სამთავრობო უწყებები ევროკავშირის საექსპორტო ბაზრების შესწავლას გეგმავენ
საქართველოში მეწარმეების უმრავლესობამ არ იცის, აქვს თუ არა მის პროდუქციას ექსპორტის პერსპექტივა ევროპის ბაზარზე, რაც ხელს უშლის ევროკავშირთან გაფორმებული „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით“ ისარგებლონ. ევროპისა და სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ წარმატებული ექსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმულა ბაზრების სიღრმისეული ანალიზია. მწარმოებლებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რომელ პროდუქციას, რა პერიოდში და სად აქვს ექსპორტის პოტენციალი, ამისთვის კი შესაბამისი კვლევები უნდა ჩატარდეს. ISET-ის კვლევითი ცენტრის მკვლევარის რატი კოჭლამაზიშვილის განცხადებით, ევროპის ბაზარზე გასასვლელად ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მუშაობაა საჭირო.
• ევროკავშირის ბაზრის შესწავლა და იმ დარგებისა თუ ქვედარგების განსაზღვრა, რაშიც საქართველოს აქვს კონკურენტული უპირატესობა. (მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიებისა და სამუშაო გეგმების შემუშავება).
• ფერმერებთან და მეწარმეებთან მუშაობა (ასევე მათი დახმარება, იქნება ეს ფინანსური თუ კაპიტალური) რომ დამზადდეს ის პროდუქცია, რაზეც ევროკავშირშია მოთხოვნა - ევროკავშირის სტანდარტების დაცვით.
• ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოების წახალისება (არა პირველადი წარმოება, არამედ უმჯობესია მაღალი ღირებულების პროდუქციის შექმნა)
• ექსპორტის ლოჯისტიკის განვითარება (შემგროვებელი პუნქტების შექმნა, შეფუთვა, ბრენდირება და საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდება)
• ქართული პროდუქციის უფრო „აგრესიული“ პოპულარიზაცია ევროპის ბაზარზე (გამოფენები, რეკლამები, კონფერენციები) და ქართული ეროვნული ბრენდის შექმნა, როგორც მაღალი ხარისხის პროდუქცია, ნატურალური პროდუქტი.
• აგროტურიზმის კიდევ უფრო განვითარება, რაც, ერთი მხრივ, საქართველოსა და ქართული პროდუქციის ცნობადობას გაზრდის და, მეორე მხრივ, დამატებით შემოსავლებს მოუტანს ფერმერებსა თუ ამ სფეროში ჩართულ ყველა რგოლს.
“ევროპის ბაზარზე მასიური წარმოებით გაგვიჭირდება საკუთარი ნიშის დამკვიდრება. ერთი მხრივ, პატარა ქვეყანა ვართ და წარმოება ლიმიტირებულია, მეორე მხრივ, იმ სტანდარტების დაცვით, რასაც ევროპა მოითხოვს, ვერ შევძლებთ მასიურ წარმოებას. ამიტომ უმჯობესია ორიენტირი ავიღოთ მაღალი ღირებულების პროდუქციის შექმნაზე (მათ შორის ბიო) და ამით მოვახდინოთ პოზიციონირება (თავის დამკვიდრება) ევროკავშირის ბაზარზე“, - აცხადებს რატი კოჭლამაზიშვილი.
EuGeorgia.info შეეცადა გაერკვია, რომელი უწყება იკვლევს ევროკავშირის ბაზრის იმ სექტორებს, სადაც საქართველოს შესაძლოა, კონკურენტული უპირატესობა ჰქონდეს და რა პროდუქციას აქვს ევროკავშირში ექსპორტის პოტენციალი.
"ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი“, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობის გამოვლენაზე მუშაობს. ჯგუფის ინიციატივით, მწვანილის წარმოების დარგში არსებული მდგომარეობა ჰოლანდიურმა კომპანიამ - "bilancia" შეისწავლა. "bilancia-ს”დასკვნით, ქართული მწვანილის ხარისხი კარგია და სასათბურე მეურნეობებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და სათანადო მოვლის შემთხვევაში, წარმოების მოცულობის 50%-ით გაზრდაა შესაძლებელი. ირკვევა, რომ ევროკავშირში მწვანილზე ყველაზე დიდი მოთხოვნა სექტემბრიდან მაისამდეა, ჰოლანდიურმა კომპანიამ შესაბამისი რეკომენდაციებიც შეიმუშავა. შეკითხვაზე, განაგრძობს თუ არა "ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი“ ევროკავშირის ბაზრის შესწავლას ქართული პროდუქციის პერსპექტივაზე, გვპასუხობენ, რომ ჯგუფი მხოლოდ ევროპის ბაზარზე არ არის ორიენტირებული, ამ ეტაპზე კი სხვა პროექტებზე მიმდინარეობს მუშაობა.
„ჩვენ 2 ძირითადი პრინციპი გვაქვს. პირველი, ახალი ეკონომიკური საქმიანობის აღმოჩენა და ეკონომიკის დივერსიფიკაცია, მეორე - ინდუსტრიული პოლიტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ 2 ინდუსტრიის გამოვლენასა და განვითარებას უკვე ჩაეყარა საფუძველი, პირველი - ბუნებრივი ქვების მოპოვება-დამუშავების ინდუსტრია, აგრეთვე ტექსტილი და სამკერვალო“, - აცხადებს ინდუსტრიული ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნინო კუნცევა - გაბაშვილი.
