ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი მეაბრეშუმეობის, წინდების და კოლგოტების, კერამიკული ფილების და სხვა პროექტებზე მუშაობას განაგრძობს
„ბიზნეს მოდელი „აბრეშუმის სახლი“ - აბრეშუმის წარმოების შესაძლებლობების და ბაზრის კვლევა“, „კერამიკული ფილების წარმოება“, „დაფნის გამომშრალი ფოთლებისა და დაფნის ეთერზეთის საწარმოს ბიზნეს გეგმა“, „მეტალის პროფილური მილების საწარმოს ბიზნესის განვითარების გეგმა“, „სამკერვალო საწარმო“, „პოლივინილაცეტატის წარმოება“, - ამ და არაერთ სხვა პროექტს ეკონომიკის სამინისტროს საიტზე, საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის განყოფილებაში ვნახულობთ. „ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა შეიმუშავა პროგრამა ახალი ეკონომიკური საქმიანობების აღმოჩენისა და განვითარებისთვის“, - აღნიშნულია ამავე ვებ-გვერდზე, თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯგუფის საქმიანობისთვის დახარჯულ რესურსი წყალშია გადაყრილი.
ინდუსტრიული განვითარების ჯგუფისაქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2014 წლის ოქტომბერში შეიქმნა. მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ეკონომიკური საქმიანობის აღმოჩენა-განვითარებას კერძო სექტორსა და მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობით გზით.
ჯგუფის ხელმძღვანელი, ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი, ნუგზარ კაჩუხაშვილი აღნიშნავს, რომ ახალი დარგების შექმნის გარეშე ეკონომიკის ნახტომისებურად განვითარების პრეცედენტი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს, საქართველოში კი, ბოლო 25 წლის განმავლობაში გარკვეული ფუნდამენტური მიზეზების გამო კერძო სექტორმა ახალიმიმართულებებისა და ინდუსტრიების შექმნა ვერ მოახერხა.
ნუგზარ კაჩუხაშვილი მიიჩნევს, რომ განვითარებად ქვეყნებში, ახალი დარგების განვითარებისთვის სახელმწიფომ აქტიური როლი უნდა შეასრულოს, თუმცა გარკვეული ოქროს შუალედის დაცვაა აუცილებელი.
„მაგალითს მოვიყვან, თუ რატომ ვერ შექმნა კერძო სექტორმა ახალი მიმართულებები. საქართველოში ყოველ წელს დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კერამიკული ფილები შემოდის. იმ ფონზე კი, რომ ჩვენი ქვეყანა სავსეა თიხის საბადოებით, კერამიკული ფილების წარმოების არცერთი თანამედროვე საწარმო არ არის შექმნილი. ამას თავისი მიზეზები აქვს: არავინ იცის გამოდგება თუ არა ქართული თიხა ამ ფილების წარმოებისთვის, ან თუ გამოდგება, რომელი საბადოსი? ამას ლაბორატორიული კვლევა სჭირდება. 30 საბადოდან შეიძლება მხოლოდ 4-5 ამოირჩეს; წარმოიდგინეთ რა თანხა დაუჯდება კერძო სექტორს თიხის ნიმუშების საზღვარგარეთ შესამოწმებლად გაგზავნა! თანაც, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თიხა წარმოებისთვის უვარგისია. ამიტომაცაა, რომ კრეძო სექტორს ამაში ფულის ჩადება არ უღირს და იმპორტული პროდუქცია შემოაქვს“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია - განათლების სამინისტროსთან ერთად, კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური რესურსების ლაბორატორიის ბაზაზე თანამედროვე აკრედიტირებული ლაბორატორიის შექმნაა დაგეგმილი - „ამის შემდეგ, როცა გვეცოდინება, რომელი თიხა რისთვის არის ვარგისი, ჩვენ შევიმუშვებთ კონკრეტულ ბიზნეს გეგმას, რომელსაც ბიზნეს სექტორს წარვუდგენთ. კომერციული რისკი სწორედ მან უნდა აიღოს! ეს კლასიკური მიდგომაა, ასე მოხდა ტაივანში, სინგაპურში, სამხრეთ კორეაში და ა.შ.“
საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი პროექტებზე 3 ეტაპად მუშაობს.
