ბიო ღვინო- ნიშური ბაზრიდან მთავარ სეგმენტამდე
გარემოსა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბოლო წლებში ევროპელები არჩევანს ბიო პროდუქტებზე აკეთებენ, ამ მხრივ, გამონაკლისი არც ღვინოა. ევროპა მსოფლიოში ორგანული(ბიო) ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებლია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მესამე ქვეყნებისთვის ბაზარი დაკეტილია, ბიო პროდუქციაზე გაზრდილ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს. ბიო-მეღვინეები საქართველოშიც მცირე რაოდენობით არიან, მათი ნაწილი საკუთარ პროდუქციას თითქმის მთლიანად ევროპის ბაზარზე ყიდის, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ადგილია ევროპაში, სადაც ბიოღვინოზე მოთხონა მაღალია, ქართული ბიოპროდუქტისა და საქართველოს ცნობადობა კი-დაბალი, ამ დროს, ევროპელი მომხმარებელი არჩევანს გამოცდილებასა და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს.
ირაკლი ნიკოლაშვილი ერთ-ერთი პირველი მეწარმეა, რომელმაც ბიოღვინო ევროპის ბაზარზე გაიტანა. პირველად, 2009 წელს ლიტვაში გაყიდა, ბოლო პარტია (1000 ბოთლი) კი შვეიცარიასა და გერმანიაში მიმდინარე წლის იანვარში გაგზავნა. ნიკოლაშვილს რეკლამისთვის საჭირო ფინანსები არ ჰქონდა და გადაწყვიტა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის დამადასტურებელი სერტიფიკატი აეღო, რაც მისი პროდუქტის პოპულარობას გაზრდიდა, დღეს საფერავის სერტიფიცირებული ბიოვენახი გურჯაანში 6 ჰა-ზე აქვს გაშენებული, თუმცა ბიოწარმოების შენახვა იაფი არ უჯდება.
“სერტიფიკატამდე რომ მიხვიდე 3000 ევრო გინდა, სერტიფიკატის აღების შემდეგ კი შემოწმებები ყოველწლიურად, ესეც ფინანსებთანაა დაკავშირებული. მერე არ იცი გაყიდი თუ ვერა, ისევე უნდა იწვალო, როგორც ჩვეულებრივ ღვინოზე. ჩვენ რომ დავიწყეთ ბიოწარმოება, მაშინ ბევრი არ იყო, ევროპაშიც ძალიან ცოტას ჰქონდა და ამიტომ უფრო მივიქციეთ ყურადღება, სერტიფიკატი რომ არ მქონოდა, ალბათ, ამდენს ვერ მოვახერხებდით”,-ამბობს ნიკოლაშვილი.
1 წელიწადში აპირებს ბიოსერტიფიკატის აღებას გუჯა გოდერძიშვილიც, რომელსაც ბაკურციხეში 2 ჰექტარზე აქვს ვენახი და წელიწადში, დაახლოებით, 2000-3000 ბოთლს ასხამს. სერტიფიკატის აღებამდე ბრიტანელ პარტნიორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და წლის ბოლომდე 1200 ბოთლის გაგზავნასაც გეგმავს.
“2 წელია, რაც ბიოღვინოს ვაწარმოებთ, 3 წელი გვჭირდება იმისთვის, რომ ბიოსერტიფიკატი ავიღოთ. შემოთავაზება იყო ბრიტანელების მხრიდან და ჩვენც გამოვეხმაურეთ, მალე გავაფორმებთ ხელშეკრულებას. 1-2 კვირაში გვექნება ზუსტი პასუხი და გადაიგზავნება პირველი პარტია”,- ამბობს გოდერძიშვილი.
ბიოღვინოს მხოლოდ მცირე წარმოება აქვს (5000 ბოთლი) იაგო ბიტარიშვილს მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში, თუმცა პროდუქციას თითქმის მთლიანად ევროპულ ბაზარზე ყიდის და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ბიტარიშვილი ამბობს, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში იზრდება მოთხოვნა ორგანულ პროდუქციაზე. იაგოს ღვინო დღეს 11 ქვეყანაში იყიდება, მათ შორის, უმეტესობა ევროპის ქვეყნებია (იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, გერმანია, დანია, შვედეთი, ესპანეთი, სლოვენია, ავსტრია). იაგოს ღვინო ნატურალური პროდუქტის მაღაზიებში დაახლოებით 20 ევრო, რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში კი 3-ჯერ ძვირი ღირს.
