ინტერნეტით საქართველოში მხოლოდ მოსახლეობის ნახევარია უზრუნველყოფილი
ინტერნეტ-აბონენტების სიმკვრივე საქართველოში (გამოითვლება აბონენტების შეფარდებით ოჯახების საერთო რაოდენობასთან) 48.4%-ს შეადგენს, - ამის შესახებ eugeorgia.info-ს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში განუცხადეს.
კომისიის ინფორმაციით, აბონენტების 27.4% ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიით, 13.7% - DSL -ით, 5.5% კი -Wi-Fi -ით სარგებლობს. სულ საქართველოში 153 აქტიური ინტერნეტოპერატორია.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ინტერნეტშეღწევადობით გამორჩეულ ხუთეულში ფოლკლენდის კუნძულები, ისლანდია, ბერმუდა, ნორვეგია და შვედეთი შედის (94,8%-დან 96,9%-მდე), პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი ესტონეთი (80%) და ლატვია (75,2%) ლიდერობენ.
ხელისუფლებამ საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაცია თავის პრიორიტეტად დაასახელა. ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის შექმნას, დაახლოებით, 150 მილიონი დოლარი ესაჭირობა. პროექტის დამფინანსებლად ფონდი „ქართუ“ დასახელდა.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე პროექტის ეფექტიანად განხორციელებისთვის ა(ა)იპ “ოუფენნეტი“ (OpenNet) დარეგისტრირდა.
როგორც „ოუფენნეტში“ აცხადებენ, მაგისტრალური ინფრასტრუქტურის ქსელის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2019 წლისთვის დასრულდება. მომსახურებას მიიღებს 190 ათასამდე აბონენტი, ხოლო ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სოფლად და სერვისდეფიციტურ რეგიონებში 91%-მდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ „ოუფენ ნეტის“ ინიციატივას საეჭვოდ აფასებენ კერძო ინტერნტპროვაიდერები და მას საკუთარ კონკურენტად მიიჩნევენ.
ბელა ნოზაძე