ევროკავშირის დაფინანსებით მცირე და საშუალო მეწარმეების დასახმარებლად 2 ახალი პროექტი დაიწყო
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2 ახალი პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება. პროექტებისთვის მთლიანობაში 9.5 მილიონი ევროა გამოყოფილი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და “გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობა”(GIZ) განახორციელებენ.
EBRD-ი “DCFTA-ის ადაპტაციის პროგრამის” განხორციელებაში ჩაერთვება. ამ პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს ახალი სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაუწევენ. პროგრამის მენეჯერის სევერიან ღვინეფაძის თქმით, ჯამში 170 საკონსულტაციო პროექტის განხორციელება იგეგმება, აქედან, 150 ადგილობრივი კონსულტანტების, 20 კი-საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. პროგრამა 4 წელზეა გათვლილი და 4.5 მილიონი ევრო დაიხარჯება.
“ბაზრის განვითარების 35 ღონისძიებაა დაგეგმილი-ეს გულისხმობს ტრენინგებს, სხვადასხვა სასწავლო კურსს, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების, ასევე, საკონსულტაციო კომპანიებისთვის. სიახლეა, EBRD-ის აგრობიზნესის გუნდის ჩართვა ამ პროექტში, რამდენიმე სექტორი შევარჩიეთ აგრობიზნესში, სადაც ჩატარდება მიზნობრივი და თემატური ღონისძიებები: ტრენინგები რძის გადამუშავების, თხილისა და ბოსტნეულის წარმოების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება სურსათის უვნებლობის ფორუმის ორგანიზება, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წელს მოეწყობა”,-ამბობს EBRD-ის წარმომადგენელი სევერიან ღვინეფაძე.
პროექტის ფარგლებში, მინიმუმ 36 კომპანიას დაეხმარებიან საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებაში, რომ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს წარმოების პროცესი, შიდა სტრუქტურა და მენეჯმენტი. ასევე, მინიმუმ 60 კომპანია მიიღებს საკონსულტაციო დახმარებას სხვადასხვა სტანდარტებისა და სერტიფიცირების თაობაზე. კომპანიების 225 წარმომადგენელი გაივლის ტრენინგს, რომ გაეცნონ რა მოთხოვნები აქვს DCFTA-ის.
პროგრამაში მონაწილეობისთვის მცირე და საშუალო მეწარმეები გარკვეულ მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ. სექტორზე შეზღუდვა არ არის, თუმცა მეწარმეს მინიმუმ 1-2 -წლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეს, შესაბამისად, დახმარება “სტარტაპებისთვის” არ არის განკუთვნილი. ერთ პროექტში EBRD-ის მხრიდან თანამონაწილეობა 10 ათას ევროს ეკვივალენტს ლარში არ აღემატება.
“ვიყენებთ მცირე და საშუალო ბიზნესის ევროკავშირის განმარტებას, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება ძალიან მასშტაბური იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, კარგია, რომ ფართო სპექტრი გვაქვს. პროექტში მონაწილე კომპანიების თანამშრომლების რაოდენობა სასურველია იყოს 250 კაცამდე, წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 50 მილიონ ევროს, კომპანია უნდა იყოს დაფუძნებული საქართველოში და აქციების უმრავლესობას უნდა ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეები. “სტარტაპებს” ამ ეტაპზე ვერ ვეხმარებით”,- ამბობს ღვინეფაძე.
კიდევ ერთ პროექტს, რომელიც ფოკუსირებული იქნება მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებაზე, GIZ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად განახორციელებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინსტიტუციური და მარეგულირებელი რეფორმების განხორციელებას, რომ გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურნეტუნარიანობა და მოახდინონ ადაპტაცია ახალი რეგულირების ჩარჩოსთან. ერთ-ერთი კომპონენტი იქნება ბიზნეს-კლასტერების განვითარება და მათი ინტეგრაცია ევროკავშირის შესაბამის ქსელებში.
