირებს. GLOBAL GAP-ის შემთხვევაში კი პროდუქციაზე გადადის აქცენტი-როგორ იწარმოება და რამდენად ხარისხიანია,- ამბობს “ვანრიკ აგრო გრუპის” ფინანსური მენეჯერი არჩილ პაიჭაძე.
GLOBAL GAP-ის სერტიფიკატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპორტიორისთვის, მაშინ, როდესაც პროდუქტს სუპერმარკეტები უკვეთავენ.
“იმის გამო, რომ GLOBAL GAP-ის სერტიფიკატი არ გაქვს, საზღვარზე არავინ გაგაჩერებს, მაგრამ თუ გინდა პროდუქტი “ვოლმარტში” შეიტანო, ის გეტყვის: მივიღებ თუ გაქვს ესა და ეს სტანდარტი. თუ იქნება პირველადი წარმოების პროდუქტი, ალბათ, მოითხოვს GLOBAL GAP-ს. სერტიფიცირებას იმიტომ გადიხარ და სტანდარტს იმიტომ ნერგავ, რომ ეს ან კლიენტის ან სახელმწიფოს მოთხოვნაა. შეიძლება, საკმარისი იყოს მხოლოდ GLOBAL GAP ან მასთან ერთად HACCP და ISO მოითხოვონ. სავაჭრო ქსელები არ მიიღებს შენს მწვანილს, ხილს ა.შ. თუ არ გაქვს GLOBAL GAP, ამიტომ ხდება სავალდებულო”,-ამბობს სურსათის უვნებლობის ექსპერტი ეკა ბურკაძე.
საქართველოში მეწარმეები საერთაშორისო სტანდარტების და სერტიფიკატის არქონის მთავარ მიზეზად ფინანსებს ასახელებენ. დღეს, არცერთი სამთავრობო პროგრამა არ ეხმარება ფერმერებსGLOBAL GAP-ის დანერგვაში, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო და USAID/REAP-ის პროექტი გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარებს HACCP და ISO სტანდარტების კონსულტირების ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებას სთავაზობენ. გადმამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მენეჯერის განცხადებით, ISO და HACCP-ის დასანერგად საჭირო კონსულტირების მთლიანი ღირებულების 50%-ს გადაიხდის ამერიკული მხარე, 30%-ს პროექტების მართვის სააგენტო და 20%-ს ბენეფიციარი. რაც შეეხება, სტანდარტის დანერგვისა და სერტიფიკატის აღების ხარჯებს, ამის გადახდა მეწარმეს ისევ თავად მოუწევს.
“4 თებერვლამდე გამოიკვეთება კონსულტანტების სია, შემდეგ USAID გამოაცხადებს კონკურსს და გამარჯვებული კომპანიები პროექტის ბენეფიციარ საწარმოებში ISO და HACCP-ს დანერგვას დაიწყებენ. დაფინანსებაში ვგულისხმობთ კონსულტანტისთვის გადასახდელ თანხას-რაც დასჭრდებათ კონსულტანტებს იმისთვის, რომ დანერგვის პროცესს მისდიონ და საწარმოებს ყველა ეტაპზე აუხსნან რა და როგორ უნდა გააკეთონ. რაც შეეხება, თავად საწარმოს რა დაუჯდება ამ სტანარტების დანერგვა, ამის თქმა ძნელია, რადგან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: რა ზომისაა საწარმო, ტერიტორიულად სადაა, როგორი ინფრასტრუქტურა აქვს, დასჭირდება თუ არა დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა. როგორც წესი, ამას თავად საწარმოს ხელმძღვანელები თავისი ხარჯით აკეთებენ, რამდენადაც ვიცი, არ იქნება იაფი, შეიძლება რამდენიმე ათეული ათასი ლარი დაჯდეს, კონსულტირებაში სახელმწიფო რომ ეხმარებოდეს ასეთი პროგრამაც არ გამიგია, გარდა ჩვენი პროგრამისა“,- ამბობს რევაზ ასათიანი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადმამაუშავებელი საწარმოების თანდაფინანსების პროექტის ფარგლებში დამტკიცებულია 28 პროექტი, ხელშეკრულება 18 საწარმოსთანაა გაფორმებული. საგრანტო კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩადებულია პირობა, რომ სააგენტოს მიერ დაფინანსებულმა საწარმოებმა უნდა დააკმაყოფილონ გარკვეული სტანდარტები - ანუ 18-ივე საწარმო ვალდებული ხდება დანერგოს ISO და HACCP.
ევროპის ბაზარი და ტენდენციები
ევროპაში კენკროვანი კულტურების ყველაზე დიდი წარმოება აქვს პოლონეთს,ნიდერლანდებსა და ესპანეთს შედარებით მცირე, მაგრამ დიდია რეექსპორტის მოცულობა. კენკროვანი ხილს ყველაზე დიდი ოდენობით გერმანელები და პოლონელები მოიხმარენ, პოპულარულია სკანდინავიის ქვეყნებშიც. ნედლი კენკრის დიდი ნაწილი საკვებ ინდუსტრიაში გადამუშავდება, რის გამოც იზრდება მისი მოხმარება.
შობის პერიოდი: ნედლი მოცვი პოპულარულია შობის პერიოდში. ამ დროს მისი იმპორტი აშშ-დან ხორციელდება.
