სახელმწიფომ მიწების გადაფორმება დაიწყო

„მოუწესრიგებელი კადასტრი რომ გვაქვს, ეს ხალხის ბრალი არ არის“
კანონპროექტი, რომელიც დაურეგისტრირებელი მიწების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს, ჯერ პარლამენტს არ განუხილავს, თუმცა, ეკონომიკის სამინისტრომ მიწების რეგისტრირების პროცესი უკვე დაიწყო. საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელის იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, მარტვილში ბოლო ერთ თვეში 2 ათას ჰექტრამდე ასეთი მიწაა უკვე სახელმწიფოს სახელზე გადაფორმებული. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებმა, რომლებიც რეგიონებში ინვენტარიზაციას ახორციელებენ, სახელმწიფოს სახელზე სარეგისტრაციოდ მიწის ნაკვეთები უკვე ფოთში, სენაკში და აბაშაშიც მონიშნეს.
ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო დაწყებული გადაფორმების პასუხად ამბობს, რომ მარტვილის რაიონში აღნიშნული მიწის ნაკვეთები 2009–2010 წლებში უკვე იყო რეგისტრირებული. სააგენტოში აცხადებენ, რომ ინვენტარიზაციის დროს სახელმწიფოს სახელზე გადაფორმებულ ქონებას სულ მცირე, ერთი წლის ვადით არ გაასხვისებენ და დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, კერძო პირს მიწას უკან დაუბრუნებენ. თუმცა, როგორც იურისტები ამბობენ, მიწით მოსარგებლე პირმა რომ შეძლოს და საკუთარი უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინოს, ნაკვეთს უკან ვეღარ გადაიფორმებს. რადგან სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული ქონების უკან დაბრუნების საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობს.
„ადგილობრივებს არ სჯერათ, რომ მათ მიწას სახელმწიფო ირეგისტრირებს, რადგან ისინი ამ ნაკვეთებით წლების განმავლობაში სარგებლობენ, – ამბობს იაგო ხვიჩია,– მარტვილის სოფლებში კომპიუტერით სიარული და მათთვის ჩვენება მიხდება, რომ მათი მიწები საჯარო რეესტრის საიტზე სახელმწიფო საკუთრებად უკვე ასახულია. როგორც ამბობენ, დასავლეთ საქართველოში ეს პროცესი 2–3 თვეში დასრულდება. ეს არის მიწის ნაკვეთები, რომლითაც ადგილობრივები სარგებლობენ, ამუშავებენ, აქვთ ნარგავები.ახლა ამ ადამიანებს სთხოვენ საბუთებს, რომელიც სახელმწიფოს არასდროს გაუცია.
ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ მიწების ინვენტარიზაციას ახორციელებს, არადა ამის გაკეთება შეუძლებელია. ინვენტარიზაცია შეიძლება გააკეთოს 20%–იანი, თუნდაც 50%–იანი სიზუსტით, მაგრამ არა 100%–იანი სიზუსტით, რადგან შესაძლოა, მოქალაქე ცხოვრობს თბილისში და ნაკვეთი აქვს კახეთში, რეგისტრატორმა როგორ უნდა დაადგინოს? შესაძლოა ამ პირს დოკუმენტები აქვს, რომელიც რეესტრში არ ფიქსირდება, ეს რა იცის სახელმწიფომ, დოკუმენტებს როგორ ნახავს? ადგილზე ნაკვეთების ნახვა და თუნდაც მოსახლეობის გამოკითხვა არ არის აღრიცხვის სრულყოფილი ფორმა. ბევრი რამ რეგისტრატორზეა დამოკიდებული, ზოგი გამოუცდელი და არაკვალიფიციურია, ამიტომ არასწორად ხდება ადგილზე აღწერა. წარმოუდგენელია მოკლე დროში რეგისტრატორმა გადაამოწმოს და მესაკუთრე და მოსარგებლე დააგდინოს. ასეთი ნაკვეთები სახელმწიფომ თავის სახელზე რომ დაირეგისტრიროს და გაასხვისოს და ამის მერე გამოჩნდეს მესაკუთრე, რა მოხდება? როგორ უნდა იდავოს იმ ნაკვეთზე, რომელიც უკვე კეთილსინდისიერი მყიდველის ხელში იქნება? ამას სჯობს სახელმწიფო ჯერ შესაძლო მესაკუთრის პრეტენზიას დაელოდოს და თუ არავინ გამოჩნდება, მიწა საკუთრებად ამის მერე დაირეგისტრიროს“,–ამბობს იაგო ხვიჩია.
