ირანელი ინვესტორები საქართველოს მთავრობას სავიზო რეჟიმის გამარტივებს სთხოვენ
ირანელი ბიზნესმენები მზად არიან, საქართველოში 50 მილიონი დოლარის ინვესტირებისთვის, თუმცა, მთავრობისგან სავიზო რეჟიმის გამარტივებას ითხოვენ, -ამის შესახებ eugeorgia.info-ს ირან-საქართველოს ბიზნეს-განვითარების ცენტრის დამფუძნებელმა, მაჰმუდ დავარიმ განუცხადა.
დავარის თქმით, აზიელი ინვესტორების ინტერესს, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სექტორი იწვევს.
„გვსურს 2 ათასამდე ჰა მიწის იჯარით აღება, სადაც ხორბლისა და სიმინდის მოყვანასა და ირანში ექსპორტს ვგეგმავთ, ეს პროდუქცია განსაკუთრებით მოთხოვნადია ჩვენს ქვეყანაში“,- აღნიშნეს ბიზნეს-ცენტრში.
გარდა ამისა, მაჰმუდ დავარი აცხადებს, რომ მზადაა, საქართველოში ირანსა და გაერთიანებული არაბთა საემიროებიდან 100 ათასამდე ტურისტი შემოიყვანოს, თუმცა, ხელს სავიზო შეზღუდვები უქმნის.
„საჭიროა, როგორც ადრე, მოქმედებდეს უვიზო რეჟიმი, ან, სულ მცირე, ერთწლიან ვიზებს მაინც გასცემდნენ, რათა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, ამ საკითხს გადახედოს, მით უფრო, რომ ორ კვირაში სანქციები ირანს მთლიანად მოეხსნება, ამასთანავე, ორი დღეა, საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა "სვიფტმა" ირანიდან საბანკო გადარიცხვებზე შეზღუდვები მოხსნა“, - აცხადებს ირანელი ბიზნესმენი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაჰმუდ დავარი დღეს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი ჩოგოვაძესაც შეხვდება.
eugeorgia.info დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, სადაც სავიზო რეჟიმის სავარაუდო შეცვლის თაობაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს, რაც შეეხება არსებულ სანქციებს გარკვეული ირანული ფირმებისა და პირების საქმიანობის წინააღმდეგ, რომელიც გაეროს მითითებებით დაწესდა, სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი გაეროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე გაუქმდება.
„პროცედურულად, როგორც კი საერთაშორისო ორგანიზაციიდან შესაბამის დოკუმენტს მივიღებთ, იუსტიციის სამინისტრო მიმართავს სასამართლოს და სიაში არსებულ პირებზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდება“, - აღნიშნეს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში.
აღსანიშნავია, რომ ირანთან სავიზო რეჟიმი საქართველომ 2010 წელს მოხსნა, თუმცა, 2013 წელს ხელახლა დააწესა. შედეგად, 2010-2012 წლებში ირანელ ვიზიტორთა რაოდენობა ქვეყანაში 21 ათასიდან 90 ათასამდე გაიზარდა, თუმცა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 25 ათასამდე შემცირდა. სავიზო პოლიტიკის გამკაცრების გამო ირანულმა ავიაკომპანია „ატა ეარლაინსმა" თბილისი-თეირანს შორის პირდაპირი მიმოსვლა შეაჩერა. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, მგზავრთა ნაკადი მკვეთრად შეუმცირდათ და ფრენა საქართველოში არარენტაბელური გახდა. ამასთანავე, ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში დარეგისტრირებულმა 100-მდე ირანულმა კომპანიამ არსებული საბანკო და სავიზო შეზღუდვების გამო არსებობა შეწყვიტა.