“მარსზე განაშენიანების დეპარტამენტი” და დუბლირებული ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროში
ეკონომიკის სამინისტრო რეფორმირებას საჭიროებს.
ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში დღეს 14 დეპარტამენტი, 3 სამსახური, ერთი ბიურო და 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირია. “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს”,- ასე წერია ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში.
„საშუალოდ, ეკონომიკის სამინისტროში დასაქმებული ერთი ადამიანის შენახვა შრომის ანაზღაურების კუთხით წელიწადში 17 000 ლარი გვიჯდება, თვეში - დაახლოებით 1400 ლარი. ამ თანხაში შედის პრემიები, დანამატები. ოფიციალურად, მთლიანად ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს 804 ადამიანი, თუმცა შესაძლოა, ყველა სიპი არ ჩანდეს. ეს საკითხი მოწესრიგებული დღემდე არ არის“,- აცხადებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.
ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე უწყებამ 2015 წელს ბიუჯეტიდან 85.368 მლნ ლარი მიიღო. “ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება” - ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტროში 275 ადამიანი მუშაობს, ბიუჯეტიდან კი 16 მილიონზე მეტი თანხაა გამოყოფილი.
„ეს არის სამინისტროს ცენტრალური აპარატი - წმინდა ბიუროკრატიული ხარჯია. აქ შეგვიძლია, გავაკეთოთ ეკონომია. 16 მილიონი საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება, განახევრდეს, დაიზოგება 8 მილიონი. ეს არ არის მცირე თანხა“, - აცხადებს ბესო ნამჩავაძე.
„არის დეპარტამენტები ერთი და იმავე ფუნქციებით, მეორე საკითხია, რამდენად საჭიროა ესა თუ ის სამსახური. საკმაოდ დიდია ეკონომიკური პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი. ღია საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში ასეთი დეპარტამენტი საერთოდ არ არის საჭირო, რა ეკონომიკის პოლიტიკის მართვაზეა ლაპარაკი? პოლიტიკას განსაზღვრავს კერძო სექტორი, ეკონომიკის სამინისტრომ შეიძლება, კონკრეტული პროგრამები განახორციელოს და გარკვეული რეგულაციების ინიციატივით გამოვიდეს. ამისთვის უზარმაზარი დეპარტამენტი არ არის საჭირო“, - ამბობს "თავისუფალიდემოკრატების" ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი ვასილ რევიშვილი.
ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, “ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარია ფუნქციაა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად; ქვეყნის ეკონომიკის დარგებისა და რეგიონების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება.” “მდგრადი განვითარების” მიმართულებით მუშაობა ევალება კიდევ ერთ - “მდგრადი განვითარების დეპარტამენტს”. უწყებაში ასევე არის“საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი” და კიდევ - “ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი”. ასევე ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაშია “მეწარმეობის განვითარების სააგენტო” - საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც “სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაზე, კერძო სექტორის განვითარებაზე, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული”.
„არც ერთი ამ დეპარტამენტის არსებობას არანაირი გამართლება არა აქვს, ეს არის რეალურად ფულის ფლანგვის საშუალება, ამ დეპარტამენტების უკან დგას, როგორც წესი, მთავრობის განმარტებები, რომ თუ არ იარსებებს ქვეყანაში ინვესტიციების დეპარტამენტი, ინვესტიციები არ შემოვა. სინამდვილეში პირიქითაა, რაც უფრო მეტი ასეთი დეპარტამენტი იარსებებს, რომლებიც თან ფაქტობრივად ფუნქციების დუბლირებას აკეთებენ, მით უფრო ნაკლები ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში“, - აცხადებს„ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე.
„არის ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი, ასევე საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი - აქ გაორებაა, შესაძლებელია, რომ გაერთიანდეს, რასაკვირველია, მაგრამ თუ ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს 40 კაცი, ამას მნიშვნელობა არ ექნება. ოპტიმიზაციის მიზანი, პირველ რიგში, უნდა იყოს ბიუროკრატიული ხარჯის შემცირება“, - აცხადებს ბესო ნამჩავაძე.
ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია თითოეული დეპარტამენტის საქმიანობისა და მიზნების შესახებ. არის შემთხვევები, როდესაც დეპარტამენტებს არა თუ მსგავსი, არამედ აბსოლუტურად იდენტური ამოცანები და უფლებამოსილებები აქვს. ასე მაგალითად საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი და სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი - ორივე სამსახური ქვემოთჩამოთვლილ საკითხებზე მუშაობს. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია ქონების მართვის სააგენტო, ცალკე საჯარო სამართლის იურიდიული პირი.)
საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი: -სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; -სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; -სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; -ადმინისტრაციული შენობისათვის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; -სამინისტროს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; -„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი. |
სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი: -სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; -სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; -სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; -ადმინისტრაციული შენობისათვის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; -სამინისტროს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; -„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი. |
„თუ ინვესტორმა ან ბიზნესმენმა ეკონომიკის სამინისტროს მიმართა წერილით და აინტერესებს გარკვეული საკითხი, შეიძლება, ეს წერილი შევიდეს ერთ სამსახურში, იყოს რამდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგ გადააწეროს სხვა დეპარტამენტს, წავა შიდა კანცელარიით, შესაძლოა, 2-3 დღე დასჭირდეს ერთი ოთახიდან გვერდზე ოთახში გადასვლას, იმანაც შეიძლება, ჩათვალოს, რომ მესამე დეპარტამენტის საქმეა, გადააწეროს და საუკეთესო შემთხვევაში 2 კვირა იაროს შიგნით, დაგვიანდეს პასუხი. კიდევ უფრო უარესი შემთხვევებია, თუ საერთოდ სხვა სამინისტროში გაგიშვებენ“, - ამბობს ბესო ნამჩავაძე.
ეკონომიკის სამინისტროშო ცალკეა სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო, არის კიდევ ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი, პარალელურად კი მოქმედებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
„თუ მაქსიმალურ შემჭიდროებაზე ვლაპარაკობთ, კავშირგაბმულობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ტრანსპორტი შეიძლება, ერთად იყოს. ცალკეა ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი, თუმცა, შესაძლებელია, საზღვაო, საავიაციო და ზოგადად ტრანსპორტი ერთად იყოს,“ - აცხადებს ბესო ნამჩავაძე.
ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაშია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი მთავარია ფუნქციაა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ერთადერთი არ არის, რომელსაც ასეთი ფუნქცია ავალია. 2010 წლიდან ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაშია “კორდინაციის სამსახური”. ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ შექმნის დღიდან მისი საქმიანობის უმთავრესი მიზანია “სამინისტროს ყველა სტრუქტურულ ერთეულთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინირებული კომუნიკაციით გაუმარტივოს საჯარო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს სამინისტროსთან კომუნიკაცია”.
როგორი უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურა? ამაზე განსხვევბული მოსაზრებები არსებობს, სპეციალისტების ნაწილი იმასაც კი ამბობს, რომ ეს უწყება საერთოდ არ არის საჭირო, თუმცა ყველა თანხმდება ერთზე - დაუშვებელია, სამინისტროში იყოს რამდენიმე დეპარტამენტი, რომელიც ერთსა და იმავე საკითხებზე მუშაობს, ამისთვის კი ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხები იხარჯება.
წელს, როგორც ცნობილია, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 3%-ია. ვასილ რევიშვილი, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ეკონომიკურ მიმართულებას ხელმძღვენელობს, ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს მუშაობა არ უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
„მე თუ მკითხავთ, ეკონომიკის სამინისტრო არაფერში არ არის საჭირო, მაგრამ შეიძლება, მცირე ნაწილი დარჩეს, ყველაფერი დანარჩენი არის აბსოლუტურად არაორიენტირებული ეკონომიკურ ზრდაზე, ჩვეულებრივი ბიუროკრატია, რომელიც არაფერს აკეთებს. ეკონომიკის სამინისტროსა და ზრდას შორის კავშირზე ლაპარაკი ზედმეტია, წარმოიდგინეთ, რომ გვყავდეს, პირობითად, მარსზე განაშენიანების დეპარტამენტი, ხომ არანაირ კავშირში არ არის, დაახლოებით იგივეა. ფული იხარჯება იქ, სადაც არ უნდა იხარჯებოდეს, თუ გამოვათავისუფლებთ ბიუროკრატიულ ხარჯებს და დავტოვებთ ეკონომიკაში, ეკონომიკა საკუთარ თავს უკეთ მიხედავს“, - აცხადებს ვასილ რევიშვილი.
Eugeorgia info პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრს გელა სამხარაულსაც დაუკავშირდა. დეპუტატი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურასა და მუშაობასთან ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული შენიშვნა არა აქვს.
„ნებისმიერი პროგრამა სწორედ იმ რესურსით ხორციელდება, რაც ეკონომიკის სამინისტროს გააჩნია. კარგად არ ვიცი უწყების სტრუქტურა, სრული ჩამონათვალი დეპარტამენტებისა არ მაქვს ახლა. ამ ეტაპზე, არაფერია ისეთი, რაც ეჭვის შეტანის საფუძველს მომცემდა. რა დონეზეც მაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან ურთიერთობა, ყოველთვის ადეკვატურ პასუხს ვიღებ. თუმცა, ზოგადად, არის გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურები, აჯობებდა, უფრო სწრაფად ვიმუშაოთ ყველამ. ეს ყველა უწყებას ეხება. ბიუროკრატიული ხარჯი რომ შემცირდეს, ეს თანხა კი წავიდეს ეკონომიკაში, უკეთესია, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კუთხით ვმუშაობთ“, -ამბობს გელა სამხარაული.
ავტორი: ხატია შამანაური