I ეტაპი - პროექტის შერჩევა
მნიშვნელოვანია საქმიანობის რაც შეიძლება მეტი მიმართულების შექმნა - რაც, მომავალში ქვეყნის კონკურენტული უპირატესობა შეიძლება გახდეს. ეს ეტაპი გარკვეულწილად ექსპერიმენტალურობის ნიშნებსაც შეიცავს, თუმცა პროექტების შერჩევისას 12 პარამეტრი (ექსპორტის საშუალება, მასშტაბირების კოეფიცინეტი, ეკოლოგიური სისუფთავე და ა.შ.) გამოიყენება და თუკი, ვთქვათ, ამა თუ იმ პროექტის კოეფიციენტი, პირობითად, 70%-ზე მეტი იქნება, ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი მისით ინტერესდება.
ინდუსტრიული განვითრების ჯგუფში აცხადებენ, რომ პროექტების შერჩევა ორმხრივი პროცესია - საქმიანობების აღმოჩენის ერთ-ერთი გზა კერძო სექტორთან მჭიდრო კავშირია; ანუ, თუკი თქვენ ბიზნესმენი ხართ, რომელიც, ვთქვათ, ცხოველების საკვების საწარმოს შექმნითაა დაინტერესებული, ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი პროექტის დამუშავებაში დაგეხმარებათ.
განმარტების მიუხედავად, გარკვეულწილად, მაინც ბუნდოვნად რჩება, თუ როგორ ხდება იდეების გენერირება და ამა თუ იმ მიმართულების კვლავაზე არჩევანის შეჩერება.
II ეტაპი. სტრატეგიის შემუშავება
პროექტის დამუშვება ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია. ამ დროს ისმება კითხვა - რამ შეუშალა ხელი ამა თუ იმ კონკრეტული დარგის განვითარებას?
„თითოეულ საქმიანობაში სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორებია. მაგალითად, სამკერვალო ინდუსტრიაში, რომელიც დაქსაქსულად, მაგრამ, ასე თუ ისე არსებობს, ხელისშემშლელი ფაქტორი მასშტაბის არქონა იყო. სამკერვალო ინდუსტრია არსებობდა და არსებობს დღესაც, თუმცა ამ სფეროში მხოლოდ 5 ათასი ადამიანია დასაქმებული. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, დღეს საქართველოში ამ მიმართულებით 100 ათასი ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული, ექსპორტი კი მილიარდ დოლარს უნდა აღწევდეს. ამისათვის საჭიროა სპეციალიზირებული, დიდი მასშტაბის საწარმოები. სამკერვალო ინდუსტრიის ამ დონეზე აყვანაც, ახალი ეკონომიკური საქმიანობაა“, - განმარტავს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი. სწორედ ასე, პრობლემების იდენტიფიცირების გზით ხდება მინისტრის მრჩევლის თქმით, სტრატეგიის შემუშავება.
III ეტაპი. პროექტის დანერგვა
როდესაც ბიზნესგეგმა მზადაა, ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი მას ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე აქვეყნებს.
ჯგუფის წარმომადგენლები ეძებენ კერძო ინვესტორს, აწყობენ ფორუმებს, სადაც იწვევენ დაინტერესებულ ბიზნესმენებს; ასევე, პროექტებით ინვესტორის დაინტერესებისთვის გამოიყენება დიპლომატიური რესურსი - საზღვარგარეთ, პირადი შეხვედრების საფუძველზე ჯგუფის წარმომადგენლები ინვესტორის დაინტერესებას ცდილობენ.
ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში, რომელსაც ამა თუ იმ კონკრეტული ბიზნესგეგმის იმპლემენტაცია აქვს გადაწყვეტილი, ინდუსტრიული განვითრების ჯგუფი მას კოორდინაციას უწევს - ურჩევენ ამა თუ იმ სახელმწიფო პროგრამას, ეხმარებიან მიწის მოძებნა/შეძენაში (შესაძლოა სიმბოლურ ფასად), ბიუროკრატიული საკითხების გადაწყვეტაში და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ მსგავს ფუნქციებს 2011 წელს დაფუძნებულ სს „საპარტნიორო ფონდის" საქმიანობაშიც ვხვდებით: პროექტის იდეის ინიცირება შესაძლებელია მოხდეს: კერძო ინვესტორის ინიციატივის საფუძველზე ან ფონდის მიერ. პირველ შემთხვევაში ინვესტორი წარმოადგენს პროექტს, რომელსაც ფონდი განიხილავს. მეორე შემთხვევაში, ფონდი თავად ეძებს კერძო ინვესტორს კონკრეტული პროექტისთვის, წინასწარ განხორციელებული ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის საფუძველზე, - ვკითხულობთ „საპარტნიორო ფონდის“ ვებგვერდზე.
