ექსპორტის ხელშესაწყობად ეკონომიკის სამინისტროში 4 ახალი სამსახური შეიქმნა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე 4 ახალი სამსახური იზრუნებს. ეკონომიკის სამინისტროში შემავალი ახალი სტრუქტურული ერთეულები დეპარტამენტებისგან დამოუკიდებლად თითოეულ რეგიონზე ცალ-ცალკე იმუშავებს. ყველა მათგანს უშუალო კონტაქტი ექნება საქართველოში ადგილობრივ კომპანიებთან, შეისწავლის მათ პრობლემებს და გაუწევს კონსულტაციებს, ისევე როგორც დაეხმარება კონკრეტული რეგიონის ქვეყნების მარკეტინგულ კომპანიებთან და ბიზნესოპერატორებთან კონტაქტების დამყარებაში.
“აღნიშნული მიმართულებები გამოეყო საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტს, ეს სამსახურები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონზე იქნება მიმაგრებული, მაგალითად, 2-3 ადამიანი იმუშავებს აფრიკა-აზიის რეგიონზე, ცალკე იქნება სამსახურები სამეზობლოსთვის, ასევე, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებისთვის”-ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელსაც პირდაპირ დაექვემდებარება ოთხივე სტრუქტურული ერთეული.
სამინისტროს ახალი დებულების მიხედვით, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტად გარდაიქმნა და მხოლოდ პოლიტიკას შეიმუშავებს.
“დეპარტამენტი ფოკუსირებული იქნება DCFTA-ის განხორციელების კოორდინაციასა და ახალ სავაჭრო მოლაპარაკებებზე. რაც შეეხება უშუალოდ ექსპორტის ხელშეწყობასა და კომპანიებთან მუშაობას, დაევალება ამ 4 სამსახურს, რომელიც დეპარტამენტის გარეთ იქნება, ბაზრებს შეისწავლიან და რეგიონების ქვეყნებთან სავაჭრო საკითხებში ჩაერთვებიან, უშუალოდ იმ კომპანიებთან ექნებათ კონტაქტი, ვისაც გააქვს პროდუქტი საზღვარგარეთ, ყველა პრობლემა ეცოდინებათ თუ რატომ ვერ გადის ჩვენი პროდუქტი რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე, რა არის დამაბრკოლებელი მიზეზები”,- ამბობს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ გაბუნია.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს ახალ დებულებაში წერია, ახალ სამსახურებს ასევე დაევალებათ რეგიონების მიხედვით (აზია-აფრიკა; ევროპა; მეზობელი ქვეყნები/დსთ; ამერიკა):
- კონკრეტული რეგიონის ქვეყნებთან ვაჭრობით დაინტერესებული ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურება, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით;
- ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- კონკრეტული რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის მარკეტინგულ კომპანიებსა და ბიზნესოპერატორებთან კონტაქტების დამყარებაში კომპანიებისთვის დახმარების გაწევა.
- ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, აღრიცხვა და მათი კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით;
ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროში საგარეო ვაჭრობაზე ფოკუსირებული 4 ახალი სტრუქტურული ერთეულის დაკომპლექტებისა და მოვალეობების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს.
მაიკო გაბულდანი