მოლდოვაში ვიზალიბერალიზაციის დადებითი ეფექტი მთავრობის კორუფციულმა სკანდალმა გადაფარა
ევროპის “შენგენის ზონის” ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლამ მოლდოვა ევროკავშირს ერთი ნაბიჯით დაახლოვა, თუმცა, პარალელურად იზრდება ქვეყანაში პრორუსული განწყობები. ევროპული იდეებით მოსულმა მთავრობამ ხალხს მთავარი დაპირება ვერ შეუსრულა - კორუფცია ისევ ნომერ პირველი პრობლემაა. მოსკოვი არსებულ კრიზისს ტრადიციულად იყენებს და საკუთარ გავლენებს ზრდის პრო-რუსული პარტიების მხარდაჭერით. უვიზო რეჟიმის მინიჭების პროცესისთვის ხელი შეშლას კრემლი ჯერ კიდევ 2014 წლიდან ცდილობდა.
რუმინეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ევროპარლამენტის წევრი მონიკა მაკოვეი იხსენებს, როგორ გადაიდო ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2014 წლის 25 თებერვალს მოლდოვისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხის განხილვა. მიზეზი ვიზალიბერალიზაციის ტექსტის თარგმანში შეცდომა გახდა, რომლის გამოსწორებასაც რამდენიმე დღე დასჭირდებოდა, პლენარული სესიები კი 27 თებერვალს უნდა დამთავრებულიყო- “სოციალისტები, რომელთა უკანაც რუსები იდგნენ, ცდილობდნენ შეეფერხებინათ მოლდოვისთვის უვიზო რეჟიმის დამტკიცების პროცესი, სამშაბათს უნდა გვეყარა კენჭი, ორშაბათს ჩავედი სტრასბურგში, სლოვენიელმა ქალმა, რომელიც სოციალისტური პარტიიდან იყო, მითხრა, რომ ხუთშაბათამდე გადაიდო განხილვა და, რომ თარგმანთან დაკავშირებით იყო მცირე პრობლემა. თარგმანში შეცდომა ნიშნავდა იმას, რომ ჩვენი ხმის ანულირება მოხდებოდა, მერე არის სპეციალური პროცედურა და ხმის მიცემას მხოლოდ აპრილის ბოლოს, პარლამენტის ბოლო სესიაზე შევძლებდით. ჩვენ დავწერეთ, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და არა შეცდომა თარგმანში და ხმა მივეცით თებერვალშივე“,-ამბობს მაკოვეი.
რუსეთის “უხილავი ხელი” იგრძნობოდა ქვეყნის შიგნითაც. საგარეო ფაქტორების გავლენით პოლარიზებული საზოგადოების გამო, მოლდოვას დიდი ძალისხმევა დასჭირდა ევროკავშირთან ჰარმონიზებული კანონების მისაღებად. ანტი-დისკრიმინაციული კანონის დამტკიცებას წინ უძღოდა საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი. აქტიურობდა რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელმაც კიშინიოვს ოფიციალური წერილიც კი მისწერა, რომ კანონის მიღებაზე უარი ეთქვათ. ანტიევროპულად განწყობილი ძალების ერთ-ერთი არგუმენტი იყო ისიც, რომ გაიზრდებოდა მიგრაციული ნაკადები მოლდოვიდან ევროკავშირის ქვეყნებში.
“ტყუილია, რომ ვიზის ლიბერალიზაციამ შექმნა საფრთხე, რომ მოლდოვა დაიცლებოდა და ყველა წავიდოდა ევროპაში, პირველი- იმიტომ, რომ მოსახლეობის ნაწილს ისედაც ჰქონდა რუმინეთის პასპორტი და შეეძლო თავისუფლად გადასვლა და მეორე- უვიზო მიმოსვლა ითვალისწინებს მოკლევადიან ვიზიტებს,რაც ამ შემთხვევაში ევროპაში დასარჩენად არ გამოდგება. საქართველოსგან განსხვავებული ვითარება იყო, დააახლოებით, 300 ათას მოქალაქეს ჰქონდა რუმინეთის მოქალაქეობა და თავისუფლად გადაადგილდებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, უვიზო რეჟიმის მიღება დადებითი მოვლენა იყო”,- ამბობს მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ალექსეი კრესნიოვი.
რუმინული პასპორტის მისაღებად მოქალაქეებს უნდა დაედასტურებინათ, რომ მათი წინაპრები რუმინული წარმოშობის იყვნენ ან ცხოვრობდნენ ტერიტორიებზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე რუმინეთს ეკუთვნოდა. რუმინული პასპორტის მიღებაზე უარს არც პრო-რუსული ხედვების მქონე მოქალაქეები ამბობდნენ. ეს პრივილეგია არ ჰქონია ჟურნალისტ სვეტლანა ტატარუს, მისთვის 2014 წლის აპრილში უვიზო მიმოსვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დიდი ზეიმი იყო.
