ირანის ელჩი: საქართველოდან წყლის ექსპორტისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 1,5 მილიარდი დოლარი ჯდება
წყალი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, გადაზიდვები და კერძო ინვესტიციები, - რა ეტაპზეა ირან-საქართველოს უკვე გაცხადებული მილიარდების ღირებულების ერთობლივი პროექტები, რა უწყობს ხელს, ან უშლის მათ განვითარებას, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები - ამ საკითხებზე eugeorgia.info-ს ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აბას თალებ იფარი ესაუბრა.
გადაზიდვები და ლოჯისტიკა
- ირანსა და საქართველოს შორის ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკური ურთიერთობები სულ უფრო ღრმავდება, რაც მისასალმებელია. მაგალითად, თუ 2014 წელს საქართველომ ირანელ გადამზიდავებზე 3 000-მდე სატრანზიტო ნებართვა გასცა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 14 000-მდე გაიზარდა. სახმელეთო მიმოსვლის გარდა,ირანი დაინტერესებულია, თავისი რკინიგზა საქართველოსას მიუერთოს, რათა ახალი სატრანსპორტო დერეფანი, სპარსეთის ყურე- შავი ზღვა, ამოქმედდეს. ვმუშაობთ ორი მიმართულებით: 1. ირანი-სომხეთი/აზერბაიჯანი- საქართველო-შავი ზღვის გავლით ევროპა და 2. ირანი-აზერბაიჯანი-რუსეთის გავლით ევროპა.
- თქვენ მეორე დერეფანი - „ სამხრეთ-ჩრდილოეთის“ მიმართულება ახსენეთ... ამ დღეებში რუსეთის, ირანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რკინიგზების თანამშრომლობაზე მემორანდუმი გააფორმეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი მზადაა, ინვესტიცია ჩადოს ირანის რეშტ-ასტარას მონაკვეთის მშენებლობაზე, რომელიც 400 მილიონი დოლარი ჯდება. რამდენად შესაძლებელია, რომ „სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფანმა“ კონკურენცია გაუწიოს ჩვენს მარშრუტს და საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს? საკმარისია, თუ არა ირანული და აზიური ტვირთების რაოდენობა ორივე დერეფნის შესავსებად, თუ ისინი ერთმანეთის ალტერნატივად განიხილება?
- არა, საქართველოს აზიური ტვირთების გადაზიდვაში აღმოსავლეთ ევროპისკენ ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია; ანგარიშგასაწევია შავი ზღვის პორტები. ჩვენ ორივე დერეფნის ერთდროულად ამოქმედებაზე ვმუშაობთ. ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვათა შორის, უკვე შევხვდი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრსაც.
ენერგეტიკა
თებერვალს ერევანში ირანს, საქართველოს, რუსეთსა და სომხეთს შორის ელექტროენერგიის ერთიანი სისტემის შექმნაზე ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მიგვაჩნია, რომ ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი ჰესების მშენებლობა საჭირო აღარ იქნება, რადგან კრიზისის შემთხვევაში, ენერგორესურსს მეზობელი ქვეყნიდან მივიღებთ. ირანი ელექტროენერგიას საქართველოსგან კომპანია GIG-ის მეშვეობით ადრეც ყიდულობდა, თუმცა, ამისთვის ტრანზიტის საფასურს იხდიდა. შეთანხმების მიხედვით, ჩვენი ქვეყნები ერთიან სატრანზიტო სისტემაში მოექცევიან. ირანი საქართველოსგან ელექტროენერგიას დეფიციტურ სეზონზე, ზამთარში მიიღებს, ხოლო უკან ზაფხულში, პრობლემურ დროს დაუბრუნებს.
- რა მოცულობის ელექტროენერგიაზეა საუბარი?
- ჯერჯერობით, ტექნიკურ დეტალებზე, ტარიფებზე, მათი გადახდის რეჟიმებსა და რაოდენობაზე ინფორმაცია ცნობილი არ არის. ხელშეკრულებას ოთხივე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრები ხელს 12 აპრილს ერევანში დაგეგმილ შეხვედრაზე მოაწერენ.
- რაც შეეხება ბუნებრივი აირის იმპორტს, რომლის თაობაზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ, ეს საკითხი კვლავ აქტუალურია?
