პროვაიდერების აზრით, საყოველთაო ინტერნეტიზაცია ხარვეზებით მიმდინარეობს
ორი წლის წინ ფერმერმა ანა მიქაძემ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ გამართულ კონფერენციაზე მაგთიკომის პრეზიდენტ დევიდ ლის ჰკითხა, აპირებდა თუ არა მისი კომპანია უახლოეს ხანში რეგიონებში მომხმარებლებისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის შეთავაზებას… მიქაძემ მაშინ კონფერენციის მონაწილე რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს მინისტრს აუხსნა, რომ მისი ბიზნესის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ხარისხიან ინტერნეტს. ევროპელმა მაღალჩინოსნებმა დაუდასტურეს ქართველ ფერმერს, რომ მართლაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მეწარმეობისთვის საერთაშორისო ქსელთან წვდომის შესაძლებლობას.
„დევიდ ლიმ მაშინ ვერ დამისახელა ზუსტი დრო, კონკრეტულად თელეთში კარგი ხარისხის ინტერნეტი როდის გვექნებოდა. ახლა ჩვენთან სამოცდაათი ლარი ღირს ერთი მოსახლისთვის ეს უკაბელო დაბალხარისხიანი ინტერნეტი. ამ თანხის გადახდა ყველას უჭირს, რადაგან ეს რომ განათლებისთვის სჭირდება, ამას ცოტა ხვდება და ფიქრობს, რომ სამოცდაათი ლარის გადახდა ყაჩაღობაა. კარგ ინტერნეტში საშუალოდ ოცდაათი ლარის გადამხდელი არის ყველა. ასეთი ცნობიერების პირობებშიც კი ნებისმიერი ფერმერი ოცდაათ ლარს უფრო გაიმეტებს“, - ამბობს ანა მიქაძე.
ნანი დათაშვილი კიდევ ერთი ფერმერია, ვინც ამტკიცებს, რომ მისი საქმიანობისთვის ინტერნეტი ძალიან მნიშვნელოვანია. დათაშვილს ასპინძაში ვაიოს ველებზე ფერმა აქვს და პარმეზანის ტიპის ყველს „ხიზაბავრულ ბატისტას“- აკეთებს: „უამრავი პროგრამაა ელექტრონულად, ფერმერებს ასევე გვჭირდება ყოველდღიურ რეჟიმში ვნახოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდი და ინფორმაციები მივიღოთ. მე ელექტრონული ფოსტის შემოწმების საშუალება არ მაქვს. ელემენტარულად მე რომ ჩემს იმეილს დავუტოვებ ვინმეს და გამომიგზავნიან ინფორმაციას, მაგ შეტყობინებას 5 თვის მერე ვნახულობ. მაგალითად გუშინ შევამოწმე ფოსტა და ვნახე თვეების წინათ მოწერილი წერილები. ერთ შეტყობინებაში კონკრეტული ორგანიზაცია HACCP-ის დანერგვაში დახმარებას მთავაზობდა. ცხადია, კარგი იქნებოდა, რომ ეს შეთავაზება დროულად მენახა, რადგან ამ სტანდარტის ქონა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი ძალებით დამოუკიდებლად კი ამ სტანდარტის დანერგვა ფერმერისთვის წარმოუდგენელია“, - ამბობს დათაშვილი.
ანანო არაბული კომპანია „ზეცა კემპინგი“-ს დამფუძნებელია და 2009 წლიდან შიდა ტურიზმის მიმართულებით მუშაობს. მისი თქმით, საქმიანობა ინტერნეტის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ხშირად ხან უინტერნეტოდ რჩებიან, ხანაც უხარისხო ინტერნეტის იმედად არიან:
„ინტერნეტი ჩვენთვის მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანია, რადგან ფაქტობრივად სეზონზე ინტერენეტის საშუალებით ვმუშაობთ. ძირითადად ფეისბუქით ვიზიდავთ შიდა ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს. ყაზბეგში, სოფელ ჯუთაში საკემპინგე ადგილი, სასტუმრო და რესტორანი გვაქვს. ადგილზე ნორმალური ინტერნეტის არასებობის გამო, მოდემით და სხვა მოწყობილობებით ვცდილობთ ხოლმე ჩვენი საქმის კეთებას, თუმცა უშედეგოდ. მენეჯერი რომელიც ორიენტირებულია ჯავშნებზე, ვისაც აქვს კონტაქტი კლიენტებთან, ის ფაქტობრივად ადგილზე ვერ მუშაობს. მუდმივ კონტაქტზე რომ იყოს კლიენტებთან, თბილისში ან სხვა ადგილებში მიდის ხოლმე, სადაც კარგი ინტერნეტია“.