„ბევრი შემთხვევაა, რომ მიწები გვაქვს დარეგისტრირებული, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ტყუილად გავაკეთეთ. ფულიც გვაქვს გადახდილი, საბუთი გვაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არაფერს ნიშნავს. ნაკვეთი თავიდან თუ გახდება გასაფორმებელი, ამას ხალხი ვერ გაწვდება“, –ამბობს მარტვილში მცხოვრები ალიკა ჯანელიძე.
კიდევ ერთი მარტვილელი მალხაზ ღვამბირაშვილი ამბობს, რომ მიწის გაფორმებაში, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებს, 400 ლარამდე უნდა გადაეხადა, მაგრამ თანხა არ ჰქონდა, ამიტომ თავის სახელზე ვერ დაირეგისტრირა. „400 ლარის გადახდა ძალიან ძვირი იქნება ჩვენთვის და ვერ გავწვდებით“, –ამბობს მალხაზ ღვამბრიშვილი.
კანონში „საჯარო რეესტრის შესახებ“ ცვლილებების პროექტი ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში დეკემებერში შეიტანა. კანონპროექტი იურიდიულმა კომიტეტმა დაიწუნა. მაშინ პარლამენტში ითქვა, რომ კანონპროექტი ცვლილებების ინიციატორს უკან დაუბრუნეს და შესწორებების შეტანაზე ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ქონების მართვის ეროვნული სააგენტო“ მუშაობდა. ეს ინფორმაცია სააგენტროში დაადასტურეს, თუმცა, რომელი მუხლების ცვლილებებზე მუშაობდნენ, საიდუმლოდ დატოვეს. როგორც „საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოს“ წარმომადგენელი ოლიკო შერმადინი ამბობს, კანონპროექტი პარლამენტში ჯერჯერობით პირველადი სახით დევს და განხილვას ელოდება.
გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში პარლამენტარებთან ექნება შეხვედრა, სადაც მიწის რეგისტრაციის საკითხებზე იმსჯელებენ.
„არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ დაკარგავს იმ საკუთრებას, რაც არის მისი. იუსტიციის სამინისტროში შევიმუშავეთ ხედვა, თუ როგორ უნდა წავახალისოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვს საბუთი, მაგრამ ფაქტობრივად მიწა მრავალი თაობის მანძილზე არის მათი; როგორ უნდა დავეხმაროთ, რომ ეს საბუთები მოიძიოს; როგორ უნდა მუშაობდეს თითოეული მიწის ამზომველი, რადგან გვაქვს ამზომველების პრობლემაც - არიან კარგი ამზომველები და არიან ამზომველები, რომლებიც აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ამ საქმეს და შემდეგ მოქალაქეს სასამართლოში უხდება სიარული; როგორ უნდა მოიხსნას ის დიდი ფინანსური ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ზოგიერთს, დაირეგისტრიროს საკუთრება. წამახალისებელი ნორმების შესახებ კონცეფცია მოვამზადეთ, რომელსაც დეპუტატებს გავაცნობთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ვინც ვერ დაასაბუთებს, რომ კანონიერი მესაკუთრეა, მიწას დაკარგავს“
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, ამბობს, რომ გადამუშავებული ვარიანტი ჯერ არ აქვთ, თუმცა, სამართლიანი იქნება თუ მოქალაქეების მიერ თვითნებურად მიტაცებული მიწები სახელმწიფოს დაუბრუნდება.