“არ მაქვს რუმინული პასპორტი, შესაბამისად, ვიზის გარეშე ვერ გადავიდოდი, ახლა, როგორც ჟურნალისტს, შემიძლია თავისუფლად ვიმოძრაო, არ მიწევს საელჩოსთან დგომა, ათასი დოკუმენტის მიტანა იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჟურნალისტი ვარ და მივდივარ საქმიანი ვიზიტით ან ტრენინგზე. მეორე შეღავათია ის, რომ თუ ევროპაში მოგზაურობა მინდა, მაქვს შესაძლებლობა ჩემს შვილებთან ერთად წავიდე ზღვაზე ან მთაში, ვინაიდან მოლდოვას არც ზღვა აქვს და არც მთა, ასევე, თუ დამჭირდა სამკურნალოდ წასვლა სხვა ქვეყანაში, ხელოვნური ბარიერი ვიზის სახით აღარ არსებობს”,- ამბობს სვეტლანა ტატარუ.
მართალია, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის სარგებელი მთელ მოსახლეობას შეეხო, თუმცა საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, პრო-ევროპულად განწყობილი მოსახლოების რაოდენობა უცვლელია (39-41%) და ჩამორჩება ევრაზიული კავშირის მომხრეებს (40-42%). მოლდოველი ექსპერტები და ანალიტიკოსები რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ.
“პრორუსული განწყობის ზრდა განაპირობა კორუმპირებულმა, ეგრედ წოდებულმა, პრო-ევროპულმა პარტიებმა; პერმანენტულმა კრიზისმა; პრო-რუსული პარტიების წარმოქმნამ და პრალელურად, ე.წ. პრო-ევროპული პარტიების შემცირებამ; რუსულმა პროპაგანდამ და კიშინიოვთან ურთიერთობაში ევროპული მხარის მიამიტობამ”- ამბობს მოლდოვის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის ანალიტიკოსი დენის ჩენუშა.
პრორუსული განწყობების ზრდა მოლდოვაში ჯერ კიდევ 2009 წელს, ახალი ხელისუფლების ძალაში მოსვლიდან მალევე დაიწყო. ვლადიმერ ვორონინის კომუნისტური მთავრობა პროევროპულმა ხელისუფლებამ შეცვალა. შეიქმნა ალიანსი ევროინტეგრაციისთვის, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ: ლიბერალ-დემოკრატიული პარტია (LDP), დემოკრატიული პარტია (PDM), ლიბერალური პარტია (PL) და ალიანსი "ჩვენი მოლდოვა".
“ეს პარტიები მხოლოდ იწოდებოდნენ პროევროპულად, სინამდვილეში მათ მართავდნენ კორუმპირებული ადამიანები, რეფორმების იმიტაცია მოახდინეს, ვითარება უცვლელი დარჩა, სახელმწიფო ინსტიტუტებში კორუფცია გაიზარდა. ე.წ. პროევროპულმა ხელისუფლებამ იმედი გაუცრუა თავის ამომრჩეველს, რომელსაც უნდოდა რეალური სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები და დაამტკიცა უუნარობა მიეღწია რეალური ცვლილებებისთვის”,- ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი ვლად გიცუ.
ვიზალიბერალიზაცია 2014 წლის ნოემბრის არჩევნებში ხელისუფლებამ პიარკამპანიისთვისაც კარგად გამოიყენა, თუმცა დადებითი ეფექტი მასშტაბურმა კორუფციულმა სკანდალმა გადაფარა, მალე დაიწყო გამოსვლები მაღალჩინოსნების გადაყენებისა და კორუფციასთან ბრძოლის მოთხოვნით. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა “საუკუნის ქურდობამ”, როგორც ამას მოლდოვაში უწოდებენ- ბანკებიდან მოულოდნელად, $1 მილიარდი დაიკარგა, ფული 3 კომერციული ბანკიდან ოფშორში გადაირიცხა. საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი. აქციები იმართებოდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკის (დემოკრატიული პარტიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი) შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგაც, პლახოტნიუკს “თოჯინების ოსტატს” უწოდებენ, რომელიც ბიზნესსა და მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტებს კულისებიდან აკონტროლებს. ერთ-ერთი ბოლო მასშტაბური აქცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, კიშინიოვში იანვარში ჩატარდა. მთავრობას აკრიტიკებდა ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, შექმნილი ვითარება ტრადიციულად თავის სასარგებლოდ გამოიყენეს პრორუსულმა ძალებმა.