საპარტნიორო ფონდიც ინდუსტრიული ჯგუფის მსგავსად ცდილობს განავითაროს ეკონომიკის ის დარგები, “რომლებიც ქვეყნისთვის სტარატეგიულია და ნაკლებია კონკურენცია, სადაც ნაკლებად ერთვება კომერციული სექტორი, სადაც ნაკლებად ერთვება საბანკო სექტორი, სადაც ნაკლებია გარედან ინვესტიციები“, - როგორც არაერთხელ განუცხადებია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს.
საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მიზნებთან დაკავშირებით, ეკონომისტი აკაკი ცომაია აღნიშნავს, რომ როგორც არ უნდა იყოს პოლიტიკური ნება, ამ ტიპის პროგრამები იწვევს მცდარ აღქმას, თითქოს ასეთი ქმედებებით ხელისუფლებას ეკონომიკური ზრდის დაჩქარება შეუძლია. რეალურად კი, ეს აქტივობა ხელს ვერ უწყობს ეკონომიკურ ზრდას - საბოლოო ჯამში ვერ ხერხდება ისეთი პროექტების შერჩევა, თუ დაფინანსება, რომელთა საფუძველზე შექმნილი პროდუქტი საბაზრო ეფექტიანობის პირობებს დააკმაყოფილებს.
„პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანები, ვისაც ბიზნესის დასაწყებად საჭირო ფინანსები აქვთ საინტერესო და მომგებიან პროექტებს ვერ პოულობენ, არამედ ის, რომ მთავრობის მიერ გამზადებული პროექტები არ იძლევა იმ შედეგს, რისთვისაც ეს პროგრამებია გამიზნული, ამ საქმიანობის ადმინისტრირებისთვის დახარჯული რესურსი კი უბრალოდ, ნიავდება. ამდენად, უკეთესია, რომ ეს, თუნდაც მწირი რესურსი კერძო სექტორს დავუტოვოთ, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს“, - აცხადებს აკაკი ცომაია.
ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი დაახლოებით 12 ადამიანისგან შედგება. ლევან კვერნაძე, როგორც ამ ჯგუფის კოორდინატორი, ყოველდღიურ საქმიანობას უძღვება. მისი თქმით, მუშაობის დაწყების დღიდან - 2014 წლის ოქტომბრიდან 20-მდე კვლევა მოამზადეს, რომელსაც მალე დაახლოებით ამდენივე დაემატება.
ლევან კვერნაძე განმარტავს, რომ ინდუსტრიული განვითარების ჯგუფს უამრავი საინტერესო პროექტი აქვს. მათი მიზანია დაეხმარონ ბიზნესს, რათა, რაც შეიძლება მრავალ დარგში შევიდეს და აქედან გამომდინარე, გაირკვეს, თუ რომელი დარგი განავითარებს საქართველოს ეკონომიკას. ამ მიზნის მიღწევას ინდუსტრიულ ჯგუფში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით გეგმავენ.
„ახალ მიმართულებებს ვეძებთ, მაგალითად, გარკვეული ანალიზი ჩავატარეთ, თუ რა ტემპებით ვითარდება ქარის ენერგიის წილი საერთო ენერგეტიკულ ბალანსში და ამ კუთხით საინტერესო პროექტი გვაქვს - ქარის ენერგიის კოშკების, გენერატორების და ფრთების წარმოების პროექტი. მარტის შუა რიცხვებისთვის ველოდებით ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ამ მიმართულებით რეგიონში სერიოზული ინტერესი აქვს. ვფიქრობთ, რომ ქარის ენერგიის მოპოვებისთვის საჭირო ეს დანადგარები საქართველოსთვის შესაძლოა შედარებით უპირატესობად იქცეს და თუნდაც მეზობელ ქვეყნებში გავიტანოთ ექსპორტზე“, - ამბობს კვერნაძე.
ერთ-ერთი უკანასკნელი სიახლე, რაც საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის საქმიანობას უკავშირდება, მეაბრეშუმეობის განვითარების მიმართულებაა.
