უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან ქართველ ექსპორტიორებს ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება
“ასწორებს და იმიტომ”- ასე გვიპასუხა კოტე ვეკუამ შეკითხვაზე, რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც ევროპის ბაზრებზე ორიენტაციის აღება, როდესაც კივის პლანტაციების გაშენება დაიწყო. “საამაყოა ევროპა, რუსეთში პროდუქტის გატანით ვინ უნდა გააკვირვო? ქართველებს იქ სულ გაჰქონდათ სხვადასხვა ხილი, ევროპაში კი, მით უმეტეს დასავლეთ ევროპაში თუ გაიტან, პირველი იქნები, ხილს ეტიკეტიც თუ ექნება, ეს უკვე შენი ქვეყნის რეკლამაა“, - ამბობს ჩვენთან საუბარში "ნერგეტას" თანადამფუძნებელი კოტე ვეკუა.
„ნერგეტას“ წარმოებული ქართული კივი გერმანიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კოტე ვეკუას დღეს ევროპაში წასვლა ხშირად უწევს, სავიზო რეჟიმი კი არა ერთ პრობლემას უქმნის.
„ევროპაში წასასვლელად ახლა 6-თვიანი ვიზის აღება მიწევს. რომელიმე კომპანიას უნდა მივწერო, რომ მოწვევა გამომიგზავნონ, თუმცა ყველას ვერ ვთხოვ. იტალიელებისგან ადრე სორტირების აპარატი ვიყიდე, მას მერე წლები გავიდა, მაგრამ კვლავაც ისინი მიგზავნიან ხოლმე მოწვევას, რასაც საჯარო რეესტრის ამონაწერი უნდა ახლდეს თან, ასევე დირექტორის პირადობის მოწმობის ასლი და შემდეგ ხელმოწერა, ეს საბუთები უნდა მივიტანო იტალიის საელჩოში, დრო მიდის. ხშირად არის შემთხვევა, როდესაც 2 დღეში უნდა ვიყო ევროპაში იმისთვის, რომ ძალიან კარგი საქმე გავაკეთო, ვიზას კიდევ უნდა ველოდო დიდი ხნის განმავლობაში“, - ამბობს ვეკუა.
„ნერგეტას“ წარმოებული ქართული კივი უკვე მეორე წელია, გერმანიის ბაზარზე იყიდება. ქართული პროდუქტი ცნობილი ქსელის Lidl-ის ასობით სუპერმარკეტში - ბავარიაში, მიუნხენში, შტუტგარტში, დიუსელდორფში, დორტმუნდსა და სხვა ახლომდებარე ქალაქებში ბერძნული და იტალიური კივის გვერდით იკავებს ადგილს. მაშინ როდესაც იტალიური კივის შაქრიანობის მაჩვენებელი 13,9 პროცენტია, ქართულ კივის სიტკბოს შემცველობა 17,3 პროცენტია. კოტე ვეკუამ კომპანიამ GLOBAL GAP-ის რთულად მისაღწევი სტანდარტის დანერგვაც შეძლო. "ნერგეტას" თანადამფუძნებელი eugeorgia.info-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის უვიზო მიმოსვლის დაუყოვნებლივ მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა მიმართულებით არა ერთ რთულ პროცედურას გაუმარტივებს.
„ვიღაცისთვის თხოვნა რომ არ გიწევს, მოწვევა გამოგიგზავნოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის სხვანაირად გიყურებს, ღობეა გავლებული და იქ შესვლის უფლება არ გაქვს, ამის შემდეგ როგორ უნდა სთხოვო, მაგალითად, რომ წინასწარ ჩამირიცხოს თანხა? მე კიდევ რაღაცნაირად ვახერხებ, მაგრამ ჩემს თანამშრომელს, შესაძლოა, საელჩომ საერთოდ არ ჩაურტყას ვიზა, უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში მათ 5-6 დღით წავიყვან ტრენინგზე, საკუთარი თვალით ნახავენ იქაურ სიტუაციას“, - ამბობს კოტე ვეკუა.
უვიზო მიმოსვლის დაუყოვნებლივ ამოქმედების სარგებელზე ლაპარაკობს ჩვენთან ინტერვიუში იაგო ბიტარიშვილიც, რომელიც ღვინოს მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში აწარმოებს.
„მამაჩემს ვერ შევაცვლევინებ რუსეთზე წარმოდგენას იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მასზე იყო მიბმული, ჩემთვის ევროპა რომ გახდება შინაური, არამარტო ჩემთვის, მთელი ქვეყნისთვის, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს“, - ამბობს იაგო - “გზა კი არის ჩარდახიდან თბილისამდე, მაგრამ კარგი გზა რომ გაკეთდა, უფრო მალე ჩამოვდივარ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლა სწრაფად მივიღოთ. უფრო მეტი სტიმულია. დღესაც დავდივართ ევროპაში, მაგრამ უვიზო მიმოსვლა მოგვცემს საშუალებას, უფრო მარტივად ვიაროთ, ფსიქოლოგიურადაც ბევრს ნიშნავს. ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება იქ, რაც მეტი ადამიანი ჩავა, უფრო მეტს მოუნდება ევროპა“, - გვიყვება იაგო ბითარიშვილი.
იაგო ბიტარიშვილი პროდუქციას თითქმის მთლიანად ევროპულ ბაზარზე ყიდის და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. იაგოს ღვინო დღეს 11 სახელმწიფოში იყიდება, მათ შორის უმეტესობა ევროპის ქვეყნებია (იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, გერმანია, დანია, შვედეთი, ესპანეთი, სლოვენია, ავსტრია). იაგოს ღვინო ნატურალური პროდუქტის მაღაზიებში დაახლოებით 20 ევრო, რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში კი 3-ჯერ ძვირი ღირს, ლონდონის პრესტიჟულ სასტუმრო Ritz-ში კი ერთი ჭიქა დაახლოებით 50 ლარად იყიდება, ერთი ბოთლის ფასი კი დაახლოებით 250 ლარია.
ევროპარლამენტმა 21 იანვარს მიიღო რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ მიესალმება საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის გზაზე და იმედოვნებს, რომ უვიზო რეჟიმი გადავადების გარეშე მიენიჭება. მიმდინარე თვის დასაწყისში კი ბრიუსელში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის ამოქმედდება. როგორც ევროკომისარმა განმარტა, ამისთვის დაახლოებით 3-4 თვეა საჭირო.