“ეს იქნება ბიზნესების ქსელი, რომლებიც ოპერირებენ ერთ ინდუსტრიაში ან ერთ რეგიონში, რაც საშუალებას მისცემს მათ გაიზიარონ ნოუ-ჰაუ, ტექნოლოგიები და რესურსები. შედეგი იქნება: ბიზნესის, სექტორული ასოციაციების, სერვისის მიმწოდებლების გაუმჯობესებული შესაძლებლობები. ვაპირებთ, გავაცნოთ საქართველოში საჯარო და კერძო სექტორს ბიზნესკოლაბორაციის ასეთი პრინციპები. 10 კლასტერის იდენტიფიკაციას მოვახდენთ და დავეხმარებით ამ კლასტერების სტრატეგიული დიზაინის შექმნაში, მენემჯმენტში, ვებგვერდების პრომუტინგში. როდესაც მოვახდენთ საქართველოში იმ კლასტერების იდენტიფიკაციას, ვისაც აქვს საერთაშორისო პოტენციალი, შევეცდებით დავაკავშიროთ შესაბამის ევროპელ პარტნიორებს”,- აცხადებს პროექტის გუნდის ხელმძღვანელი ფილიპ შტაინჰაიმი.
მცირე და საშუალო მეწარმეებს წარმოების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიღებული ცოდნისა და ექსპერტიზის პრაქტიკაში გამოსაყენებლად ფინანსური საშუალებებიც სჭირდებათ- სტანდარტების დანერგვა, წარმოების პროცესის მოწესრიგება, შესაძლოა, მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებთან იყოს დაკავშირებული. ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე თვეა დახმარების კიდევ ერთ ინსტრუმენტზე მუშაობს ევროკავშირი EBRD-სა და EIB-სთან ერთად. ეს არის DCFTA facility-ის ფინანსური დახმარების კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც მეწარმეები შეძლებენ მანქანა-დანადგარების შესაძენად საჭირო სესხი ბანკიდან გამარტივებული პირობებით ეროვნულ ვალუტაში მიიღონ, გათვალისწინებულია გრანტები და ტექნიკური დახმარება, როგორც მეწარმეების, ასევე, ბანკებისთვის. ევროკავშირსა და ევროპის ბანკს (EBRD) შორის კონტრაქტს ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება.
“სამწუხაროდ, EBRD-სთან კონტრაქტის ხელმოწერა დაგვიანდა, იქიდან გამომდინარე, რომ ახალია და ასეთი დიდი კონტრაქტი რეგიონისთვის ამ დრომდე არ გვქონია, ბევრი სამართლებრივი საკითხია მოსაგვარებელი. DCFTA facility პირველ რიგში შეიქმნა იმისთვის, რომ დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს ისარგებლონ ახალი სავაჭრო შესაძლებლობით, ასევე, მოხდეს საჭირო ინვესტირებები ტექნიკურ სტანდარტების დასანერგად, იყონ კონკურენტუნარიანები ქვეყნის დონეზეც და უზრუნველყონ უფრო მაღალი სტანდარტი ქართველი მომხმარებლებისთვის”- ამბობს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ეკონომიკური და ურბანული განვითარების სექტორის ხელმძღვანელი სიმონა რავე.
DCFTA facility-ის პროგრამის განხორციელებაში ევროკავშირს ევროპის საინვესტიციო ბანკიც (EIB) დაეხმარება, EIB-ის კომპონენტში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფინანსური ინსტიტუტების გაძლიერება იქნება. ევროკავშირი ევროპის საინვესტიციო ბანკთან კონტრაქტის გაფორმებას წლის ბოლოსთვის ვარაუდობს. როგორც EBRD, ასევე EIB პროგრამას ადგილობრივი ბანკების დახმარებით განახორციელებენ.
DCFTA facility მოლდოვის, საქართველოსა და უკრინისთვისაა განკუთვნილი, მთლიანობაში 200 მილიონი ევროა გამოყოფილი, აქედან რამდენი დაიხარჯება საქართველოში არსებული მცირე და საშუალო მეწარეებისთვის ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ პირველი ბენეფიციარი საქართველო იქნება.
“არ არის განსაზღვრული როგორ გადანაწილდება ეს თანხა სამ ქვეყანას შორის, მაგრამ, ვფიქრობ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ამ სამ ქვეყანს შორის ყველაზე სტაბილურია, უკრაინაში ვითარება რთულია, ასევე, მოლდოვის საბანკო სექტორშიც რთული მდგომარეობაა, ვფქირობ, დასაწყისითვის საქართველოში მეტი დაიხარჯება”- ამბობს ევროკომისიის წარმომადგენელი.
ყველა ზემოთხსენებული დახმარების პროგრამა თავს მოიყრის ახალი ჩარჩოს ქვეშ “ევროკავშირი ბიზნესისთვის”-რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს ევროკავშირის მიმდინარე ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებებს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და მთავრობისთვის 160 მილიონი ლარის (62 მლნ. ევრო) ოდენობით.
მაიკო გაბულდანი