ექსპორტის ხელშეწყობაა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი. თუმცა სააგენტოს ევროკავშირის ბაზარი და კონკრეტული პროდუქტების პოტენციალი შესწავლილი არა აქვს, ამიტომ მათ ოფიციალური სტატისტიკით უწევთ ხელმძღვანელობა.
„სტატისტიკას თუ შევხედევათ, სოფლის მეურნეობის პროდუქტების კუთხით ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება შემდეგ პროდუქციაზე: მწვანილი, სიმინდი, თხილი, მშრალი ხილი, ახალი ხილი, თევზი, რძის ნაწარმი. სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანი და სწრაფად ცვალებადია, ამიტომ ცალსახად ნამდვილად არ შეგვიძლია, ვთქვათ, რომელი პროდუქტი, რომელ ბაზარზე შეიძლება, რომ შევიტანოთ. ნებისმიერი პროდუქტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი და მომხმარებლისთვის სწორად მიწოდება“, - აცხადებს სოფო ბენდიაშვილი.
მეწარმეობის განვითარების სააგენტო ექსპორტზე ორიენტრიებულ კომპანიებს ბაზრების დივერსიფიკაციაში ეხმარება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, უწყება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, შესაბამისი აქტივობები კი ევროკავშირის ქვეყნებში გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს.
• საერთაშორისო გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობა, რომ კავშირები დაამყარონ კონკრეტულ სექტორში შემსყიდველებთან და გაეცნონ ბაზრის უახლეს ტენდეციებს.
• სავაჭრო მისიები, რომლებიც იმართება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. კონკრეტული ინდუსტრიისთვის იგეგმება ორმხრივი შეხვედრები პროდუქციის შემსყიდველებთან.
• ექსპორტის მენეჯერის სასერთიფიკატო კურსი, რომლის მიზანია ექსპორტის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით.
• განახლდა ონლაიან საექსპორტი ბაზა www.tradewithgeorgia.com, სადაც უკვე რეგისტრირდებიან ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები, როგორც პროდუქტის მწარმოებლები, ისე სერვისის პროვაიდერები.
„ამჟამად ვმუშაობთ დამატებით ორ პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების პოზიციების გამყარებას ევროკავშირის ქვეყნებში და კომპანიების ხელშეწყობას, გახდნენ ექსპორტიორები. პირველის შემთხვევაში, დავიქირავებთ კონსულტანტს, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება მწარმოებლებისა და შემსყიდველების დაკავშირების კუთხით. შერჩეული კომპანია იმუშავებს თითოეულ პროგრამაში ჩართულ ექსპორტიორ კომპანიასთან, გაუწევს თითოეულ ქვეყანაზე მორგებულ კონსულტაციებს ბრენდინგისა და ეტიკეტირების კუთხით, დაუგეგმავს შეხვედრებს ქართული პროდუქციით დაინტერესბულ შემსყიდველებთან. ახალი ექსპორტიორების წახალისების კუთხით ვიმუშავებთ კომპანიებთან ექსპორტის სტრატეგიისა და კონკრეტული აქტივობების დაგეგმვის მიმართულებით, რომელიც იმუშავებს, როგორც ევროკავშირის ბაზარზე, ისე სხვა ქვეყნებისთვის“, - ამბობს სოფო ბენდიაშვილი.
ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით გარკვეულ პროექტებს ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროც. უწყებაში შეისწავლეს და გამოავლინეს ის პროდუქცია, რომელსაც არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ სხვა ბაზრებზე აქვს ექსპორტის პოტენციალი. სიაში მოხვდა ქართული მინერალური წყლები, ჩაი, ღვინო. თხილი, თაფლი, სოკო, კენკრა, ჯემი. თუმცა, სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს იყო ზოგადი კვლევა და ევროკავშირის ბაზარზე არ ყოფილა ორიენტირებული.
„დეტალური კვლევა კონკრეტული ბაზრისთვის არ ჩაგვიტარებია. ჩვენ ავიღეთ ის პროდუქცია, რასაც ჰქონდა ექსპორტის პოტენციალი ზოგადად, არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში. ცალკე შეიძლება, მომზადდეს ანალიზი კონკრეტულ პროდუქტსა და კონკრეტულ ბაზარზე ევროკავშირში“,- აცხადებს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ეკა ზვიადაძე.
როგორც EUGeorgia info-მ გამოარკვია, ამ ეტაპზე არც ერთი უწყება არ სწავლობს ევროკავშირის ბაზარზე კონკრეტული ქართული პროდუქციის ექსპორტის პოტენციალს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ კულტურების დეტალური ანალიზის მომზადებას მომავალში გეგმავენ.
„ჯერ პროდუქტებზე არ ჩამოვყალიბებულვართ. იმ რესურსით კი, რაც გვაქვს, წელიწადში შეიძლება, მოვამზადოთ 5 კვლევა, ეს შეეხება მთელ პროცესს, წარმოებიდან კონკრეტულ ბაზრამდე“, - ამბობს ეკა ზვიადაძე.
ავტორი: ხატია შამანაური