“ეკოლოგიური, ჯანსაღი კვების, დაავადებების თვალსაზრისით, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჯანსაღი პროდუქტი (საკვები, სასმელი) ანუ ბიო, ორგანული და ეს ტენდენცია არამხოლოდ ევროპაში, არამედ ყველა განვითარებულ ქვეყანაში საგრძნობია. ინტერესის მხრივ გამოიჩევა იტალია,იმის მიუხედავად, რომ თვითონაც ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა, იტალიაში გატანის შემდეგ სტაბილურად მოთხოვნადია ყოველ წელს. ასევე, ინგლისი ძალიან საინტერესო ბაზარია ნებისმიერი მწარმოებლისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ფრანგული ღვინოს პოპულარიზაციაში თავის დროზე დიდი როლი ითამაშა ინგლისმა, საკმაოდ პრესტიჟულ ადგილებზე იყიდება. რამდენიმე წლის წინ ამას ვერც წარმოვიდგენდით და ამიტომ დიდი ბრიტანეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია ჩვენთვის”,-ამბობს ბიტარიშვილი.
წარმატებულ ბიომეღვინეებს შორის არიან ძმები ჯაყელებიც. მალხაზ და ზაზა ჯაყელებმა ორგანული ვენახის ჩაყრა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში 2001 წელს დაიწყეს. ყურძენი თავის დროზე მხოლოდ 5 ჰა-ზე გააშენეს, ორგანული ვენახი კი ჩვეულებრივთან შედარებით ექვსჯერ ნაკლებ მოსავალს იძლევა (2-3 ტონა/ჰა-ზე), ჯაყელებმა გადაწყვიტეს, წარმოება გაზარდონ და ასორტიმენტში რქაწითელის ქვევრის ღვინოც დაამატონ, პროექტში კი მეზობელი ფერმერების ჩართვას აპირებენ. დღეს ჯაყელების ღვინო ინგლისის გარდა, შვეიცარიასა და პოლონეთში იყიდება.
მოთხოვნა მაღალია, როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე, მაგრამ ვერ ვაკმაყოფილებთ-სულ 6-7 ათას ბოთლს ვაწარმოებთ წელიწადში. ვენახი ნიშანს 5 წლის შემდეგ იძლევა, მაგრამ სრულ მსხმოიარობაში 8-9 წელიწადში შედის, გარდა ამისა, ერთი ჰა-ს გაშენება 15-20 ათასი დოლარი ჯდება, ჩვენთვის საკმაოდ გრძელვადიანი და ძვირი ინვესტიციაა, ამიტომ გადავწყვიტეთ მეზობლებს დავეხმაროთ ვენახი ორგანულად გარდაქმნან და საჭირო რაოდენობის ყურძენი მათგან შევისყიდოთ”- ამბობს ზაზა ჯაყელი.
ჯაყელების მომავალ პარტნიორებს, სამი წელი დასჭირდებათ, იმისთვის რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიიღონ - სწორედ 3 წელია განსაზღვრული ვადა მრავალწლოვანი კულტურებისთვის. დღეს საქართველოში საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ერთადერთი ორგანოა “კავკასსერტი”, რომელიც ბიო სერტიფიკატს გასცემს. კომპანიის ხარისხის მენეჯერის ზურაბ ნადარეიშვილის განცხადებით, ბოლო 2 წელია გაიზარდა მეღვინეთა რაოდენობა, რომელთაც საკუთარი მეურნეობის ორგანულად გარდაქმნა უნდათ.
“ჩვენთან, დაახლოებით, 20 მეღვინეა დარეგისტრირებული, აქედან, ნახევარი სერტიფიცრებულია, ანუ კონვერსიის პერიოდი გაიარეს- კონვერსიის პერიოდი ნიშნავს, როდესაც მეწარმე გააკეთებს განაცხადს რომ უნდა ბიომეთოდით აწარმოოს პროდუქცია, მერე უნდა გაიაროს გარდამავალი პერიოდი და 3 წლის შემდეგ მიღებული პროდუქტი ითვლება ბიოპროდუქტად. ამ 3 წლის განმავლობაში სერტიფიცირების ორგანო ინსპექტირებებს უტარებს...საქართველოში მეურნეობები ყველაზე ხშირად დაახლოებით 0-10 ჰა-მდეა. ასეთ შემთხვევაში, ინსპექტირებას სჭირდება 3 საათი, თითო საათი ჯდება 120 დოლარი, სავარაუდოდ, ერთი ინსპექტირების საშუალო ფასი კახეთში 400-450 დოლარია. წლის განმავლობაში სავალდებულოა 1 გეგმიური ინსპექტირება. იმ შემთხვევაში თუ ფიქსირდება დარღვევა ან თუ არის ბიო და სტანდარტული მეურნეობა შერწყმული ერთი მეურნეობის ფარგლებში, რისკი მაღალია და შეიძლება ჩატარდეს გაუფრთხილებელი ინსპექტირებაც”,-ამბობს ნადარეიშვილი.