ასორტი: ევროპელ მომხმარებლებს მოსწონთ მრავალფეროვნება და სხვადასხვა კენკრის ნარევი სულ უფრო პოპულარული ხდება.
მსუბუქი ხილი: კენკროვნები მიიჩნევა მსუბუქი საკვებ ხილად და ხშირად იყიდება ახალი დაჭრილი ხილის ასორტის ფორმით. მსგავსი შეკვრები განსაკუთრებით პოპულარულია ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ნედლი ხილი, რომ მოხვდეს ევროპის ბაზარზე?
ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით ევროკავშირს დადგენილი აქვს პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონე საკვებ პროდუქტებში. ასევე, აწესებს ფიტოსანიტარულ მოთხოვნებს იმისთვის, რომ პროდუქტში არ მოხვდეს და გავრცელდეს საზიანო ორგანიზმები, შესაბამისად, თითოეულ პროდუქტს თან უნდა ახლდეს ჯანმრთელობის სერტიფიკატი. პროდუქტის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიზნით ევროკავშირმა აკრძალა გარკვეული ქიმიკატების გამოყენებაც. კონტროლის მიზანია რომ ყველა პროდუქტი, რაც ბაზარზე მოხვდება იყოს უსაფრთხო. სწორედ, პროდუქტის უსაფრთხოების დასადასტურებლად ითხოვენ ყველაზე ხშირად GLOBAL GAP-ის სერტიფიკატს, როდესაც საუბარია პირველად წარმოებაზე-ხილსა და ბოსტნეულზე.GLOBAL GAP მსოფლიოში აღიარებული სტანდარტია ფერმერებისთვის, რომელიც იშიფრება როგორც სოფლის მეურნეობის კარგი პრაქტიკა და მოიცავს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მთლიან პროცესს,-"GLOBAL GAP ანუ ეს არის სტანდარტი ჭიშკრამდე, ფერმის ბაღამდე: როგორ გაქვს აღრიცხული მიწა, მისი სტრუქტურა, ისტორია, როგორია სარწყავი წყალი, სასუქი. ჭიშკარს, ფერმის მიღმა ეს სტანდარტი აღარ ვრცელდება. HACCP და ISO22000 უკვე გადამამუშავებელი საწარმოების სტანდარტებია. როცა კენკრას კრეფ, GLOBAL GAP-ის ნაწილია თუ რამდენად გაქვს სურსათის უვნებლობის ელემენტები გათვლილი, აქ უკვე ერთვება HACCP-ის ნაწილიც, თუმცა პირდაპირ HACCP არ არის: საფრთხის ანალიზი, კრიტიკული წერტილები თუ გაქვს, უფრო ადვილად ნერგავ GLOBAL GAP-საც”,-ამბობს ეკა ბურკაძე.
სავაჭრო ქსელები ევროპაში
ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში მთავარი სავაჭრო ქსელები სუპერმარკეტებია. ამ მხრივ გამოირჩევა დიდი ბრიტანეთი, სადაც 3 წამყვან სუპერმარკეტზე: Tesco, Asda და Sainsbury’s საკვები პროდუქტების ბაზრის 60%-ზე მეტი მოდის. გერმანიაში ყველაზე მსხვილია Edeka Group, რომელიც მოიცავს სუპერმარკეტების ბრენდებს: Edeka, Spar, Netto. ასევე, გერმანიაში მსხვილ სუპერმარკეტებს შორისაა Lidl, Aldi, REWE და Metro AG. პოლონეთი-Biedronka, Lidl, Netto, Aldi, დანია-Netto, Fakta, Aldi, Rema. საბითუმო სუპერმარკეტებზე მოდის საკვები პროდუქტების შედარებით მაღალი წილი. ევროპის ქვეყნებში პროდუქტის დიდი ნაწილი ძირითადად 2 მთავარი სავაჭრო ცენტრიდან- ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან ნაწილდება. იმპორტიორები ამ ქვეყნებიდან ახდენენ რეექსპორტს ევროპის ყველა მთავარ სუპერმარკეტში.
ფასი:
ევროპაში კენკროვანი ხილის ღირებულება ქვეყნებისა და სეზონის მიხედვით განსხვავდება. დაბალი ფასებია მოსავლის დროს (ზაფხულში) და მაღალი- ზამთარში, განსაკუთრებით საშობაოდ. 1 კგმოცვი სუპერმარკეტებში 13-20 ევრო ღირს. მაყვლის ფასიც თითქმის ანალოგიურია, თუმცა ადგილობრივი წარმოების, შესაძლოა, 50%-ით იაფი ღირდეს. 1 კგ ჟოლო 18-დან 23 ევრომდე მერყეობს. ადგილობრივი წარმოების ჟოლოები, შესაძლოა, 12 ევროდაც გაიყიდოს, მაშინ როდესაც ორგანული ჟოლოები ერთი კილოგრამი 28 ევრომდე ადის. ორგანული პროდუქტი მნიშვნელოვანი სანიშე ბაზარია ევროპაში. ევროპელები უპირატესობას ანიჭებენ ბუნებრივი მეთოდებით მოყვანილ და წარმოებულ პროდუქტს. შესაბამისად, იზრდება ორგანული კენკროვანი ხილის ბაზარიც.
სტატისტიკა:
2014 წელს საქართველოდან კენკროვანი კულტურების ექსპორტმა 32.5 ტონა შეადგინა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია და დაახლოებით 43.1 ტონას აღწევს.
მაიკო გაბულდანი