- საუბარია საქართველოში 200-500 მლნ კუბური მეტრი ირანული გაზის იმპორტზე. მოლაპარაკებები ამ თემაზე კვლავ მიმდინარეობს, მუშაობენ ხელსაყრელი ფასისა და გადახდის რეჟიმების დადგენაზე. სამწუხაროდ, პრესაში ხშირად იწერებოდა, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ჩვენ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით თანამშრომლობა გვაინტერესებს. რაც შეეხება გაზის მოწოდების ტექნიკურ შესაძლებლობებს - ირანული გაზის იმპორტი საქართველოში შესაძლებელია ოთხი გზით განხორციელდეს, მათ შორის, აზერბაიჯანის, ან სომხეთის მილსადენებით, რადგან ორივე სრულად დატვირთული არ არის. მესამე ვარიანტია ე.წ. „სვოპის“ პრინციპი, რომლის მიხედვით, საქართველოს ბუნებრივი აირით „გაზპრომი“ მოამარაგებს, სანაცვლოდ კი სომხეთს ირანი მიაწვდის. და ბოლოს - ბუნებრივი აირის გაცვლა შესაძლებელია ელექტროენერგიაზე. ოთხივე ვარიანტის განხვილვა დღესაც მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნების შესაბამის უწყებებში.
წყალი
- ირანი წყლის დეფიციტს მუდმივად განიცდის. უკანასკნელი პროგნოზებით, გვალვები გაგრძელდება, რის გამოც პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება. სწორედ ხშირმა გვალვებმა განაპირობა ურმიის ტბის დაშრობა. სპაერსეთის ყურის ქვეყნებს ღმერთმა უხვად ენერგორესურსები, საქართველოს კი - წყალი უწყალობა, შესაბამისად, შეიძლება თქვენთვის შემოსავლის კარგი წყარო გახდეს. ურმიის ტბის შესავსებად ორი გზა, ორი პროექტი არსებობს: 1. დასავლეთ საქართველოს მდინარეების წყლის გადატუმბვა ურმიის ტბაში. ამ პროექტის ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე შესაბამისი ინსტიტუტები უკვე მუშაობენ. 2. საქართველოს არტეზიული წყლების გადატანა აზერბაიჯანის გავლით ირანში. ეს საკმაოდ კარგი პროექტია, უკვე შემუშვებელია მისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ითვალისწინებს მიწისქვეშა წყლის არხებისა და ბაზალტის მილსადენის მშენებლობას. აღნიშნულ კვლევაზე 1,2 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
- რა მოცულობის წყლის ექსპორტზეა საუბარი და რა დაჯდება პროექტის განხორციელება?
- ურმიის ტბის რეაბილიტაციას მთლიანად 28 მილიარდი კუბური მეტრი წყალი სჭირდება. ირანი მზადაა, რა რაოდენობის წყალსაც მიაწვდის საქართველო, ყველაფერი შეისყიდოს. საქართველოს სამეზობლოში ირანის გარდა წყალი არავის სჭირდება. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, ის, დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი დაჯდება. საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 280 კმ-იანი მონაკვეთზე ორმეტრიანი დიამეტრის მილსადენის გაყვანაზე. ირანში მზად არიან, მისი ფინანსური მხარდაჭერა განახორციელონ. თავიდან, როცა წყლის იმპორტზე დავიწყეთ საუბარი, საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორშიც უცნაურად ეჩვენებოდათ, დღეს, როგორც ვიცი, ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს. წყლის ექსპორტის საკითხი განიხილეს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ვიზიტის დროს თეირანშიც.
ინვესტიციები
- ირანული კომპანიები საქართველოში ბიზნესის წარმოებაზე დიდ ინტერესს გამოთქვამენ. ჯერჯერობით, კონკრეტულ პროექტებს ვერ დაგისახელებთ, რადგან შესწავლის ეტაპზეა. შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველოში ყველაზე მიმზიდველ სექტორებად ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მათ შორის, რძის ინდუსტრია და მედიცინა მიაჩნიათ. გარდა ამისა, მუშაობა მიმდინარეობს ნავთობგადამამუშვებელი ქარხნის მშენებლობის პროექტზეც. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო,რომ ეს პროექტები ვერ განხორციელდება, ვიდრე ფულის გადარიცხვებზე შეზღუდვები არ მოიხსნება მართალია, საქართველომ ირანთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, მაგრამ ადგილობრივ ბანკებში ფინანსურ ოპერაციებს ირანული კომპანიები მაინც ვერ ახერხებენ. არადა ეკონომიკური სანქციების მოხსნის შემდეგ, საერთაშორისო გადარიცხვების კომპანია „სვიფტმა“ თავის სისტემაში ირანული ფირმები დიდი ხანია, დაუშვა. როგორ უნდა დაიწყონ ჩვენმა კომპანიებმა საქმიანობა საქართველოში, ფულს ტომრებით ხომ არ შემოიტანენ?!
ბელა ნოზაძე