რა არის ორგანული ღვინო?
ორგანულ მეღვინეობაში მეღვინეები მაქსიმალურად ერიდებიან გარეშე დანამატების გამოყენებას და უპირატესობას ანიჭებენ ბუნებრივად წარმართულ პროცესებს. ბიომეღვინე მინიმალურად უნდა ჩაერიოს დაღვინების პროცესში და მაქსიმალურად შეინარჩუნოს ყურძნის პოტენციური მაღალი ხარისხი და განსაკუთრებულობა.
“სამი საკითხია მნიშვნელოვანი: მცენარეთა დაცვა, ნიადაგის განოყიერება და სარეველებთან ბრძოლა. სინთეზური პრეპარატები უნდა ჩაანაცვლონ ბიოწარმოებაში დაშვებული საშუალებებით. მცენარეთა დაცვის შემთხვევაშიც იგივეა-სინთეზური, სისტემური პრეპარატები უნდა ჩანაცვლდეს ბიოწარმოებაში ნებადართული კონტაქტური საშუალებებით. რაც შეეხება სარეველების კონტროლს, აქ მხოლოდ მექანიკური საშუალებები გამოიყენება”,- ამბობს “კავკასსერტის” ხარისხის მენეჯერი ზურაბ ნადარეიშვილი. დღევანდელიკანონმდებლობითორგანულიღვინო უნდააკმაყოფილებდესშემდეგ მოთხოვნებს:
- დამზადდეს მხოლოდ ორგანული ყურძნისაგან;
- ყველა ინგრედიენტი, იქნება ეს ყურძნის ტკბილი, კონცენტრირებული ტკბილი, შაქარი (იმ ქვეყნებში სადაც დაშვებულია), სპირტი უნდა იყოს ორგანული;
- ბიოლოგიური პროცესების წარმართვისას დაუშვებელია გენეტიკურად მოდიფიცირებული მიკროორგანიზმების გამოყენება. ასევე, დაუშვებელია გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით მიღებული დანამატებისა და დამხმარე მასალების გამოყენება;
- ორგანული ღვინის დამუშავებისას უპირატესობა ენიჭება ბიოლოგიურ, მექანიკურ და ფიზიკურ პროცესებს და ცდილობენ ნაკლებად ჩაერიონ ქიმიური ხერხებით;
- დაშვებულია მეღვინეობაში ნებადართული თითქმის ყველა დანამატის გამოყენებაც, მაგრამ სასურველია მათი გამოყენება მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში;
2012 წლამდე, ევროპაში „ორგანულიღვინის“ ოფიციალური განმარტება არ არსებობდა. 2012 წელს ევროკავშირმა მიიღო რეგლამენტი, სადაც განისაზღვრა ორგანული ღვინის წარმოების წესები.
ევროპის ბაზარი
ევროპაში, ორგანული ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებლები ესპანეთი, საფრანგეთი და იტალიაა. ამ ქვეყნებში ზოგიერთი პრესტიჟული ღვინის მამულიც კი ორგანულ მეურნეობად გარდაიქმნა. საფრანგეთსა და ხორვატიაში ორგანული ბაზრის 10%-ზე მეტი უკავია ღვინოს, ნორვეგიასა და შვედეთში კი - ბაზრის 5%.
ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტის CBI ჩატარებული კვლევის მიხედვით, განვითარებადი ქვეყნებიდან ორგანული ღვინის ექსპორტის ყველაზე დიდი პოტენციალია ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, დანიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და ბენილუქსის ქვეყნებში. რაც შეეხება, საფრანგეთს, იტალიასა და ესპანეთს, ნაკლებად დაინტერესებული არიან ორგანული ღვინის იმპორტით, ვინაიდან საკუთარი წარმოებაც საკმარისი აქვთ.
გერმანია მსოფლიოში ორგანული ღვინის წამყვანი იმპორტიორია, წლიურად დაახლოებით, 30 მილიონ ბოთლს ყიდულობს, ძირითადად იტალიიდან და ესპანეთიდან. იზრდება, როგორც საცალო მოვაჭრეების, ასევე, რესტორნების რიცხვი, სადაც მხოლოდ ორგანულად წარმოებული ღვინო იყიდება.
იმის მიუხედავად, რომ ორგანული ღვინო მაინც რჩება ნიშურ ბაზრად, ზოგიერთ ქვეყანაში და მათ შორის: ნიდერლანდებში, გერმანისა და სკანდინავიის ქვეყნებში (დანია, ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი) უკვე კარგად აქვთ ჩამოყალიბებული ორგანული ღვინის ბაზრები.