“წლების განმავლობაში ხდებოდა მიწების თვინებურად დაკავება. ზოგმა ღობე გადაწია და სახელმწიფოს კუთვნილი მიწა მიისაკუთრა. ზოგმა, სადაც მოეწონა, იქ შემოღობა, ხუხულა ააშენა და მიწას ასე დაეპატრონა. ეს მიწა სახელმწიფოს შეეძლო გაეტანა აუქციონზე, გაეყიდა და სასარგებლო საქმისთვის გამოეყენებინა. ან წყალი გაეყვანათ იმ ადგილას, ან გზა ან სკვერი გაეკეთებინათ. მიწების თვითნებურად მიტაცება საზოგადოებისთვის აღმოჩნდა საზიანო, დაზარალდნენ კეთილსინდისიერი მოქალაქეები. ამიტომ ვინც ვერ დაასაბუთებს, რომ კანონიერი მესაკუთრეა, მიწას დაკარგავს. ასეთი ნაკვეთები ან თვითმმართველობისაა ან სახელმწიფოსია. კანონის თანახმად, მიწა, რომელსაც არ ჰყავს მესაკუთრე, შეიძლება თვითმართველობამ დაირეგისტრიროს, რადგან მას აქვს პრიორიტეტი. ეს საკითხებია გასარკვევი და მიწის პრობლემები საბოლოოდ უნდა მოგვარდეს, ისე, რომ ზიანი არც კერძო პირს მიადგეს და არც სახელმწიფოს. მიწების დიდ ნაწილს ხელახლა აზომვა სჭირდება, რისი შესაძლებლობა სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას არ აქვს. აზომვა სახელმწიფომ რომ გააკეთოს, რამდენიმე მილიონი დასჭირდება. ხარჯის გაღება იმ საქმისთვის, რომელიც სწრაფად არ მოიტანს ეკონომიკურ ეფექტს, ძალიან რთულია. საკმარისი ფულიც რომ იყოს, მაინც რთული გადასაწყვეტია, რისთვის და როგორ მოხდეს ამ ფულის დახარჯვა, მექანიზმია მოსაფიქრებელი. ამას იმ ადამიანებმა უნდა მიხედონ, ვინც იცის ეს საქმე. ასეთების მონახვა კი ადვილი არ არის. დონორი მოიძებნიოს ამის დასაფინანსებლად თუ ბიუჯეტმა დააფინანსოს, ესეც გადასაწყვეტია“, –აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
სპეციალისტები, რომლებიც USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტის ფარგლებში საქართველოში მიწის რეგისტრაციის საკითხებზე მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ მთავრობის გეგმა, იმ ფორმით, რომელიც პარლამენტშია შეტანილი, ვერ განხორციელდება. პრობლემა ისაა, რომ დღეისათვის მიწების დაახლოებით 20%–ია რეგისტრირებული. აქედან 500 ათასზე მეტი რეგისტრაციის კანონიერება საჯარო რეესტრს ეჭვის ქვეშ აქვს დაყენებული. რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი მიწის ნაკვეთების დიდ ნაწილზე კი დოკუმენტები არასოდეს გაცემულა, შესაბამისად საბუთები არც ტექბიუროებს და არც სხვა უწყებაში მოიპოვება. ასეთი ნაკვეთების მესაკუთრეებმა თუ მოსარგებლეებმა საკუთარი მიწის საზღვრები არ იციან და შესაბამისად საჯარო რეესტრში მას პირდაპირ ვერ დაირეგისტრირებენ.
გასულ წლებში მოქალაქეებზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები ისე გაიცა, რომ საკადასტრო მონაცემები არ ახლდა. პრესტიჟულ ადგილებში არსებულ ნაკვეთებზე კი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები რამდენჯერმეა გაცემული. აღურიცხავი მიწების არსებობას ეკონომიკის სამინისტროც ადასტურებს. ქონების მართვის ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის შედეგად, თბილისში 700 ჰექტრამდე, ხოლო რეგიონებში 255 ჰა როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები აღმოაჩინა.
ქვეყანაში არის ისეთი ადგილები, სადაც ე.წ. მიწის რეფორმა საერთოდ არ ჩატარებულა. არის ისეთი ტერიტორიები, სადაც საარქივო დოკუმენტები დაიწვა, მაგ, ანაკლიაში, სამტრედიაში, ფოთსა და ზუგდიდში. კადასტრი არცერთ რეგიონში არაა სრულად მოწესრიგებელი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ სასაოფლო–სამეურნეო მიწა ხელახლა უნდა აზომოს, რადგან დღევანდელი მონაცემებით გაურკვევლია ვისი ნაკვეთი რა კონფიგურაციისა და სად მდებარეობს. საჯარო რეესტრმა უნდა დაიქირავოს ამზომველები, ჰკითხოს ყველას რა მიწის ნაკვეთი ეკუთვნის, რაზე აცხადებს პრეტენზიას, შექმნას ბაზა საკადასტრო მონაცემებით, რომელიც საჯარო იქნება.
