“ევროკავშირის ბაზარი ქართული თაფლისთვის ღიაა”
ევროკავშირს ქართულ თაფლზე საექსპორტი კვოტა არა აქვს დაწესებული, - ამის შესახებ eugeorgia.info-ს ადა ნარდაიამ განუცხადა, რომელიც ევროკავშირის წარმომდგენლობაში სავაჭრო საკითხებზე მუშაობს.
„ევროკავშირის ბაზარზე ქართულ თაფლზე კვოტა არ არის და არც არსდროს ჰქონია, ამის დასტურია შეთანხმების ტექსტი, სადაც მხოლოდ ნიორი არის მოხსენებიული ისეთ პროდუქტად, რომელიც ექვემდებარება კვოტას საქართველოდან ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტისას. ამ ეტაპზე ევროპაში ჭარბი რაოდენობის ქართული თაფლის ექსპორტზე არ არის ლაპარაკი, პირიქით მინიმალური რაოდენობით შესვლის პროცესში ვართ, რადგან შესაბამისი პროცედურებია გასავლელი“, - განაცხადა ადა ნარდაიამ.
თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს ქართული თაფლის პოტენციალზე ილაპარაკა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომმა. Eugeorgia.info-ს შეკითხვის პასუხად სესილია მალმსტრომმა განაცხადა, რომ ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი ღიაა.
„ქართული თაფლისთვის ბაზარი ღიაა, მაგრამ თქვენი პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის სტანდარტებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც თქვენს ხელისუფლებასთან ვმუშაობთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სტანდარტებთან შესაბამისობას. რაც შეეხება თაფლს, აქ კარგი პოტენციალია, თუმცა არის გარკვეული ტექნიკური მოთხოვნები მანამ, სანამ ევროკავშირში მისი ექსპორტის შესაძლებლობა გექნებათ, ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა სესილია მალმსტრომმა.
გასულ წელს www.eugeorgia.info-სთან ინტერვიუში სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა აცხადებდა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე წელიწადში 1 500 ტონა თაფლის გატანის უფლებას აძლევდა, ხელისუფლება კი ევროკავშირის შესაბამის წრეებთან თაფლის წლიური კვოტის გაზრდის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა.
"ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში ჩვენ გამოგვიყვეს კვოტა და
შეგვიძლია, 1500 ტონის შეტანა. ახლა საუბარია ამ კვოტის გაზრდაზე", - აცხადებდა 2015 წელს ჩვენთან საუბარში კაჭარავა.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მკითხველები დაგვიკავშირდნენ, მათ თაფლის წლიური კვოტიის საკითხი დეტალურად აინტერესებდათ. www.eugeorgia.info ინფორმაციის დაზუსტების მიზნით კვლავ დაუკავშირდა ომარ კაჭარავას.
მინისტრის მრჩეველმა კი მოგვიანებით განაცხადა, რომ ევროკავშირს 1500 ტონის ოდენობით თაფლის წლიური კვოტა საქართველოსთვის 2013 წელს ჰქონდა განსაზღვრული, ერთი წლის შემდეგ ეს ოდენობა 2000 ტონამდე გაიზარდა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ კი კვოტა საერთოდ გაუქმდა.