მარკეტინგული მეთოდები
ღვინის მწარმოებლები საკუთარი პროდუქციის გასაყიდად და პოპულარიაზციისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, მათ შორისაა გამოფენები და ე.წ. B2B შეხვედრები, როდესაც პირდაპირი კონტაქტი დგება მწარმოებლებს შორის. ევროპაში, ბოლო პერიოდში შესამჩნევია ტენდენცია, როდესაც მწარმოებელი პირდაპირ მომხმარებელს სთავაზობს საკუთარ პროდუქტს, ამისთვის კი ყველაზე კარგი გზა ონლაინ-გაყიდვებია, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში პირდაპირ მომხმარებლისთვის ონლაინ-მიყიდვა არალეგალურად მიიჩნევა (სკანდინავიის ქვეყნები).
ასოცირების შეთანხმების 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აქვს ვალდებულება (მეწარმეობის განვითარების სააგენტომ) განავითაროს უკვე მოქმედი სავაჭრო პორტალი http://tradewithgeorgia.com/ , სადაც უნდა განთავსდეს ინფორმაცია ქართული კომპანიებისა და მათი პროდუქტების, საქართველოს სავაჭრო პარტნიორების, საბაჟო გადასახადებისა და პროცედურების შესახებ. დღეს ევროპაში ბევრს არა აქვს ინფორმაცია განვითარებადი ქვეყნებიდან ღვინოებზე, თუ არ ჩავთვლით სამხრეთ აფრიკასა და ჩილეს, სწორედ ამ დამაკავშირებლის ფუნქციას უნდა ასრულებდეს პორტალი http://tradewithgeorgia.com/, თუმცა, ჯერჯერობით, არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია ქართული პროდუქტების საექსპორტო პოტენციალზე.
“ქვეყნის და ღვინის ცნობადობა ჯერ კიდევ არ არის დიდი, ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც არ იციან ქართული ღვინო, მუდმივი მუშაობაა საჭირო მარკეტინგული თვალსაზრისით. უფრო მეტად უნდა გავაცნოთ- რატომ ქართული ღვინო? რატომ საქართველო? რითია გამორჩეული ეს მეტმა უნდა გაიგოს. მაისში იმართება ღვინის ფესტივალი, კარგი იქნება სახელმწიფომ ხელი შეუწყოს უცხოელი ჟურნალისტების ჩამოყვანს, რომ მერე ამაზე დაიწეროს, გადაიღონ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ მხოლოდ ფული დახარჯა, რაც მეტი დახარჯა, მით მეტი ღვინო გაიყიდება და ფულიც მეტი შევა ბიუჯეტში”- ამბობს იაგო ბიტარიშვილი.
ჰოლანდიური ორგანიზაცია CBI, რომელიც განვითარებადი ქვეყნებიდან ექსპორტის შესაძლებლობებზე წერს, ექსპორტიორებს ურჩევს:
1) პოტენციურ “ბაიერს” მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია კომპანიისა და პროდუქტის თაობაზე, ასევე, შექმნან უნიკალური და მიმზიდველი ისტორია საკუთარ კომპანიასა და პროდუქტზე.
2) გაგზავნონ მხოლოდ სუფთა და წარმოსადეგი ნიმუშები, მკაფიო ეტიკეტით, სადაც ყველაფერი წერია ფასითა და მოცულობით დაწყებული, საკონტაქტო ინფორმაციით დამთავრებული.
CBI მარკეტინგულ პროცესში საელჩოების როლზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ საელჩოები განსაკუთრებით კარგი შესაძლებლობაა პოტენციურ მყიდველებზე გავლენის მოსახდენად, ვინაიდან, დაინტერესებული არიან საკუთარი ქვეყნიდან პროდუქციის პოპულარიზაციაში და შეუძლიათ გამოიყენონ მათი ქვეყნის კულტურის ცოდნა პოტენციური მყიდველების მისაზიდად და დასარწმუნებლად.
კომერციული დიპლომატიის როლის გაძლიერებასა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს საელჩოების მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობას ახლახან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაუსვა ხაზი. eugeorgiainfo-მ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2014-2015 წლებში ასოცირების შეთანხმებისა და კერძოდ, მისი სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ეფექტური განხორციელებისათვის გატარებული აქტივობების, მათი შედეგებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ინფორმაცია 23-მა საელჩომ მოგვაწოდა, გატარებულ აქტივობებს შორის ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული აქტივობები ჭარბობს, თუმცა ექსპორტიორები მიიჩნევენ, რომ საჭიროა მარკეტინგული აქტივობების გაძლიერება, რომევროპაში ქართული პროდუქტის ცნობადობა გაიზარდოს.
მაიკო გაბულდანი