“აქციებში პრო-ევროპული ძალებიც მონაწილეობდნენ, ეს იყო პროტესტი არსებული კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. უბრალოდ, პრორუსმა ძალებმა კარგად გამოიყენეს ეს რიტორიკა, რომ არსებული კორუმპირებული ხელისუფლება არის “პროევროპული” და ფინანსდება ევროკავშირის მხრიდან”,- ამბობს ალექსეი კრესნიოვი.
“რუსეთი ყოველთვის ცდილობდა შეენარჩუნებინა მოლდოვაში სოციალური და პოლიტიკური კონტროლი, დნეტსრისპირეთის სეპარატისტიული რეჟიმის მეშვეობით, რომელიც თავად შექმნა 1992 წელს. ეკონომიკური ზეწოლის ბეკრეტებიც გამოიყენა- ემბარგო სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. დღეს მოსკოვი ეკონომიკური ინსტრუმენტებით ეხმარება ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელთა გავლენაც იზრდება, ესენია: სოციალისტური პარტია და “ჩვენი პარტია”, ეს პოლიტიკური ძალები კარგად იყენებენ იმ გარემოებას, რომ ცენტრალური საჯარო ადმინისტრაციის (პარლამენტი და მთავრობა) მენეჯმენტის ხარისხი დაბალია, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, მთავრობას არ აქვს უნარი გაატაროს რეფორმები და ცხოვრების სტანდარტი დაბალია”,- ამბობს ვლად გიცუ.
$1 მილიარდის გაუჩინარება ქვეყანაში, სადაც საშუალო თვიური ხელფასი 240$-ია, ერთ-ერთი ბოლო მაგალითი იყო იმ პარტიებისა და ლიდერების კორუფციული ქმედებების, რომლებიც თავს პროევროპულად აცხადებენ. ამ ფონზე, იზრდება პრო-რუსული პარტიების მხარდაჭერა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა სოციალისტური პარტია, რომლის ლიდერი იგორ დოდონი ცნობილია ანტიამერიკული განცხადებებითა და მოლდოვის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების მოწოდებებით გამოდის. ამას თან ერთვის ეკონომიკური კრიზისი, პროევროპული პარტიებისადმი უნდობლობა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში სამჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი. ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ, რომ არ ყოფილიყო ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, შესაძლოა, დღეს მოლოდვა ევრაზიულ კავშირშიც ყოფილიყო.
“..ვიზალიბერალიზაციის დადებითი ეფექტი მთავრობის მასშტაბურმა კორუფციულმა სკანდალმა გადაფარა, ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა ევროკავშირის გავლენა რუსულმა მძლავრმა პროპაგანდამ და მძიმე სოციალურმა ფონმა, პრო-ევროპული მთავრობის პირობებში. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და უვიზო რეჟიმს არ მიიღებდა, მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე არ იქნებოდა. მგონია, რომ ასეთ ვითარებაში, შესაძლოა მოლდოვა საერთოდ ევრაზიულ კავშირში გვეხილა. უვიზო რეჟიმი ბოლო წლებში დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებმაც მიიღეს. იქ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდაჭერა. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ იქ რუსეთს უკვე ნაკლებად მიუწვდება ხელი, და, ასევე იმიტომ, რომ მეტმა ნახა, რომ ევროპული ინტეგრაცია რეალურია და ვირტუალური ზღაპარი არა არის”,- ამბობს გოგოლაშვილი.
დღეს მოლდოვის მოსახლეობა რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი: პრორუსული-რომელთაც უნდათ ხელისუფლების გადაყენება და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება; პრო-რუმინული-რომელთაც უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება რუმინეთთან შეერთების გზით და ხელისუფლების მხარდამჭერები და ის ნაწილი, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, ოღონდ არა რუმინეთთან გაერთიანებით. ექსპერტები ეჭვობენ, რომ თუ ასეთ მოცემულობაში ევროკავშირის წარმომადგენლობა და მისი პოლიტიკა შესუსტდა, ეს გამოიწვევს რუსეთის მხრიდან მოლდოვის სრულ დესტაბილიზაციასა და მთელ საბჭოთა სივრცეზე კონტროლის დამყარებას.
“ერთადერთი გამოსავალია ახალი პოლიტიკური კლასის შექმნა, დიასპორის როლის გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება. ქვეყანაში ევროპული წარმომადგენლობის არყოფნა ავტომატურად ნიშნავს რუსეთის მიერ მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცეზე სრულ კონტროლს. ევროინტეგრაციის პროცესის გამო, რუსული განვითარების მოდელს (თუ საერთოდ არსებობს ასეთი) სერიოზულ კონკურენციას უწევს განვითარების ევროპული მოდელი, რომელიც საქართველოს შემთხვევაში აგრეთვე გულისხმობს განვითარების ევროატლანტიკურ მოდელს”,- ამბობს დენის ჩენუშა.
მაიკო გაბულდანი