საქართველოში მეაბრეშუმეობის განსავითარებლად, კომპანიამ "ასკანელი ძმები" და უზბეკეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა საქართველოს ხელისუფლებას უზბეკეთიდან შემოტანილი თუთის 100 000 ნერგი გადასცა საჩუქრად - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და კომპანია "ასკანელი ძმების“ დამფუძნებლის, ჯიმშერ ჩხაიძის შეხვედრისას გახდა ცნობილი.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში მეაბრეშუმეობის აღორძინების კონცეფცია ინუდსტრიული განვითარების ჯგუფის მეშვეობით შეიქმნა.
პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, ორგანიზებულად დაურიგონ ნერგები მცირე მეწარმეებს და მიაწოდონ მათ ყველა საჭირო ინფორმაცია. მისივე თქმით, მეაბრეშუმეობა წვრილ მეურნეობებზე დაფუძნებული მოდელია, რომლის აღორძინებაც წვრილი წარმოების განვითარებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა - მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევდა, რომ მეაბრეშუმეობის განვითარების მიმართულებით ყურადღების გამახვილება, შესაძლოა საქართველოს საპატრიარქოს ინტერესს უკავშირდებოდეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბაზაზე განთავსებულ ნაშრომში - „მართლმადიდებლური თეოლოგიური ეკონომიკისა და მართვის საფუძვლები“ - (გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2009წ.) რომელიც „რეცენზირებულია და ნებადართულია გამოსაცემად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის მიერ“, ვკითხულობთ:
„მეაბრეშუმეობა საქართველოში ოდითგანვე სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგი იყო, რომლის არსებობა-შენარჩუნება დღეს საფრთხის წინაშე დგას. როგორც ყოველთვის, ეკლესია და, კერძოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გრძნობს თავისი ქვეყნის ეროვნულ-სტრატეგიული მნიშვნელობის დარგის გადაშენების საფრთხეს. იგი წინადადებით გამოვიდა, რათა აღნიშნული დარგი საპატრონოდ გადაეცეს საქართველოს ეკლესიას. იმედია, მისი თხოვნა შესმენილ და დაკმაყოფილებულ იქნება“.
ლევან კვერნაძის განცხადებით, ინდუსტრიული განვითარების ჯგუფში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღნიშნული წინადადების შესახებ იცოდნენ, თუმცა ეს არ გამხდარა ამ პროექტის განხორციელებაზე მუშაობის დაწყების წინაპირობა.
მისივე თქმით, ეს ბიზნესგეგმა საქართველოში აბრეშუმის წარმოების რეაბილიტაციისთვის არის შექმნილი. იქმნება დარგი, რომელიც 25 წლის განმავლობაში არ არსებობდა. აბრეშუმის კუსტარულად წარმოების რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ინდუსტრიული განვითარების ჯგუფს განსხვავებული მიდგომა აქვს - აბრეშუმის ინდუსტრიულად წარმოება, ამისთვის კი თუთის პლანტაციების ინდუსტრიულად გაშენებაა საჭირო.
„უბრალოდ ციფრებს გეტყვით - თუკი პირველ ეტაპზე 500 ჰექტარზე გაშენებული თუთის პლანტაცია გვექნება, დაახლოებით 6 მილიონი დოლარის ღირებულების საექსპორტო აბრეშუმს მივიღებთ. 5 ათას ჰექტარზე - 60 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციას, 10 და 15 ათას ჰექტარზე კი - 200მლნ.-მდე ღირებულების აბრეშუმს. ამისათვის საჭიროა, რომ შემოვიტანოთ ახალი ჯიშის თუთის ხეები, შევქმნათ საწარმო, რომელიც ამ ჯიშების სელექციას, გაუმჯობესებას შეძლებს. ასეთი დარგები კონკრეტული ინტერესების გათვალისწინებით არ იქმნება, ეს სახელმწიფოს მიერ გაჟღერებული პოლიტიკაა - დაეხმაროს ნებისმიერ დარგს, რომელიც საექსპორტო პოტენციალს შექმნის, ან შიდა პროდუქტს გაზრდის“, - განმარტავს ლევან კვერნაძე.
საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მიერ მომზადებულ „აბრეშუმის სახლის“ ბიზნესმოდელში რომელიც სამინსიტროს საიტზე არის განთავსებული ვკითხულობთ: „აბრეშუმის სახლის“ ბიზნეს კონცეფცია წარმოადგენს კომერციული ბიზნესის მოდელს, თუმცა მისი ფინანსური მომგებიანობის მიუხედავად, ბიზნესს გააჩნია საკმაოდ ხანგრძლივი ინვესტიციის უკუგების პერიოდი და შედარებით დაბალი შიდა უკუგების განაკვეთი (IRR). ასეთი, შიდა უკუგების განაკვეთის მქონე ბიზნეს მოდელის დაფინასება საქართველოში არსებული კომერციული ფინანსური კაპიტალის მეშვეობით პრაქტიკულად შეუძლებელია“.კითხვაზე, თუ როგორ გაუწევს ქართული აბრეშუმი ჩინურ, ან ინდურ პროდუქტს კონკურენციას, ინდუსტრიული განვითარების ჯგუფში აცხადებენ - „პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ საქართველო აბრეშუმის იმპორტს ახორციელებს; ამავდროულად, ჩვენ არ გავდივართ ისეთ მასშტაბებზე, როგორც ჩინეთი და ინდოეთი, ხოლო პროდუქტზე მოთხოვნაც და ფასიც მზარდია“.
როგორც ცნობილია, ბენეფიციარებს თუთის ხის ნერგები უსასყიდლოდ დაურიგდებათ.
ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის კოორდინატორი განხორციელების ეტაპზე მყოფ სხვა პროექტებზეც საუბრობს, მათ შორისაა:
„სამკერვალო საწარმო, რომელსაც სახელმწიფომ ქონება - 1 ლარად გადასცა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კი - იაფი კრედიტი გასცა, რამაც ინვესტორს სამკერვალო საწარმოს მშენებლობის საშუალება მისცა. აღნიშნული საწარმო მიიღებს ამერიკული და ევროპული ბრენდების შეკვეთებს, ასევე საჭირო მასალას, მას საბოლოო პროდუქტის სახეს მისცემს და დამკვეთს დაუბრუნებს;
წინდების და კოლგოტების წარმოების პროექტი, რომლითაც რამდენიმე ბიზნესმენი დაინტერესდა და პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს;
ნაჭრის წარმოების ბიზნესგეგმა - ეს ნაჭერი, ძირითადად, სახელმწიფო შეკვეთებზე იქნება ორიენტირებული - „თუკი ამით კონკრეტული ბიზნესი დაინტერესდა, ეს იქნება კონკურენტუნარიანი, შეკვეთაზე ორიენტირებული მიმართულება და სახელმწიფო შეკვეთების დაკმაყოფილებისათვის ბიზნესმენებს აღარ დაჭირდებათ ჩინეთიდან, თუ მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრიდან ნაჭრის ჩამოტანა“;
პროცესშია ძაფის სართავი და საგრეხი ფაბრიკის პროექტი;
მომზადებულია მწვანილის საექსპორტო კომპანიის პროექტი, რომელსაც დაინტერესებულ ბიზნესმენებს სთავაზობენ;“ - აცხადებენ ინდუსტრიული განვითარების ჯგუფში.
„ძალიან საინტერესოა სამხრეთ საქართველოში, კერძოდ - წალკასა და ნინოწმინდაში რძის წარმოების პროექტი. ჩვენ უკვე ვიპოვნეთ ბენეფიციარი კომპანია. მოლაპარაკებებს ვმართავთ როგორც საპარტნიორო ფონდთან, ასევე კერძო ინვესტორებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან. გვგონია, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ეს პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნავს ლევან კვერნაძე.
ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა მწვანილის ინდუსტრიაში თავი მოუყარა რამდენიმე მწარმოებელს, შეიქმნა კოოპერატივი, დაეხმარნენ USAID-ის REAP-ის გრანტის (Georgia’s Restoring Efficiency to Agriculture Production) მოპოვებაში და სურთ, რომ მეწარმეებმა ევროკავშირში ბოსტნეულის შესატანად საჭირო საერთაშორისო სერთიფიკატი - GLOBAL GAP მიიღონ;”
„ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი კოოპერატივის დაფუძნებაში მოგვეხმარა; მთლიანად მათი ხელშეწყობით მოვიპოვეთ გრანტიც, დახლოებით 30 ათასი აშშ დოლარის ოდენობით. GLOBAL GAP ს სტანდარტის დანერგვის ხარჯებში კი (ამ სტანდარტის დანერგვა საშუალოდ 50 000 ევრო ღირს) კოოპერატივის წევრებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. ასევე, ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა ჰოლანდიაში მოძებნა მყიდველი, რომელიც სერტიფიცირებულ პროდუქციას შეიძენს" - ამბობს ბადრი კილაძე, კოოპერატივის ერთ-ერთი მეპაიე.