საქართველოს საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო ესტონური პროგრამის „ვეფხვის ნახტომი“-ს ანალოგის საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამის „ირმის ნახტომი“ განხორციელება. ეს პროექტი მიზნად ისახავდა 4 წლის მანძილზე საქართველოს ყველა სკოლის უზრუნველყოფას კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტ-კავშირით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრირებას მთელ სასწავლო პროცესში, სხვადასხვა საგნების სწავლებაში. პროექტის ბოლოსთვის საქართველოს საშუალო სკოლების მოსწავლეების 100% და პედაგოგების 70%-ზე მეტი უნდა დაუფლებოდა ძირითად კომპიუტერულ ჩვევებს. ასევე ახალი სასწავლო კომპიუტერული პროგრამებისა და სასკოლო პროექტების განხორციელება იგეგმებოდა.
სასკოლო რეფორმასთან ერთად ამ პროგრამის მიზანი საქართველოს თითოეული ქალაქისა თუ სოფელის საკომუნიკაციო ქსელში ჩართვაც იყო იქ, სადაც სკოლა სათემო ცენტრის მნიშვნელოვან ფუნქციებს იტვირთავდა.
“ირმის ნახტომის” მეორე ფაზა 2009-2012 წლებში განხორციელდა. ამჯერად პროექტის მიზანი იყო, რომ ყველა საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილიყო ეს ყოველ ოც მოსწავლეზე ერთი კომპიუტერის შეძენას გულისხმობდა.
ამას გარდა, ყველა სკოლას ერთი პორტატული კომპიუტერი და პროექტორი გადაეცემოდა.
„ირმის ნახტომი“-ს დასრულების შემდეგ ყველა სკოლის და სოფლის ინტერნეტით უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა. სწორედ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლების გამო არასამთავრობო ორგანიზაცია „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება“ რამდენიმე წელია სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მუშაობს. ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე ლალი კალანდაძე ამბობს, რომ რეგიონებში ორასი კომპიუტერული მომსახურების ცენტრი აქვთ გახსნილი და ადგილობრივები მათ მიერ შეთავაზებულ სერვისებს აქტიურად იყენებენ:
„ჩვენი ინტერენეტკაფეები 200 დასახლებულ პუნქტში მთელს საქართველოში აჭარიდან კახეთის ჩათვლით არის გაშლილი. ჩვენი სერვისებიდან განსაკუთრებით აქტუალურია კომპიუტერის შემსწავლელი კურსებით და სოციალური ქსელებით სარგებლობა. მომსახურებები ფასიანია და ცენტრები ფინანსურად თვითმდგრადია. ჩვენი ცენტრებით იმიტომ სარგებლობს ხალხი, რომ ზოგ რეგიონებში ინტერნეტი არ არის და სადაც არის, იქ ერთჯერადი ინსტალაციის გადასახადი საკმაოდ მაღალია“.
კოალიციის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის ინიციატივით ისევ გამოვიდა. 2015 წლის ნომებერში კი ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გაკეთებას ასორმოცდაათ მილიონ დოლარამდე დასჭირდებოდა. მაშინ პროექტის დამფინანსებლად ფონდი „ქართუ“ დასახელდა.
რეგიონების ინტერნეტით დაფარვის გაზრდა საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე პროექტის ეფექტიანად განხორციელებისთვის დარეგისტრირდა ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი“ (OpenNet) .
საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვის მიზნით ჩატარდა წინასწარი შეფასება და ბაზრის შესწავლა. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო ხუთი წამყვანი საკონსულტაციო ორგანიზაცია: “დეტეკონი”, “სოფრეკომი”, “ინფოკომსი”, “ანალიზიზ მეისონი” და “ერნსტენდიანგის” ბალტიის ოფისი.