„სახელმწიფოს მიდგომა არასწორია და უგულებელყოფს ტრადიციულ საკუთრებას. ხალხი ფლობს მიწის ნაკვეთებს, რომლთაც ტრადიციულად მათია და მოდავე არ ჰყავთ. ეს მიწის ნაკვეთები სახელწიფოს არ სჭირდება და ვერაფერში გამოიყენებს. მაგალითად, პირი დოკუმენტით ფლობს ერთ ჰექტარს, რეალურად კი ნაკვეთის ფართობი ჰექტარნახევარია. თუ იმ ნახევარ ჰექტარს ჩამოაჭრის, სახელმწიფო ამას ვერაფერში გამოიყენებს. გაუაზრებელი ნაბიჯია, რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ და აკეთებს. ფული ამ პროექტზე ტყუილად იხარჯება. მნიშვნელოვანია რას ამბობს ის ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს და არა სახელმწიფო. მოუწესრიგებელი კადასტრი რომ გვაქვს, ეს არ არის ხალხის ბრალი. დოკუმენტები რომ არ აქვს, ეს სახელმწიფოს დანაშაულია და მანვე უნდა გამოასწოროს. ჯერ ხალხმა უნდა თქვას, მისი რა არის. ეს უნდა დაიტანონ კადასტრზე, თუ არ არსებობს სხვა კერძო მესაკუთრესთან წინააღმდეგობა“,–ამბობს იაგო ხვიჩია.
კანონში ცვლილებების მიმართ შენიშვნები აქვს „საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოსაც“. ორგანიზაცია კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევის რისკებს ხედავს.
„სახელმწიფო ახლანდელი მიდგომით თავის საქმეს იმარტივებს და ამ დროს, მოსახლეობას ართმევს მიწას, რომელიც ხშირ შემთხვევაში მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა,–ამბობს „საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოს“ პროექტების მენეჯერი გია გვილავა,– ისინი თვითნებურად დაკავებულს ეძახიან მიწას, სადაც წლებია მოქალაქეები ცხოვრობენ, სახნავ–სათესად იყენებენ. ზოგან ასეთ მიწაზე უკვე მეორე და მესამე თაობა ცხოვრობს. ჩვენ მთელი საქართველო შემოვიარეთ და ასეთი ნაკვეთები ძალიან ბევრია. არაერთი საერთაშორისო სტანდარტი მიგვითითებს, რომ ამ კატეგორიის მოქალაქეებს სახელმწიფომ ანგარიში უნდა გაუწიოს. ბევრგან უფლებადამდგენი დოკუმენტები, მიღება–ჩაბარების აქტები არ აქვთ, საბუთები ხარვეზიანია, რადგან გასულ წლებში კორუფცია იყო, ამიტომ მათ აქვთ უფლება პრეტენზია ჰქონდეთ ამ მიწაზე. ასევე არის რისკი, რომ სახელმწიფომ მიწის დასაკუთრების შემდეგ განაცხადოს, რომ მიწას უცხოელებზე არ გაყიდის, რაც მიწის ბაზრის განვითარებას შეუშლის ხელს“.
„25 წელია ქვეყანაში ე.წ. მიწის რეფორმა მიმდინარეობს და ეს პრობლემები დღემდე ვერ მოგვარდა. ფერხდება მიწის ბაზრის განვითარება, მცირე ფერმერებს ერთმევათ მიწების გამსხვილებისა და მასში ინვესტიციის განხორციელების საშუალება. მიგვაჩნია, რომ მიწის კადასტრის მოწესრიგებისთვის ხარჯები სახელმწიფომ უნდა გაიღოს. იმ დროს, როცა სასოფლო–სამეურნეო ბარათებისთვის მილიონები იხარჯება, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ეს ფული კადასტრს მოხმარებოდა. ეს იდეა ჩვენც შევთავაზეთ, თუმცა, არ გაითვალისწინეს. მთავრობა ძალიან ჩქარობს და მოკლე დროში უნდა მიწების სახელმწიფოსთვის დარეგისტრირება მოხდეს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ პროცესი ძალიან ფრთხილად და გააზრებულად უნდა წარიმართოს. ამას თან უნდა ახლდეს საინფორმაციო კამპანია, რომ მოსახლეობამ გაიგოს რა ხდება და სწორად როგორ იმოქმედოს“,- ამბობს ISET–ის მკვლევარი ფატი მამარდაშვილი.
ავტორი: ნონა ქვლივიძე