ამასთანავე, აღსანიშნავია კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფს უკავშირდება - „ასანთის წარმოების პროექტი“, პროექტი, რომლის პერსპექტივამაც საზოგადოების ნაწილს ღიმილი მოჰგვარა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს ქვეყანაში - 2,029.7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ასანთი შემოვიდა, 2014 წელს - 1,427.9 ათასი აშშ დოლარის, 2015 წელს კი 1,244.3 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია.
ამ ფონზე, 2010 წლის შემდეგ, საქართველოში სიგარეტისა და სხვა ტიპის სანთებელების იმპორტის ღირებულება 2,439.6 ათას აშშ დოლარზე (2015წ.) ნაკლები არ ყოფილა.
ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის კოორდინატორის განცხადებით, საინტერესოა, რატომ გამახვილდა ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ ასანთის საწარმოზე, როდესაც ამ კონკრეტულ ადგილას 4-5 საწარმოა თავმოყრილი?!
„ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს, რა არის მისთვის რენტაბელური და რა არა, ჩვენ არ ვქმნით საწარმოებს, ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნესს და ეს სახელმწიფოს ინტერესებშია. ჩვენთან მოვიდა კონკრეტული დაინტერესებული ბიზნეს ჯგუფი, რომელთაც სხვადასხვა კომპონენტში (იაფი კრედიტი, 1 ლარიანი ქონება) სახელმწიფოს ხელშეწყობით რამდენიმე საწარმო შექმნეს, მათ შორის ასანთისაც. მაგალითად, დეკემბერში პლასტმასის საწარმო გაეშვა და საკმაოდ წარმატებულადაც ფუნქციონირებს. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის მოწყობა მხოლოდ ასანთის საწარმოსთვის არ იგეგმება. სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ამ ტიპის დახმარება მიზანშეწონილია და ეს არის მხარდაჭერა ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირებისთვის. ასანთის წარმოება ქილიკისა და დაცინვის საგანი არ უნდა იყოს, ვისთვისაც ეს სასაცილოა, უკეთესი გააკეთოს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით!“, - აღნიშნავს ლევან კვერნაძე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფში ამა თუ იმ პროექტის წარმატების სწამთ, ამ პროექტების მომზადებაზე დახარჯული რესურსი, ეკონომისტ აკაკი ცომაიას მსგავსად, ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებლს - ზურაბ ჯაფარიძესაც „წყალში გადაყრილად“ მიაჩნია.
მისი თქმით, ამ ტიპის პროგრამებს ყოველთვის კეთილხმოვანი სათაურები აქვს, რათა შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და დააჯეროს, რომ არსებობს რაღაც ბიუროკრატიული სტრუქტურა, ამ შემთხვევაში ინდუსტრიული განვითრების ჯგუფი, რომელიც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს; რეალურად კი, „ბიზნესის კეთება“ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის და ბიზნესთან მიმართებაში სახელმწიფოს ერთადერთი მოვალეობა - განვითარებისთვის კარგი პირობების შექმნაა.
მისივე თქმით, ადამიანები და კომპანიები ცდისა და შეცდომის გზით გაცილებით უფრო სწრაფად პოულობენ სწორ და ეფექტურ გზებს, ვიდრე ამას სახელმწიფო ბიუროკრატია აკეთებს. ეს ბუნებრივი პროცესია და რაც მეტი ფული დარჩება ეკონომიკაში - მოქალაქეთა და ბიზნესის მიერ განკარგვისთვის, მით უფრო სწრაფად გაიზრდება ეკონომიკა - „ეს პროგრამები წელს ხომ არ დაწყებულა?! იანვარში 0.8%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ანუ გაჩერებულები ვართ, ერთ ადგილას ვდგავართ. ეს პროგრამები რომ მუშაობდეს და რაიმე შედეგის მომტანი იყოს, საქართველოს გაცილებით სერიოზული ეკონომიკური ზრდა ექნებოდა“- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
გიორგი ჭეიშვილი