მათგან როგორც გამოცდილების, აგრეთვე შემოთავაზებული ფასის მიხედვით შეირჩა „დოიჩე ტელეკომის“ ჯგუფის წევრი საკონსულტაციო კომპანია „დეტეკონი“,რომელსაც მსგავსი პროექტების განხორციელების 30-წლიანი გამოცდილება აქვს.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე „ოუფენ ნეტი“-ს შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს 10 რეგიონის – აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი – 500-მდე სოფლისთვის.
პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ინტერნეტით ისარგებლებს აჭარის 44 სოფელი, მათ შორის ნიგაზეული, საჩინო, კოხი, ქედა, მნათობი, ახალსოფელი, ზედა ახალშენი; გურიის 30 სოფელი, მათ შორის, ნიგვზიანი, ქვიანი, ლესა, ბოხვაური, გვიმრალაური, აცანა; იმერეთის ასზე მეტი სოფელი, მათ შორის, ზედა ვანი, სულოური, შუამთა, მუხურა, ზედა საზანო, ჩხარი, ივანწმინდა, ჭალა, გორისა; კახეთის 20-ზე მეტი სოფელი, მათ შორის ზემო ბოდბე, მუკუზანი, ჩალაუბანი, წითელწყარო, გამარჯვება, ზემო ხოდაშენი; ქვემო ქართლის 50-ზე მეტი სოფელი, მათ შორის ბეშთაშენი, სამშვიდე, ქვემო სარალი, მუხათი, წინწყარო, წალკა, აიაზმი; სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლები სუჯუნა, წილორი, სამიქაო, ქოლობანი, საგვაზავო, გაღმა ზანათი, მუხური, სარაქონი, კირცხი; შიდა ქართლის სოფლები კარალეთი, ქვემო რეხა, ბერბუკი, კავთისხევი, დიდი სათივე, ზემო ოსიაური და სხვა.
ოუფენ ნეტის მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გამოყენებით მომსახურებას მიიღებს 190,000-მდე აბონენტი, ხოლო ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სოფლად და სერვისდეფიციტურ რეგიონებში 91%-მდე გაიზრდება.
ოუფენ ნეტის პროექტმა ბევრი კითხვები გაუჩინა ქართულ ინტერნეტბაზარზე არსებულ კომპანიებს. ოუფენ ნეტის დირექტორმა ანა ნაკაშიძემ www.eugeorgia.info-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ წამოწყებული პროექტი კერძო სექტორთან კონკურენციაში არ შედის:
„პროექტით იდენტიფიკაცია მოხდა იმ 2150 დასახლებული პუნქტის, სადაც მოსახლეობა ორასზე მეტია და ინტერნეტის ფართეზოლოვანი მომსახურებები არ არსებობს. კერძო სექტორთან კონსულტაცია იმართება, რომ განისაზღვროს ის დასახლებული პუნქტები ამ 2150-დან, სადაც ოპერატორი კმპანიები შესვლას აპირებენ. წინასწარი გათვლებით, ჩვენ 8 000 კილომეტრიან მაგისტრალური ინფრასტრუქტურას ავაშენებთ იმისთვის, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დასახლებულ პუნქტამდე მივიდეთ, მაგრამ აბონენტებამდე ინტერნეტი არ მიყავს თავად ოფენ ნეტს. საცალო სეგმენტს თავიდან ბოლომდე ვუტოვებთ კერძო სექტორს. ქსელს არ ვაშენებთ იქ, სადაც უკვე აშენებული აქვთ. უკვე აშენებულს ვიქირავებთ და სადაც არ იქნება, იმ მიმართულებებს უკვე ჩვენ ავაშენებთ. გამოვა ისე, რომ მთლიანი ქსელის ნაწილი იქნება ოუპენ ნეტის და რაღაც ნაწილი კერძო კომპანიებისგან ნაქირავები იმისთვის რომ შევძლოთ ქსელის მშენებლობის გაგრძელება. ამ ქსელზე ღია დაშვების პრინციპით, წვდომა ექნება ყველა კომპანიას და აბონენტებს თვითონ ჩართვენ.“
მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური ამბობს, რომ ოუფენ ნეტთან რამდენიმე შეხვედრის მიუხედავად, ზუსტად ვერ აუხსნეს, რა მიმართულებით წავა ინტერნეტიზაციის პროცესი. მისი თქმით, პროექტში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასარკვევი:
„ოფენ ნეტის მხრიდან ამ ეტაპზე ეს ყველაფერი არის ლაპარაკის დონეზე. თუ როგორია მათი ხედვა, დაწერილი ჩვენ ვერსად ვნახეთ. არ ვიცით როგორია მათი ტაქტიკა და სტრატეგია, როგორია სამუშაოების ჩატარების დადგენილი თარიღები. სანამ ეს ყველაფერი დადებული და დამტკიცბული არ იქნება ამ მთავრობის და მინიმუმ ეკონომიკის სამინისტროს მიერ, მანამდე ეს ყველაფერი იქნება ცარიელი ჰაერი. ოფიციალურად სახელმწიფოს ხედვები როგორი იქნება, ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით. დაახლოებით დღეს ასეთი მოცემულობაა. ჩვენ მოლაპარაკებებში სიცხადის შემოტანას ველოდებით. თუ ასე არ მოხდა, საკითხს ყველა ვარიანტში ძალიან გავაცხელებთ“.
ოფენ ნეტთან მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა ბაზრის ერთ-ერი მსხვილი მოთამაშე „დელტა კომი“-ს ხელმძღვანელობაც. კომპანიის ტექნიკური დირექტორის გიორგი ჯალიაშვილის განცხადებით, ოუფენ ნეტის ქსელის განვითარებასთან დაკავშირებულ ხედვებში ბევრი ხარვეზია:
„ოუფენ ნეტის მიზანი ხომ არის რომ ხალხი ჩაერთოს ინტერნეტში და თუ ხალხს ფული არ აქვს, ოუფენ ნეტი მივა, დელტა კომი თუ სილკნეტი ვერც ისე ჩაერთება და ვერც ასე. ჯერ კვლევა გააკეთა ვინმემ? უნდა ამ მოსახლეობას? დაუშვათ სოფელ არხილოსკალოში ოუფენ ნეტმა მაგისტრალი შეიყვანა და მე უნდა დავაკაბელო, მაგრამ ამ სოფელში ხალხს ფული აქვს? ვინმემ ჰკითხა მათ? ოუფენ ნეტის კონსულტანტ გერმანულ კომპანიის წარმომადგენლებს მეც შევხვდი, მაგრამ უკმაყოფილო ვარ. რუკით არ ხდება ქსელის დაგეგმარება. ამას გარდა, მაგათ საშუალო შემოსავალი აიღეს ერთ სულზე, მერე გადაყვეს, გაამრავლეს და მიღეეს რაღაც რიცხვები. ამის საფუძველზე თქვეს, რომ თუ თელავში ამდენი კაცი ჩაერთვება, სოფელ არხილოსკალოში ამდენი ჩაერთვება. სინამდვილეში მე დღეს სოფლებში 6-დან 10 პროცენტამდე ჩართვის სტატისტიკა მაქვს, რაც წამგებიანია. დამიჯერეთ 8 000 კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა საჭირო არ არის. ასე ვფიქრობ, ყველგან ოპტიკით შესვლა საჭირო არ არის. სხვა ტექნოლოგიებითაც შეიძლება კარგი ინტერნეტის მიწოდება. როდესაც ფულს ხარჯავს სახელმწიფო, სჯობს რომ უფრო გააზრებულად გაკეთდეს ყველაფერი“.
კომპანია „მაქსნეტი“ ინტერნეტს სარელეო ანტენების საშუალებით იმერეთში, კახეთში, რაჭასა და შიდა ქართლიში აწვდის. კომპანიის დირექტორი კობა გოგატიშვილიც ადასტურებს, რომ აბონენტების ყოველთვიურ ჩართვაში მნიშვნელოვანი კლება მასაც აქვს. გოგატიშვილმამა eugeorgia.info -სთან საუბარში აღნიშნა, რომ მას ოუფენ ნეტის მიერ ინტერნეტპროვაიდერებთან გამართულ მოალაკარაკებებზე ინფორმაცია საერთოდ არ აქვს:
„მთიან რეგიონებში რთულია კაბელით ინტერნეტის გაყვანა, ამიტომ ჩვენ უკაბელო ტექნოლოგიებით ვმუშაობთ. მინიმუმ 2,5 მეგაბიტს ვაწვდით 25 ლარად და მაქსიმუმ 5 მეგაბიტს 45 ლარად. ამ ბოლო დროს აბონენტების კლების ტენდენცია შეიმჩნევა, თუ ადრე თვეში 30 ახალ აბონენტს ვრთავდით, ახლა 5 აბონენტს ვიმატებთ, იშვიათად ცოტა მეტს. გეტყვით იმასაც, რომ ოუფენ ნეტთან ინეტრნეტპროვაიდერების მოლაპარაკებებზე არაფერი ვიცით“.
ეკონიომიკის სამინისტროს მიერ გერმენულ საკონსულტაციო ფირმა „დეტეკონი“-სთვის დაკვეთილი საკონსულტაციო სამუშაო 7 ფაზას მოიცავს, კერძოდ: მოთხოვნის ანალიზს, ქსელის დიზაინს, ღირებულების შეფასებას, განხორციელების დაგეგმვას, ეკონომიკურ მოდელირებას, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა- შეფასებას. როგორც ირკვევა, ამ შვიდი ფაზიდან ერთ-ერთი პირველი, რაც კონსულტან ფირმას უნდა გაეკეთებინა, მოთხოვნის ანალიზი იყო. ამის მიუხედავად, eugeorgia.info -სკითხვაზე: „იდენტიფიცირებულ დასახლებებში თუ გაკეთდა კვლევა, რამდენ პროცენტს სურს ინტერნეტით სარგებლობა? “ ოუფენ ნეტის დირექტორმა ანა ნაკაშიძემ ასე გვიპასუხა: „როგორც უკვე გითხარით აბონენტების აყვანა, ისევე როგორც მსურველი აბონენტების რაოდენობის მოკველვა კერძო ოპერატორების საქმეა და ისინი თავად მოიკველევენ იმ დასახლებულ პუნქტებში სადაც შესვლას გადაწყვეტენ.“
კიდევ ერთი გაურკველლობა, რაც მოლაპარაკებეში ჩართულ ინტერნეტოპერატპორებს აქვთ, არის ოუფენ ნეტის ქსელის სამომავლო გასხვისება-არგასხვისების საკითხი:
„ამ ქსელის შემდეგ პერიოდში გასხვისებას განვიხილავთ როგორც საფრთხეს და ეს აზრი ოპერატორებს შორის ნამდვილად მუსირებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვები და კომერციული საიდუმლოებები და ვიცით რას რისთვის ვაშენებთ. მაგრამ ოუფენ ნეტის წარმომადგენლებმა იციან თუ არა რას აკეთებენ, ეს ნამდვილად არ ვიცით ბევრი კითხვები გვაქვს დიდ ოპერატორებს“- ამბობს გიორგი ჯარიაშვილი, დელტაკომის ტექნიკური დირექტორი.
ოუფენ ნეტის დირექტორი, ანა ნაკაშიძე სამომავლოდ ქსელის გაყიდვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს:
„ეს სოციალური პროექტია, გარკვეულ ეტაპზე ამ ქსელის გასხვისებაზე საუბარი არ არის, რომც გაიყიდოს, ყველაზე მეტი დაინტერესება ყიდვის იმ კომპანიებს ექნებათ, ვისი ინფრასტრუქტურის გაგრძელებაც არის ეს ქსელი. ვადასტურებ, რომ მათ აქვთ დისკომფორტი ამ ქსელთან დაკავშირებით და ვმუშაობთ ერთად, რომ სახელმწიფოს და კერძო კომპანიების ინტერესების კომპრომისული ვარიანტი გამოინახოს, თუმცა არც ის გვინდა, რომ საზოგადოებრივი ინტერესების ხარჯზე კერძო კომპანიების ვნებები ჩავაცხროთ“.
უჩა სეთურის თქმით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროცესში პრატქიკულად გაურკვეველია, როგორ და რა პირობებით მოხდება ქსელის შენახვა:
„ვიცით რომ პირველ ეტაპზე გამოცხადდება ტენდერები ქსელის ასაშენებლად იქ, სადაც არ არის და მერე, როცა აშენდება ქსელი, გადასაწყვეტია ვინ შეინახავს მას და რა პირობებით. გასარკვევია რა ფუნქცია ექნება თავად ოუფენ ნეტს ამ ქსელის ადმინისტრირების პროცესში. ესენი ქსელს ლიტვური მოდელის მიხედვით აკეთებენ. კარგია თუ გაითვალისწინებენ პორტუგალიის გამოცდილებას. იქ ისე მოხდა, რომ სახელმწიფომ კომპანიების გვერდის ავლით გააკეთა ინფრასტრუქტურა, არ იყო მომხმარებელების კვლევა კარგად გაკეთებული და აშენებული ქსელი ძალიან ბევრ ადგილად დარჩა დატვირთვის გარეშე, ანუ აბონენტებმა ამ ქსელით არ ისარგებლეს. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი რამ ჩვენთანაც მოხდეს, თუ მაქსიმალურად ყველაფერი გამჭირვალედ არ გაკეთდება“.
ქართული ინტერნეტ ბაზრის გიგანტის სილკნეტის წარმომადგენლებმა eugeorgia.info – სთან საუბარში განაცხადეს, რომ ოუფენ ნეტის პროექტთან დაგავშირებით თავიანთ მოსაზრებებს მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ მოგვანებით დააფიქსირებენ.
მეორე მსხვილმა პროვაიდერმა კავკასუს ონლაინმა კი ჩვენს კითხვებს წერილობით ამგვარად უპასუხა:
„ამ ეტაპზე მოცემულ პროექტზე და მასში კავკასუს ონლაინის ჩართულობაზე საუბარი ცოტა ნაადრევად მიგვაჩნია. ბევრი დეტალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ვფიქრობ უმჯობესია ამ თემაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ“.
მიუხედავად იმისა, რომ პროვაიდერების ნაწილმა ოუფენ ნეტთან მოლაპარაკებეში ჯერ კონსესუსს ვერ მიაღწია, ეკონომიკის სამიმისტროს დაკვეთის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მოსამზადებელი წინა სამუშაოები მიმდინარეობს. ოუფენ ნეტისგან მიღებული ინფორმაციით ქსელის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2019 წლისთვის დამთავრდება.
ეკონომიკის სამინისტროს მომდევნო წლებში მოუწევს რეგიონების მეწარმეებში ინტერნეტდეფიციტის გამოწვევას ეფექტურად უპასუხოს, მეორეს მხრივ კი ყველაზე გრძელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის დაგეგმვის პარალელურად, ინტერნეტის პოტენციური მომხმარებლების ცნობიერების გაზრდაზეც იმუშოვოს.
P.S.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური ინფორმაცია (საერთო-სტატისტიკური ბაზის 2015 წლის მე-4 კვარტლის მდგომარეობით) :
საქართველოში ინტერნეტ აბონენტების *სიმკვრივე შეადგენს 48.4%-ს. აქედან 27.41% ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიით, 13.67% xDSL ტექნოლოგიით, 5.52% Wi-Fi ტექნოლოგიით და 1.8% **სხვა დანარჩენი ტექნოლოგიით.
ინტერნეტ აბონენტების სიმკვრივე, ფართოზოლოვანი ტექნოლოგიით, შეადგენს 47.84%-ს.
საქართველოში ფიქსირდება 153 ***აქტიური ინტერნეტ ოპერატორი.
*სიმკვრივე – ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა გაყოფილი ქვეყანაში შინამეურნეობების (ოჯახების) რაოდენობაზე.
**სხვა დანარჩენი ტექნოლოგიით – იგულისხმება შემდეგი ტექნოლოგიები: LTE, CDMA, WiMAX, Canopy, Satellite, Dial-Up
***აქტიური ინტერნეტ ოპერატორი – ინტერნეტ ოპერატორი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში დააფიქსირა მინიმუმ 1 აბონენტი.
ზურაბ მოდებაძე